№27 როგორ მოხვდა ალუდა ლიპარტელიანის ცხედარი ესპანეთში, სხვა ქალაქის ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული და ჰქონდა თუ არა მას კავშირი კრიმინალებთან
თვე-ნახევრის ძებნის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში დაკარგული ქართველი ახალგაზრდა, ალუდა ლიპარტელიანი, ესპანეთის ქალაქ ჟირონაში, ტურისტულ ტყე-პარკში, ხეზე თოკით ჩამოკიდებული იპოვეს. ამბობენ, რომ თავი მოიკლა, მეორე ვერსიით – კრიმინალებთან ჰქონდა კავშირიო. თუმცა, ახლობლები ამ ორივე ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ.
მზექალა ჩანქსელიანი (ოჯახის ახლობელი): ალუდა უკვე ათი წელია, 23 წლიდან, ესპანეთში იყო წასული და მშენებლობაზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი პროფესია ჰქონდა, ფიზკულტურული დაამთავრა სამხედრო განხრით და უმცროსი ლეიტენანტის წოდებაც ჰქონდა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პირობებიდან გამომდინარე, წასვლა მოუწია. ძალიან მძიმეა ჩვენი თაობის ბედი – მიუხედავად იმისა, რომ გაქვს პროფესია, გიწევს თვითგადარჩენისთვის იბრძოლო და შენი ოჯახი და ქვეყანა დატოვო. მიდიხარ სხვა ქვეყანაში, რომ მშენებლობაზე იმუშაო და ასე შემდეგ... ასე იყო ალუდაც და ეს არის როგორც ოჯახის, ისე ქვეყნის ტრაგედია – კიდევ ერთი ახალგაზრდა გეღუპება.
– როგორ გაუჩინარდა ალუდა?
– ალუდა ადრე ბარსელონაში მუშაობდა, რამდენიმე თვეა, რაც სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. 11 აპრილიდან დაიკარგა. ვისთან ერთადაც მუშაობდა, ყველას ოჯახი აქვთ და მათ ახლოს, ცალკე ჰქონდა ბინა დაქირავებული. სამუშაოდან შინმისულმა, თურმე, ბინის მეპატრონეს ტელეფონის დამტენი სთხოვა – გამიფუჭდაო. მანაც ათხოვა და ალუდას აღარ დაუბრუნებია. მეორე დილით მეპტრონემ თავად მიაკითხა და კარი გაღებული დახვდა. დამტენი, ტელეფონი და სხვა ყველაფერი ოთახში იყო. მეპატრონემ ცოტა კიდევ დაიცადა და ალუდა რომ აღარ დაბრუნდა, მის ახლობლებს დაურეკა. დაკარგვის დღეს სხვა ქალაქში, ჟირონაში, შეხვედრია თავის უფროსს კაფეში. იმ კაცს უთქვამს, მარტო იყო, ზედმეტად თბილად ეცვაო. 25 მაისს ტურისტმა სწორედ ამ ქალაქში იპოვა, ძალიან უცნაურ ადგილას. იქ ყოფილა ტყე-პარკი, წინ საველოსიპედე ბილიკიც გადის და უამრავი ადამიანი მოძრაობს. იქვე, ძალიან შემალული ადგილი ყოფილა, ტირიფის ხეებთან. ტურისტი სურათებს იღებდა თურმე, გადასწია ხის ტოტები და იქ ნახეს, ხეზე ჩამოკიდებული. გამოძიების პროცესში კერძო დეტექტივიც იყო ჩართული და ადგილობრივი პოლიციაც. ჯიბეში ედო რამდენიმე თვის წინ გაგზავნილი დედის წერილი, სვანურად დაწერილი, სადაც დედა ძმისშვილის შეძენაზე უამბობს. თავიდან ამით მიხვდნენ, რომ ნაპოვნი ალუდა იყო, როდესაც გამომძიებელმა ეს წერილი ნათესავებს მიუტანა. გამომძიებელმა ჯერ მოითხოვა ალუდას პირადი ნივთები – მერე კი საპარსი საშუალება და კბილის ჯაგრისი. მერე კი მის ერთ-ერთ ბიძაშვილს აუღეს ნერწყვის ანალიზი. ამითაც დადასტურდა რომ ალუდა იყო.
– რატომ შეიძლება, წასულიყო ალუდა სხვა ქალაქში მარტო. ნათქვამი ჰქონდა ვინმესთვის, რომ მიდიოდა?
– არავინ იცის, რატომ წავიდა, არც არავისთვის უთქვამს. ტურისტული ქალაქი ყოფილა და შეიძლება, დასათვალიერებლად წავიდა ახალგაზრდა კაცი. წინასწარ არაფრის თქმა არ შეიძლება, სანამ გამოძიება დასკვნას არ დადებს. ადგილობრივი სასამართლოდან, რომელიც ადგილობრივ მხარეს უნდა გადაეცეს. იქ პროცედურებიც კანონის მიხედვით ხდება. სატელეფონო საუბრები რომ გაეხსნათ, ჯერ სასამართლოს ნებართვა იყო საჭირო, მერე ის მისცემდა ნებას და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს დასკვნის სახით ექსპერტიზა დაადგენს. დროა საჭირო. თავის წესი და რიგი აქვს ყველაფერს. გვინდა, რომ სწრაფად იყოს. იმდენი ხანი გავიდა – თვე-ნახევარი, ჩვენთვის მძიმეა, ეს ყველაფერი დროში ასე რომ გაიწელა... მაინც არ ვუშვებდით იმ აზრს, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. რადგანაც საბუთს ვადა ჰქონდა გადაცილებული, ვფიქრობდით, ამის გამო დაიჭირეს და დააკავესო... რადგანაც თავიდან ჰქონდა საბუთზე შეტანილი განაცხადი, ალბათ, სახელი და გვარი არ გაამხილაო... ასეთ რაღაცეებს ვფიქრობდით. ფაქტი იყო, რომ რაღაც უჭირდა და ჩვენც იმედებს ვეჭიდებოდით. ამდენი ხანი არ შეიძლება, ადამიანი დაიკარგოს და მას მშვიდობა ჰქონდეს.
– როგორ ფიქრობთ, ალუდას შეიძლება, თავი მოეკლა?
– მოკლულია, თუ თვითმკვლელობაა? – ისმის კითხვები. თვითმკვლელობა დაუჯერებელია, უბრალოდ, თუ ვინმეს ერთხელ მაინც ჰქონდა ურთიერთობა ალუდასთან, ვერავინ დაიჯერებს, რომ ის თავს მოიკლავდა. მე გამოვრიცხავ თვითმკვლელობას. თვე-ნახევრის შემდეგ ცხედარი იპოვეს და ირწმუნებიან, თავი მოიკლაო. თუმცა, მოტივი, ანუ ახალგაზრდა კაცს ეს რატომ უნდა ჩაედინა, არავინ იცის. ოჯახს და ახლობლებს ამ ვერსიის არ გვჯერა. ალუდა თავს არ მოიკლავდა. ახალი ჩასული არ ყოფილა ესპანეთში, რომ გარემო პირობებთან შეგუება გასჭირვებოდა. უხაროდა, ახალ ქალაქში გადავედი, კარგადაც გვიხდიან და კარგად ავეწყვეო. ჩვენს საერთო მეგობარს ესაუბრა. შეყვარებული ჰყავდა, სამომავლო გეგმები ჰქონდა და ასევე, პირადულიც, რაც თავის ოჯახს, თავის ქვეყანას უკავშირდებოდა. და-ძმა ჰყავს საქართველოში. ორივე დაოჯახებულია და ყველაფერს აკეთებდა მათ დასახმარებლად. ბოლოს რომ ჩამოვიდა, თავისთვისაც იყიდა მანქანა და დატოვა, ამბობდა, აქ საქმის წამოსაწყებად ცოტა ფულს დავაგროვებ და საბოლოოდ, დავბრუნდებიო. ძმამ რომ უთხრა, შეყვარებული მყავს და ცოლად მოყვანა მინდაო, თავად ჩამოვიდა, დააქორწინა და წავიდა. ახლა ყველას ეუბნებოდა, შემოდგომაზე ძმისშვილის სანახავად უნდა ჩამოვიდეო. ის კი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს ესპანეთში. ჯერ არ ვიცით, რა მოხდა. ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. ვარაუდით, ყველაფერი შეიძლება, ივარაუდო. პირადად მე, ვფიქრობ, ალბათ, ვინმე ჰომოფობი შეხვდა, ვინც ემიგრანტებს ვერ იტანდა. თვითმკვლელობის ვერსიაზე რომაა საუბარი, ვერც შეყვარებული იჯერებს ამას. კატეგორიულად გამორიცხავს. მეუბნებოდა: თვითონ წავალ პოლიციაში და ვეტყვი, რა თავის მომკვლელიც იყოო. ძმას ელაპარაკა ბოლო დღეებში და განსაკუთრებული არაფერი უთქვამს. არავის სმენია, რომ ალუდას რაღაც პრობლემა ჰქონოდა, ან უხასიათოდ ყოფილიყო.
– იმასაც ამბობენ, შეიძლება, კრიმინალებთან იყო კავშირშიო. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
– კრიმინალებთან კავშირი, უბრალოდ, წარმოუდგენელია, არც გამიგია. რომ ვიცოდე, ალუდას ოდესმე შეხება ჰქონია მათთან, მაშინ შეიძლება, კიდევ დამეჯერებინა. ძალიან ახლოს ვიცნობდი, ერთად არ დავბადებულვართ, თორემ მთელი ბავშვობა ერთად გავატარეთ. ერთ სივრცეში გავიზარდეთ, ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით. სამი სახლი გვაშორებდა ერთმანეთთან. სტუდენტობაც ერთად გავატარეთ. მერე „ფეისბუქზე“ გვქონდა მიწერ-მოწერები. რამდენჯერაც ჩამოვიდა, სულ ერთად ვიყავით. კრიმინალი ალუდასგან შორს იყო. ძალიან კულტურულ და წესიერ ოჯახში გაიზარდა. მშობლები მასწავლებლები არიან. ერთი ხმამაღალი სიტყვა არ გამოსულა მისი ოჯახიდან. ოჯახს კარგა ხანს არ ვუმხელდით, დაკარგული რომ იყო. მერე, ბოლოს და ბოლოს, უთხრეს, არ შეიძლებოდა ოჯახისთვის ამის დამალვა. ძალიან მძიმედ არიან, სასწრაფო სასწრაფოზეა მათ ოჯახში.
– თქვენ საპროტესტო აქციები გამართეთ გარდაცვლილის ჩამოსვენებასთან დაკავშირებით. რატომ გართულდა და დროში გაიწელა ჩამოსვენება?
– ჩვენი მხარის აქტიური ჩარევის შემდეგ, გადმოასვენეს საქართველოში. მაგრამ, მეორე პრობლემაა, ექსპერტიზის შედეგი დღემდე არ ვიცით. ესპანეთში მყოფი ჩვენი ნათესავები, მეგობრები იბრძვიან და ფეხზე დგანან ამ ამბის შემდეგ. დაჟინებით ითხოვდნენ ექსპერტიზის პასუხს. ამდენ ხანში, წესით, სატელოფონო საუბრების ამონაწერი და ექსპერტიზის პასუხი უნდა იყოს მზად. ალბათ, ესპანურ მხარეს არ უნდა დაწეროს, რომ მის ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქის ასეთი მკვლელობა მოხდა.