№27 როგორ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ცურვაში, შორენა ხვედელიძე, მიხეილ სააკაშვილის მზარეული და როგორ ანებივრებდა მას შოკოლადებით მარადონა
ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ჩემპიონი ცურვაში შორენა ხვედელიძე დღეს წარმატებული შეფ-მზარეულია. ის მიხეილ სააკაშვილის პირადი მზარეული გახლდათ და კანარის კუნძულებზეც წარმატებით მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილთან მუშაობის პერიოდსა და კანარის კუნძულებს ის სიამოვნებით იხსენებს.
შორენა ხვედელიძე: მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში კარგი მოსწავლე ვიყავი, ათწლედიც დავამთავრე, კონსერვატორიაც და ორი უნივერსიტეტი, სპორტი ჩემთვის ყოველთვის განუყოფელი ნაწილი იყო. ბავშვობიდან ყველანაირ სპორტზე დავდიოდი. უკვე 16 წლისა საქართველოს ჩემპიონი ვიყავი ცურვაში. 1992 წლამდე საბჭოთა კავშირის ჩემპიონიც გავხდი. მსოფლიო ჩემპიონატზე რომ უნდა გავსულიყავი, იმ დროს გავთხოვდი და სპორტს თავი დავანებე. კულინარიის შესწავლა გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების მძიმე პერიოდში, როდესაც 2000 წელს სახლი დამეწვა და ღია ცის ქვეშ დავრჩი. მოხდა ისე, რომ ჩემი პროფესიით ვერ დავსაქმდი. გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ ვეძებდი ვაკანსიებს, არსად ვაკანსია არ იყო და მოვხვდი ერთ-ერთ რესტორანში დამხმარედ. ჩემი მიზანი არ იყო დამხმარედ დავრჩენილიყავი, მინდოდა, შეფ-მზარეულობამდე მიმეღწია. ძალიან მიზანდასახული ვარ, ყველაფერს ადვილად ვაღწევ.
– თქვენი მეუღლეც შეფ-მზარეულია, ალბათ ის დაგეხმარათ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში...
– ჩემი მეუღლე ალექსანდრე კაზალიკაშვილი შეფ-მზარეულია. ის ჩემზე პროფესიონალია. მე მიყვარს ახალი საჭმელების გამოგონება, შექმნა. სულ მეუბნება, რატომ იკლავ თავს, რატომ იგონებ ამდენ კერძსო. ადრე ერთად ვმუშაობდით. შეფი იყო ყოველთვის ჩემი მეუღლე, მე კი – დამხმარე. დამოუკიდებლად არასდროს ვყოფილვარ. ერთხელ ჩემმა მეუღლემ ასეთი რაღაც გამიკეთა: ბათუმში იყო სამდღიანი წვეულება და თურმე, იქ მიდის, ოღონდ მე არ გამიმხილა. ამ დროს ერთად ვმუშაობთ, ჩვენს რესტორანში ყველა მაგიდა დაჯავშნილია. ვხედავ, გახდა ხუთი საათი, ექვსი, ჩემი მეუღლე არ ჩანს. მიკვირს, რატომ იგვიანებს. თურმე ჩემ გარდა, ყველამ იცის, რომ სანდრო წასულია. გახდა ექვსი საათი, შემოდის დირექტორი და მეუბნება, შორენა სანდრო ბათუმშია, დღეს შენ უნდა გააკეთო ყველაფერიო. გავგიჟდი, გადავირიე – რას ჰქვია ბათუმშია... მაგრამ რა მექნა, შევუდექი საქმეს. დავიწყე მენიუში არსებული ყველა კერძის მომზადება, თავისი დელიკატესებით. ძალიან ვღელავდი, მაგრამ ყველაფერმა დიდი მოწონება დაიმსახურა. დაურეკეს ჩემს მეუღლეს: სანდრო, შორენამ ათიანზე ჩააბარა გამოცდაო. ჩემს მეუღლეს კარგად იცნობდნენ. უცხოელები მოუხმობდნენ ხოლმე და მადლობებს უხდიდნენ. ერთხელ სანდრო არ იყო და საჭმელებს მე ვაკეთებ. შემოვიდა ფრანგების ოჯახი. მიირთვეს და ითხოვენ, მზარეული გამოიყვანეთ, ხელებზე უნდა ვაკოცოთო. ეუბნებიან, დღეს ის არ არის, სხვა არისო. როგორ არ არის, დაუძახეთო. ბოლოს ავდექი და გავედი. არ იჯერებდნენ, ასეთ გემრიელს სხვა ვერ მოამზადებდაო. მერე უთხრეს, მისი მეუღლეაო და დამშვიდდნენ. ზუსტად ერთნაირი ხელი გვაქვს. ამიტომ სხვადასხვაგან ვმუშაობთ. ჩვენი კლიენტები ჯერ სამზარულოში შემოდიოდნენ და გვნახავდნენ, იქ ვიყავით თუ არა. სახლში საჭმელს არასდროს ვაკეთებ. თუ ათასში ერთხელ გავაკეთე, ჩემი შვილები ჭკუაზე არ არიან, უხარიათ, დედამ სახლში საჭმელი გააკეთაო.
– როგორ გახდით მიხეილ სააკაშვილის მზარეული?
– ქასთინგი ტარდებოდა მაღალი კატეგორიის მზარეულებში. „სივი“ მაინც გავაგზავნე, მაგრამ ისეთი არაფერი მეწერა, ჯერ არ ვიყავი დიდად გამოცდილი. რატომღაც მაინც დაინტერესდნენ და დამიბარეს. გასაუბრებაზე მივედი და მითხრეს, რომ ჩემს შემთხვევაში, დელიკატესები მექნებოდა მოსამზადებელი. მთელი ღამე გავათენე კომპიუტერთან, ვსწავლობდი კერძებს. არ ვიცოდი, რა შემხვდებოდა. ისეთი კერძები შემხვდა, არ ვიცი, რა გავაკეთე – თვითონ ვიგონებდი, ვამზადებდი. ეს იყო ხუთშაბათს და ორშაბათს უკვე დამირეკეს. თქვენ გამარჯვებული ხართ და პრეზიდენტის რეზიდენციაში გაგანაწილეთო. მიშას ძალიან ბევრი მზარეული ჰყავდა, მაგრამ მე ვიყავი ერთ-ერთი სანდო პიროვნება მისთვის. ქალაქიდან რომ გადიოდა, ყველგან მე დავყავდი. ვერ გამოვყოფ, რაიმე უყვარდა თუ არა განსაკუთრებით. ჩემს გაკეთებულს ყველაფერს ჭამდა. მიშას ძალიან უყვარდა წითელი მჟავე კომბოსტო – აუცილებლად უნდა ყოფილიყო სუფრაზე. სამზარეულოში ყოველთვის იყო ექიმი, რომელიც პროდუქტებს ამოწმებდა, ხარისხს განსაზღვრავდა. მაგრამ, მიშა მე იმდენად მენდობოდა, ჩემთან ექიმი არ მოდიოდა. ერთხელ მიშას დაბადების დღე ახლოვდებოდა და სამი დღით ადრე წავედი ანაკლიაში, რომ სუფრა გამემზადებინა. მოვიკალით თავი. რა აღარ ვამზადე და დაბადების დღეზე შემოვიდა მიშა, გადახედა იქაურობას, რად გინდოდათ, ამხელა სუფრა რომ გაშალეთო, გატრიალდა და წავიდა. გავგიჟდით – ეს რა გააკეთაო. თუკი ვინმე მუშაობდა იმ სასტუმროში, ყველამ გემრიელად მიირთვა ის საჭმელები. ვანო მერაბიშვილთანაც ვმუშაობდი. პრეტენზიულები საერთოდ არ იყვნენ, არც მიშა, არც მერაბიშვილი. არ მახსოვს, მიშას რაიმე დაეწუნებინოს ან მე შემეთავაზებინოს რაიმე და უარი ეთქვას – ყველაფერს სინჯავდა და დიდ კმაყოფილებას გამოთქვამდა. არ მახსოვს, მერაბიშვილს რამეზე პრეტენზია ჰქონოდა, ან არ მოსწონებოდა. არ იტყოდა სიტყვა – მეჩქარებას. ბოლომდე უსმენდა ნებისმიერ დამლაგებელსაც კი. მიშას ყოველთვის უყვარდა განცალკევება, დაცვას გაეპარებოდა ხოლმე. ერთხელ ანაკლიაში მოვარდა დაცვა – მიშა ხომ არ გინახავთო, ყველგან ეძებდნენ.
– კანარის კუნძულებზე მუშაობდით. როგორ მოხვდით იქ?
– ჩემი ახლობელი შეფ-მზარეული „რედისონში“ მუშაობს და „რედისონმა“ გაუშვა კანარის კუნზულებზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად. წამიყვანა მეც. იქაურმა შეფ-მზარეულმა კი შემომთავაზა, დავრჩენილიყავი კიდევ ორი თვე. მე შეგასწავლი ყველაფერს ისე, რომ ყოველთვის მოთხოვნადი მზარეული იყოო. მაშინვე ვერ დავრჩი და ჩამოვედი საქართველოში, მაგრამ კიდევ ვაპირებდი იქ დაბრუნებას. სააკაშვილმა გაიგო, რომ კანარის კუნძულებზე მინდოდა გამგზავრება და გამაგზავნა. იქ ექვსი თვე დავყავი და კლიმატის გამო ვეღარ გავჩერდი. თუმცა, ის ექვსი თვე სიამოვნებით ვიმუშავე. ჩემმა იქაურმა შეფ-მზარეულმა ყველაფერი მასწავლა, მაქსიმალური ჩადო ჩემში.
– როგორ გახსენდებათ იქ ცხოვრების პერიოდი?
– იქ ძალიან ბევრი რუსია, რომ ჩახვიდეთ, სოჭში გეგონებათ თავი. მეგონა, საქართველოში ვიყავი. ძალიან თბილი ხალხი იყო, სულ თვალებში შემომციცინებდნენ და მეკითხებოდნენ: ცუდად ხომ არ ხარ, შორენა, ხომ არაფერი მოგართვათო. სადაც ვმუშაობდი, დიდი სასტუმრო იყო. იქ ერთ-ერთ ობიექტზე, დარბაზში, რაღაცაზე გავედი და ვხედავ, დგას მარადონა. მარადონას ბავშვობიდან ვიცნობდი, თვეები გაგვიტარებია ერთად. მე პატარა ვიყავი, მაგრამ სულ დიდებთან ერთად დავდიოდი „ზბორებზე“, პატარებთან ვერ ვაღწევდი მიზანს. მარადონას ძალიან ვყავდი განებივრებული, ყოველთვის შოკოლადებით მორბოდა ჩემთან. ერთხელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი რომ მოვიგე, მარადონამ ხელში ამიტაცა. ახლა რომ მნახა, ვერ მიცნო, იქ არ მელოდებოდა. რომ მივედი და ვუთხარი, ვინც ვიყავი, გაგიჟდა, გულში ჩამიკრა, ძალიან გაუხარდა.