კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ეშმაკის ბილიკი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7-26(861)



შვილის სიტყვებზე ირინა გავაშელს თვალები აუცრემლდა და უთხრა:
– ეკა, შვილო, ბატონი ზურაბი იმიტომ მოვიდა ჩვენთან, რომ მამასთან წაგვიყვანოს.
– მართლა? – აღტაცებით წამოიძახა გოგონამ. გიგაურს გაუღიმა და უთხრა:
– როდის წაგვიყვანთ მე და დედას მამასთან, ბატონო ზურაბ?
– ხვალ, ეკა. ხვალ მოსკოვში გავფრინდებით ერთად და მამასთან მიგიყვანთ, მაგრამ სიტყვა არავისთან დაგცდეს, შევთანხმდით? – უთხრა გიგაურმა ბავშვს.
– დიახ. შევთანხმდით, – მხიარულად მიუგო გოგონამ მაიორს.
– მაშინ, შენთან ერთი თხოვნა მაქვს, – გაუღიმა გიგაურმა გოგონას.
– მთხოვეთ.
– ჯერ შემპირდი, რომ არ გეწყინება?
– არ მეწყინება, მთხოვეთ.
– მართლა არ გეწყინება?
– მართლა, მამას გეფიცებით, მთხოვეთ, – უთხრა გოგონამ მაიორს.
გიგაურს გაეცინა და უთხრა:
– ეკა, ძალიან გთხოვ, ცოტა ხნით დაგვტოვო. მე და დედას საუფროსო სალაპარაკო გვაქვს. მამამ დამაბარა მასთან და უნდა გადავცე. ხომ არ გეწყინება?
– არა, არ მეწყინება. ნამდვილად არ მეწყინება, – მხიარულად უთხრა გოგონამ გიგაურს. შემდეგ ოთახიდან გავიდა და თავის ოთხაში შევიდა.
მაიორმა მოწევის ნებართვა ითხოვა და დიასახლისთან ერთად გააბოლა. შემდეგ „ტვირთი 39-ის“ ამბავი დაწვრილებით უამბო, ნადეჟდა მალიშევასთან ურთიერთობის გარდა და ბოლოს უთხრა:
– ახლა ხომ ხვდებით, თუ რატომ გიმალავდათ ყველაფერს თქვენი მეუღლე და მარტო, შენიღბულად მოქმედებდა?
– ნეტავ, ეთქვა მაშინ ეს ყველაფერი და იქნებ ციხეს აცდენოდა, – შეწუხდა ირინე გავაშელი.
– ეგ ვინ იცის, მაგრამ ვფიქრობ, თქვენი მეუღლე სწორად მოიქცა. მეც მასე მოვიქცეოდი.
– ეეჰ, რაც იყო, იყო. ახლა მთავარი ისაა, რომ ვარლამი ცოცხალია და მე და ეკა მასთან მივდივართ.
– დიახ, მასეა, – თქვა გიგაურმა, – გვიანია უკვე, წავალ. ხვალ, დილის ცხრა საათზე გამოგივლით და მზად იყავით. ათსაათიანი რეისით მივფრინავთ.
მაიორი ეკატერინესაც გამოემშვიდობა და წავიდა. კიბეებზე რომ დაეშვა და ქუჩაში გავიდა, აივნიდან ეკატერინემ გადმოსძახა.
– ნახვამდის, ბატონო ზურაბ, შეხვედრამდე!
მაიორმა ხელი დაუქნია გოგონას. შემდეგ „პობედაში“ ჩაჯდა და შინისკენ გაემართა, რომ ევახშმა და გამოეძინა. ზურაბს ჯერ კარიც კი არ ჰქონდა გაღებული, რომ ტელეფონის გაბმული ზარის ხმა შემოესმა და სასწრაფოდ შევიდა ბინაში.
– გისმენთ, – უპასუხა მაიორმა.
– უკვე ერთი საათია, გაბმულად ვრეკავ, – მოესმა გიგაურს „კაგებეს“ ცენტრალური აპარატის თანამშრომლის ხმა, რომელიც მოსკოვიდან რეკავდა.
– ამწუთას მოვედი. საქმეზე ვიყავი, რა ხდება? – თქვა ზურაბმა.
მაიორის კოლეგამ ზურაბს ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და უთხრა:
– შენს ნომერზე გირეკავდა გივი კვირიკაშვილი. ეს ნომერი მან მომცა და მითხრა, სასწრაფოდ დამირეკოსო.
– გმადლობთ, გასაგებია, – თქვა ზურაბმა და ტელეფონი გათიშა.
„კაგებეში“ არსებობდა სპეციალური ნომრები, რომლებითაც დარეკვა საბჭოეთის ნებისმიერი ქალაქიდან ნებისმიერ ქალაქში შეიძლებოდა, თანაც ყველანაირი ტელეფონიდან, მათ შორის, ქუჩის ავტომატიდანაც კი. სწორედ ასეთი ტელეფონის ნომერი მისცა ადრე მაიორმა კვირიკაშვილს. მან კი, ზურაბს რომ დაურეკა, მოსკოვში, „კაგებეს“ ცენტრალურ შტაბბინაში უპასუხეს და მათვე მოძებნეს გიგაური. ზურაბმა კვირიკაშვილის ნომერი აკრიფა და დაელოდა, თუმცა ვარლამ კოვზირიძის კოლეგა არ პასუხობდა. მაიორმა კიდევ რამდენიმეჯერ დარეკა და ტელეფონი გათიშა. კვლავ აკრიფა ნომერი და უკვე მოსკოვში, „კაგებეს“ ცენტრალურ შტაბ-ბინაში დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა მორიგემ.
– ისევ მე ვარ, გიგაური.
– გისმენ. რაშია საქმე?
– კვირიკაშვილმა როდის დარეკა?
– ზუსტად ათ საათზე, – მიუგო მორიგემ გიგაურს.
ზურაბმა საათს დახედა. თერთმეტს თხუთმეტი წუთი აკლდა და მორიგეს უთხრა:
– ნამდვილად ასე გითხრა კვირიკაშვილმა, სახლში ვიქნები და მის ზარს დაველოდებიო?
– კი. სწორედ ასე თქვა. რაშია საქმე?
– არ მპასუხობს.
– იქნებ ჩაეძინა ან სიგარეტის საყიდლად გავიდა?
– კარგი. კიდევ დავრეკავ. ნახვამდის, – უთხრა ზურაბმა მორიგეს და ტელეფონი გათიშა. შემდეგ კვლავ კვირიკაშვილის ნომერი აკრიფა, მაგრამ იგივე განმეორდა – გივი კვირიკაშვილი არ პასუხობდა.
ამასობაში ღამის თერთმეტი საათი შესრულდა და მაიორმა ჩაილაპარაკა: „ისე ჩანს, ცუდი ამბავი უნდა იყოს“. შემდეგ ტაბელური პისტოლეტი „ტეტე“ ჩაიდო პიჯაკის შიდა ჯიბეში და სახლიდან გავიდა. „პობედაში“ ჩაჯდა და კვირიკაშვილის ბინისკენ აიღო გეზი. თხუთმეტი წუთის შემდეგ, ზურაბი უკვე კვირიკაშვილის სახლთან იმყოფებოდა. მანქანა მან ასიოდე მეტრის მოშორებით გააჩერა და გზა ფეხით განაგრძო. კიბეებიც ფეხით აიარა და კვირიკაშვილის კარს რომ მიადგა, ზარი დარეკა. დაელოდა და რომ არავინ გაუღო, ჯიბიდან სპეციალური „ატმიჩკა“ ამოიღო. საკეტს მოარგო და ბინაში ფრთხილად შევიდა. მაიორს მარჯვენა ხელში პისტოლეტი ეჭირა, მეორე ხელი კი, ყოველი შემთხვევისთვის, მოულოდნელი თავდამსხმელის მოსაგერიებლად ჰქონდა შემართული. ბინაში ბნელოდა. გიგაური ფრთხილად გადაადგილდებოდა. ცდილობდა, ჩამრთველი მოეძებნა და ბინაში სინათლე აენთო. უცებ, ზურაბმა უცნაური სუნი იყნოსა და თავში გაუელვა – „სისხლი!“ მაიორმა კედელზე მიმაგრებული ჩამრთველი მოძებნა. შუქი აანთო და მიმოიხედა, დერეფანში სიცარიელე იყო. ზურაბმა სასტუმრო ოთახისკენ გასწია. შევიდა, შუქი აანთო და ოთახის მარჯვენა კუთხეში, სავარძელში მჯდომი, თავგადაგდებული გივი კვირიკაშვილი დაინახა. მას შუბლზე ნატყვიარი ჰქონდა. იატაკზე კი უამრავი სისხლი დაღვრილიყო და სწორედ მისი სუნი იყნოსა მაიორმა. აშკარა გახლდათ, რომ მასპინძელი მკვდარი იყო. მაგრამ, ზურაბი მაინც მივიდა მასთან და პულსი გაუსინჯა – არ უცემდა. გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო და გიგაურმა ჩაილაპარაკა, – მაქსიმუმ ერთი საათის მოკლულიაო. შემდეგ მაიორმა ტელეფონის ყურმილს ცხვირსახოცი შემოახვია, რომ  სავარაუდო კვალი არ წაეშალა და არც საკუთარი ანაბეჭდები დაეტოვებინა და ადგილობრივი „კაგებეს“ მორიგეს დაურეკა სპეცნომერზე.
– გისმენთ, – უპასუხა მორიგემ.
– მაიორი ზურაბ გიგაური ვარ. საგამოძიებო-ოპერატიულ განყოფილებასთან შემაერთეთ, – უთხრა ზურაბმა მორიგეს და რომ დააკავშირა, თქვა:
– მაიორი ზურაბ გიგაური ვარ.
– დიახ. გისმენთ, ამხანაგო მაიორო, – უპასუხა ზურაბს განყოფილების მორიგემ.
გიგაურმა მორიგეს გივი კვირიკაშვილის ზუსტი მისამართი უკარნახა და უთხრა:
– პისტოლეტითაა მოკლული. მაქსიმუმ, ერთი საათის წინ. ფრთილად მოდით და ყურადღებას ნუ მიიქცევთ. აბა, გელოდებით, იჩქარეთ!
„კაგებეს“ საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მათთვის ჩვეული სიფრთხილითა და ოპერატიულობით გამოცხადდა მითითებულ მისამართზე. ექსპერტ-კრიმინალისტებმა საფუძვლიანი მოკვლევა ჩაატარეს და შემთხვევის ადგილზე, სურათებიც გადაიღეს. რომ მორჩნენ, ჯგუფის უფროსს მაიორმა ჰკითხა:
– აბა, რას მეტყვით?
– უპირველესად, იმას, რომ პისტოლეტის გასროლილი მასრა ვერ აღმოვაჩინეთ და მკვლელმა ან მკვლელებმა ის თან წაიღეს. ტყვია კი მოკლულს თავში ჩარჩა, რადგან გამავალი ჭრილობა არ აქვს. სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი პატარა ზომის, მცირე კალიბრის პისტოლეტია და გამოყენებულია მაყუჩი. გასროლა მაქსიმუმ ოთხი მეტრიდანაა განხორციელებული. ბრძოლის კვალი არ შეიმჩნევა და მკვლელი  მოკლულმა თავად შემოუშვა, ანდა საკუთარი გასაღებით ან „ატმიჩკით“ გააღო. ამას ექსპერტიზა აჩვენებს, რომელსაც საკეტს ჩაუტარებენ.
– ბინის კარი ჩაკეტილი იყო და მეც „ატმიჩკით“ შემოვედი, – დააზუსტა ზურაბმა.
– ეს ცოტა ართულებს საქმეს, მაგრამ ვეცდებით, მაქსიმალური გავაკეთოთ სიმართლის დასადგენად, – თქვა გიგაურის კოლეგამ და დააყოლა, – როგორც წინასწარი მოკვლევიდან ჩანს, ბინაში არაფერია დაკარგული და ძარცვა შეგვიძლია, გამოვრიცხოთ. დანარჩენს კი გამოძიება გვიჩვენებს.
– კეთილი. მე უნდა წავიდე. თქვენ კი განაგრძეთ მუშაობა და თუკი რამე ახალს აღმოაჩენთ, აი, ამ ნომერზე დამიკავშირდით დილის რვა საათამდე, – უთხრა ზურაბმა კოლეგას. ტელეფონის ნომერი მისცა და წავიდა.
მაიორი ზურაბ გიგაური რომ „პობედაში“  ჩაჯდა, ღამის სამი საათი შესრულდა. უკიდურესი დაღლილობის მიუხედავად, ზურაბს ძილი აღარ უნდოდა და მაიორი ფიქრებმა გაიტაცა. გიგაური  დარწმუნებული იყო, რომ გივი კვირიკაშვილის მკვლელობა იმ საქმესთან იყო დაკავშირებული, რომელსაც თავად იძიებდა. მართალია, ამის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ ჰქონდა, მაგრამ ამას ინტუიცია კარნახობდა. ინტუიციას კი გიგაურისთვის არასდროს უმტყუნია, ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებისას. ზურაბმა „პობედა“ დაქოქა და ადგილიდან უნდა დაეძრა, რომ საქარე მინაზე „კაგებეს“ კოლეგა-გამომძიებელმა მიუკაკუნა, რომელსაც ხელში პატარა ბლოკნოტი ეჭირა.
– ამხანაგო მაიორო, – გამომძიებელმა ზურაბს ბლოკნოტი გაუწოდა, – აი, რა აღმოვაჩინეთ მოკლულის ბინაში და ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს.
გიგაურმა კოლეგას ბლოკნოტი გამოართვა, რომელსაც შიდა ყდაზე ეწერა: „საგანგებო ჩანაწერები“. გამომძიებელმა კი მას უთხრა:
– ამხანაგო მაიორო, ეს ბლოკნოტი ერთობ საინტერესო ადგილზე აღმოვაჩინეთ და ამიტომ მოგიტანეთ. ვიფიქრე, დააინტერესებს-მეთქი.
– სად იპოვეთ?
– სასტუმრო ოთახში რომ მაგიდა დგას, იმაზე იყო მიკრული ქვემოდან, სამედიცინო პლასტირით.
– მაგიდის ქვეშ?
– დიახ, – დაუდასტურა გიგაურს გამომძიებელმა, – აშკარაა, რომ მასპინძელი ამ ბლოკნოტს მალავდა. იქნებ გამოგადგეთ.
– ბლოკნოტის შინაარს თუ გაეცანით?
– არა. როგორც კი ვიპოვე, მაშინვე თქვენთან გამოვიქეცი, რომ მომესწრო.
 – კარგი. დიდი მადლობა. ამას თან წავიღებ. ოქმში ეს ბლოკნოტიც შეიტანეთ და ალბათ, რამდენიმე დღეში უკან დაგიბრუნებთ. აბა, ნახვამდის! – უთხრა გიგაურმა გამომძიებელს. შემდეგ მანქანის ძრავა ჩართო და „პობედა“ ადგილიდან დაიძრა.
სახლში რომ მივიდა ზურაბი, ღამის ოთხის ნახევარი შესრულდა. მაიორი საძინებელში განმარტოვდა. ღამის ლამპა აანთო და უცნაურად დამალული ბლოკნოტის შინაარსის გაცნობას შეუდგა. ბლოკნოტი, ფაქტობრივად, დღიურს წარმოადგენდა. თუმცა, ჩანაწერები ყოველდღიური არ იყო. სავარაუდოდ, კვირიკაშვილი მასში მხოლოდ იმ მომენტებს აღწერდა, რაც მნიშვნელოვნად მიაჩნდა და ამას შიდა ყდაზე გაკეთებული წარწერაც მიანიშნებდა. „საგანგებო ჩანაწერებში“, ჯერ კიდევ გივი კვირიკაშვილის ბავშვობისდროინდელი ამბები იყო აღწერილი. აქვე, ამოიკითხა მაიორმა კვირიკაშვილის მიერ აღწერილი პირველი შეხვედრა ზურაბ გიგაურთან, ანუ – მასთან. გიგაურის ყველაზე დიდი ინტერესი კი კვირიკაშვილის ბოლო ჩანაწერმა გამოიწვია, რომელიც მკვლელობამდე ერთი დღით ადრე, ანუ წინა დღით იყო გაკეთებული: „ჩემთან მოვიდა შუახნის მამაკაცი. ვასილ სტარკოვად წარმომიდგა და ლაპარაკი ჩამომიგდო პრეპარატ „ალ 13-ზე“, რომელსაც ფუნქციადარღვეულ პაციენტს ყოველ სამ თვეში ერთხელ უკეთებენ, რათა მან ალერგიული შოკი არ მიიღოს. ეს ვასილ სტარკოვი მთავაზობდა ფულს, პრეპარატის გაუფორმებლად გაკეთების სანაცვლოდ, რაზეც მე მას სასტიკი უარი განვუცხადე და ვურჩიე, ოფიციალურად ჩაწერილიყო კლინიკაში. დადგენილი წესისამებრ, ანალიზები გაეკეთებინა და თუკი დადასტურდებოდა, რომ პაციენტისთვის „ალ 13-ის“ ვაქცინაცია აუცილებელია, მას უფასოდ, ყოველგვარი ფულის გარეშე, შეუშხაპუნებდნენ ამ წამალს. სტარკოვი დამთანხმდა ოფიციალურ ჩანაწერზე, თან საუბარი გააგრძელა და მოულოდნელად ვარლამ კოვზირიძის სახელი ამოტივტივდა. მითხრა, ვარლამ კოვზირიძეს ოცი წლის წინ ვიცნობდი. დიდი ხანია, არ მინახავსო და მის მისამართს მთხოვდა. რომ გაიგო, ვარლამი თითქმის ოცი წლის წინ გაუჩინარდა, შეწუხდა. მაგრამ შევამჩნიე, რომ ეს წუხილი ფუჭი და თვალთმაქცური იყო. შემდეგ, ვარლამის ცოლ-შვილის მისამართი მთხოვა. მე ვუთხარი, რომ ვარლამი უცოლო იყო. მერე მკითხა, სად და როდის უნდა ჩაწერილიყო ანალიზებზე. რომ ვუთხარი, მადლობა გადამიხადა, გამომემშვიდობა და წავიდა. იმ კაცთან შეხვედრის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას სახის პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. საუბრისას ვკითხე კიდეც, ვარლამმა ხომ არ გაგიკეთათ წლების წინ ოპერაცია-მეთქი. მას გაეცინა და მითხრა, არაო. მისმა პათოლოგიურმა სიცილმა შეუცნობელი შიშის გრძნობა დამიტოვა. დარწმუნებული ვარ, ვასილ სტარკოვი მიხვდა, რომ მასზე ეჭვი მივიტანე. მე კი ეჭვი მაქვს, რომ ეგ კაცი იმ საქმეშია გარეული, რაზეც ზურაბ გიგაური მიყვებოდა. სასწრაფოდ მაიორი ზურაბ გიგაური უნდა მოვძებნო და ყველაფერი ვუამბო.
P.S. ვგრძნობ, რაღაც უხილავ საფრთხეს, შესაძლოა, სასიკვდილო საშიშროება მემუქრება.“
კითხვა რომ დაასრულა, მაიორმა საათს დახედა. დილის ექვსის ნახევარი სრულდებოდა. გიგაურის გონება საათივით ამუშავდა. მან სწრაფად გადაამუშავა მიღებული ინფორმაცია, ტელეფონის ყურმილს დასწვდა და „კაგებეში“ დარეკა.
– გისმენთ! – მკაფიოდ გაისმა „კაგებე“ მორიგის ხმა, რომელიც, სხვა უწყებების მორიგეებისგან განსხვავებით, არასდროს იყო დუნე და ნამძინარევი – საბჭოთა უშიშროება „ყოველთვის ფხიზლად იყო“.
– მაიორი ზურაბ გიგაური ვარ.
– დიახ. გისმენთ, ამხანაგო მაიორო.
ზურაბმა ოპერატიულ განყოფილებასთან დაკავშირება ითხოვა და რომ შეაერთეს, მორიგეს ირინე გავაშელის ბინის მისამართი უთხრა და დააყოლა:
– ახლავე გაგზავნეთ იქ სათვალთვალო დაცვის ჯგუფი. ფრთხილად შეამოწმონ, დედა-შვილი სახლში თუა და რამე საფრთხე ხომ არ ემუქრებათ. იქ დარჩნენ ჩემს მისვლამდე.
– გასაგებია, ამხანაგო მაიორო. ახლავე გავგზავნი აღნიშნულ მისამართზე ჯგუფს, – მიუგო ზურაბს მორიგემ.
გიგაურმა კი დააყოლა:
– და, მეორე – სასწრაფოდ დაადგინეთ ვასილ სტარკოვის ყველა ადგილსამყოფელი თბილისში უპირველესად, და საერთოდ, საქართველოში. აქცენტი გააკეთეთ ჩამოსულებზე. რაც შეიძლება, სწრაფად მჭირდება ეს ინფორმაციები.
– კარგი, ამხანაგო მაიორო. ახლავე შევუდგებით მუშაობას, – მიუგო მორიგემ გიგაურს და ტელეფონი გათიშა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3