კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ გააცურა „კაგებე“ ქართველმა კრიმინალმა, მეტსახელად „პროფესორმა“

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


 გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს, ცნობილი ქართველი კრიმინალის, ბიჭიკო ბუცხრიკიძის, მეტსახელად „პროფესორის,“ ბიოგრაფიიდან.

გენიალური იმიტატორი
პირველი ცნობები ბიჭიკო ბუცხრიკიძეზე მილიციაში 1971 წლის მაისში გაჩნდა. მილიციის დამსმენი, ვინმე აშოტ ოგანეზოვი, თავის კურატორს, სტალბერ კოტუას ატყობინებდა, რომ სოლოლაკის ერთ-ერთი იტალიური ეზოს სარდაფში არალეგალურად იყო გახსნილი ხმის ჩამწერი სტუდია. ოგანეზოვის ინფორმაციით, არალეგალური სტუდია იმავე ეზოს მცხოვრებს, ბიჭიკო ფარნაოზის ძე ბუცხრიკიძეს ეკუთვნოდა, რომელიც გარკვეული ანაზღაურების საფასურად, კლიენტებს აკრძალულ, ეგრეთ წოდებულ, „ბლატნოი“ სიმღერებს უწერდა. 18 წლის ბუცხრიკიძე ამ ნაწარმოებებს ბაბინებზე წერდა, რადგან კასეტები მაშინ დეფიციტი იყო და თითოეულს 5 მანეთად ყიდდა. სტალბერ კოტუა, რომელსაც ოგანეზოვმა ეს ინფორმაცია მიაწოდა, იმ უბნის რწმუნებული გახლდათ, ამიტომ, პირადად ეწვია ბიჭიკოს, მისი აპარატურა აღწერა და ჩამოართვა. შემდეგ სარდაფი დალუქა, ხოლო საქმე „ფინგანს“ (ფინანსური განყოფილება) გადაუგზავნა. იმ პერიოდში, ასეთი არალეგალური სტუდია თუ საამქრო ძალიან მრავლად იყო თბილისში და მათ არავინ ხურავდა. ბუცხრიკიძეს სტუდია კი იმიტომ დაუხურეს, რომ 18 წლის ბიჭიკომ კოტუასთვის წილის მიცემაზე უარი განაცხადა. მისმა სტუდიამ ოთხი თვე იარსება და ამ ხნის განმავლობაში შვიდი ათასი მანეთი გამოიმუშავა, რაც იმ პერიოდისთვის სოლიდური თანხა იყო. ბიჭიკო ისედაც აპირებდა სტუდიის დახურვას და სხვა საქმის დაწყებას. „ფინგანმა“ ბუცხრიკიძე სულ რაღაც 30 მანეთით დააჯარიმა. ხმის ჩამწერი აპარატურა კი უკლებლივ დაუბრუნა. სარდაფზე ლუქი აუხსნეს და სარგებლობის უფლებაც დაუბრუნეს, თუმცა, დანიშნულებისამებრ... ყველაზე საინტერესო კი ამ ისტორიაში ის იყო, რომ ყველა ცნობილი საბჭოთა არალეგალი მომღერლის სიმღერებს თავად ბუცხრიკიძე ასრულებდა.

დახვრეტის განაჩენი

ბიჭიკო ბუცხრიკიძე 1953 წლის 20 მარტს იყო დაბადებული და 27 წლის ასაკში უკვე სამი ნასამართლეობა ჰქონდა, ერთხელ კი ციხიდან გაიქცა.
პირველად ბიჭიკო 1975 წელს დააპატიმრეს ყალბი პასპორტის დამზადებისთვის და ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ, მალევე გაათავისუფლეს და მილიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. 1976 წლის მაისში კვლავ დააპატიმრეს. ამჯერად კი იმის გამო, რომ ვინმე ოთარ მუსერიძეს ხელოვნებათმცოდნეობაში საკანდიდატო დისერტაცია დაუწერა. მუსერიძემ დისერტაცია დაიცვა და ხარისხიც მიიღო, მაგრამ მას უჩივლეს და ცრუ კანდიდატმა ყველაფერი აღიარა. ბიჭიკო დააკავეს. მისი ბინა გაჩხრიკეს. დისერტაციის ხელნაწერები აღმოუჩინეს და თაღლითობისთვის ორწლინახევრით ციხეში გაამწესეს. თუმცა, ბიჭიკო კვლავ დროზე ადრე გათავისუფლდა ციხიდან და ერთი წლის მერე, უკვე სახლში იყო. მესამედ ბიჭიკო ბუცხრიკიძე 1978 წელს დააპატიმრეს. მან დახატა სურათი, რომელზეც ძველი თბილისის ერთ-ერთი ხედი იყო გამოსახული. ტილო ფიროსმანის ნახატად გაასაღა და მოსკოვში, 15 ათას მანეთად მიჰყიდა ერთ ფრანგ დიპლომატ-კოლექციონერს, რომელსაც „კაგებე“ უთვალთვალებდა. ბუცხრიკიძე დააპატიმრეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, ამჯერადაც ვადაზე ადრე, ორი წლის შემდეგ გაათავისუფლეს ციხიდან. საქმე კი ის იყო, რომ საპყრობილის დირექტორს, საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორის ბლანკზე დაბეჭდილი და მისი ხელმოწერილი გათავისუფლების ცნობა მიუვიდა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი თავად ბიჭიკოს მიერ იყო ფალსიფიცირებული, ხოლო ფოსტა ციხეში ბუცხრიკიძის თანამზრახველმა მიიტანა. ბუცხრიკიძე იმალებოდა. მაგრამ 1981 წლის 13 მაისს, იმ დღეს, როცა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა თასების თასი აიღეს, მილიციამ ის გაგრაში დააკავა. ბინის საიდუმლო სარდაფიდან კი კუსტარულად დამზადებული ფულის საბეჭდი მოწყობილობა ამოიღო ათი ათას ათმანეთიანთან ერთად, რაც ასი ათასს უდრიდა... პოლიგრაფიული მოწყობილობა ბიჭიკო ბუცხრიკიძის დამზადებული გახლდათ, ისევე, როგორც უმაღლესი ხარისთხის ათმანეთიანები. ეს საქმე „კაგებემ“ წაიღო. ყალბი ფულისმჭრელი ბუცხრიკიძე უმაღლესმა სასამართლომ გაასამართლა. მას დახვრეტა მიუსაჯეს და ბუტირკის ციხის დასახვრეტ, ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს.

კოოპერატივი „საბადო“
ბიჭიკო ბუცხრიკიძე წელიწად-ნახევარი ელოდებოდა დახვრეტას. მას ლეონიდ ბრეჟნევის სახელზე შეწყალება ჰქონდა დაწერილი და 1982 წლის 10 ნოემბერს, ბრეჟნევი გარდაიცვალა. 12 ნოემბერს კი, ბრეჟნევის ხელისმოწერით შეწყალების საბუთი მოვიდა ციხეში, რომელიც 8 ნოემბერს იყო ხელმოწერილი. ბიჭიკოს 15 წელი მიუსაჯეს. თუმცა, მხოლოდ სამი წელი გაატარა კიდევ ციხეში და 1985 წელს გამოუშვეს, მაშინ, როცა გორბაჩოვისეული „პერესტროიკა“ დაიწყო. ერთი თვის მერე, ციხიდან გამოსულმა ბუცხრიკიძემ კოოპერატივი „საბადო“ შექმნა, რომელიც ოქროს შესყიდვით იყო დაკავებული. ბუცხრიკიძე და მისი პარტნიორები სხვადასხვა მაქინაციის საშუალებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კოლოსალურ თანხებს იღებდნენ. შეისყიდდნენ დიდი რაოდენობით ოქროს და ზოდებად ადნობდნენ. ზოდებს კი უცხოეთის ბანკებში ინახავდნენ. 1986 წლის მიწურულს ბიჭიკო მეხუთედ დააპატიმრეს და სახელმწიფო ბიუჯეტის უკანონო მითვისებაში დასდეს ბრალი. შემდეგ გაასამართლეს და პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, ანუ, ბუცხრიკიძე კვლავ გარეთ იყო და კოოპერატივ „საბადოს“ ამუშავებდა. 1987 წლის ნოემბერში კი, ბიჭიკო მეექვსედ დააპატიმრეს და საკმაოდ მძიმე ბრალდება – ჯაშუშობა წაუყენეს. თუმცა, ბიჭიკომ მეორედაც მოახერხა ციხიდან გაქცევა. 20 ათასი დოლარის საფასურად, ბუცხრიკიძე ბუტირკის ციხიდან გამოიყვანა ერთ-ერთმა კონტროლიორმა და გაუშვა...

მესამე გაქცევა

მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივი „საბადო“ დაშლილი იყო, ბიჭიკო ბუცხრიკიძე, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში „პროფესორი“ უწოდეს, თავის თანამზრახველებთან ერთად, არალეგალურად აგრძელებდა მოღვაწეობას და დიდი რაოდენობით შეგროვილი ოქრო უცხოეთში გაჰქონდა. მართალია, 1988 წელი იწურებოდა და საბჭოეთის დაშლამდე მხოლოდ სამი წელი იყო დარჩენილი, მაგრამ საბჭოეთის უშიშროება ჯერ კიდევ გამართულად მუშაობდა. ძებნილი ბუცხრიკიძე 31 დეკემბერს, ლენინგრადის მახლობლად, ქალაქ გატჩინოში დააკავეს ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც ის იმალებოდა და იქიდან ხელმძღვანელობდა ოქროს არალეგალურ შეგროვებისა და უცხოეთში გატანის პროცესს.  „პროფესორი“ მოსკოვში ჩაიყვანეს, ლუბიანკაზე დაკითხეს და ჯურღმულში გამოამწყვდიეს. „კაგებეში“ ბიჭიკოს ოქროს დაბრუნება და თანამზრახველების დასახელება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯით დაემუქრნენ. „პროფესორმა“ მოსაფიქრებლად ხუთი დღე ითხოვა. 5 იანვარს ბიჭიკო ლუბიანკის სარდაფიდან ლეიტენანტმა იური გორბუნოვმა გამოიყვანა და მას მერე „პროფესორი“ არავის უნახავს. ბიჭიკომ მესამედ და უკვე სამუდამოდ, დააღწია ციხეს თავი და მიუხედავად იმისა, რომ მასზე დღემდე ძებნაა გამოცხადებული, ვერ იპოვეს. როგორც ვარაუდობენ, „პროფესორმა“ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, დღესაც ცოცხალია და უცხოეთში ცხოვრობს.
скачать dle 11.3