№27 შინაბერა თუ წარმატებული
საქართველოში ყველა ქალს „შინაბერას“ ეძახიან, თუ ოჯახის შექმნას კი არა, კარიერას ანიჭებს უპირატესობას. მას ურჩევნია, ჯერ ცხოვრება მოიწყოს, მერე კი პარტნიორი მოძებნოს. უცხოეთში, მაგალითად, სწორედ ოცდაათი წლის შემდეგ ითვლება ნორმად ოჯახის შექმნა. ასე რომ, თუ ჯერ არ ჩქარობთ გათხოვებას, ეს პრობლემა არაა. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, რა გსურთ და გაითვალისწინოთ შემდეგი, მნიშვნელოვანი პუნქტები:
1. პასუხისმგებლობა
აუცილებელია, იცოდეთ, რომ გასათხოვარ ქალს უპირველესად, საკუთარი თავის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაითვალისწინოთ მშობლების აზრი. გათხოვილი ქალი, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელია მეუღლისა და შვილების წინაშე. საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობა უკან გადადის. ამას ემატება ქმრის ოჯახი და ნათესავები, რომელთაც ვერსად გავექცევით. გათხოვილი ქალი საკუთარი მშობლების აზრს გაცილებით ნაკლებ ყურადღებას უთმობს.
2. თავისუფლება
გათხოვილი ქალისთვის არ არსებობს თავისუფლება დიდი დოზით. ის მიჯაჭვულია სახლზე, რადგან უამრავი ვალდებულება აქვს. კერძია მოსამზადებელი, მეუღლისა და შვილის ტანსაცმელი გასარეცხი, დასაფენი, დასაუთოებელი. ამას ემატება გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი საყოფაცხოვრებო წვრილმანები. ოჯახის ქალი ვერ იცვამს ისე, როგორც სურს. რესტორანში, ბარში, კინოში, თეატრში ან, უბრალოდ, დაქალებთან ერთად სასეირნოდ იშვიათად გადის. თუ გათხოვილი ქალი მუშაობს კიდეც, არა მხოლოდ დროის, ენერგიის დეფიციტიც აქვს და გართობის სურვილი თავისთავად უქრება.
3. მზერა
გასათხოვარ ქალს ნაკლები საზრუნავი და პრობლემა აქვს, შესაბამისად, მისი მზერა „ცოცხალია“. იმდენ ხანს სძინავს, რამდენიც უნდა, აკეთებს იმას, რაც სურს. გრძნობს, რომ თავისუფალი და ბედნიერია. მთავარია, თავისი უპირატესობებით ტკბობა შეძლოს.
ასე რომ, იცხოვრეთ ისე, როგორც გსურთ და მაშინ გათხოვდით, როცა დარწმუნდებით, რომ ამისთვის მზად ხართ.
ცოტა თუ აღიარებს…
თითოეული ჩვენგანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავი დაიმკვიდროს სოციუმში და ასევე, კონკრეტული პიროვნების პირად ცხოვრებაში. მაგრამ ერთია, რომ ვცდილობთ და მეორე – თუ გამოგვდის.
როდესაც გვიყვარს, ჩვენ ნაკლებად ვუყურებთ არსებულ რეალობას, მით უმეტეს, ნაკლებად ვინტერესდებით ეთიკის პრინციპებით. სურვილის ძალა ყველაზე მაღალია და ჩვენ ეს, უბრალოდ, გვინდა! „მინდას“ სურვილი გვაიძულებს, წავიდეთ ჩვენი პრინციპების წინააღმდეგ, ხელს გვიშლის აღვიქვათ ის რეალობა, რაც გვაქვს.
ურთიერთობის ხელოვნება ძალიან რთული ფენომენია. ის უფრო უნდა იგრძნო. ასევე, უნდა მიხვდე, როდის რაზე ხარ წამსვლელი მიზნის მისაღწევად.
ფსიქოლოგები ირწმუნებიან – „როცა უკვე აღარ გაინტერესებს ის, რაც ცოტა ხნის წინ სიგიჟემდე გინდოდა, მაშინვე თავისთავად გივარდება ხელშიო.“
არ დაფიქრებულხართ, რატომ ხდება ასე?
მთავარი კი ისაა, როგორ ხდება ფასისა და ღირებულებების გადანაწილება. შენ შეიძლება, დათმო შენი პრინციპები ბოლომდე, გიყვარდეს და აკეთებდე მისთვის ყველაფერს, მაგრამ ამას აუცილებლად უნდა მოსდევდეს სასურველი უკუგება. „დე ფაქტო“ როლი ურთიერთობაში წამყვანია, თუ შენ არ გაღიარებენ, ძალიან გაგიჭირდება. და კიდევ – აუცილებელია, ჰკითხო საკუთარ თავს – რა მაქვს და რა მინდოდა მქონოდა? რეალობას ცოტა ვინმე თუ აღიარებს.
მსხვერპლი თუ
მონადირე?
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ცოლიანი კაცის საყვარლის როლში ყოფნა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ქალებს შეუძლიათ. ყველას არ შეუძლია ეს და პრინციპულად იკავებს თავს. როგორები არიან ქალები, რომლებიც პარტნიორად ცოლიან მამაკაცს ირჩევენ.
ამ ტიპის ქალები საკუთარ თავში დარწმუნებულები, დამოუკიდებლები არიან და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მუდმივად სჭირდებათ ადრენალინი. ისინი აბსოლუტურად გაცნობიერებულად ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრად ცოლიან მამაკაცს. შესანიშნავად იციან, რომ ალბათობა იმისა, საყვარელი მამაკაცის ცოლთან პრობლემები და კონფლიქტები ჰქონდეთ, საკმაოდ მაღალია. ასეთი ტიპის ქალები იმისთვის, რომ მამაკაცი აეჭვიანონ, არ ერიდებიან უცნობებთან კონტაქტებს. ზოგიერთ მამაკაცს ასეთი საყვარელი აწყობს კიდეც, რადგან ცოლის გვერდით სათანადო ემოციებს ვერ იღებს და თავგადასავლებს გვერდზე ეძებს.
არსებობენ დედიკო-საყვარლებიც. ასეთი ქალი ზრუნავს საყვარელ მამაკაცზე და სანაცვლოდ, არაფერს ითხოვს. მას აინტერესებს მისი სამუშაო, ინტერესები, ზრუნავს მის სიმშვიდეზე და ამას ყოველივე აბსოლუტურად უანგაროდ აკეთებს. დედიკო-საყვარლებს მეტი შანსი აქვთ, რომ ურთიერთობა ქორწინებით დააგვირგვინონ, რადგან მათი ერთგულება და უანგარო სიყვარული იმის გარანტიაა, ყოველივე კონფლიქტებისა და გართულებების გარეშე მოგვარდეს. თუმცა, ამ ტიპის საყვარლები ძალიან ცოტანი არიან. ძირითადად, ცოლიან მამაკაცთან ურთიერთობის მოსურნე ქალი ბუნებით მტაცებელია. გამოირჩევა დიდი სითამამითა და შეუპოვრობით.
განსხვავებები...
ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სტერეოტიპულად აზროვნებს. ნამდვილად არ გაგიკვირდებათ, როცა ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს წაიკითხავთ და რამდენიმეს აუცილებლად დაეთანხმებით.
თუ ქალი მუშაობს, ეს მისი დამსახურებაა და მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს. თუ მამაკაცი მუშაობს, ეს მისი მოვალეობაა.
თუ მამაკაცი არ მუშაობს, ის უმაქნისია. თუ ქალი არ მუშაობს, არ ნიშნავს, რომ უმაქნისია, რადგან ის სახლში საქმიანობს და ამაში გასამრჯელოს არ ითხოვს.
როდესაც ქალი შვებულებას იღებს იმისთვის, რომ ბავშვს მოუაროს, ეს ლოგიკურია, ის ხომ დედაა.
როდესაც მამაკაცი იღებს შვებულებას, რათა ბავშვს მოუაროს, ეს დამამცირებელია.
როდესაც ქალი განსაკუთრებულად უვლის თავს, ის ნამდვილი ქალია, ხოლო როდესაც მამაკაცი განსაკუთრებულად უვლის თავს, მას ეჭვით უყურებენ, ანუ, ორიენტაციაში შეაქვთ ეჭვი.
როდესაც მამაკაცს არ მოსწონს კონკრეტული ქალი, ეს მისი პირადი აზრია, ხოლო როდესაც ქალს არ მოსწონს კონკრეტული ქალი, ეს ქალური ბოღმაა.
როდესაც მამაკაცი ალკოჰოლს სვამს, მას აქვს განტვირთვის უფლება. როდესაც ქალი სვამს ალკოჰოლს, მას ლოთად მიიჩნევენ.
P.S. ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება, გავაგრძელოთ. თუმცა არსი ერთია – ქალი და მამაკაცი ჯერ კიდევ არ განიხილება ერთ ჭრილში.