კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 რატომ დაასჯევინა სტალინმა ბერიას პოეტ მანდელშტამის საქმის გამომძიებელი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


  მიუხედავად იმისა, რომ სტალინს  ათას სიბინძურეს აბრალებენ და მავანთ ის ბოროტ, სისხლისმსმელ შურისმაძიებლად გამოჰყავთ, ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ისტორიკოსი ვალენტინ მენშოვი წერს: „ახლაც კი ფართოდაა გავრცელებული ვერსია, რომ თითქოს პოეტი ოსიპ მანდელშტამი სტალინის პირადი პატიმარი იყო. ის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დააპატიმრებინა ნიკოლაი ეჟოვს, რომ პოეტმა სტალინი ერთ-ერთ ლექსში დამამცირებლად მოიხსენია და მას „სულმოკლე იოსები“ უწოდა. ამ ვერსიის მეც კარგა ხანს მჯეროდა, სანამ ძველ პარტიულ არქივში სტალინის პირადი მდივნის, ალექსანდრე პოსკრებიშევის მოხსენებით ბარათს არ მივაგენი, რომელსაც სტალინის რეზოლუცია ადევს. ამ ბარათზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი პრეისტორიას მოვყვები. გავრცელებული ვერსიით, ოსიპ მანდელშტამი დააპატიმრეს ანტისტალინური ეპიგრამისთვის: „ჩვენ ვცხოვრობთ და ქვეყანას ვერ ვგრძნობთ“. „ენკავედეს“ შპიკებმა ამის შესახებ თავიანთ შეფს ჰენრიხ იაგოდას აცნობეს. მან კი პოეტის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და გასამართლება ბრძანა. შედეგად, პოეტი გადაასახლეს სამი წლით. თუმცა, როგორც ირკვევა, სტალინისთვის ამის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და ბელადმა მხოლოდ 1937 წელს შეიტყო ეს ამბავი. იაგოდა შერისხა და პოეტი გაათავისუფლებინა, თან „ენკავედეს“ შეფს უთხრა:
– ამხანაგო იაგოდა, პოეზია ისეთი რამაა, სიტყვის მნიშვნელობას ყველა თავისებურად იგებს. ვინც ქვეყანას ვერ გრძნობს, ჩვენი ვალია, გმირული საქმეებით ვაგრძნობინოთ მას ეს და არა ციხეში ჩავსვათ.
როგორც მემუარებში სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა აღნიშნავს, ბელადი დაინტერესებული ყოფილა პოეტის შემოქმედებით და მართალია, ყველაფერი არ მოსწონდა, მაგრამ ნიჭიერ პოეტს უწოდებდა. სულ მალე იაგოდა ეჟოვმა შეცვალა. შეიცვალა „ენკავედეს“ შემადგენლობაც. „ჯალათმა კარლიკმა“ ეჟოვმა კი ახალი კამპანია – „ჩრდილებთან ბრძოლა“ დაიწყო და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების წარსული „ცოდვების“ ქექვას მიჰყო ხელი. სწორედ ეჟოვმა ამოუქექა მანდელშტამს ლექსი „კრემლის მთიელი“, რომელიც სტალინმაც კარგად იცოდა და როგორც სვეტლანა ალილუევა (სტალინის ქალიშვილი) წერს – ხალისობდა კიდეც... ეჟოვმა იაგოდას საქციელი გაიმეორა. მანდელშტამი განმეორებით დააპატიმრებინა, თუმცა სტალინისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს და ბელადს პოეტის დაპატიმრების ამბავი მაშინ შეუტყვია, როდესაც ფსიქიკურად შერყეული პოეტი საეტაპო ბანაკში, ციმბირში, მძიმედ იყო ავად. იმ პერიოდში ეჟოვი უკვე აღარ იყო „ენკავედეს“ შეფი და მის ადგილზე ბერია იჯდა. სტალინს მანდელშტამის მძიმე მდგომარეობის შესახებ ცნობილმა საბჭოთა ნოველისტმა ვალენტინ კატაევმა შეატყობინა, რომელსაც მწერალთა კავშირში შეხვდა. შემდგომში კატაევი იხსენებდა: „სტალინს რომ მანდელშტამის მძიმე მდგომარეობის შესახებ ვუთხარი, იოსებ ბესარიონოვიჩი აღშფოთდა და იქვე მდგომ თავის პირად მდივანს, ალექსანდრე პოსკრებიშევს უთხრა:
– სასწრაფოდ გაარკვიე პოეტ მანდელშტამის მდგომარეობა და რეაგირებისთვის მომახსენეო, – შემდეგ კი მე მომიბრუნდა:
– ამხანაგო კატაევ, ესე იგი, თქვენ პოეტ მანდელშტამს უდანაშაულოდ მიიჩნევთ.
– დიახ! – მტკიცედ მივუგე სტალინს.
– კიდევ ვის შეუძლია, რომ მას თავდებში ჩაუდგეს? – მკითხა სტალინმა.
– ბორის პასტერნაკს, – დაუფიქრებლად ვუთხარი სტალინს, რადგან ვიცოდი, რომ ბორის ლეონიდოვიჩი ოსიპ მანდელშტამის უახლოესი მეგობარი იყო და სიტყვას შეაწევდა ბელადთან...“
პოსკრებიშევმა მეორე დღესვე მიუტანა სტალინს მოხსენებითი ბარათი მანდელშტამის შესახებ, სადაც კატაევის მიერ მოყვანილი ფაქტები დასტურდებოდა. სტალინმა იქვე მიაწერა: „სასწრაფოდ გაათავისუფლეთ, ხოლო მისი ცრუ დასჯის ინიციატორის ვინაობა გაარკვიეთ და დასაჯეთ“.
შემდგომში, თავად პოსკრებიშევი იხსენებდა თავის მემუარებში: „მანდელშტამის გათავისუფლების რეზოლუცია რომ დაადო ჩემს მოხსენებას, დაცდა მთხოვა სტალინმა. ბორის პასტერნაკს დაურეკა და მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
– გამარჯობა, ბორის ლეონიდოვიჩ. სტალინი ვარ, – უთხრა ბელადმა.
– გაგიმარჯოს, – სავარაუდოდ სალმითვე უპასუხა პასტერნაკმა.
– გავიგე, რომ თქვენი მეგობრის, პოეტ ოსიპ მანდელშტამის გათავისუფლებაზე ხლაფორთობდით და ეს ვალენტინ კატაევისგან შევიტყვე, – თქვა სტალინმა და პაუზა გააკეთა, რომ ეთქვა, უკვე მის გათავისუფლებაზე ხელი მოვაწერეო.
როგორც ეტყობა, პასტერნაკმა სტალინის პაუზა პასუხის მოლოდინად მიიღო და როგორც შემდგომ თავად სტალინმა მითხრა, უპასუხა:
– ამხანაგო სტალინ, მანდელშტამი ჩემი მეგობარი არააო.
იქვე ვიდექი და ნათლად დავინახე, როგორ წამოეჭარხლა სტალინს სახე და პასტერნაკს მრისხანედ უთხრა:
– ამ-ხა-ნა-გო პასტერნაკ! ჩვენ, ძველი ბოლშევიკები არასდროს ვამბობთ უარს მეგობრებზე. თქვენ, შეიძლება, კარგი მწერალი ხართ, მაგრამ ძალიან ცუდი ადამიანი.
განრისხებულმა სტალინმა ყურმილი აპარატზე დადო და მითხრა:
– გაიგე, რა თქვა? – მანდელშტამი ჩემი მეგობარი არააო.“
მანდელშტამს სტალინის ბრძანებამ გათავისუფლების შესახებ ვერ მიუსწრო, ის წინა დღით გარდაიცვალა. ბელადმა კი მანდელშტამის ჯალათი, ნიკოლაი შივაროვი ბერიას დააპატიმრებინა, რომელმაც 1940 წელს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა საპყრობილეში.
რაც შეეხება პასტერნაკს, 1938 წლის დეკემბრიდან, ანუ იმ დღიდან, რაც მას სტალინმა „ძალიან ცუდი ადამიანი“ უწოდა, ნერვიული სტრესი დაეწყო. როგორც მწერლის მეორე მეუღლე, ზინაიდა ნიკოლოზის ასული ნეიგაუზ-პასტერნაკი წერდა – ლეონიდს (პასტერნაკს) ყოველ პატარა გაფაჩუნებაზეც კი, გული უსკდებოდა და ამბობდა, – ჩემს წასაყვანად ჩეკისტები მოვიდნენო. პასტერნაკი ყოველდღე დაპატიმრებას ელოდებოდა, თუმცა ის არამც თუ დააპატიმრეს, არც კი დაუკავებიათ. მისი ნაწარმოებები კი დიდი ტირაჟით იბეჭდებოდა. არა და, რას ნიშნავდა 1938 წელს, და არა მარტო მაშინ, სტალინის მიერ ნათქვამი ფრაზა – ძალიან ცუდი ადამიანი ხართო, პასტერნაკმა კარგად იცოდა...
საგულისხმო, მრავლისმეტყველი ფაქტია ის, რომ სტალინმა იცოდა რა არაერთი ხელოვნების მუშაკის ანტისტალინური, ანტისაბჭოური განწყობის შესახებ, მათ არათუ იჭერდა, მუშაობის საშუალებას აძლევდა. მართალია, ქვეყნის უმთავრესი ცენზორი თავად გახლდათ და სწორედ სტალინი წყვეტდა, რომელი ნაწარმოები გამოსულიყო და რომელი არა, მაგრამ ჰიტლერივით, მათ არ ანადგურებდა – თაროზე დებდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ სტალინის პირად ბიბლიოთეკაში, ბელადის სიკვდილის მერე აღმოაჩინეს ერთ ეგზემპლარად, მხოლოდ სტალინისთვის დაბეჭდილი 2 ათასზე მეტი წიგნი. როგორც სვეტლანა ალილუევა წერს – მამამისის (სტალინის) საყვარელი ფრაზა იყო: „ხელნაწერები არ იწვის“ (ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“). სწორედ სტალინის უშუალო დამსახურებაა, რომ მომავალმა თაობებმა მართალია, მოგვიანებით, მაგრამ მაინც გაიცნეს მრავალი საბჭოთა მწერლის შედევრები.“
скачать dle 11.3