№27 გაყალბებული ღირსება
ენტონი ლამერაინი
ჰერცოგინია კარინგფორდი ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ქმრის სიკვდილის შემდეგ, მის რეპუტაციას, ღირსებას სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა. ჰერცოგი საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველიც იყო და უამრავ საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა. ის და ჰერცოგინია ოცდათხუთმეტი წელი იყვნენ ქორწინებაში. ერთბაშად კი, ჰერცოგინიას თავზე მეხმა დაიქუხა. მისი ერთადერთი ქალიშვილის ნიშნობის წინა დღეს, კონვერტი მიიღო, რომელშიც ორი, 1848 წლით დათარიღებული დოკუმენტი იდო. ჰერცოგინიას ქალიშვილი – მერი გლედსდეინი და სერ ჯეიმს ფორტესკი – მინისტრთა საბჭოს წევრი დაქორწინებას გაზაფხულზე აპირებდნენ. ახალგაზრდა კაცს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. ჰერცოგინიამ წარმოიდგინა, რა მოჰყვებოდა ამ დოკუმენტების შინაარსის გამჟღავნებას და უმძიმესმა სტრესმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. დოკუმენტებით ფარდა ეხდებოდა საშინელ საიდუმლოს, რომ 1848 წელს, ჰერცოგმა კარინგფორდმა, რომელსაც იმ პერიოდისთვის არც ცოლი ჰყავდა და არც ჰერცოგის ტიტული ჰქონდა და ატარებდა სერ ჰენრი ჰორვინ გლედსდეინის გვარს, იქორწინა ვინმე ფრანსუაზ პელეტანზე. ქორწინება საფრანგეთის პატარა ქალაქ ბარლანსეში შედგა. ცხრა წლის შემდეგ სერ ჰენრიმ გარდაცვლილი ბიძისგან მემკვიდრეობით მიიღო ჰერცოგის ტიტული, ასევე გვარი – კარინგფორდი და კიდევ ერთი წლის შემდეგ ცოლიც შეირთო. ჰერცოგინია, დოკუმენტების მიხედვით, უკანონო ურთიერთობაში იმყოფებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში. მისი ქალიშვილიც უკანონო იყო და ვერც მემკვიდრეობაზე ექნებოდა პრეტენზია. ჰერცოგინია მიხვდა, რომ მარტო ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტდა. მომავალი სიძე, ჯეიმსი დაიბარა და დოკუმენტები წინ დაუდო.
– თქვენ ან უარს იტყვით, იქორწინოთ ჩემს ქალიშვილზე, ან ყველაფერს გააკეთებთ, ამ უმძიმესი მდგომარეობიდან რომ გამომიყვანოთ.
– ჰმ, ეს დოკუმენტები, ალბათ, ასლებია, არა?!
– სავარაუდოდ, ასეა.
– თქვენ ვინ გამოგიგზავნათ?
– ვინმე ლედი ედიტ ფონ ბოისმა, ოქსფორდ-სტრაქტიდან და ვრცელი წერილიც დაურთო.
ჰერცოგინიამ ახალგაზრდა კაცის სახეზე ისეთი რაღაც ამოიკითხა, რამაც ძალიან შეაშფოთა.
– თქვენ იცით, ვინ არის ედიტ ფონ ბოისი?
– ძალიან კარგად. საშიში ქალია და, ძალიან ლამაზი. ყველა სამეფო კართან თუ დიდგვაროვან ოჯახთან დაახლოებულია. არსად, არცერთი წვეულება არ იმართება მის გარეშე. დაახლოებულია მინისტრებთან, სახელმწიფო მოხელეებთან, მათ ცოლებთან...
– ჯაშუშია? – ჰერცოგინიამ მკერდზე მიიდო ხელი.
– არა, გაცილებით „დიდი ფრინველია“. რას ითხოვს, ფულს?
– ასე რომ იყოს... ჰერცოგის სეიფიდან მთელ დოკუმენტაციას მთხოვს, დუმილის სანაცვლოდ. ანუ, უნდა, რომ სამშობლოს ვუღალატო. ფული შევთავაზე, უარზეა.
– დარწმუნებული ვარ, ედიტმა იცის, რასაც ითხოვს. რას აპირებთ?
– არ დავთანხმდები, ღმერთო, ამ სირცხვილს ვერც მე და ვერც ჩემი ქალიშვილი ვერ გადავიტანთ.
– მომისმინეთ, როგორმე ორიგინალი დოკუმენტები უნდა ჩავიგდოთ ხელში. ჰერცოგინია, რაღაც უნდა გთხოვოთ, გააკეთებთ?
– თუ ეს რამეს უკეთესობისკენ შეცვლის... მაგრამ სრულიად გულგატეხილი ვარ. მე მზად ვარ, მსხვერპლი ვიყო, მაგრამ ჩემი ქალიშვილი, თქვენი საცოლე? მას ხომ არაფერი დაუშავებია?!
– ნუ ღელავთ, ჰერცოგინია. ყველაფერს გავაკეთებ. შეიძლება, ამან ჩემი რეპუტაციაც დააზიანოს, მაგრამ მაინც გავრისკავ. მისწერეთ მაგ ქალბატონს წერილი და მიახვედრეთ, რომ თანახმა ხართ. ოღონდ, მიანიშნეთ, რომ თქვენი პირობებით, სეიფიდან დოკუმენტებს გადასცემთ მაშინ, როცა ის დოკუმენტების ორიგინალებს წარმოგიდგენთ.
– რად გვინდა ორიგინალები? მე ისინი უნდა წავართვა?
– არა, რა თქმა უნდა. ოთახში მეც ვიქნები დამალული და თუ ჩემი ჩანაფიქრი განხორციელდება, მგონი, ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოვალთ. მისწერეთ წერილი და ხვალ, ღამის თერთმეტი საათისთვის სთხოვეთ მოსვლა.
მეორე დღეს ჰერცოგინიამ ქალიშვილი, საქორწინო მაქმანების საყიდლად, ქალაქში გაისტუმრა, თავად კი მამულში საქმეები მოიმიზეზა. საცოლეს ხელიდან დაუძვრა ჯეიმსიც. ჰერცოგინიასთან ათ საათზე მივიდა და ლოდინი დაიწყო.
დახურული ეტლი ზუსტად თერთმეტ საათზე შემოგრიალდა. ჰერცოგინია სტუმარს ბიბლიოთეკაში ელოდებოდა. მაღალი, ძალიან ელეგანტური ქალბატონი შემოვიდა. თავი ამაყად ეჭირა. ისეთი მზერა ჰქონდა, ჰერცოგინიამ უხერხულობაც კი იგრძნო.
– აბა, ჰერცოგინია, მიხარია, კეთილგონიერება რომ გამოიჩინეთ.
– ჯერ დოკუმენტები უნდა ვნახო.
– გაფრთხილებთ, ჰერცოგინია, გარეთ ჩემი მსახურები მელოდებიან, სისულელე არ ჩაიდინოთ. პატარა, ვერცხლის ზარი აწკრიალდება თუ არა, მაშინვე აქ გაჩნდებიან.
– დოკუმენტები მაჩვენე – ფარდის მიღმა დამალული ჯეიმსი ოთახის შუაგულში გამოვიდა და სტუმარს პირქუშად გაუწოდა ხელი.
– ოჰო, მისტერ ჯეიმსიც აქ ყოფილა. მინისტრთა საბჭოს წევრმაც შეიწუხა თავი? თქვენს რეპუტაციას რომ საფრთხეს უქმნით, აცნობიერებთ?
– ედიტ ფონ ბოის, თქვენ შესახებ ყველაფერი ვიცი. არც კი გაბედოთ თქვენი ზარი დარეკოთ. გვიჩვენეთ დოკუმენტები. ნუ გეშინიათ, მხოლოდ მათი ორიგინალების გადამოწმება გვინდა.
– არ გჯერათ, რომ გარდაცვლილი ჰერცოგი ორცოლიანი იყო? – მხრები აიჩეჩა ედიტ ფონ ბოისმა, – ან რა საჭიროა ზედმეტი წვალება? სკანდალი გარდაუვალია, თუკი ეს დოკუმენტები დღის სინათლეს იხილავს.
– მეც მაქვს რაღაც საიდუმლო, რომელიც თუ გამზეურდა, არც თქვენს რეპუტაციას დაადგება კარგი დღე. მაგალითად, თქვენი კომპანიონისა და შორეული ნათესავის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავი. მაჩვენებთ დოკუმენტებს?
სტუმარი გაფითრდა და დოკუმენტები გაუწოდა. ჯეიმსმა მაგიდასთან მიიტანა და ლამპის შუქზე დააშტერდა. ჰერცოგინია დაძაბული და დამფრთხალი ადევნებდა თვალს. ჯეიმსი ჯერ მოიღუშა, მერე კი თვალები გაუბრწყინდა.
– ეს დოკუმენტები ყალბია. ახლა უკვე ზუსტად ვიცი.
– თქვენ ცდებით. დოკუმენტები ნამდვილია.
– შეუძლებელია, დოკუმენტები ნამდვილი იყოს. დააკვირდით, განსვენებული ჰერცოგის ხელმოწერას, მხოლოდ ის არის ლურჯი „ინდიგო“ მელნით შესრულებული. დანარჩენი ნაწერი კი შავი მელნითაა.
– მერე რა, შეიძლება, ჰერცოგს თავისი მელანი და კალამი ჰქონოდა, – მხრები აიჩეჩა ფონ ბოისმა, – ამით ვერაფერს დაამტკიცებთ.
– ამით იმას დავამტკიცებ, რომ თქვენ შანტაჟისტი ხართ. როგორ მოაწერდა ჰერცოგი დოკუმენტებზე ხელს ლურჯი მელნით 1848 წელს, როცა ამ ფერის მელანი ქიმიკოსებმა მხოლოდ 1853 წელს აღმოაჩინეს?!