№27 რა ორიგინალური ხერხით მოიტაცა პირადად ლავრენტი ბერიამ იუგოსლავიის ლიდერი იოსიპ ბროზ ტიტო
ხალასი ნიჭისა და ფართო განათლების წყალობით, რასაც პირადი სიმამაცეც ერთვოდა, ლავრენტი ბერია არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ, თამამად შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ნომერ პირველი შემსრულებელი იყო. პრაქტიკულად არ არსებობდა სტალინის ბრძანება თუ დავალება, რომლის შესრულებაც მას არ ხელეწიფებოდა. პროფესორი პავლე კალინინი წერს: „ლავრენტი ბერია, ჯერ კიდევ სიყმაწვილეში იჩენდა ვირტუოზულ „საშემსრულებლო ოსტატობას“ და „გაჩალიჩების“ საოცარი უნარი ჰქონდა. პატარა ლავრენტი ისეთ კომბინაციებს უხლართავდა არასასურველ ადამიანებს, რომ თავბედს აწყევლინებდა და კუდით ქვას ასროლინებდა ხოლმე. სტალინმა, რომელსაც ადამიანების ამოცნობისა და კადრების შერჩევის უნიკალური უნარი ჰქონდა, ყველაზე უკეთ შეაფასა თავისი თანამემამულის ეს „ძვირფასი ნიჭი.“ შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ მას ავალებდა ყველაზე რთულად შესასრულებელ, ზოგჯერ კი განუხორციელებელ, საქმეებს, რომლებსაც ბერია მაინც ასრულებდა.
1949 წელს საბჭოთა კავშირსა და იუგოსლავიას შორის ურთიერთობები იმდენად გამწვავდა, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობამ გაწყვიტა ურთიერთდახმარების ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, იუგოსლავიის ხელმძღვანელი – იოსიპ ბროზ ტიტო მაინც ვერ მოათვინიერეს. „კოხტაპრუწა ტიტო“ (სტალინის მიერ შერქმეული ეპითეტი) ბელადს ეურჩებოდა. მის მოწვევას მოსკოვში უგულებელყოფდა და რანგით დაბალ მოხელეებს გზავნიდა „უფროს ძმასთან“. იმავდროულად, სეპარატულ ურთიერთობებს ამყარებდა მაშინ უკვე (1949 წელს) საბჭოეთის მტერ ყოფილ მოკავშირეებთან. ბუნებრივია, საბჭოთა ლიდერს ეს ურჩობა არ ეპიტნავებოდა და გადაწყვიტა, „კოხტაპრუწასთვის“ ჭკუა ესწავლებინა. გენერალი სერგო გოგლიძე ბერიას ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესის ერთ-ერთ სხდომაზე სამხედრო ტრიბუნალს ასეთ ჩვენებას აძლევდა: „1949 წლის 19 აგვისტოს ბერიამ თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა:
– ხვალ, დილის 9 საათისთვის თვითმფრინავი გაამზადონ. ბელგრადში მივფრინავთ და შენც მოდიხარ. საიდუმლო ოპერაციას ვატარებთ. ტიტო უნდა მოვიტაცოთ.
ბერიას ხუმრობა უყვარდა, მაგრამ ასეთ რამეებზე არასდროს ხუმრობდა. ეს იმდენად არალეალური იყო, რომ ვერ მივხვდი, ბერიას სიტყვების არსს. ტიტო ერთხელ უკვე ჰყავდა მოტაცებული ჩვენს სპეციალურ ოპერატიულ ჯგუფს, როცა ის ტრუსებით ჩამოიყვანეს მოსკოვში. მას მერე ტიტოს გაძლიერებულად იცავდნენ და მოტაცება თითქმის გამორიცხული იყო, მით უმეტეს, რომ ბერიაც მოფრინავდა და მას ვუთხარი:
– ლავრენტი პავლოვიჩ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ხუმრობთ?
– რა მეხუმრება, – ჩაეცინა ბერიას და დააყოლა, – პატრონის ბრძანებაა და უნდა შევასრულოთო...“
„პატრონს“ ბერია და მისი კოლეგები სტალინს უწოდებდნენ. სწორედ სტალინმა დაავალა ბერიას ტიტოს მეორედ მოტაცება და ყოვლისშემძლე „ჩეკას“ შეფმა ბელადის ეს დავალება ერთობ მარტივად და ორიგინალურად შეასრულა. სერგო გოგლიძე ყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ ბერია დეტალურად გეგმავდა თითოეულ სპეცოპერაციას და მისმა ყველა მონაწილემ წამების სიზუსტით იცოდა, რა და როგორ უნდა ეკეთებინა, ამჯერად არავინ არაფრის საქმის კურსში არ ვიყავით. ჩვენთან ერთად „ენკავედეს“ სპეციალური ოპერატიული ჯგუფი იმყოფებოდა, რომელიც პირადად ბერიას ემორჩილებოდა და იქ ისეთი ხალხი იყო თავმოყრილი, აბსოლუტურად ნებისმიერ ბრძანებას რომ შეასრულებდნენ. ბელგრადში რომ ჩავფრინდით, აეროპორტში პირადად ტიტო დაგვხვდა. ბერიამ ულამაზესი სტიუარდესა, ნატალია ბიჩკოვა იხმო და უთხრა:
– ტიტო ამოიყვანე. უთხარი, სტალინი პირადად ეწვია მას და როგორც სლავური წესია, პატივსაცემ სტუმარს ეახლოს და წინ გაუძღვეს.
ამ ფრაზის შემდეგ ჩემთვის უკვე ყველაფერი ნათელი გახდა. ბიჩკოვამ ორიოდე წუთში ამოიყვანა თვითმფრინავში „სტალინთან“ ტიტო და როგორც კი ფეხი შემოდგა მან სალონში, საჰაერო ხომალდის მძიმე კარი მიიხურა. სპეცოპერმუშაკებმა ხელი ჰკრეს იუგოსლავიის ლიდერს და სიღრმეში შეაგდეს. თვითმფრინავი ადგილიდან დაიძრა და დაუბრკოლებლად აფრინდა ცაში, შემდეგ კი მოსკოვისკენ აიღო გეზი“.
იოსიპ ბროზ ტიტოს მოტაცება, მახვილგონიერების, ვერაგობისა და ძალის დემონსტრირების აშკარა მაგალითი იყო. როგორც ამ აქციის მონაწილეები მრავალი წლის მერე ერთხმად აღნიშნავდნენ, „კოხტაპრუწა“ ტიტოს მკვდრის ფერი დაედო. აშკარად ფიქრობდა, რომ მისი აღსასრულის ჟამი დადგა და მოსკოვში ჩამოსახრჩობად მიჰყავდათ. მხოლოდ ლავრენტი ბერია იყო საოცრად მშვიდი. სახეზე ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა და ბადეში გაბმულ ტიტოს უხმოდ ათვალიერებდა.
გენერალი სერგო გოგლიძე ყვებოდა: „ლავრენტი პავლოვიჩი მაგიდასთან იჯდა და საუცხოო სუფრა ჰქონდა გაშლილი. წინ კი სტალინის საყვარელი „ხვანჭკარა“ ედგა და აცახცახებულ ტიტოს ეშმაკურად უღიმოდა. ტიტო ადგილიდან არ იძროდა, მხოლოდ ცახცახებდა. ბერიამ „ხვანჭკარა“ თავისთვის დაისხა და რუსულად უზადოდ მოსაუბრე ტიტოს უთხრა:
– კავკასიაში ძველებური ტრადიციაა. მონადირეები წარმატებული ნადირობის შემდეგ ღვინით ზეიმობენ. რაც უფრო მსხვილია ნანადირევი, მით უფრო დიდია მათი სიხარული. ვფიქრობ, ურიგო ნადავლი ნამდვილად არ მოგვიპოვებია, პატრონს გავახარებთ. საქმის წარმატებით დასრულებას გაუმარჯოს! ყველა ჩვენი წარმატების სულისჩამდგმელი კი დიდი სტალინია და ამ დიადი ადამიანის დღეგრძელობა იყოს!
ბერიამ წითელი ღვინით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოსცალა. შემდეგ ერთ-ერთ თანაშემწეს მეორე ჭიქა შეავსებინა, რომელიც ტიტოს შეაჩეჩეს ხელში და იუგოსლავიის ლიდერს უთხრა:
– ამხანაგო ტიტო, თქვენ რატომ არ სვამთ სტალინის სადღეგრძელოს? რა, არ მეთანხმებით რამეში?
ტიტომ ჭიქა ასწია და წარმოთქვა:
– დიად სტალინს გაუმარჯოს! – შემდეგ ღვინო ბოლომდე გამოცალა და მაგიდაზე დადგა.
მიუხედავად საკმაოდ დიდი რანგისა, არც ბერიას შეუთავაზებია ტიტოსთვის დაჯდომა და არც ტიტოს უცდია ეს. მან მოსკოვამდე ფეხზე მდგომმა იფრინა და ისეთი მონუსხული იყო, როგორც მრისხანე ვეფხვის წინ მდგომი ბაჭია...“
ტიტოს მეორედ მოტაცებამ ბერიას რეიტინგი სტალინის თვალში გაააორმაგა და თავის თანამემამულეს თურმე ღიმილი აჩუქა, ხელი მაგრად ჩამოართვა და ვოროშილოვისა და მოლოტოვის თანდასწრებით, „ნამდვილი კავკასიელი აბრეკი“ უწოდა. ტიტო კი მას მერე, რაც სტალინმა თავისებურად შეახურა, რიგითი მგზავრივით, მატარებლით გაამგზავრეს მოსკოვიდან სამშობლოში.“