№26 დაეცა თუ არა მეხი სინამდვილეში სტამბოლი-თბილისის თვითმფრინავს და როგორ ამოიგდეს ერთდროულად მუხლები ქირურგებმა: კოტე მათითაშვილმა და საშა კალანტაროვმა
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სტამბოლი-თბილისის რეისის შესრულებისას, აფრენიდან რამდენიმე წუთში, თვითმფრინავს მეხი დაეცა. დიდი ძალისხმევის შედეგად, მფრინავმა მოახერხა, თვითმფრინავი უკან, ათათურქის აეროპორტში უსაფრთხოდ დაებრუნებინა. ავიაკომპანიის თანამშრომლების განცხადებით, უამინდობის გამო თვითმფრინავი სტამბოლში დაბრუნდა. მგზავრებს შორის იმყოფებოდა პლასტიკური ქირურგი და გადაცემა „ექიმების” ერთ-ერთი წამყვანი კოტე მათითაშვილი, რომელსაც ექსტრემალურ სიტუაციებში ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს და ისიც კარგად იცის ასეთ დროს ხალხს როგორ დაეხმაროს. სწორედ მისგან შევიტყობთ, რა მოხდა სინამდვილეში და იყო თუ არა დაღუპვის საშიშროება.
კოტე მათითაშვილი: ათათურქის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით გვქონდა ფრენა. აფრენიდან 15 წუთში წრედი შეიკრა, გაჩნდა მეხი და დაარტყა თვითმფრინავს. დავინახე ძლიერი ელვა ფრთასთან, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ მოხდებოდა. ტურბულენტურ ზონაში მოვყევით და ხალხი აფორიაქდა. იყო ძლიერი წვიმა და ღრუბლიანობა, თვითმფრინავი საშინლად ძაგძაგებდა. ზოგს შეეშინდა, ზოგი ყვიროდა, ბევრს გულიც აერია. ერთ-ორ ადამიანს ისტერიკაც დაემართა, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი. ძალიან რთული მოვლენაა, როცა აკანკალებული ხმით მფრინავი გეუბნება, რომ რაღაც პრობლემაა. გაირკვა, რომ რაღაც დაზიანდა, რის გამოც თვითმფრინავი ვეღარ იღებდა სიმაღლეს. გვითხრეს, რომ სიტუაცია შეიცვალა და ტექნიკური მიზეზების გამო ფრენას ვეღარ გავაგრძელებდით. ბოლოს ისიც გაირკვა, რომ 80 პროცენტი იყო თვითმფრინავის ვარდნის საშიშროება. სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, არავინ დავშავებულვართ. მფრინავმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. სათითაოდ დაგვემშვიდობა ყველას, რადგან მან ყველაზე კარგად იცოდა, რაოდენ ცუდ დღეში ვიყავით. შემდეგი ფრენის მოლოდინში ყველა დამშვიდდა, 4 საათის შემდეგ გამოვფრინდით თბილისის მიმართულებით. ნეგატიური განწყობა მაქვს, ფრენა არ მიყვარს, მაგრამ, არ მქონია იმის შიში, რომ მეფიქრა, სიცოცხლე მთავრდება-მეთქი. ასეთი შემთხვევა, როცა შეიძლება ელვამ რამე დააზიანოს, ათასში ერთია. იშვიათად ხდება მსგავსი რამ. არც ჩემი ოჯახი ქმნის ამ მხრივ პანიკას. თბილისში რომ ჩამოვფრინდით, ჟურნალისტები დაგვხვდნენ და პირველი ინტერვიუ აიღეს ჩვენგან, გადარჩენილი მგზავრების სტატუსით.
– შეშინებულ მგზავრებს თქვენგან, როგორც ექიმისგან, დახმარება ხომ არ დასჭირდათ?
– ვარდნის მომენტი იყო მუდმივად, რაც დიდ აღელვებას იწვევდა მგზავრებში. ასეთ დროს არ შეიძლება ღვედის მოხსნა, რადგან დიდი შანსია, დაიმტვრე. ამიტომაც, არცერთი ბორტგამცილებელი არ ადგა. მიუხედავად იმისა, რომ შეშინებული ხალხი წყალს ითხოვდა. ჩემმა კოლეგამ აიღო ეს რისკი საკუთარ თავზე. მგზავრებთან მიდიოდა და ამშვიდებდა მათ. პირველადი დახმარებისთვის წამლები ადგილზე მქონდა. ზოგს გულის წამლებს ვაძლევდი, ზოგს მაჯას ვუსინჯავდი.
– თურქეთთან ექსტრემალური სიტუაციები გაკავშირებთ. როგორც ვიცი, შარშან ჩახვედით თუ არა სტამბოლში, ეგრევე სამხედრო გადატრიალების ეპიცენტრში აღმოჩნდით...
– სტამბოლში ჩავედი გადამღებ ჯგუფთან ერთად და რამდენიმე საათში ომი დაიწყო. ჟურნალისტის როლში აღმოვჩნდი, რადგან ბუნებრივია, შემთხვევის ადგილზე უცებ ჩამოსვლას ვერ მოასწრებდნენ. თითქმის ყველა არხზე პირდაპირ ჩართვებში ვიყავი და ხალხს ინფორმაციას ვაწვდიდი. მაშინ ნამდვილად მქონდა შიშის მომენტი, რადგან ძალიან ახლოს ვიყავი ბოსფორის ხიდთან, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ფანჯრიდან ვუყურებდით, როგორ ისროდნენ, როგორ მოძრაობდნენ ტანკები. რვა საათი გრძელდებოდა ეს საშინელება. ომის ეპიცენტრში აღმოვჩნდით, სადაც ყველანაირი იარაღით ისროდნენ. იქიდან გასროლილი ტყვია შეიძლებოდა, მოხვედროდა სასტუმროს ფანჯარას. დაცულები ამ მხრივ ნამდვილად არ ვიყავით. ომში არ მიმიღია მონაწილეობა, გარდა საქართველოში მომხდარი აგვისტოს ომისა. მაშინ ყველანი დაჭრილების გადარჩენას ვცდილობდით. სხვადასხვა საავადმყოფოში რა სიტუაცია იყო, ყველაფერს ვიგებდი. ბაქოდან ვბრუნდებოდი, ჩემს კოლეგასთან ერთად, როცა საზღვარი გადმოვკვეთეთ. მესაზღვრეები დაგხვდნენ, ქირურგები ჩამოვიდნენ, ჩქარა მანქანებიო და მაშინ მივხვდი, რომ სერიოზული ვითარება იყო ქვეყანაში.
– როგორც ჩანს, ხშირად გქონიათ ცხოვრებაში ისეთი მომენტები, რომ იტყვიან, სიკვდილს თვალებში ჩახედაო?
– ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდი ბრაზილიაში, ერთ-ერთი ფრენის დროს. ეკვატორის ზონაში ერთი პატარა ქალაქია, სადაც მუდმივად ქარია. თვითმფრინავის დაჯდომას დიდი ხანი დასჭირდა და მაშინ, მართლა ლამის ნერვიულობით მოვკვდი. ერთხელ ბაქოში, დაფრენისას, ძლიერი ქარი იყო. თვითმფრინავი კასპიის ზღვის მხრიდან შევიდა და ძლივს დაჯდა. მოკლედ, მფრინავმა იქაც გმირობა ჩაიდინა.
– ანუ, ხიფათიანი ხართ?
– ასე, გადაჭრით ვერ იტყვი, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, მე და ბატონმა საშა კალანტაროვმა გადავწყვიტეთ, თხილამურებზე დავმდგარიყავით. ორივე ქირურგები ვართ და კარგად ვიცით რისკები – ტრავმის მიღება ძალიან მძიმეა კარიერისთვის. მაგრამ, ორივე „გამოვძვერით” იმით, რომ, პირველ ჯერზე მუხლები ამოვიგდეთ (იცინის).
– ოჯახთან ერთად არ მოგზაურობთ ხოლმე?
– მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ერთხელ სამხრეთ იტალიაში ვიყავი ოჯახთან ერთად, სადაც დიდი ზოოპარკია. ცხოველები გარეთ არიან, დამთვალიერებლები კი მანქანებით შეჰყავთ. ლომები, ვეფხვები, ჟირაფები გარს გეხვევიან. ხელით ვაჭმევდი ხარებს, ბიზონებს, ჟირაფებს. დაახლოებით, ორი საათი ვიარეთ, ბილეთიც არ ღირდა იაფი. ისეთი სცენები იყო, წარმოიდგინეთ, ჟირაფი მანქანაში თავს რომ შემოგიყოფს, ლომი გვერდზე რომ „წაგეხახუნება”, ფაქტობრივად, მათთან ერთად მგზავრობ. როგორ შეიძლება, ეს კადრები არ შეინახო. ჩვენ კი თურმე ფოტოაპარატი დაგვრჩა. მეორე დღეს ისევ დავირაზმეთ და ფოტოაპარატით აღჭურვილები წავედით.
– ოჯახურ არდადეგებზე ვსაუბრობთ და აქვე გკითხავთ, ცოლი დიპლომატიურად არ გიპროტესტებთ ხშირ მოუცლელობას?
– ოჯახისთვის დრო ცოტა მრჩება, მაგრამ ამას არავინ მიპროტესტებს, მით უმეტეს, ცოლი. ჩემზე შვიდი წლით უმცროსია. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს, სამედიცინო თემებთან არ აქვს შეხება, ისევე, როგორც ჩემი ოჯახის წევრებიდან არავის ჰქონია ამ დარგთან კავშირი. პირველად, როდესაც გაცნობიერებულად გადავწყვიტე ექიმობა, ეს იყო იმ შემთხვევის შემდეგ, როცა ჩემს ძმას დასჭირდა ოპერაცია. მაშინ 10 წლის ვიყავი და იმ წამიდან განმივითარდა ექიმის ინსტინქტები და უკვე წლებია, ამ სფეროში ვარ. შემდეგ, გადაცემა „ექიმებში” მოვხვდი და მან შეცვალა ჩემი ცხოვრება ცნობადობის მხრივ – ქუჩაში ხალხი მიღიმის, რაც სიცოცხლეს მიხანგრძლივებს. მოკლედ რომ გითხრათ, ძირითადად, სამსახურში ვარ. ამიტომ, ოჯახში თითქმის ვერ მხედავენ. თუმცა, ამით ურთიერთობები არ იცვლება. ორი ბიჭი მყავს, ვცდილობ, მაქსიმალურად კარგი მამა ვიყო და ყველაფერი გავუკეთო შვილებს. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ შვილები თავად გაიზრდებიან. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩავერიო და ჩემი წვლილი შევიტანო.