№27 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: შეიძლება თუ არა იყო კარგი ქრისტიანი ეკლესიაში სიარულის გარეშე?
პასუხი: ვინც უფლის სახლს – ეკლესიას გაურბის, გაურბის თვით უფალს და მისთვის უცხოა რწმენა, კეთილზნეობა. ასეთი ადამიანების ცხოვრება სავსეა ვნებებით და ისინი ვერ იქნებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები.
კითხვა: როგორ მოვიქცეთ, როცა ცუდი განწყობა გვეუფლება და თავს ვერაფერს ვუხერხებთ?
პასუხი: უპირველეს ყოვლისა, ასეთ დროს უფალს მადლი შესწირეთ, რათა მან მოგვანიჭა ცხოვრება. შემდეგ გაიხსენეთ, რამდენ ადამიანს უჭირს თქვენზე მეტად. ცუდი განწყობის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ფსალმუნების კითხვა. თუ არაფერი გიშველით, თქვენი ეს მდგომარეობა, მიიღეთ როგორც გამოცდა და კარნახი ცოდვების მოსანანიებლად.
კითხვა: გადადის თუ არა წინაპრის ცოდვა შთამომავალზე და როგორ მოვინანიოთ წინაპრების ცოდვები?
პასუხი: წინაპრის მიერ ჩადენილ ცოდვებზე შთამომავალი პასუხს არ აგებს, თუმცა, ესა თუ ის ცოდვა მაინც აისახება მის სულზე – წინაპრის ცოდვა აზარალებს და აბრკოლებს ადამიანს. ამიტომ, უფალმა არ გაწირა თავისი საყვარელი ქმნილება – ადამიანი და ცოდვების გამოსასყიდად, იესო ქრისტე მოუვლინა. მაცხოვარმა გამოისყიდა ჩვენი ცოდვები და მოგვცა შესაძლებლობა, სინანულში ვიყოთ. ამდენად, თუ ადამიანი ადამის ცოდვისგან თავისუფლდება, მით უფრო შეიძლება, დაძლიოს წინაპრების ცოდვების მიმართ მიდრეკილება ლოცვითა და ქრისტიანული ცხოვრების წესით.
კითხვა: რადგან სხვა შემოსავალი არ მაქვს, ოჯახს მცირე დანაზოგის გაპროცენტებით ვარჩენ. ხომ არ ვცოდავ ამით?
პასუხი: მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის სწავლების თანახმად, მევახშეობა (ფულის გაპროცენტება) ცოდვაა.
კითხვა: დღესდღეობით, იყიდება მრავალი სამოსი, რაზეც აღბეჭდილია მკრეხელური ნახატები ან ტექსტები. ცოდვად ჩაეთვლება თუ არა ადამიანს ამგვარი ტანისამოსის ჩაცმა?
პასუხი: გამოსახულებები, რაც ცოდვიან გრძნობებსა და უკეთურ აზრებს იწვევს, არ უნდა იყოს ქრისტიანის ტანსაცმელზე, რადგან ეს არის საცდური გარშემო მყოფთათვის და ნამდვილად ცოდვაა. ასევე, დაუშვებელია ისეთი ტანისამოსის ტარება, რომელზეც გამოსახულია უფალი და ღვთისმშობელი.
კითხვა: არსებობს თუ არა განსაზღვრული ასაკი ბავშვების მარხვის დასაწყებად და უნდა დავაძალოთ თუ არა მათ მარხვა?
პასუხი: არ არსებობს კანონი ქრისტიანული სწავლების მიხედვით, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა მარხვა. ეს დამოკიდებულია მათ თვითშეგნებასა და მზაობაზე. რაც შეეხება დაძალებას, რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია. უმჯობესია, თქვენი მაგალითით, სიკეთით, სიმშვიდით დაანახვოთ ბავშვს მარხვის აუცილებლობა.
კითხვა: რა და ვინ შთაგვაგონებს უკეთურ აზრებსა და სურვილებს?
პასუხი: უკეთურ აზრებსა და სურვილებს შთაგვაგონებენ ბოროტი ძალები – ეშმაკი, ცუდი, უკეთური ადამიანები და ჩვენივე საკუთარი მიდრეკილებები ცოდვებისკენ.