№27 რა რთული პერიოდების გამოვლა მოუწია ნინი ბადურაშვილს და როგორ გააცოცხლებენ ის და მურატ ილდირიმი ერთად ნამდვილ სასიყვარულო ისტორიას
მას შემდეგ, რაც მომღერალი ნინი ბადურაშვილი „პრაიმ შოუს“ ერთ-ერთი წამყვანი გახდა, ის საზოგადოების წინაშე სხვა სახით წარდგა და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. რაც მთავარია, ნინიმ ამით ბავშვობის ოცნება აისრულა და ამ დიდ გამოწვევას სიამოვნებით დათანხმდა. ნინის მუსიკალურ კარიერაშიც სიახლეებია: მან დედასთან ერთად დუეტი ჩაწერა, ორ ახალ სიმღერაზეც მუშაობს და გარდა ამისა, თუ დაფინანსება იქნება, მურატ ილდირიმთან ერთად ფილმში მთავარ როლს ითამაშებს, რომლის რეჟისორიც მამამისი, ერეკლე ბადურაშვილია.
ნინი ბადურაშვილი: თოქ-შოუს წამყვანობა – ეს იყო ჩემი ბავშვობის იცნება, რომელიც ახლა, 31 წლის ასაკში ავიხდინე. სულ მინდოდა თოქ-შოუს წამყვანობა და ბავშვობაში, გარდა იმისა, რომ ვმღეროდი, წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მიმყავდა გადაცემა. თან, სულ მინდოდა სერიოზული, პოლიტიკური გადაცემის წაყვანა, რაც ოჯახში განხილვის საგანი იყო: შენ რა შუაში ხარ, რა პოლიტიკური შოუ, რა წამყვანობა. ჩააბარე სამსახიობოზე და თუ კარგი მსახიობი იქნები, გამოცდილებას შეიძენ, მეტყველებას დახვეწ. დავუჯერე ოჯახს, თუმცა დღესაც ვეწინააღმდეგები იმაში, რომ სამსახიობო კი დავამთავრე, მაგრამ ჟურნალისტიკა რომ მესწავლა, დღეს ბევრად უფრო წინ ვიქნებოდი – ამას ვნანობ. თუმცა, სამსახიობო რომ დავამთავრე, ესეც ძალიან მომწონს, მაგრამ კარგი იქნებოდა ჟურნალისტიკაც შემესწავლა, ეს უფრო მეტად შემიწყობდა ხელს. როცა ჩემმა მეგობარმა, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ შემომთავაზა გადაცემის წამყვანობა, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ნოე ყოველთვის ხარისხიანად აკეთებს ყველაფერს. რომ მითხრა: ვიწყებ ასეთ თოქ-შოუს 6 წამყვანით და ერთ-ერთი შენ იქნებიო – ცოტა შემეშინდა. პრინციპში, რისკზე წავედით ყველანი. დიდი გამოწვევა იყო და ვფიქრობ, გავამართლეთ ეს გამოწვევა.
– ჟურნალისტიკაში ხომ არ აპირებ გადმობარგებას?
– სცენა და მუსიკა ის სამყაროა, რომლის გარეშეც ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. მუსიკა ისაა, რაც ჩემს სულს სჭირდება. თუ ამ მხრივ რამე არ გავაკეთე, ახალი სიმღერა არ ჩავწერე – დეფიციტს განვიცდი, მაგრამ ერთმანეთს ხელს არ შეუშლის. თუმცა, გადაცემის გამო ძალიან დაკავებული ვარ და მუსიკამ ცოტა გვერდით გადაიწია, რაღაცეების გაკეთება ვერ მოვახერხე. მე და ეკამ კი ჩავწერეთ დუეტი, მაგრამ ვერ გავუკეთე პროდიუსინგი – ამ ქვეყანაში ხომ ჩვენ ვართ საკუთარი თავის პროდიუსერები. გარდა ამისა, სიმღერაც დავწერე, რომელიც სექტემბერში გამოვა და კლიპსაც გადავიღებ. მე არ შემიძლია პასიური ცხოვრება. ჩემი დასვენება არის, მაქსიმუმ, სამი დღე – ეს საკმარისია იმისთვის, რომ განვიტვირთო. რომ ამბობენ: წავიდოდი სოფელში, გამოვიკეტებოდიო, მე არ შემიძლია. სოფელზე ვგიჟდები, მაგრამ ორი დღე – მერე მეწყება შფოთი. მეც ვერ ვხვდები, ეს ენერგია საიდან მოდის. ალბათ, ჩვენს სფეროში უკვე ყველას აქვს ეს გამომუშავებული – რობოტებად ვართ: სულ უნდა იმუშაო. არიან დიასახლისები, რომლებიც სახლში სხედან, ბავშვებს უვლიან – ეს კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა. მაგრამ მე, ჩემი თავი წარმომიდგენია აქ, ჩემს სფეროში, ვიდრე დიასახლისად. თუ ოდესმე მეორე ოჯახს შევქმნი, ამ ნაბიჯს გადავდგამ, ზუსტად ვიცი, ჩემს თავში დიდ ბრძოლებს გამოიწვევს. ვხუმრობ კიდეც: როგორც პირველად გავთხოვდი უცბად, ასე უნდა გავთხოვდე, თორემ არაფერი გამათხოვებს-მეთქი. ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება.
– რატომ გიჭირს, რა არის ამის მიზეზი?
– ცუდია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ შეიძლება, ამის მიზეზია ის, რომ თავისუფლების დათმობა არ მინდა. გარკვეულწილად, რაღაცაში ხომ იზღუდები. თუმცა, ვინც ამას წაიკითხავს, არ უნდა დამიჯეროს, რადგან ეს არ არის კარგი: უნდა გათხოვდე კიდეც და შვილებიც უნდა გააჩინო. ამ მხრივ სულ ბრძოლებში ვარ, მაგრამ, ალბათ, ამას ოდესმე გავაკეთებ, რადგან მინდა, ერთი-ორი შვილი კიდევ გავაჩინო. საქართველოს სჭირდება გამრავლება, მეც მინდა და ელენესაც სჭირდება. მოვალე ვარ, გავაჩინო შვილები და ამას აუცილებლად გავაკეთებ.
– რა შემთხვევაში გადადგამ ამ ნაბიჯს?
– სიყვარული უნდა იყოს. სიყვარული თუ არ არის, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება საშინელებაა. უპირველეს ყოვლისა, უნდა გიყვარდეს და მერე კიდევ, ბევრ რამეზე უნდა იფიქრო. როცა ზრდასრული ადამიანი ხარ, მეორედ თხოვდები, ბავშვი გყავს, რა თქმა უნდა, შემდგარ ადამიანს უნდა დაუკავშირო ცხოვრება და არა იმას, ვინც ახლა იწყებს. ეს მისთვისაც რთული იქნება და შენთვისაც. იმ დღეს გოგოები ვლაპარაკობდით და მაშინ ვთქვი: ახლა მივხვდი, როგორი მეორე ნახევარი მინდა გვერდით-მეთქი. ჯერ ერთი, მინდა, რომ იყოს დამჯდარი ადამიანი, თავის პროფესიაში შემდგარი, არ ჰქონდეს პროტესტი და კომპლექსები იმის მიმართ, რომ მე წარმატებული ვარ. მინდა, ჩემზე წინ იყოს, ჩემზე წარმატებული და მერე, მგონი, აღარ ექნება კომპლექსები. ადამიანური თვალსაზრისით, მესმის მისი, იმიტომ კი არა, რომ შურს, უბრალოდ, შენ გვერდით რომ არის და ამ დროს ყველა გესალმება, გიღიმის, შენც ესალმები, ზოგს ეს აკომპლექსებს: ვინ არის, რატომ მოგესალმა? ბევრად მარტივია ჩვეულებრივი გოგოსთვის მეორე ნახევრის პოვნა, ვიდრე ჩემთვის, რადგან მე კიდევ ამდენი პრობლემა მომსდევს. მერე ჭორები, მითები: ამასთან დადიოდა. იმასთან დადიოდა, რომ არ ვიცნობ იმასთანაც კი დავდიოდი თურმე და ამ ყველაფრის გადახარშვა ქართული მენტალობის მამაკაცისთვის რთულია.
– შენს ყოფილ მეუღლეს, ირაკლის უჭირდა ამ ყველაფრის გადახარშვა?
– არა, საერთოდ არ უჭირდა. ჩვენ ძალიან ცოტა ხანი ვიცხოვრეთ ერთად და მსგავსი რამ არ გამოუვლენია. რომ გამოევლინა, არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს. მანდ სხვა პრობლემა იყო, რაზეც საუბარი არ მინდა. აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანია და არც მე შევუზღუდივარ რამეში.
– ვერც აიტან, ალბათ, შეზღუდვებს.
– ვერა, რადგან ძალიან დამოუკიდებელი ვარ. ჩემი თავის და ჩემი შვილის პატრონიც მე ვარ, რა თქმა უნდა, ამაში ირაკლიც ძალიან დიდ როლს თამაშობს. ვიღაცა რაღაც სისულელეზე რომ მედავება, არ შემიძლია და ავტომატურად ვემშვიდობები. ნორმალური ადამიანი გაიგებს და მიხვდება, რომ ეს მისი ცხოვრებაა და მასში არ უნდა შევიჭრა, კანონები არ უნდა დავუწესო. თავისუფალი ადამიანი ვარ, არც ეჭვიანი – თუ არ დავინახე, ან არ მითხრეს. ვერ ვიტან ადამიანის დახრჩობას: თუ უნდა, წავიდეს, გააკეთოს, რაც უნდა. მე არ ვარ ასეთი და შესაბამისად, როდესაც მზღუდავენ, ამაზე ისტერიკა მემართება. ურთიერთობებში ძალიან მარტივი ხასიათი მაქვს: არც ბრილიანტებს ვითხოვ, არც ბოლო მოდელის „პორშეებს“. თუ მაჩუქებს, გამიხარდება, მაგრამ თუ არ მაჩუქებს, მაგაზე არ ვიჩხუბებ. ჩემთვის ურთიერთობაში მთავარია: ორ ადამიანს ერთმანეთი გვიყვარდეს და არ მატყუებდეს. სიყვარული უნდა იყოს ურთიერთპატივისცემა, ნდობა – მეტი არაფერი. არც მაგის ბრილიანტები მინდა, არც კოშკები. ყოველთვის ჩემი მქონდა. უნივერსიტეტში ჩავაბარე და ბაბუამ მანქანა მაჩუქა – იმედა სულ იყო ჩემთვის იდეალური მამაკაცი. ერეკლე სულ მეხმარებოდა, შემდეგ უკვე თვითონ მქონდა შემოსავალი. ძალიან მეშლება ნერვები, როცა მეუბნებიან: შენ რა გენაღვლება, ისიც გაქვს და ესეც გაქვს. სახლში არასდროს დავმჯდარვარ. კონცერტები, მიწვევები რომ არ მქონდა, თვითონ გამომიჩხრეკია. ამას წინათ ვფიქრობდი: აქამდე როგორ მოვედი ამ უძრავ შოუ-ბიზნესში, რომ არასდროს მქონია: დედა, ფული მომეცი. რომ გავთხოვდი და მქონდა მომენტი: ქმარმა უნდა მოგცეს ფული – ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა გამომერთმია. თან, იქ ჩემი შემოსავალი არ მქონდა და ირაკლი რომ მაძლევდა ფულს, მეხამუშებოდა: რა არის, რატომ მაძლევს-მეთქი. იმდენად მიჩვეული ვარ, რომ ჩემი მქონდეს. პირიქით, მიხარია, როცა სხვას ვაძლევ. შრომისთვის ვარ დაბადებული. ყველაზე მეტად იმას განვიცდი, როცა ელენე მეუბნება: „რატომ არ დამაძინე გუშინ.” ამაზე ისტერიკა მემართება, გული მიკვდება, რომ ბავშვმა ჩემი დეფიციტი არ იგრძნოს.
– დღეს ელენეს მამასთან რომ ხშირი ურთიერთობა აქვს, ამაში შენი დამსახურება დიდია.
– ყველას ახსოვს, ალბათ, თავიდან ის გარჩევ-გამორჩევები. თუმცა, მე არასდროს მიფიქრია, რომ ელენეს მამას არ ვანახვებ, არ სჭირდება... ამ შემთხვევაში, ბავშვი ყველაზე მნიშვნელოვანია. მას ისე უყვარს მამა, რომ არაადამიანი უნდა ვიყო, ეს რომ მას ავუკრძალო. ან როგორ უნდა ავუკრძალო, თან ახლა, როცა ჩვენც კარგი ურთიერთობა გვაქვს. არც მაშინ მიფიქრია ეს, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს იყო გამოცდა, რომელიც ორივეს უნდა ჩაგვებარებინა და ჩავაბარეთ კიდეც. წლინახევრის იყო, პირველად რომ გავუშვი მამასთან დუბაიში ერთი თვით, ძიძასთან ერთად. ახლა წელიწადში რამდენჯერმე აქვს ხოლმე გასვლა.
– რა პერიოდი იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული?
– ბევრი რამ გავიარე, თუნდაც ადამიანების აგრესია. მერე ვფიქრობდი: ეს დავიმსახურე-მეთქი. ალბათ, დავიმსახურე, შეიძლება, სადღაც არასწორად მოვიქეცი, ან არ მოვიქეცი, მაგრამ ეს უნდა გამევლო. სიძნელეები უფრო მეტად გაძლიერებს და პიროვნულად ყალიბდები. აქედან გამომდინარე, მიხარია, რომ ის ბევრი გულისტკენა, რომელიც მქონდა, ვკითხულობდი, გავიარე: ახლა ბევრად კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე ადრე. უბრალოდ, რაღაც პერიოდებში ნაწყენი ვიყავი: რატომ მერჩიან-მეთქი, მაგრამ ალბათ, ეს უნდა გამევლო.
– დეპრესიულიც ხარ?
– „თხის რქა“ ვარ და დეპრესიისკენ მიდრეკილება მაქვს. მაგრამ, სულ ვებრძვი და ამას ვერავინ ხედავს, ოჯახის წევრების გარდა. რთულ პერიოდებში მქონდა დეპრესია და ამ დროს უფრო მეტად დავდიოდი ეკლესიაში, ჩემთვის ვიჯექი, ვლაპარაკობდი, ვლოცულობდი. ძლიერი ხარ მაშინ, როცა ამ ყველაფერს მოერევი. არაფერმა არ უნდა დაგცეს. ისეთი არც არაფერი მქონია: ხალხს შვილები უკვდებათ, რაც ყველაზე დიდი უბედურებაა. თან, როცა შვილი გყავს, არ გაქვს უფლება, ლოგინად ჩავარდე. უნდა მოერიო საკუთარ თავს და განაგრძო ცხოვრება. ამ მხრივ, ძლიერი ვარ.
– რა არის შენი სისუსტე?
– სისუსტეც მაქვს, განსაკუთრებით თუ მიყვარს. როცა მიყვარს, ბევრს გავცემ და თუ იგივე არ დამიბრუნდა ან გავიგე, ცუდად არის საქმე, მანდ ძალიან მიჭირს – ვსუსტდები, ვხვდები, რომ რაღაც პერიოდი ვბეჩავდები. ზოგადად, ასეთ დროს მირჩევნია, სიტუაცია გავარკვიო, დამალული არაფერი იყოს. არშემჩნევას, სირაქლემის პოზაში ყოფნას, აზრი არ აქვს – მაინც შენ დაზარალდები.
– ახლა არ ხარ შეყვარებული?
– არა, ვერ მატყობთ, რომ არ ვარ. ახლა რომ შეყვარებული ვიყო, საქმეში ასეთი მობილიზებული ვერ ვიქნებოდი. სიყვარული მაინც ცვლის ადამიანს, ცოტა სხვა რამეებზე ფიქრობ. მინდა, ბევრი რამ გავაკეთო, მოვასწრო. ცხოვრება ძალიან მოკლეა და მინდა, მაქსიმალურად ბევრი რამ გავაკეთო, დავტოვო. 30 წლის შემდეგ, მგონია, საუკეთესო ხანა იწყება ადამიანის ცხოვრებაში. ახლა ვხვდები, რა მინდა. ძალიან შევიცვალე. ხასიათი იგივე მაქვს, მაგრამ ის ინტერესები აღარ მაქვს, რაც ადრე მქონდა, არც ღირებულებები.
– როგორც ვიცი, ფილმშიც გიღებენ, სადაც შენ და მურატ ილდირიმი მთავარ როლს ითამაშებთ.
– მოლაპარაკება არის, შეთანხმებულები ვართ უკვე. ახლა გვაქვს ნახევარი ბიუჯეტი, ნახევარი საშოვნელია – ეს არის რთული პროცესი, რადგან კინოს 2 ლარად ვერ გადაიღებ. მხოლოდ იმაზე ვართ დამოკიდებული, რომ იმ თანხის შოვნა მოხერხდეს, რაც მურატისთვისაა საჭირო. ჩვენ უკვე შევხვდით სტამბულში, ვისაუბრეთ და თანახმაა გადაღებაზე. ვფიქრობ, საინტერესო იქნება, რადგან მურატი ძალიან კარგი მსახიობია. მე კიდევ, ახალი გამოწვევის წინაშე ვარ. კარგად უნდა გავართვა ამ როლს თავი, რაც რთული დავალება იქნება. სამსახიობო მაქვს დამთავრებული, მაგრამ ასეთი მასშტაბური როლი არ მითამაშია. ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული: ლაზი ბიჭი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, ეძებს მამას და გაიცნობს მომღერალ გოგონას, რომელიც უყვარდება. საინტერესო და კარგი სცენარია. შემოქმედებითი ჯგუფიც ძალიან კარგია, მახიობები. მამაჩემია რეჟისორი. მხოლოდ და მხოლოდ ფინანსებს ველოდებით. თუ არ იქნება ფინანსები, გადავიღებთ, მაგრამ მურატის გარეშე. კარგი იქნება, თუ ჩვენი ტანდემი შედგება.