№27 როდის ეწურება ვადა 2006 წლამდე გაცემულ მართვის მოწმობებს და რა სახის ჯარიმებზე ვრცელდება 20-პროცენტიანი ფასდაკლება
1 ივლისიდან 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებას, რაც ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის ჩამორთმევასთან არის დაკავშირებული, მძღოლებში, მართვის მოწმობის გაძვირებასთან დაკავშირებული ხმების გავრცელება მოჰყვა. რამდენად შეესაბამება ეს რეალობას, რა პრინციპით მოხდება ვადიანი მართვის მოწმობების განახლება და რა უნდა გაითვალისწინოთ ფასდაკლებით ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, ამის შესახებ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტს, დავით მესხიშვილს გავესაუბრეთ.
დავით მესხიშვილი: მართვის მოწმობების აღებასთან დაკავშირებული ცვლილებები, ჯერ კიდევ 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებამდე ბევრჯერ გახდა ჩვენი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განხილვის თემა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერდით იმ ცვლილებებს, რაც 1 ივლისიდან ამოქმედდა, თუმცა ვამბობდით იმასაც, რომ, თუ ვეხებით მართვის მოწმობის ჩამორთმევის პროცედურას, შესაცვლელია მართვის მოწმობის გაცემის მექანიზმიც. ის, რაც დღეს ჩვენთან მოქმედებს არანაირად არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. დღეს მართვის მოწმობის აღება, ძირითადად, ხდება ისე, რომ არაა საჭირო არც თეორიული და არც პრაქტიკული ცოდნა – არის ჯგუფები, რომლებიც თაღლითურად ეგრეთ წოდებული კოდური მექანიზმით ამზადებენ ადამიანებს გამოცდებისთვის და გვაქვს რეალობა, როდესაც გამოცდაჩაბარებული, რომელმაც აიღო მართვის მოწმობა, რუსთავიდან თბილისამდე ვერ ახერხებს ავტომობილის ჩამოყვანას. როცა ავტოსაგზაო შემთხვევების მძიმე სტატისტიკის შესახებ ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მიზეზი მართვის მოწმობის გაცემის არასწორი მექანიზმიც არის. მარტო ჯარიმებით სიტუაცია არ შეიცვლება. არის ევროდირექტივა და რეკომენდაცია, რომ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოხდეს ქალაქში, რეალურ სივრცეში, რომლის ამოქმედებაზეც უკვე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
– რამდენად რეალურია გავრცელებული ხმები, რომ მართვის მოწმობის აღება გაძვირდება?
– თუ პრაქტიკული გამოცდა გადავა ქუჩაში და აღარ მოხდება დახურულ მოედანზე, მართვის მოწმობის გაძვირება ბუნებრივად მოხდება. გამოცდის რეალურ სივრცეში ჩატარებას სჭირდება გარკვეული ინფრასტრუქტურა – ავტოსაგზაო მონიშვნები, სენსორების დაყენება. თუმცა, ეს გამოცდისთვის კი არ უნდა მოეწყოს, ნებისმიერ ქუჩაში უნდა იყოს მოწყობილი ასეთი ინფრასტრუქტურა, რაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოსაგვარებელია. ასე რომ, ამას კავშირი არ აქვს მართვის მოწმობის გაძვირებასთან, თუმცა იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუჩაში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას დასჭირდება ინსტრუქტორის მეტი შრომა და ენერგია, იხარჯება მეტი საწვავი და ასე შემდეგ, ეს, ალბათ, გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებებს ფასში. ქუჩაში გამოცდის ჩაბარების დროს საკმაოდ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. თუ დახურულ სივრცეში საჭესთან შეიძლება დავსვათ უცოდინარი ადამიანი, რომელიც იქ მაქსიმუმ ბოძს დაეჯახება ან დაგორდება და გაჩერდება, ქუჩაში, საგზაო მოძრაობაში, მან შეიძლება, დააზარალოს და საფრთხე შეუქმნას სხვას. ექსპერტების რეკომენდაციით, ქუჩაში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, აუცილებელი გახდება ლიცენზირებული ავტოსკოლის გავლა, რაც თუ ვსაუბრობთ მართვის მოწმობის გაძვირებაზე, ბუნებრივად გააძვირებს ამ პროცესს. ამას გარდა, თეორიული და პრაქტიკული გამოცდები ერთმანეთისგან უნდა გაიყოს ფინანსური თვალსაზრისით. დღეს გამოცდაზე ჩაჭრის შემთხევაში, ადამიანი კარგავს 40 ლარს, მას ავანსად რჩება მხოლოდ 15 ლარი, საბოლოო ჯამში, საშუალო გადაანგარიშებით, ბევრს მართვის მოწმობა უჯდება არა 55 ლარი, არამედ 255 ლარი და უფრო მეტიც. როდესაც პრაქტიკული გამოცდა გადავა ქალაქში, პრაქტიკული და თეორიული გამოცდის თანხა მომხმარებლისთვის დიფერენცირებული უნდა იყოს.
– უკვე რამდენიმე წელია, რაც მომსახურების სააგენტო ვადიან მართვის მოწმობებს გასცემს. ამ მხრივაც არსებობს შეკითხვები. რა პრინციპით მოხდება ვადიანი მართვის მოწმობების შეცვლა?
– თუ არ შეიცვლება ჯანმრთელობის ცნობის გაცემის წესი, მართვის მოწმობის განახლება არის ფიქცია. უკვე სამი წელია, 2014 წლის 1 მარტიდან, სააგენტო გასცემს ვადიან მართვის მოწმობებს, რომელთა მოქმედების ვადა 15 წელია. ვისაც მართვის მოწმობა 2006 წლის პირველი აპრილის შემდეგ აქვს აღებული, იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტულად როდის გაიცა მართვის მოწმობა – 2007, თუ 2008 წელს - 2006 წლის პირველი აპრილის შემდეგ გაცემული ყველაზე გავრცელებული B კატეგორიის მართვის მოწმობის ვადა 2028 წლის 1 სექტემბრამდე იქნება. ახალი მოწმობის ასაღებად გამოცდის თავიდან ჩაბარება საჭირო არ არის. საკმარისია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა. ჩვენთან, მოგეხსენებათ, არ არის განსაზღვრული საჭესთან ჯდომის ასაკი, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ასე თუ ისე, დარეგულირებულია. საჭიროება მართვის მოწმობები ყოფილიყო ვადიანი, რა თქმა უნდა, არსებობდა. ევროკავშირის ქვეყნებში მძღოლებს 50 წლის ასაკის ზემოთ, 5 წელიწადში ერთხელ უწევთ მართვის მოწმობის განახლება. ამ ხუთ წელიწადში მძღოლს შესაძლოა შეექმნას პრობლემები მხედველობასთან, გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებით. ჩვენთან, ჩვენი, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნორმის გატარება შეუძლებელი იყო. მართვის მოწმობის თავიდან აღება, განახლება ხდება მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობის საფუძველზე, რაც რეალურად ემსახურება ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმებას. საქართველოში კი ეს საერთოდ არ ხდება. ახლა როცა ჯანმრთელობის ცნობას ვიღებთ, ეს სრული ფიქციაა. გამოცდის ჩაბარების დროს, მომსახურების სააგენტოსთან უამრავი ადამიანი ჩაგჩურჩულებთ ყურში, რომ 15 ლარად მოგცემთ ამ ცნობას და იქვე, მანქანებში ავსებენ ცარიელ ბლანკებს, რაზედაც პასუხისმგებლობა არავის ეკისრება. ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ეს მისი პრობლემა არაა. ეს არის სერიოზული დარღვევა. როცა ადამიანი ჯდება საჭესთან და აქვს თუნდაც მხედველობის პრობლემა, მან შეიძლება, სხვას შეუქმნას საფრთხე. თუ მართვის მოწმობების განახლების დროს, ასეთი ყალბი ჯანმრთელობის ცნობების მოტანით შემოვიფარგლებით, ეს, რა თქმა უნდა, არაფერს შეცვლის. რა აზრი აქვს ასე მართვის მოწმობების განახლებას? ხელისუფლება საკვანძო საკითხებში, მაქსიმალურად ერიდება არსებული გარემოს რეალურად შეცვლას. როგორც ჩანს, მიდგომა იყო ასეთი – მოდი, ნუ ავაჯანყებთ ამ ხალხს და ნუ ვარბენინებთ მართვის მოწმობების გასაახლებლად და მართვის მოწმობების განახლებას დაექვემდებარა 2006 წლის შემდეგ აღებული მართვის მოწმობები. იგივე მიდგომასთან გვაქვს საქმე, მაგალითად, 100-ქულიანი სისტემის შემთხვევაში, ერთის მხრივ, ძვირდება ჯარიმები, რაც ძალიან კარგია და მეორეს მხრივ, ფასდაკლებაა გამოცხადებული.
– ვინ ექვემდებარება ჯარიმების 20-პროცენტიანი ფასდაკლების სისტემას?
– ყველა მძღოლი, ვინც ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით გამოიყენებს ეგრეთ წოდებულ საშეღავათო პერიოდს და დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის. ჯარიმის თანხის ოდენობის 20 პროცენტით შემცირება გაუაზრებელი ნაბიჯი მგონია. ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება ჯარიმების სწრაფად და ეფექტურად ამოღების მიზნით ხსნის. თუმცა, ამით რეალურად, დამრღვევი პირების წახალისება მოხდება. ყველას ახსოვს, წარსულის მწარე გამოცდილება, როცა განახევრდა ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებაზე და ძალიან ბევრ სხვა, მძიმე დარღვევაზე. 2012 წლის ნოემბრიდან, რაც ეს ცვლილება გატარდა, ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა გაიზარდა 40 %-ით. დღევანდელი მონაცემებით, საქართველო, გზებზე გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ევროპაში პირველ ადგილზეა. სანქციების გამკაცრება ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, უწყვეტი ზოლის გადაკვეთა და გასწრება, რაც არის ჩვენს გზებზე სიკვდილიანობის მთავარი მიზეზი, ძალიან სწორი და მნიშვნელოვანია. ასეთ დარღვევებზე ფასდაკლებების ამოქმედება არასწორი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა, რაც, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, არსებულ მძიმე გარემოს რეალურად ვერ შეცვლის. ახალი მექანიზმის ამოქმედების შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კომუნიკაციის პრობლემის სრულყოფა – საერთაშორისო მოდელი მოიცავს საჯარიმო ქვითრის ხელში აღებას, სატელეფონო სმს-ის ან ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ შეტყობინებას და ასე შემდეგ. კარგი იქნება, თუ გამოყენებული იქნება სატელეფონო რესურსი, რადგან ტელეფონს ყველაზე მასობრივი გამოყენება აქვს. ასევე, გამოყენებულ უნდა იყოს ჯარიმის სახლში მიტანის სერვისი, რადგან თუ ადამიანს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე და ვერ გადაამოწმებს ვიდეოჯარიმას პოლიციის ვებ-გვერდზე, ჯარიმის შესახებ ინფორმაციის გარეშე რომ არ დარჩეს.