№27 კითხვა-პასუხი
კითხვა: მაქვს დისკომფორტი იმის გამო, რომ სახეზე ძალიან ბევრი შავი წერტილი მაქვს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიშორო? მართალია, რომ ნალექიანი ყავის დიდი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს ამ წერტილების გამრავლებას?
პასუხი: თავდაპირველად გეტყვით, რომ საუკეთესო იქნება კოსმეტოლოგთან ვიზიტი და კანის გაწმენდა. ცხიმიანი კანის ფორებში (ასეთ კანს უფრო ფართე ფორები აქვს, ვიდრე მშრალ კანს) მოხვედრილი მტვერი ერევა კანის ცხიმს და წარმოიქმნება „შავი წერტილები” – კომედონები. თუ ცხიმიან სახეზე კომედონები (შავი წერტილები) და ფერიმჭამელებია, რეკომენდებულია მარილიანი პროცედურები: დაასველეთ ბამბის ტამპონი საპნის ქაფში, მოაყარეთ გაცრილ მარილს და წრიული მოძრაობით გაიწმინდეთ სახე 1-2 წუთის განმავლობაში. მარილის კრისტალები შლის ცხიმის ჯირკვლის საცობს და ხელს უწყობენ ცხიმის ადვილად გამოსვლას ჯირკვლებიდან. ამ პროცედურის შემდეგ სახე გაიწმინდეთ ლოსიონით და დაიბანეთ წყლით. ეს პროცედურა დასაშვებია კვირაში 2-ჯერ. შავ წერტილებს ასევე აშორებს კანის ბურღულით ჩამობანა. შვრიის ბურღული დაფქვით ყავის საფქვავში. 1 ჭიქა შვრიას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, კარგად აურიეთ და შეინახეთ მინის ქილაში. ჩამოსაბანად დაგჭირდებათ ამ ნარევის 1 სუფრის კოვზი, რომელსაც უმატებთ თბილ წყალს ისე, რომ მიიღოთ მოსქელო ფაფა და წაისვით სახესა და კისერზე. როცა ეს მასა სახეზე შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რაც შეეხება ყავას, ის არ უწყობს ხელს კანზე შავი წერტილების გაჩენას.
კითხვა: პრობლემა მაქვს საჭმლის გადამუშავების მხრივ. ეს ჩემი სახის ფერსაც დაეტყო. ნაწლავების დაავადებების გამო, მირჩიეს, პური არ მივირთვა. არადა, ძალიან მიყვარს და მის გარეშე, ვერ ვნაყრდები. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: სცადეთ და, ყოველდღიურად თეთრი პურის ან ფუნთუშის მაგივრად, მსხვილად დაღერღილი ან სრულმარცვლოვანი ხორბლისგან გამომცხვარი პური მიირთვით. გარდა იმისა, რომ განსხვავებული, პიკანტური გემო აქვს, ამ პროდუქტებში ბევრი ცელულოზაა, რის გამოც „ნაწლავების ცოცხსაც“ კი უწოდებენ. ორგანიზმი გაიწმინდება შლაკებისგან და კანიც უკეთეს შეფერილობას მიიღებს.
კითხვა: რამდენად აუცილებელია, რომ ორმოც წელს გადაცილებულმა ადამიანმა თევზი და კონკრეტულად, ორაგული მიირთვას?
პასუხი: უმჯობესია, თუ კვირაში ორჯერ მიიღებთ, საერთო ჯამში, მინიმუმ 120 გრამ თევზეულს მაინც. ომეგა 3-ის ტიპის ცხიმების დიდი შემცველობის გამო, საუკეთესოა ორაგული ასაკოვნებისთვის და ოროც წელს გადაცილებულებისთვის. მასში შემავალი ცხიმები და სხვა ნივთიერებები გულის დაავადებების პრევენციას უზრუნველყოფს.