№26 სად ეპარებოდა ღამღამობით საწოლიდან ციცინო კობიაშვილი ქმარს და როგორ ყიდის ის საკუთარი სხეულის ნაწილებს
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობისა და რეჟისორის, ციცინო კობიაშვილის შემოქმედებასა და მის მიერ განსახიერებულ სახასიათო როლებს, საზოგადოება კარგად იცნობს. თუმცა, ის რომ მას სახლში, ნამდვილი სამოთხე აქვს შექმნილი, ცოტამ თუ იცის. ის მსახიობ ჯაბა კილაძის დედა და ასევე, მსახიობ, თემო კილაძის ცოლია. რამდენიმე წელია, ქალბატონი ციცინო, ძველ ნივთებს მისტიკურ სიცოცხლეს უბრუნებს, ნახატები თეფშებზე გადააქვს და კაფელ-მეტლახზე, რომელიც წყალთან შეხებით არ ფუჭდება, ქმნის დეკორატიულ საპნებსა და საოცრად ლამაზ ზარდახშებს.
ციცინო კობიაშვილი:თითქმის ყველა ჩემს სპექტაკლს, მუსიკალურად მე ვაფორმებ. ამაში, მუსიკალური განათლება მეხმარება და მშობლებს ვუმადლი, რომ მაძალებდნენ მუსიკაზე სიარულს. ღმერთი მწყალობს, იღბლიანი ვარ, თუმცა, ვერ ვიტყვი, ფორტუნა, სულ თან დამყვება და რასაც ხელს მოვკიდებ, გამომდის-მეთქი. უფრო სწორად, ადვილად არა, ბევრი წვალების მერე, ყველაფერი გამომდის. ასე, იყო კარიერაშიც.
– მართალია, რომ თქვენს ქმარს არ უნდოდა მსახიობი ყოფილიყავით და ცდილობდა, დიასახლისობა, დედობა და კარგი ცოლობა ყოფილიყო თქვენი კარიერა?
– მართალია, არ უნდოდა ჩემს ქმარს ჩემი მსახიობობა. დიდი დრო დასჭირდა ამის შესაგუებლად. თავადაც ამ წრიდან იყო, მაგრამ, მაინც არ უნდოდა ჩემი სცენაზე დგომა. ჰოდა, ბედის ირონია – არ უნდოდა მსახიობი ცოლი და ახლა შერჩა მსახიობი შვილი და რეჟისორი ცოლი, რომლის სპექტაკლებშიც თავად თამაშობს (იცინის).
– ეს ჭირვეული ქმრის მორჯულება იყო?
– არა, ეს იყო ქართველი მამაკაცის პრეტენზიები – მე ცოლი სამზარეულოში გამიგიას პრინციპით (იცინის). ძალიან გვიყვარს ერთმანეთი მე და თემოს – ბევრი ვიჩხუბეთ, ბევრიც ვიკამათეთ და დღეს, ისევ ერთად ვართ. მახსოვს, სარეჟისოროზე რომ ჩავაბარე, ნახევარი წელი არ მელაპარაკებოდა. ფაქტობრივად, გაყრილები ვიყავით. ეს, უფრო მძიმედ გადაიტანა, ვიდრე ჩემი მსახიობობა. პირველი საკურსო რომ გავაკეთე და ნახა, მოეწონა და შემომირიგდა.
– არაჩვეულებრივი კულინარი, დიასახლისი, ცოლი და დედა ხართ. თუმცა, იმის გამო, რომ სახლში უამრავი მოხატულ-მოლამაზებული ნივთი გაქვთ და ეს ყველაფერი თქვენი ნახელავია, ცოტა არ იყოს, გავოცდი. ამის კეთება როდის ისწავლეთ და ეს ნიჭი, როდის აღმოაჩინეთ თქვენში?
– ვცდილობ, ძველ ნივთებს ახალი სიცოცხლე დავუბრუნო და გამომდის. დეკუპაჟის ხელოვნებით, წლების წინ დავინტერესდი, ანუ, სურათი გადაგყავს ნივთებზე, თეფშებზე და ასე შემდეგ. ინტერნეტში ვნახე და ვთქვი, ეს მეც უნდა ვცადო-მეთქი. ამის გამო, კინაღამ ოჯახი დამენგრა (იცინის). 36 წლის ოჯახი მაქვს და ჩემი ქმარი ეჭვიანობდა, საათობით რას ზიხარ კომპიუტერთან, ვის უყურებ და რას უსმენო (იცინის). მოკლედ, 3-4-საათიან მასტერკლასებს ჩავუჯექი და ერთ მშვენიერ დღეს, წავედი „ლარიანების“ მაღაზიაში. ვიყიდე გამჭირვალე თეფში, ჩემი მეგობრის, ნინო ჩაკვეტაძის – არაჩვეულებრივი მხატვრის, ბარათზე დაბეჭდილი ნახატი მქონდა და მისი გადატანა ვცადე. დავასველე, გავათხელე, გავფურცლე ნახატი, გადავიტანე თეფშზე და გამომივიდა. ამის მერე, აზარტში შევედი და დღეს, უამრავი ასეთი თეფში მაქვს სახლში და კიდევ უფრო მეტი, გაყიდულ-გაჩუქებული. ძირითადად, ღამით ვმუშაობ, ჩავიკეტები ოთახში და მუშაობის პროცესში ვერაფერს ვგრძნობ. დროის შეგრძნება ქრება, სხვა განზომილებაში გადავდივარ და თითქოს ასტრალში, კოსმოსში ვარ, რომ გადავირევი, შეიძლება, ორი დღე არ გამოვიდე ოთახიდან და ვიმუშაო. ინტერნეტით ვიწერ მასალებს და დღეს უკვე დავხვეწე თეფშების მოხატვა.
– არცერთი ნამუშევარი არ მეორდება, ყველა განსხვავებული და ინდივიდუალურია. მისი გაყიდვა არ გენანებათ?
– არ მენანება და ეს, ერთგვარი შემოსავალიცაა ჩემთვის. თეფშების მერე, სამზარეულოს დასაჭრელი დაფების მოხატვა დავიწყე. მერე სკამებსა და მაგიდაზე გადავედი, მერე ნაძვის ხის სათამაშოებზე, სააღდგომო კვერცხებზე, ზარდახშებზე და დღეს, ჩემი ახალი გატაცება, საპნებია. რაც მაინტერესებს, ყველაფერს ვცდი და იმდენად შევდივარ აზარტში, მთელ დროს მის კეთებას ვუნდები. მერე მბეზრდება და ახალ რაღაცას ვიწყებ, შემდეგ ისევ ძველს ვუბრუნდები და ასე... თავიდან, ბიჟუტერიის კეთება დავიწყე და ყველაფერს ვაწყობდი, ვშლიდი და ვაკეთებდი. მერე სკამს ვეცი, მერე – დაფებს, თეფშებს. მარტყოფში „დაჩა” გვაქვს და იქ გადავუარე მთელ ავეჯს (იცინის). სოფელში ვიპოვე ძველი უთო, ბებიაჩემის ბებიის ნაქონი, მოვხატე და იმდენად ლამაზი გამოვიდა, გამოფენაზეც მოხვდა და მისი ყიდვის ბევრი მსურველიც გამოჩნდა. უარი ვთქვი, რადგან ჩემი წინაპრების ნაქონი ნივთია და ასე მგონია, რომ გავალამაზე და გავაცოცხლე, მათი სულებიც ამ უთოში „ჩავამწყვდიე“. ეს ნამდვილად შეუფასებელი განძია ჩემთვის. ჩემი გაკეთებული ნივთებიდან, თითქოს მუსიკის ჰანგები მოდის, სურნელებას ვგრძნობ, არაამქვეყნიური, მისტიკური სიტყვები მესმის. ბევრის სახლშია ჩემი ნამუშევრები და ასე მგონია, მათ ბინებში, ჩემი სხეულის ნაწილები ინახება. როცა ვყიდი, მაშინ კი, ასე მგონია, ჩემი სხეულის ნაწილებს ვყიდი, მაგრამ არ მენანება. ყველა იმ გაჩუქებულ ნივთს ჩემი ნაწილი და აურა გაჰყვა. ახალ წელს ნაძვის ხე ისე მოვრთე ჩემი გაკეთებული სათამაშოებით, მის სანახავად მოდიოდნენ და გიჟდებოდნენ. ვცდილობ, ჩემს პატარა სახლში ყველაფერი გამოვფინო და მეხუმრებიან, ეს როგორი მუზეუმი მოიწყვე ბინაშიო. ყველაზე რთული თეფშების კეთებაა და ნამდვილად, სხვა სამყაროში თუ არ ვიმოგზაურე, ისე არაფერი გამოვა. ნიჭი არაფერ შუაშია, არანორმალურად ინტერესიანი თუ ხარ, ყველაფერი გამოგივა. კაფელებზე რომ დავიწყე ნახატების გაკეთება, ჩემს ნათესავსაც ვასწავლე და საკმაოდ კარგი ბიზნესიც ააწყო.
– დეკორატიული საპნების კეთება სად ისწავლეთ?
– ესეც ინტერნეტით. გამოვიწერე მასალა საიტიდან და ულამაზესი დეკორატიული საპნები მოვხარშე. ახლა, მინდა სურნელება და სხვა ეფექტებიც დავამატო, მერე შევფუთო და ჩემი ბრენდის ბიზნესი დავიწყო. ძალიან მომწონს საპონი, რომელშიც ემბრიონი მოვათავსე. სხვათა შორის, ეს დეკორატიული საპნები უსაფრთხოა და არ მენანება, როცა ხელს ვიბან და წყალს ვატან მას. თუ ბიზნესი დავიწყე, აუცილებლად მივაწერ ეტიკეტზე, რომ ეს საპნები უძვირფასესი მასალისგან, ხელით ნაკეთი, ბუნებრივი და უსაფრთხოა.
– კი, მაგრამ, მსახიობი და რეჟისორი ცოლი არ უნდოდა თქვენს ქმარს და ბიზნესლედის როგორ შეეგუება? ეს იდეა გაუმხილეთ მას?
– ეს მოსწონს და აღარ მებრძვის (იცინის). თავიდან ნერვიულობდა, მთელ დროს რომ ჩემს ნაკეთობებს ვუთმობდი. რამდენჯერ, ღამე გამიღვიძია, გავპარულვარ საწოლიდან და დილამდე მიმუშავია. თემოც ხვდებოდა, რომ აზარტში შევედი. მუშაობისას, მგონია, საკუთრი ტყავიდან გამოვდივარ და ნამდვილი გიჟი ვხვდები. ძალიან ემოციური ვარ და ყველაფერი მავიწყდება, როცა ამ საქმით ვარ დაკავებული. ართროზი მაქვს, დამიზიანდა თითები, მტკივა და მიჭირს რაიმეს დაჭერა, მაგრამ, როცა საპონს ვხარშავ, თეფშზე ნახატი გადამაქვს, ან ძველ ნივთს ახალ სიცოცხლეს ვძენ, ტკივილს ვერ ვგრძნობ და თითებიც მემორჩილება. თითქოს უფალმა გამომიგზავნა ეს საქმე ამ დაავადების დასამარცხებლად. ეს ნიშანია ზეციდან, რომ არ დავეცე და ყველა სიძნელე და დაავადება ამ საქმით გადავლახო. თან, სიამოვნება მივიღო და ჩემი შემოსავალიც მქონდეს.