№27 რა აკარგვინებს ზედიზედ ზოგიერთ ქალს საყვარელ მამაკაცებს და რატომ ვერ ქმნიან ისინი სტაბილურ ოჯახს
არიან ქალები, ყველაფერი რომ აქვთ ბედნიერებისთვის, მაგრამ ცხოვრება მაინც უსიამოვნო სიურპრიზებს სთავაზობს. ვერ აგებენ ხანგრძლივ, სტაბილურ ურთიერთობებს. უყვარდებათ მამაკაცი, მაგრამ სწრაფადვე კარგავენ მას. მიზეზს კი ვერ ხსნიან. რატომ არ უნდა გამოსდიოდეს ქალს ურთიერთობა და რატომ უნდა შორდებოდეს ადამიანს, რომელიც უყვარს? ხდება ისეც, რომ ქალები დარწმუნებული არ არიან არც საკუთარ და არც პარტნიორის გრძნობაში. კიდევ ახალ ურთიერთობას ეძებენ და ყველაფერს კარგავენ.
ლიკა (32 წლის): არ ვიცი, რატომ არ გამომდის, ვიყო ბედნიერი. ბევრჯერ მქონია ამის შანსი, მაგრამ ბოლოს მაინც მარტო ვრჩები – გულნატკენი და იმედგაცრუებული.
– მამაკაცები გიცრუებენ იმედს?
– დიახ. შეიძლება, მეც ვარ დამნაშავე, მაგრამ პრობლემები მაშინ იწყება, როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ვიყო, ცაში დავფრინავდე და ვარსკვლავებს ვწყვეტდე. იქნებ მარტო მამაკაცები არც ტყუიან ჩემთან და მე ვაფუჭებ ყველაფერს. დიდი ხანი არ არის, რაც დავკარგე სიყვარული და შესაძლებლობა, ვყოფილიყავი იმ კაცის გვერდით, ვინც პატივს მცემდა, იზრუნებდა ჩემზე, შემიქმნიდა ისეთ ცხოვრებას, როგორზეც ყოველთვის მიოცნებია.
– დაკარგეთ, რას ნიშნავს? იქნებ თქვენ ფიქრობთ ასე?
– სამწუხაროდ, ისე გავაფუჭე ყველაფერი, მეეჭვება, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს. საკუთარ ქმარზე ვლაპარაკობ. მართლა არ მინდოდა, ასე წასულიყო ყველაფერი. სამი წლის შვილი გვყავს და მას ორივე ვჭირდებით. ვჭირდებით ნორმალურები და ერთმანეთზე შეყვარებულები.
– თქვენ ისე დაიწყეთ საუბარი, არ მიფიქრია, რომ ქმარზე ლაპარაკობდით.
– ძალიან მაღალი ფასის გადახდა მიწევს ჩემი სისულელისთვის. მაგრამ მარტო მეც არ ვარ დამნაშავე, არ ვცდილობ, თავი გავიმართლო, უბრალოდ, მინდა, მიზეზები გავარკვიო და მივხვდე, რისი გადარჩენა შეიძლება ჯერ კიდევ. იცით, ჩემი ქმრის მიმართ როგორი გრძნობები მქონდა?! ვგიჟდებოდი და დარწმუნებული ვიყავი, ჩვენი ურთიერთობა ყველაზე მყარი იქნებოდა.
– მანამდე გქონდათ სხვა, სერიოზული ურთიერთობა?
– დიახ. ორი იმედგაცრუება მქონდა „ბექრაუნდში“. ორივე ურთიერთობა ისეთი იყო, რომ ფინალამდე აღარაფერი აკლდა. ერთიც და მეორეც იდეალური კანდიდატები იყვნენ, რომლებიც ხელიდან არ უნდა გამეშვა, მაგრამ...
– „ხელიდან არ უნდა გამეშვა“ რას ნიშნავს? ორივეს ერთდროულად ხვდებოდით? სიყვარული სადღა იყო?
– სიყვარულიც იყო. ერთდროულად ორი მამაკაცი არ მოგწონებიათ? ბოლომდე არ ვიყავი ჩამოყალიბებული, რომელი უფრო მეტად მომწონდა. მათ ისე ვხვდებოდი, რომ ერთმანეთის შესახებ არ გაეგოთ. სხვათა შორის, ძალიან განსხვავებულები იყვნენ და ეს უფრო მირთულებდა ამოცანას. ვფიქრობდი, რომელი უკეთ გამიგებდა ოჯახში.
– ანუ, ეს არ ყოფილა სიყვარული...
– არ ვიცი, რა გინდათ, ჩემგან მოისმინოთ. მიმაჩნია, რომ ერთიც მიყვარდა და მეორეც. მიხაროდა მათი ნახვა და სერიოზულად ვფიქრობდი ოჯახის შექმნაზე.
– ორივესთან?
– არა. ერთ-ერთთან, რომელსაც საბოლოოდ, უპირატესობას მივანიჭებდი.
– მეორეს კი გულს ატკენდით?
– ისე მოვექცეოდი, რომ გული არ სტკენოდა. რეალურად, ისე გამოვიდა, გული მე მეტკინა, თანაც ძალიან მწარედ. არ ვიცი, ვინ ითამაშა საბედისწერო როლი, მეეჭვება, ეს თავისით მომხდარიყო. იმიტომ რომ, ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდი. ერთმანეთის შესახებ გაიგეს და ერთმანეთს „სოლიდარობა“ გამოუცხადეს. ორივემ მიმატოვა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ძალიან ვინერვიულე და განვიცადე. მერე ჩემი მომავალი ქმარი გამოჩნდა და სწრაფად მოხდა ყველაფერი. ახლა კი, მგონი, ვკარგავ.
– მიზეზი რა არის? რატომ ფიქრობთ ასე?
– იმიტომ რომ, ჩემი არ სჯერა. წინდახედულება ვერ გამოვიჩინე და ამდენი წლის შემდეგ მივუყევი, როგორ არ ჰყავდა კონკურენტი, რომ ვინმესთან შემედარებინა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ასე გაგიჟდებოდა. ახალი ცოლ-ქმარი არ ვიყავით, რომ მეფიქრა, ერთმანეთის უკეთ გაცნობის პერიოდში ასეთი საუბარი არ უნდა წამომეწყო.
– თქვენ ამას მეუღლესთან პრობლემებს აბრალებთ?
– აბა, სხვას რას დავაბრალო? არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა და უცებ – ასეთი სკანდალები. თითქოს ქმარი გამომიცვალეს. დღე არ გავა, რომ არ ვიკამათოთ სრულიად გაუგებარ წვრილმანებზე. ხელიდან ისევ გავუშვი შანსი, ვყოფილიყავი ბედნიერი და შეყვარებული. შეუძლებელია, გიყვარდეს კაცი, რომელიც ყველაფრით უკმაყოფილოა, წარბის აწევით და ამრეზით გიყურებს. აღარ არის ჩვენ შორის სითბო და ურთიერთგაგება. რაც მასში აღმაფრთოვანებდა, ახლა ნერვებს მიშლის და მაღიზიანებს. ჩვენი ოჯახის სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბუნებრივია, ძალიან ვნერვიულობ და განვიცდი. არ მინდა, ურთიერთობის დანგრევა.
– იმიტომ რომ, ქმარი გიყვართ, თუ ოჯახის დანგრევა არ გინდათ?
– ორივე ერთად არის. მე არ მეგულება ქალი, რომელსაც ოჯახის დანგრევა უნდოდეს. არც მე ვარ გამონაკლისი. ვფიქრობ, საყვარელ მამაკაცებს ზედმეტი გულახდილობა და გახსნილობა მაკარგვინებს.