№27 რატომ ემსგავსებიან მართლმადიდებლები სექტას და ვის თვალში ხდებიან ისინი არა ქრისტეს, არამედ პატრიარქისა და სხვადასხვა მოძღვრის მიმდევრები
„ცისქვეშეთში არაფერი ხდება ახალი. ძალიან გვაწუხებს ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია. თანამედროვე მამები ამბობენ: დუმილით გაიცემა ღმერთიო. დღეს ჩვენ დუმილის უფლება არ გვაქვს“. მიმდინარე მოვლენების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– 3 ათეული წელია, მშვიდობიანი პერიოდია ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ ახლა დადგა ჟამი გარკვეული კატაკლიზმებისა და ომისა. ჩვენ კი გვიკვირს, აღშფოთებულები ვართ, რადგან მივეჩვიეთ სიჩუმეს, სიმშვიდეს. ახლა დაგვიდგა ჟამი ინტელექტუალური, სულიერი, რელიგიური ომისა. უცხო ადამიანი რომ შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში და დაგვინახოს, ეგონება, დიდი სექტის წარმომადგენლები ვართ და აქეთ-იქიდან გვებრძენებიან საღად მოაზროვნე ადამიანები. თითქოს მართლმადიდებლები დიდი სექტა ვართ და ეს გონებაგახსნილი, თავისუფლად მოაზროვნე ხალხი აღშფოთებულია, როგორ ვამყოფებთ ადამიანებს სიბნელეში. ეშმაკი დღეს ძალიან აღშფოთებულია. როგორც გამოცხადებაში წერია, ცოტა დრო აქვს დარჩენილი, იცის, მალე დამთავრდება მისი ხელმწიფება და ამიტომ, ცდილობს, ბევრი გაიყოლიოს თან. ის არაფერს ტოვებს უყურადღებოდ და ცდილობს, ყველგან გესლი, შხამი ანთხიოს. ქრისტე კი ამბობს: ნუ გეშინიათ, მე ვძლიე წუთისოფელს. ყველა ადამიანს მოუწევს არმაგედონი, ყველამ უნდა გაიაროს გოლგოთა, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს ჯვარი და შეუდგეს ქრისტეს. ჩვენ ეს არ გვინდა, რადგან მივეჩვიეთ სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, გვეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ დაინახეს ვიღაცეებმა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ასაკში შევიდა, ისე მხნედ აღარ არის, როგორც იყო. მაგრამ, მისი სული ხომ არ დაბერებულა? მისი გონება ხომ არ დაბერებულა? მისი ლოცვა ხომ არ განელებულა? ნუთუ არ გვეშინია ღმერთის, ის ხომ არასდროს ბერდება. მან ასეთი მოციქულთ-მოციქული გამოგვიგზავნა კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მამების სახით და ამ დროს ვიღაცეებმა, ოღონდ რაღაც გროშები მიიღონ, ათას სისულელეს, სიბილწეს ლაპარაკობენ.
– ამ ყველაფერმა ძალიან ბევრი ადამიანი დააბრკოლა. აღარ უნდათ ეკლესიაში მისვლა.
– ვინც გროშებზე იყიდება, ძალიან კარგი იარაღია არაწმიდა სულისთვის. ადამიანი ღმერთმა შექმნა სიყვარულისთვის, ნეტარებისთვის, ერთგულებისთვის, სიკეთისთვის, მოფერებისთვის, მაგრამ დღეს ის თავდაყირაა. ადამიანის სული არის სამნაწილედოვანი: მასში არის სული, სხეული და სამშვინველი. სული შეერთებული იყო უფალთან, სამშვინველი – სულთან, ხოლო სხეული – სამშვინველზე. როგორც კი ადამიანი ღმერთს გაშორდა, ყველაფერი თავდაყირა დადგა: სულმა სამშვინველიდან დაიწყო კვება, სამშვინეველმა – სხეულიდან, სხეულმა – მიწიერიდან, ამა სოფლიდან. მთელი ჩვენი ცხოვრება ნოსტალგიაა. დავიწყებულის ხსოვნა. ათეისტშიც არის ნოსტალგია. დამახსოვრებულია მასში ის რაღაც კარგი, რაც ოდესღაც იყო. მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია, ადამიანი შეარიგოს ღმერთთან და დააბრუნოს სამოთხეში. დღეს ომია ჩვენსა და სხვა რელიგიებს, მიმდინარეობებს შორის. მათ უნდა დაგვიჯერონ, უნდა აღიარონ, რომ სული, საგვარეულო გაყიდეს კაპიკებზე ან უნდა გვლანძღონ. ბევრი ამბობს: მინდა, ეკლესიაში მივიდე და ვისთან მივიდე, პატრიარქის მომწამვლელებთან, იმ გაუნათლებელ ხალხთან?.. ათას რამეს გვაბრალებენ. თუ სულის ცხონება გვინდა, ღმერთი აუცილებლად მოგვცემს ისეთ მოძღვარს, რომელიც მიგვიყვანს ეკლესიაში. ბევრმა უკვე იპოვა ღმერთი, იპოვა საკუთარ თავში. იპოვა ისეთი სულიერი მასწავლებელი, რომელიც მას უწინამძღვრებს; სასწაულებს კი არ მოუყვება და არ ეტყვის: ეს შემომწირე, თაყვანი მეცი. მოძღვარი ერთ რამეში გვჭირდება მხოლოდ: დაგვეხმაროს ცხონებაში. მოძღვარში არ უნდა ეძებოთ სასწაულები, მოძღვარში ეძებეთ თავმდაბლობა და რომ ის დაგვეხმაროს საეკლესიო სწავლებით ცხონებაში.
– ზოგი მოძღვარი, პირიქით, აბრკოლებს მრევლს თავისი ქადაგებით.
– დღეს ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენთვის სანიმუშო პიროვნებები არ არიან წმიდა მამები. სასულიერო პირიც რომ ქადაგებს, ისიც ნაკლებად ციტირებს დიდ მამებს. ძირითადად, საკუთარი განათლებიდან ქადაგებენ და თანამედროვე, საეჭვო რეპუტაციის მქონე ღვთისმეტყველებით. ამხელა საგანძური გქონდეს – წმიდა მამათა გარდამოცემა და ამ დროს სისულელე უპასუხო. ჯობია, წაიკითხო, ვიდრე შეკითხვა დასვა, მათ შორის პროვოკაციული და მასხრად აგიგდოს ხალხმა. ჩვენ გვგონია, რომ ღმერთმა ეკლესიას ხელი გაუშვა და ის აღარ არის მისტიკური სხეული ქრისტესი, აღარ იცავენ ანგელოზები და მხოლოდ უხუცესი პატრიაქრის იმედზე ვართ? არა, რა თქმა უნდა. ნეტარია განსაცდელგადატანილი ეკლესიაც და ხალხიც. ჩვენ გვინდა, განსაცდელის გარეშე ვცხოდნეთ და ასეთი რამ არ არსებობს.
– ყველას აქვს უფლება, ეკლესიის პრობლემებზე ისაუბროს?
– ყველა ეპისკოპოსმა უნდა მიხედოს თავის ეპარქიას, ყველა არქიმანდრიტმა უნდა მიხედოს თავის მონასტერს. თუ იმ ეპარქიაში, მონასტერში ყველაფერი კარგადაა. იქ იქნება სიყვარული, მადლი, არც განკითხვაა, არც შუღლი. სჯულის კანონში, წმიდა წერილში, მამათა სწავლებაში პირდაპირ წერია: ეკლესიაში არსებული პრობლემების განხილვა უნდა მოხდეს შიგნით. პავლე მოციქული ამბობს: სირცხვილი არ არის, თქვენ წმიდანები არაწმიდებთან განსჯით თქვენს საქმეებსა და პრობლემებს? ჩვენ რომელიმე ტელევიზიის შინაგანაწესში ვერევით? რატომ ერევიან ისინი იმაში, თუ ვინ უნდა აზიაროს ეკლესიამ და ვინ არა. რადგან ადამიანს არ აზიარებ, ეს არ ნიშნავს, რომ სძულთ. დარწმუნებული ვარ, პატრიარქი ლოცულობს მამა გიორგი მამალაძეზე. პირადად მე ბარძიმში ვიხსენიებ. ამხელა შოუ ვინ წამოიწყო? პავლე მოციქული თესალონიკელთა მიმართ: უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებსო. უსჯულოების საიდუმლო არის მთელი ბოროტება. მისი ერთადერთი შემაკავებელი დედა-ეკლესიაა, რომლის დაკნინებასაც ცდილობენ. მაგრამ, ეკლესია არც მეუფე პეტრეა, არც მამა გიორგი, არც კათოლიკოს-პატრიარქი. ეკლესია ქრისტეს წმიდა სხეული, განკაცებული ღმერთია. ვინც მას ებრძოდა ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. თუ რამე გვაწუხებს, ჯობია, შიგნით მოვაგვაროთ, ისე, როგორც მამები გვასწავლიან. როგორ შეიძლება, დადგე და ყველაფერზე საჯაროდ, ტელევიზიით ისაუბრო. დღეს უნდათ, ცოტა უფრო მძაფრი შოუები გაიმართოს და ჩვენც ვაწვდით და ვაწვდით მასალას. გარკვეულ მოძღვრებს უხარიათ, ტელევიზიაში რომ გამოვლენ, დასხდებიან და საუბრობენ. მთელი ეკლესია ხომ ლოცვა-კურთხევაზეა დაფუძნებული. არ შეიძლება, კურთხევის დარღვევა: შენ სხვას ასწავლი ჭკუას და თავად არღვევ კურთხევას. არც ეპისკოპოსმა, არც მღვდელმა არ უნდა მოიმოქმედოს არაფერი იერარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე. შენ სიმართლეს ამტკიცებ და თავად გამოდიხარ მატყუარა. ეკლესიაში ადამიანი სულიწმიდას მოჰყავს და მას წინ ვერავინ დაუდგება. ვინც ფეხის ხმას იყო აყოლილი, ისინი არც იყვნენ მოსულები. რამდენი მოწაფე ჰყავდა ქრისტეს და რამდენი დარჩა მაშინ. ვიღაც იტყვის: უნდა მოვსულიყავი და აღარ მოვალ. სად უნდა წახვიდე? არ ჯობია, ეკლესიაში მოხვიდე და გაიზიარო ის ტკივილები, რაც დედას აწუხებს შენ გამო? ყველა მოძღვარმა, ეპისკოპოსმა თავის მონასტერს, ეკლესიას თავის ეპარქიას, სამრევლოს უნდა მიხედოს. ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ეკლესიაში და ვადიდოთ ღმერთი. მართლმადიდებლები სექტას არ უნდა დავემსგავსოთ. უცხოელები ხედავენ და ჰგონიათ, რომ ილია მეორეს მიმდევრები ვართ, ფანატიკოსები. ქვებით დავსდევთ ხალხს და მღვდლებს ვაპატიმრებთ. ჩვენ ვართ ქრისტიანები, არა ნიკოლოზიანები, მამა გიორგი მამალაძიანები, არამედ იესო ქრისტეს მიმდევრები და არავინ უნდა დავაყენოთ იესო ქრისტეზე მაღლა.