№27 რა წინასწარმეტყველება ჩაწერა თავის გარდაცვალებაზე ლადო ასათიანმა უბის წიგნაკში
„ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, –
ატმის ხესავით აფეთქებული და
მოქნეული გავაზივითა,
ხომ ლამაზია ეს საქართველო,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, –
ფართოდ გაშლილი და მოხატული
თამარ დედოფლის დარბაზივითა...“
„ყველა ხევსური და ყველა სვანი,
ქართველი ქალი თვალებმაყვალა,
ჩემი თბილისი და ფიროსმანი,
არ ვიცი ასე რამ შემაყვარა!..“
„...რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე...“
„...ლადოს სულიერ დახვეწაში ოჯახმა ფრიად დიდი როლი შეასრულა. პოეტის მშობლები პედაგოგები იყვნენ და, ბუნებრივია, საკუთარი შვილის აღზრდაზეც იზრუნებდნენ. სამწუხაროდ, იმ ავბედით 1937 წელს, გაუთავებელი თავნებობის პერიოდში, ლადოს დედა დააპატიმრეს და გადაასახლეს კიდეც. ქალბატონი ლიდა ოჯახს აღარც დაბრუნებია... მომავალი პოეტი კი „ხალხის მტრის შვილად” გამოაცხადეს და ინსტიტუტიდანაც გარიცხეს. (წყარო: lechxumi.ucoz.com) დედის დაკარგვამ ლადო ასათიანის სულიერ სამყაროს წარუშლელი კვალი დააჩნია. ჭაბუკს სევდა მოეძალა და უკიდეგანო ქვეყანაზე ადგილს ვერსად პოულობდა. ის დღენიადაგ რეპრესირებულ დედაზე ფიქრობდა. დედაზე სევდამ მის პოეზიაშიც დაიდო ბინა: ...ისევ ისე ვარ, მწუხარებით განახელები, და მეძახიან შორეული ჩრდილოეთიდან სანუგეშებლად გამოწვდილი დედის ხელები“... ბოლოს და ბოლოს, გაუგეს და მეოთხე კურსზე აღადგინეს, ამჯერად ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომლის სალექციო კურსი 1938 წელს დაასრულა და ქუთაისსაც დაემშვიდობა ისე, რომ სახელმწიფო გამოცდები არც კი ჩაუბარებია. სასწავლებლად ჩასულმა ლადომ ქუთაისში დიდხანს „იწრიალა”. ბოლოს ღუზა რკინიგზის სადგურთან, ძერჟინსკის ქუჩაზე, ჩაუშვა. იმხანად, ლადოს ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ეს მის დაქირავებულ ბინასაც ეტყობოდა. მეგობრები ხუმრობით „ასანთის კოლოფს” ეძახდნენ. ვიწრო, ღარიბულ ოთახში რკინის უბრალო საწოლი იდგა. პატარა მაგიდაზე მოსწავლის „ძაბრიანი” სამელნე იდგა. ეწყო წიგნები, ჟურნალ-გაზეთები. კედლიდან კი ვაჟა-ფშაველასა და ბაირონის სურათები უღიმოდა...
პირველი ლექსის დაბეჭდვის სიხარული მოსვენებას არ აძლევდა პოეტს...
ის იყო მაღალი, გამხდარი. ჰქონდა ფართო, ცისფერი თვალები, ამაყი გამოხედვა. ძალზე დიდი ფეხები. ძნელად თუ იშოვიდა ფეხსაცმელს – 46 ზომას ატარებდა. დიდი ფეხები სირბილშიაც უშლიდა ხელს, ხშირად წაიფორთხილებდა კიდეც. ამის გამო ალიოშა საჯაიამ „ბებერი ცხენი” შეარქვა. მეგობრის დანათლებული სახელი ლადომ ჟურნალ „ნიანგში” გამოიყენა ფსევდონიმად. თავაღერებული სიარული უყვარდა რუსთაველის პროსპექტზე. თანაც, მარტო სიარული იტაცებდა. დადიოდა არათანაბარი ნაბიჯებით, ხშირად ერთბაშად შეჩერდებოდა. ვახტანგ ჭელიძე იგონებს: „დაღვრემილი, გაღიზიანებული, დაღლილი, მაგრამ საოცარი იყო მისი თვალები. ეს არ ყოფილა ახალგაზრდა კაცის მკვირცხლი თვალები. ეს იყო ანთებული თვალები, მაღალი ნიჭიერების, შინაგანი სისპეტაკისა და სინათლის მფრქვეველი თვალები, პატიოსანი კაცის ნათელი თვალები... და როცა თავის საყვარელ თემაზე - სამშობლოზე, ფიროსმანზე, ტიციან ტაბიძის ლექსზე დაიწყებდა ლაპარაკს, ამ დიდრონი თვალებიდან გამოჭრილი სხივი მთელ სახეს გაუნათებდა”.
ლადო ასათიანი დღენიადაგ, ზამთარ-ზაფხულ კაშნეთი დადიოდა. მის თავზე ქუდი არავის უნახავს. თავგადადებული ბუკინისტივით იღლიაში მუდამ წიგნების დასტა ჰქონდა ამოჩრილი. ქართველი პოეტებიდან თბილისში პირველს, რევაზ მარგიანს გაეცნო. ბინა არ ჰქონდა და ხან ვისთან ათევდა ღამეს და ხან ვისთან. განსაკუთრებით რუსთაველის პროსპექტს ეტანებოდა – ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კუთხესთან შეჩერდებოდა, ჭადრის ხეს მიეყრდნობოდა და ფიქრობდა, ფიქრობდა გაუთავებლად. მეგობრებიც აქ აკითხავდნენ. ოცდაათიან წლებში ტრადიციად იყო დამკვიდრებული ქართველი მწერლების გაუთავებელი სეირნობა რუსთაველის პროსპექტზე. განსაკუთრებით საღამოობით გამოეფინებოდნენ ხოლმე ახალგაზრდა მწერლები და საათობით ბაასობდნენ... ბჭობდნენ ჯგუფებად შეკრებილნი. უბის წიგნაკში ჩაუწერია პოეტს... „სულ გარეთ და გაშლილ ჰაერზე მინდა ყოფნა, თითქოს მალე დავხუჭავ თვალებს და ვეღარ ვიხილავ თბილისის ზეცას”... თითქოსდა, წინათგრძნობამ უყივლა – გაივლის კიდევ ორი წელი და ლადო ასათაინი მართლაც ვეღარ გაივლის საყვარელ ქუჩაზე, ვერ ჩაფიქრდება „საკუთარ” ჭადრის ხესთან...
თბილისში გადმოსვლის შემდეგ, თითქოსდა, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. ლადომ პირველი წიგნის გამოცემაზეც დაიწყო ზრუნვა, მაგრამ ვერ მოასწრო. 1939 წლის ოქტომბერში პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ის ჩაირიცხა ოსტროგოჟსკის (ვორონეჟის ოლქი) სამხედრო ნაწილში. პირველ ნოემბერს მეგობრებმა თბილისის ვაგზალზე მოიყარეს თავი და გზა დაულოცეს პოეტ-ჯარისკაცს. ლადომ ტკივილამდე განიცადა ახლობლებთან განშორება. ის თითქმის ყველა დიდი სადგურიდან, სადაც კი მატარებელი შეჩერდებოდა, თბილისში წერილებსა და ღია ბარათებს გზავნიდა. ნაწილში მიმავალი პოეტი გზაში გაცივდა და ავადმყოფობაც გაურთულდა – დღენიადაგ სიცხე მოსვენებას არ აძლევდა (ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა, აქაური ექიმებისაგან განსხვავებით, გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს...) ლადოს საყვარელი ადრესატი გახლდათ ნიკა აგიაშვილი. წერილებს მისამართიც ერთი ჰქონდა: თბილისი, მწერალთა კავშირი, „ჩვენი თაობის” რედაქციას... აი, ერთი-ორი მათგანიც: „ჩემი საქმე ჯერ არაა გამორკვეული. სად ჩაგვრიცხავენ, არ ვიცი. რადგანაც ავად ვარ, მეუბნებიან, მწყობრში არ გაგატარებენ, სადმე სხვა საქმეზე დაგნიშნავენო. მეც დღე-დღეზე ვუცდი ამ „საქმეს”. ეგებ ცოტა მეშველოს რამე. მირზა უკვე წასული იქნება და შეიძლება, ახლა ფინეთის ომში იყოს (ლაპარაკია მირზა გელოვანზე). ნეტავი, იმას! ჩემს მდგომარეობაში ყოფნას, ბრძოლებში მირჩევნია... მართლა, სამხედრო ფორმა მაცვია, რომელიც, უნდა გითხრა, ცოტა კიდეც მიხდება...“ „...ნიკალაი, ძვირფასო! რომ იცოდე, როგორი გაზაფხულია თბილისში, ყველაფერი ყვავის, ყველაფერი ხალისობს. რა იქნება ჩემს ბარდნალაში! ჩვენს ღელეებში ახლა ამოდის ფშალა, გაფურჩქვნილა ძეწნა და ტირიფი... მე კი... ძლივსღა დავღოღავ… ბოტანიკურ ბაღშიც ვეღარ გავდივარ, – რაღა გამანედლებს?!.. უკვე აყვავდა გლიცინიები მწერალთა სახლის ვერანდაზე. ვზივართ ბაღში და ვუსმენთ ცოცხალ კლასიკოსთა დინჯ ბაასსა და მოგონებებს. ხანდახან აივნიდან კონსტანტინე გამსახურდია გადმოგვხედავს და გადმოგვძახებს: „ვეფხვებო! ჭაბუკებო!” და კაი გამარჯობას გვეტყვის, როგორც შეშვენის კაცურ კაცს. მაგრამ ვინღაა „ჭაბუკი და ვეფხვი”?.. ძალზე მოსაწყენ რამერუმეს „გწერავ”, მარა ნუ მიწყენ. მეტი საინტერესო აქ არაფერია... ნეტავი, შენ, რომ ბევრ რამეს საკუთარი თვალით ნახავ და მერე მოსაგონარი, გასახსენებელი აღარ დაგელევა. საერთოდ, ვეღარ ვძლებ შინ მყოფი, ვიწრო ოთახში, თითქოს კუბოში ვარ ცოცხლად მდებარე, მზის მონატრული. რომ მოვკვდე, ნეტავი, ამაზე უარესი თუ იქნება ის კუბო?! ამის ბრალია, ალბათ, რომ თითქოს ყოველ ღამითა და დღისითაც, როცა ოდნავ წავთვლემ, სულ თავახდილი კუბოები მეზმანება... თვალს დავხუჭავ თუ არა, საშინელი სიზმრები არ მასვენებს… სულ ერთი და იგივე, სულ ერთი და იგივე – უცვლელად: ვითომც, ვწევარ ერთს შავ, რკინის კუბოში, გარშემო უამრავი კელაპტარი უნთია. მათ ლიფლიფზე შავ კატებს მხრებზე შეუდგამთ ის კუბო და ამაზრზენი კნავილ-ჩხავილით, კუდების სხმარტალითა და შესაზარი თვალთა ბრიალით, „კუბო, კუბოს” ერთობლივი შემაძრწუნებელი ძახილითა და გნიასით, მიმაქროლებენ სადღაც… შემდეგ ის კატები ქრებიან, კუბო ჟღრიალით ენარცხება მიწას და ის კატებიც დახოცილნი მაცვივიან თავზე. კუბო ივსება მათი გახრწნილი, რბილ-რბილი, ამყრალებული ლეშით. გავურბი მძორის საშინელ მყრალ სუნს, მაგრამ მუხლები მეკვეთება, ძირს ვეცემი და ვიღვიძებ ოფლში გალუმპული. ჯერ არავისთვის გამიმხელია ეს ამბავი.
შენ იცი, როგორ მიყვარდა ცხოველები და მათ შორის კატები!..“
1940 წელს, დღის სინათლე იხილა მისი ლექსების პირველმა წიგნმა... ეს იყო და ეს – 1941 წლიდან ლადოს ავადმყოფობა გაურთულდა. ჭლექს ისე მტკიცედ გაედგა ფესვები პოეტის ფილტვებში, რომ სუნთქვა უჭირდა, ხველა ხომ მოსვენებას არ აძლევდა – ექიმების რჩევით, აბასთუმანში წასვლა აუცილებელი გახდა, მაგრამ ვაი, რომ დაგვიანებული აღმოჩნდა... აბასთუმანში პოეტი სევდას როდი მიეცა, ის დღენიადაგ პოეზიაზე ფიქრობდა. თითქოსდა ეშურებოდა, რაც შეიძლება, მეტი მოესწრო, მეტი შედევრი დაეტოვებინა შთამომავლობისთვის, მეტი სათქმელი ეთქვა ხმამაღლა... სწორედ აბასთუმანში დაიწერა არაერთი გახმაურებული ლექსი. ლექსების რვეულს ლადო მეუღლეს, ანიკო ვაჩნაძეს, უგზავნიდა. ერთ-ერთ წერილში წერდა: „ანიკო, გენაცვალე! გიგზავნი ლექსებს (სულ ექვსი ლექსია), მიეცი სიმონ ჩიქოვანს ან კარლო კალაძეს „მნათობისათვის”. უნდა დაიბეჭდოს აუცილებლად ასე – ექვსივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მინდა...“ როდესაც ავდმყოფობა მიეძალა, განერვიულდა. აბასთუმანი მიატოვა და საყვარელ თბილისში დაბრუნდა. ირჩია მშობლიურ გარემოში, მეუღლისა და ქალიშვილის სამყაროში გაემართა ხელჩართული ომი სიკვდილისთვის. არა, ლადო ეგოისტი არასდროს ყოფილა – ის ჭლექით იყო დაავადებული და დიახაც, კარგად უწყოდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. მაგრამ, მას სრულებითაც არ უნდოდა მისი ბედი სხვასაც გაეზიარებინა...
სიკვდილის წინ ორი რამ ისურვა პოეტმა – ვაჟა-ფშაველასავით, მშობლიური ლეჩხუმის წყაროს წყალი ინატრა მამაპაპური სარწყულით. აკი ორიოდე წლის წინათაც წასცდა ლადო ასათიანს ნატვრა სარწყულზე: „კვლავ შენ გნატრულობ, რომ მკერდზე სიცოცხლის წყარო მასხურო, ბავშვობასავით ცისფერო, მამაპაპურო სარწყულო!” და მეორეც – მოხუცი მამის ხილვა არ ასვენებდა, დღენიადაგ სიზმარში ხედავდა მას. სიკვდილი ერთბაშად მოვიდა, ლექსის წერის პროცესში მოუსწრო პოეტს... ჰაერში ხელით რაღაცა მოხაზა, ბაგე ოდნავ გახსნა და “მა...ა”- ს” მსგავსი ბგერა აღმოხდა. ვინ უწყის, რას ნიშნავდა შუაზე გაწყვეტილი სიტყვა: „მამას” თუ „მანანას!”... ის იყო, ლადოს სხეული სარეცელზე გასწორდა, რომ კიბეზე დინჯად ამომავალი კაცის ფეხის ხმა გაისმა – ოთახში მამა შემოვიდა. დაიგვიანა მოხუცმა, ვაი, რომ დაიგვიანა. ვეღარ აუსრულა შვილს ნატვრა. 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლისა, ექვსი თვისა და 26 დღის (მაინც როგორი დამთხვევაა – 26 წელი და 26 დღე!) ასაკში დახუჭა თვალები...“