კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ გახდა ბიძა ძმისშვილის სასტიკი მკვლელობის მონაწილე

თათია ფარესაშვილი ეკა ბარაბაძე


 36 წლის ვაჟა მ-ძის ცხედარი  სოფლის   მცხოვრებლებმა სოფლის განაპირას, ყელგამოჭრილი იპოვეს.  ახალგაზრდა მამაკაცს ყელის არეში დანით ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ცხედრის სიახლოვეს ეყარა გარდაცვლილი მამაკაცის დახეული სამოსი, რომელიც სისხლით  იყო მოსვრილი. სხეულის  გარეგანი დათვალიერებით, გარდაცვლილს სახისა და ტანის არეში  სხვადასხვა  დაზიანებაც აღენიშნებოდა. რაც, როგორც მოგვიანებით სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა, იყო შემდეგი: ღამით, ტყის სიახლოვეს დატოვებულ ვაჟა მ-ძის ცხედარზე თვალები და ცხვირი ცხოველებს ამოეჭამა.      
სოფლის მცხოვრებლებმა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდა ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობებისა, გარდაცვლილის სხეულის დაზიანებები ფიზიკური ზემოქმედების შედეგი იყო.  სავარაუდოდ,  ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დანით ყელი გამოსჭრეს. მაგრამ, რა მდგომარეობაში გახადეს მას  სამოსი და რატომ დატოვეს შიშველი, ამაზე სავარაუდო პასუხი გამოძიებას არ ჰქონდა. უცნობი იყო დანაშაულის მოტივი – გარდაცვლილის ახლობლების,  მეზობლებისა  და ოჯახის წევრების მონათხრობის მიხედვით, ვაჟა მ-ძე სოფელში, მოხუც დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. ის მეუღლეს წლების წინ გაშორდა. ქალმა   სამი წლის შვილი მას დაუტოვა გასაზრდელად და თავად მეზობელ  სოფელში გათხოვდა. ვაჟა მ-ძეს სოფელში პატიოსანი და მშრომელი კაცის სახელი ჰქონდა – პროფესიით  მექანიზატორი იყო და სოფლის სახნავ-სათეს მიწებს ყველა მას ამუშავებინებდა. ის მოხუც დედასაც უვლიდა და ბავშვსაც, რომელიც დედას წლების განმავლობაში ჰყავდა მიტოვებული.  პირველი ჩვენება გამოძიებას   გარდაცვლილის დედამ  და იმ მამაკაცმა მისცეს, ვინც პირველმა აღმოაჩინა ვაჟა მ-ძის გვამი.   ამონაწერი მოწმის, როლანდ ფ-შვილის  ჩვენებიდან: „ჩემი სახლი სოფლის განაპირას მდებარეობს. იქიდან უკვე სახნავ-სათესი მიწები და ტყე იწყება.  იქვე, ტყის პირას არის ჩემი  კუთვნილი  ნაკვეთიც, სადაც სამუშაოდ  დილით ადრე  გავდივარ. იმ დილას ჩემი ნაკვეთის ბოლოში, ტყის პირას,  რამდენიმე ძაღლს მოვკარი თვალი. ახლოს რომ მივედი   მამაკაცის შიშველი სხეულიც დავინახე – ძაღლები მას ესეოდნენ. სხეული სულ გასისხლიანებული იყო და ძალიან შემეშინდა. ახლოს არც კი მივსულვარ, ისე გამოვიქეცი სოფელში ხალხის დასაძახებლად. ცხედარი ისე იყო დამახინჯებული, ვერც კი ვიცანი, რომ ის ჩვენი თანასოფლელი ვაჟა იყო. როცა პოლიცია მოვიდა, მერე მივედით ახლოს და ვიცანით საწყალი ბიჭი, რომლის გვამიც ცხოველებს დაემახინჯებინათ.” გამოძიებას ჩვენება მისცა გარდაცვლილის დედამ, რომელმაც განაცხადა, რომ ღამით მისი შვილი სახლში არ დაბრუნებულა. „სადაც არ უნდა დაღამებოდა, სახლში მაინც მოდიოდა. იმ ღამეს რომ არ მოვიდა, შევშინდი, მაგრამ სად უნდა მომეძებნა? ბავშვს ღამე მარტოს ხომ ვერ დავტოვებდი და გათენებას დაველოდე, რომ ვაჟას ასავალ-დასავალი გამეგო. დილით მეზობლებისგან შევიტყვე, რომ სოფლის ბოლოს მამაკაცის გვამი იპოვეს. გულმა რეჩხი მიყო და მართლაც  ჩემი შვილის ცხედარი აღმოჩნდა.”
გამოძიებამ პირველად ვაჟა მ-ძის ყოფილი ცოლის და მისი მეუღლის ვერსიები გადაამოწმა. თუმცა, როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, ყოფილ ცოლ-ქმარს ერთმანეთთან  ურთიერთობა, ასე თუ ისე, გარკვეული ჰქონდათ და დაპირისპირება, რომელიც მათი გაყრის შემდედ დაიწყო, უკვე დამთავრებული იყო.  გარდაცვლილის ყოფილმა მეუღლემ გამოძიებას ჩვენება მისცა, რომლის მიხედვითაც, ვაჟა მ-ძე დიდი ხანი იყო, რაც  არ ენახა. ახალგაზრდა ქალი ყოფილი ქმრის გარდაცვალებას გულწრფელად განიცდიდა და  გამოძიებასთან თანამშრომლობისთვისაც მზად იყო. ვის შეიძლებოდა, ასე სასტიკი სიკვდილისთვის გაეწირა ახალგაზრდა მამაკაცი? როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, ვაჟა მ-ძეს დაპირისპირება ჰქონდა ბიძასთან. იმის მიუხედავად, რომ სოფელში ეს ამბავი  გახმაურებული არ იყო, ამის შესახებ ვაჟას ახლო მეზობლებმა მაინც იცოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ამის შესახებ  დაკითხვის დროს  სამართალდამცველებთან განაცხადა: მკვლელობამდე დაახლოებით ექვსი თვის წინ  ვაჟამ თავისი ტრაქტორი ორი ათას დოლარად მიჰყიდა მამის ძმას, ალალ  ბიძას, რომელიც ცოტა ხანში აუშარდა: ტრაქტორი არ მუშაობს და ასე ძვირი არ უნდა გადამეხადაო.  ვაჟამ  ის ფული ბანკში შეიტანა ვალის დასაფარად, ბიძას კი მალევე უთხრა:  თუ არ გინდა, ტრაქტორი უკან დამიბრუნე, ვიშრომებ, ვიშოვი მაგ ფულს და გადაგიხდიო. ამის გამო ბიძამ და ძმისშვილმა იჩხუბეს. ომარი ცუდად მოექცა ვაჟას – სასწრაფოდ ფული მომეციო, დრო დაუთქვა, მაგრამ ვაჟასთვის ორი ათასი დოლარის შოვნა იოლი არ იყო. ვაჟა ამ თემაზე ხალხის ჩარევას მოერიდა. რამდენჯერმე შეუთვალა ბიძას: ამ ფულისთვის  ნუ დამახრჩობ,  ვალში არ დაგრჩებიო.      
ოპერატიულმა სამსახურმა ამ ინფორმაციის გადამოწმება დაიწყო.  დაიკითხა გარდაცვლილის ბიძა ომარ მ-ძე, რომელმაც ძმისშვილთან არსებული გაურკვევლობა აღიარა, თუმცა  მკვლელობასთან ყველანაირი კავშირი უარყო.  სამართალდამცველებმა  სანდო და კონფიდენციალური წყაროს მეშვეობით დაადგინეს, რომ ომარ მ-ძეს ძმისშვილისგან  ფულის ამოღებაში   თანასოფლელი, 41 წლის კახა ბ-შვილი ეხმარებოდა,. რომელიც წარსულში  ორჯერ იყო  ნასამართლევი მძიმე დანაშაულებისთვის. გამოძიებამ არსებული ინფორმაციის საფუძველზე,  დაკითხა კახა ბ-შვილი, რომელმაც თავიდან უარყო ჩადენილი დანაშაული. თუმცა, დაკითხვის დროს იმდენი ურთიერთგამომრიცხავი რამ თქვა, რომ გამოძიებას არსებული ეჭვი უფრო გაუმძაფრდა.  გამოძიებისთვის მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბიძის, ომარ მ-ძის მიერ მიცემული მეორე ჩვენებაც,  სადაც მან აღიარა, რომ კახა ბ-შვილს ძმისშვილისთვის 2 000 დოლარის გამორთმევა  მართლა სთხოვა, სანაცვლოდ კი, მისთვის 300 დოლარი უნდა გადაეხადა.  კახა ბ-შვილი თავიდან უარყოფდა გარდაცვლილის ბიძასთან არსებულ გარიგებას, თუმცა მოგვიანებით, იძულებული გახდა, ესეც ეღიარებინა და ისიც, თუ როგორ გაიყვანა ბიძის მოთხოვნით, სახლიდან ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სასტიკად სცემა. ომარ მ-ძე დიდხანს ამტკიცებდა, რომ თავად შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა და არც ის იცოდა,  გამოცდილი კრიმინალი დანით რომ იყო  შეიარაღებული. გამოძიებამ საპირისპირო მტკიცებულებების მოპოვება შეძლო – როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, ომარ მ-ძე საკუთარი თვალით ხედავდა, როგორ სცემდა  მასთან გარიგებაში მყოფი კახა ბ-შვილი მის ძმისშვილს, რომელიც მას დახმარებას სთხოვდა.  დაკავებული კახა ბ-შვილი  ჩვენებებში აცხადებდა,  რომ დანა მამაკაცს ბიძამ გამოუსვა ყელში. თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით,  ჭრილობის ტრაექტორიის მიხედვით, დამანშავეს მკვლელობა მარჯვენა ხელით ჰქონდა ჩადენილი, დაკავებული ომარ მ-ძე კი მისდა ბედად, ცაცია  იყო. ჩადენილი  დანაშაულის ერთმანეთისთვის ხანგრძლივი გადაბრალების შემდეგ, კახა ბ-შვილმა აღიარა, რომ მკვლელობა მან ჩაიდინა. ომარ მ-ძეს კი იმის აღიარება მოუხდა, რომ ის ძმისშვილის მკვლელობას ესწრებოდა და ამ დანაშაულის თანამონაწილე იყო. ბრალდებულების მიერ   დანაშაულის დეტალების გახსენებას, სასამართლო პროცესს   დამსწრე  საზოგადოების მხრიდან  მძიმე ემოციების გარეშე არ ჩაუვლია. მათი დაცვა ადვოკატებსაც კი არ უცდიათ.  ომარ მ-ძემ თავი დამნაშავედ ცნო. მისი ჩვენების მიხედვით, კახა ბ-შვილს მხოლოდ ფულის გამორთმევა სთხოვა და უნებურად, გახდა მკვლელობის მონაწილე. ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „როდესაც მე და კახამ ვაჟა სალაპარაკოდ სოფლის ბოლოსკენ წავიყვანეთ, არ მეგონა, კახა თუ შეიარაღებული იყო. ვფიქრობდი, ვაჟას შეაშინებდა, რადგან ვაჟა ბოლო დროს თავს მარიდებდა,  სახლშიც კი  აღარ მიშვებდა.  კახას და ვაჟას საუბარი ჩხუბში გადაიზარდა. კახამ რამდენჯერმე დაარტყა ჩემს ძმისშვილს. ვერ გავაშველე ისინი. არც ვაჟამ დაუთმო, ხელჩართულ ჩხუბში კახამ  დანა ამოიღო. დავინახე, როგორ გამოუსვა ყელში ვაჟას. ყვირილი დავიწყე, მაგრამ რაღას ვუშველიდი? ვაჟამ ხრიალი დაიწყო და ძირს დავარდა. შეშინებულებმა დავტოვეთ იქურობა. სახლში გულგახეთქილი მივედი, ვერც ვეარფერს ვამბობდი. მთელი ღამე  თვალი არ მომიხუჭავს, რადგან ვიცოდი, რომ ვაჟას გვამი ტყეში ცხოველების საჯიჯგნად დავტოვეთ. იმ ღამის მერე კოშმარები არ მასვენებს. არ ვიცი, როგორ გამოვისყიდო ეს დანაშაული.”  მამაკაცი, რომელსაც ობლად მცირეწკლოვანი შვილი დარჩა, საკუთარი ბიძის ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.  სასტიკი მკვლელობის ჩადენისთვის კახა ბ-შვილს სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 62 წლის ომარ მ-ძეს კი 11-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.  
            скачать dle 11.3