№27 როგორ აოცებს და ანიჭებს სიამოვნებას ეკო ამყოლაძეს გიორგი კაკუტია და რას გამოხატავს ეკო წივილ-კივილით
ჯგუფი „MIX2RA” „X ფაქტორში” გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა და მსმენელის სიყვარული დაიმსახურა. ნიჭიერი, კარგი და ენერგიული მუსიკოსებისგან შემდგარი MIX2RA ერთადერთი ჯგუფია, რომელიც „X ფაქტორის” ფინალში მოხვდა.
ეკო ამყოლაძე: 3 წლის წინ საკმაოდ დიდი პაუზა მქონდა აღებული, რასაც ძალიან განვიცდიდი. ერთ-ერთი თბილისური კლუბის მეპატრონე დამიკავშირდა, სადღაც მომისმინა და შემომთავაზა მუშაობა. თან, მკითხა, თუ მყავდა ბენდი. დავიწყე ბენდის აქტიურად ძებნა. აღმოჩნდა, რომ ჩემი დაქალი იცნობდა ამ ძალიან მაგარ ბიჭებს. გავიცანი და ასე, დავიწყეთ იმ კლუბიდან მუშაობა.
გიორგი კაკუტია: ძალიან კარგად მივიღეთ ეკო. დავიწყეთ მაშინვე რეპეტიციები, მზადება და ერთ თვეში უკვე ვმუშაობდით.
ეკო: სხვა ბენდებთანაც მიმუშავია, მაგრამ ამათთან, როგორც მუსიკალურად, ასევე პიროვნულადაც, ძალიან სასიამოვნოა მუშაობა. რა თქმა უნდა, ყველას ჩვენ-ჩვენი ხასიათი გვაქვს. შეიძლება, წავკინკლავდეთ, მაგრამ სცენაზე ასვლიდან ბოლო წამამადე, ეს იმდენად დიდი სიამოვნებაა, რომ ყველაფერი გავიწყდება.
– ერთი გოგონა გყავთ, ალბათ, ანებივრებთ?
ეკო: კარგია, მე მომწონს.
გიორგი: მეც მომეწონებოდა, 5 გოგოში რომ ერთი ბიჭი ვიყო.
ეკო: მე ვარ „სასწაული” კულინარი და ზღვაზე რომ მივდივართ, ესენი აკეთებენ საჭმელს, სახლსაც ალაგებენ.
გიორგი: ჩვენი დედოფალია.
ეკო: ბიჭებთან დასვენება იმ მხრივაც კომფორტულია, რომ კაბები არ არის მიყრილ-მოყრილი, ყველაფერი წესრიგშია. სუფთა და მოწესრიგებული ბიჭები არიან. ჩვენი დრამერი საოცარი კულინარია, ისეთ რაღაცეებს აკეთებს.
გიორგი: ეკოს ვასვენებთ ხოლმე. თან, ძირითადად, შემოქმედებითი კუთხით საუბრობს: იდეებს გვთავაზობს. ცხოვრებისეულ თემებზე არ ვეკონტაქტებით. ეს ხუმრობით, ეკოც ძალიან მშრომელია, ყველაფერში გვეხმარება. ზოგჯერ მსუბუქ ნივთებს ვაძლევთ ხოლმე. დიდ ნივთს რომ დაეჭიდება, არ გინდა, გოგო – ვეუბნებით-ხოლმე.
– შენ და გიორგი, როგორც ვოკალისტები როგორ შეეგუეთ?
ეკო: თავიდან ვფიქრობდი, როგორ უნდა შევეწყოთ ერთმანეთს-მეთქი, მაგრამ ისე შევეწყეთ, რომ გავხედავ, უკვე ვიცი, რას გააკეთებს
გიორგი: მთავარია, ერთი მიზანი და მზადყოფნა ამისთვის. ბევრი პრობლემაა, მაგრამ ყველას ერთი მიზანი გვაქვს. რა თქმა უნდა, გვიწევს დათმობებზე წასვლა იმისთვის, რომ წინ წავიდეთ. ჩვენს ჯგუფსაც იმიტომ ჰქვია „მიქსტურა,” რომ ყველა სხვადასხვანაირია.
– როგორია ეკო სცენის მიღმა?
– ეკო ცეცხლია, ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც სულ ანთია. სულ გიზგიზებს – ენერგია აქვს უსაზღვრო. ეს სცენისთვის ძალიან კარგია.
– როგორ გამოხატავ გაცეცხლებას?
ეკო: კივილ-წივილით. გიორგიმაც იცის გაცეცხლება, მაგრამ ძალიან კომფორტულია როგორც სცენაზე, ასევე სცენის მიღმა. გიორგი იმიტომ კი არა, რომ ჩემია, ისეთი ვოკალისტია, რომლის მოსმენა არასდროს მომბეზრდება. პირველივე ნოტიდან შეუძლია, გაგაოცოს და სიამოვნება მოგანიჭოს. ყოველთვის ხელს გიწყობს, სიმღერის დროსაც დაგითმობს და თავს სცენაზეც გოგოდ გაგრძნობინებს.
გიორგი: „ვერძი” კი ვარ, მაგრამ დათმობებზე წასვლა მიყვარს ცხოვრებაშიც და ისეც. კიდევ მოსმენა მიყვარს სხვისი – როცა შენ გვერდზე მდგომს უსმენ, ეს, ვფიქრობ, კარგი თვისებაა. მხოლოდ შენ არ უნდა გაგიჟდე, უნდა მოუსმინო შენი ბენდის წევრებს – ეს ჩვეულებრივი კულტურაა.
– თუ ეკოს ცოტა შეაწუხებენ, რა ხდება ამ დროს?
ეკო: გიორგიმ იცის ამ დროს როგორ მოიქცეს.
გიორგი: ზოგი იმდენად უაზროა, მეცინება ხოლმე. თან, ისეთ ფენაში კი არა, რომ გგონია, უაზრო უნდა იყოს, არა – პირიქით მაღალი დონე რომაა და გაგაკვირვებს მისი საქციელი. წარმოიდგინე, შენ მღერი და მოდის ვიღაც: ჩუმად, ტელეფონზე ვბაზრობო. ისეთი სახით შევხედე, რომ შეტრილადა.
– ერთმანეთს ემოციებს უზიარებთ?
ეკო: რა თქმა უნდა, ვუზიარებთ კარგ მომენტებს, გასაჭირსაც, საერთო მეგობრებს ვაცნობთ ერთმანეთს. პირადში ჩემთან ისეთი არაფერი ხდება, რომ მოსაყოლი იყოს.
– გიორგი, ეკოს ეკითხები გოგოებთან დაკავშირებით რჩევებს?
გიორგი: შეიძლება, პირადად ჩემზე არ ვესაუბრო, მაგრამ ისეთ თემას შევეხო, რომლის შესახებაც მისი აზრი მაინტერესებდეს. პირად ცხოვრებაშიც ისეთი სასწაულებს არ ვაკეთებთ, რომ საიდუმლო და დასამალი იყოს.
– რატომ გადაწყვიტეთ „X ფაქტორში” მონაწილეობა?
ეკო: სულ ვამბობდი, რომ აღარასდროს გამოვალ-მეთქი. ბიჭები რომ არ ყოფილიყვნენ, მარტო ვერ გამოვიდოდი. ბოლოს გადავწყვიტეთ, რადგან გვინდოდა ხალხს გავეცანით. უფრო მეტად გავზრდილიყავით და ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ტრამპლინი იქნება.
– სტეფანემ თქვა თქვენზე „მიჭედავენ” ხოლმე და მეც „ვუჭედავო”.
გიორგი: „გაჭედვა” არის ოღონდ არა პიროვნულად, არამედ მუსიკალურად, როცა საქმე სიმღერის არჩევას ეხება. სტეფანე ძალიან მშვიდი და წყნარია, თუმცა, როცა მუსიკაში რაღაც არ მოსწონს, მომთხოვნია. პატარა ადგილი თუ ნახა მოსაწყენი, ეგრევე გიჟდება: ეს ამოიღეთ და შეცვალეთო.
ეკო: მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო და მარტივია. ადამიანიც ხომ კარგია და თან, გგონია, რომ შენ ხელაა. ყველაფერი ესმის, ყველაფერს იგებს.
გიორგი: ყველაზე მეტად სხვებთან ურთიერთობა გამიჭირდებოდა, ჩვენს მუსიკასთანაც უფრო ახლოსაა. სტეფანესთან უფრო გამოვნახეთ საერთო ენა.
– თუ გაიმარჯვებთ და ბინას მოიგებთ, როგორ აპირებთ განაწილებას?
– აბაზანა ჩემია. ტუალეტი საერთო გვექნება. ეკოს – საძინებელი: ხომ უნდა დაიძინოს ჩვენმა დედოფალმა.
ეკო: მე დივანიც მეყოფა, ვანოს და ვატოს წამოვაწვენთ საძინებელში, თორნიკეს – სკამზე, სამზარეულო – მიხოს. მოკლედ, რაღაცას მოვახერხებთ.
– ძირითადად, რაზე კამათობთ?
– ძირითადად, სიმღერის არჩევისას. 6 კაცის გემოვნებაა: მე ეს მინდა, ეს არ მინდა, მე ამას არ დავუკრავ...
გიორგი: მერე შეიძლება, 5-წუთიანი სიჩუმე ჩამოვარდეს. ყველანი დავფიქრდეთ და ბოლოს კონსესუსამდე მივიდეთ.
ეკო: ასეთი ტიპის კონცერტზე გამოსვლა გარკვეული სტრესია, განსაკუთრებით, როცა მარტო გამოდიხარ. მაგრამ, როცა უკან ასეთი ზურგი გაქვს, სცენაზე დგომაც ბევრად მარტივია. პირველი ნოტი რომ გესმის, მაშინვე ენდორფინები გაწვება.
გიორგი: სცენა ძალიან მიყვარს. მის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. იქ უფრო მეტად გამოვხატავ ჩემს ხასიათს, ენერგიას და ყველაზე ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, როცა ფორმაში ვარ – რადგან, თუ ყელზე პრობლმები მაქვს, ეს ცალკე სტრესია. ეკოსაც ჰქონდა პრობლემები და ძალიან ნერვიულობდა. ვიცი, მისთვისაც რამხელა სტრესი იყო.
ეკო: ყველაზე ცუდი ის არის, რომ საკუთარი თავის იმედი გეკარგება და არ გინდა, სხვები დააღალატო.
– ბიჭები არ გეუბნებიან კომპლიმენტებს?
– კომპლიმენტები არ ენანებათ. ამათაც ვეკითხები რჩევას და თუ კატეგორიულად მეტყვიან: ეს არ გაიკეთოო, ვითვალისწინებ.
გიორგი: ეკო ჩაცმის მხრივ განსხვავებულია და ეს მომწონს. თავისუფლად აცვია. ზოგი ხელოვანი არ არის, მაგრამ ისე აცვია, მიხვდები, თავისუფალი ადამიანია. ეტყობა ეს სიარულზე, ჩაცმულობაზე და ეს ჩემთვის ძალიან კარგია.