№26 რატომ არის საქართველოში მსხვილი ბიზნესმონოპოლიების უმეტესობა აზერბაიჯანის მოქალაქეების ხელში და რატომ აქვს ბაქოს საქართველოს პატრონის ამბიცია
როგორც ირკვევა, საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების საწინააღმდეგო ჯგუფები იმყოფებიან და ზოგიერთ მათგანს საქართველოს მოქალაქე, მდიდარი ეთნიკური აზერბაიჯანელებიც აფინანსებენ, რომლებიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობენ. აფგან მუხთარლის საქმემ კი ისიც გვაჩვენა, რომ ილჰამ ალიევის ოპოზიციას არც დასავლეთის თანადგომა აკლია. იქცა თუ არა საქართველო აზერბაიჯანის ხელისუფლების ოპონენტების თავშესაფრად, როდიდან, რა მიზნით და ვისი ინტერესით, – ამ კითხვებზე პასუხების მიღებას მამუკა არეშიძისგან შევეცდებით.
– რა ტიპის ჯგუფები მუშაობენ საქართველოში ილჰამ ალიევის ხელისუფლების წინააღმდეგ და ვინ აფინანსებს მათ?
– ასეთი ჯგუფი აზერბაიჯანელებისა არის საქართველოში, უფრო ზუსტად, იყო ასეთი ჯგუფი, რადგან მათი დიდი ნაწილი მუხთარლის ამბის გამო, წავიდა და უკვე გერმანიაში არიან. ერთი პიროვნება ამა წლის მარტში გააძევეს ქვეყნიდან. გაძევება მძიმე ნათქვამია, მას მიეთითა, რომ უმჯობესი იქნებოდა, წასულიყო და ის დღეს გერმანიაშია. რთული სათქმელია, ვინ დარჩა, მაგრამ ასეთი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა.
– როდიდან?
– დაახლოებით, 2013-2014 წლებიდან.
– სპონტანურად აირჩიეს საქართველო?
– ეჭვი მეპარება, ეს სპონტანურად მომხდარიყო. როგორც თვითონ ამბობენ, აირჩიეს ქვეყანა, რომლის თავისუფლების ხარისხი იყო მაღალი და რომელიც მათი ქვეყნის მეზობლად მდებარეობდა, რაც, მათი აზრით, კომუნიკაციისთვის იყო მოსახერხებელი. რაც შეეხება მათი დაფინანსების წყაროებს: ჩემთვის ცნობილია, რომ ამ ჯგუფთან თანამშრომლობდა მოსკოვში მყოფი ზოგიერთი საკმაოდ შეძლებული ადამიანი, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილონი იყვნენ ალიევის ხელისუფლებით. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ისინი ფინანსებს იღებდნენ ზოგიერთი დასავლური ინსტიტუტისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომელთა ფილიალები თბილისშია.
– შეგვიძლია, დავასახელოთ?
– არ ვმალავ, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი, რომლებია. ყოველ შემთხვევაში, პრესაშიც დაიწერა და ისედაც ცნობილია, რომ საზღვართან, ეგრეთ წოდებულ მწვანე ზოლში, რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც თბილისიდან ჩასულმა აზერბაიჯანის მოქალაქემ ჩაიტანა ფული და იქ გადასცა ადამიანს, რომელიც საზღვრის იქიდან გადმოვიდა. გადამოწმების შემდეგ დადასტურდა, რომ მართლაც ყოფილა ეს შეხვედრა. ჩვენი საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა გაიკვირვა, რატომ არ აკონტროლებენ საზღვარს ჩვენი მესაზღვრეებიო. როგორ არ აკონტროლებენ, მაგრამ ჩვენი საზღვარი აზერბაიჯანთან არ არის ისე მოწყობილი, როგორიც იყო სსრკ-თურქეთის საზღვარი. იქ არის მოძრავი პატრული და თითოეულ მეტრში ადამიანს ვერ დააყენებ. ეს შეუძლებელია და მეორეც, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგიერთი სოფელი ისეა განლაგებული, რომ სახლში შეხვალ და უკანა ეზოთი აზერბაიჯანში გადახვალ. მაგალითად, გარდაბნის რაიონის სოფელი ვახტანგისი. ასე რომ, გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული მწვანე ზოლში შემოსვლა, მაგრამ ეს არ არის შეუძლებელი და ვერც იქნება.
– მოსკოვში ცხოვრობენ ალიევის პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანები, ასევე, შესაძლოა, ზოგიერთი დასავლური არასამთავრობოც აფინანსებდეს აზერბაიჯანულ ოპოზიციასო. შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები ალიევის წინააღმდეგ ერთმანეთს დაემთხვა?
– არა მგონია, ასე იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ბევრს არ მოსწონს არც რუსეთში და არც დასავლეთში, ოღონდ სხვადასხვა მიზეზით. ამიტომ რთულია, ვისაუბროთ ინტერესთა დამთხვევაზე. უბრალოდ, დასავლური ინსტიტუტები და რუსეთის შესაბამისი სტრუქტურები ამ საქმეში არ ითანამშრომლებენ, თუმცა ცხადია, რომ ერთსა და იმავე საქმეს ემსახურებიან.
– რუსეთს რას მისცემს ალიევის ჩამოშორება ხელისუფლებიდან?
– მოშორებაზე არც არის საუბარი, სავარაუდოდ, იგულისხმება აზერბაიჯანის ხელისუფლების დასუსტება. აზერბაიჯანის დღევანდელი ხელისუფლება, თავისი პოლიტიკით, გარკვეულ საფრთხეს უქმნის რუსულ ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში. მაგალითად, ყარაბაღის კონფლიქტის განახლება, დღევანდელი მონაცემებით, ძალიან მარტივია, იმიტომ რომ, აზერბაიჯანის ხელისუფლება ამაზეა ორიენტირებული, ანუ სამხედრო გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ამას მოწმობს აზერბაიჯანის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებისა და თავად ილჰამ ალიევის განცხადებები. რუსეთი შესაძლოა, დაინტერესებულია ყარაბაღის კონფლიქტის განახლებით, მაგრამ მაშინ, როცა მისთვის იქნება ხელსაყრელი და არა ისე, რომ ის აზერბაიჯანმა განაახლოს და აზერბაიჯანი იყოს დომინანტი. ამდენად, მათი ამოცანაა, ზოგადად, აზერბაიჯანის ხელისუფლების შესუსტება, რომ მას ჰქონდეს უფრო მეტი პრობლემა საკუთარ სამოქალაქო სექტორთან და მთელი ერი არ იყოს კონსოლიდირებული ერთი იდეის – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის – გარშემო.
– და დასავლეთი რას მიიღებს ალიევის, ზოგადად, აზერბაიჯანის ხელისუფლების დასუსტებით?
– ნუ ვიტყვით, დასავლეთს, იმიტომ რომ, დასავლეთიც არ არის ერთგვაროვანი. არსებობენ ინსტიტუტები, რომლებიც ორიენტირებულები არიან ნებისმიერ ქვეყანაში თავიანთი პრინციპებისა და იდეოლოგიის გასატარებლად – ადამიანის უფლებების საფარქვეშ თუ ამგვარი საკითხების კულისებში. ასე რომ, აზერბაიჯანის შემთხვევაშიც იგივე ხდება. გავიხსენოთ, როგორი ვითარება იყო და არის საქართველოში არასამთავრობოების აქტივობის მხრივ. იქაც იგივე ვითარებაა, თუმცა საქართველოში ინტეგრირებულია არასამთავრობოები, მათი იდეოლოგია და გარკვეული გამოცდილებაც არსებობს მათი განეიტრალებისა და მათი იდეოლოგიის არმიღების, აზერბაიჯანში კი ასე არ არის. აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა იქაურ საზოგადოებაში იმ იდეოლოგიის დანერგვა. გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ საკითხს აქვს მეორე მხარეც: თვითონ აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც ზედმეტი მოსდის. მაგალითად, რადიო „თავისუფლების” დახურვა არის უფრო საკუთარი სისუსტის დემონსტრირება, ვიდრე რაღაცასთან ბრძოლა. ისეთი ინსტიტუტი, როგორიცაა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, შემთხვევით არ იქმნება და მასში ფული შემთხვევით არ იხარჯება. ეს არის გარკვეული ქვეყნის ან გარკვეული იდეოლოგიის კონკრეტულ ქვეყანაში განმტკიცებაზე ორიენტირებული ორგანიზაციები და ფულიც ამ მიზნით იხარჯება. ამიტომაც არის, რომ ეს ორგანიზაციები თანმიმდევრულად მუშაობენ და „აწვებიან“, როგორც შეუძლიათ.
– საქართველოს ხელისუფლებასაც „მიაწვნენ“ მუხთარლის საქმის გამო.
– საქართველოს ხელისუფლება ამ საქმეში ცუდად გამოჩნდა, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე. არსებული ვერსიით, ადამიანი თბილისიდან გაიტაცეს. სხვა საკითხია, გაიტაცეს თუ არა, მაგრამ ამას მთავრობის წარმომადგენელთა საკმაოდ ჩამოუყალიბებელი შეფასებები მოჰყვა, რამაც აქცენტი გადაიტანა საქართველოს ხელისუფლებაზე და ეს ბუნებრივიცაა. ვიდრე არ გაირკვევა ყველაფერი, ვიდრე არ გაეცემა მკაფიო და ნათელი პასუხი ყველა კითხვას, მანამდე საქართველოს ხელისუფლება იქნება ამ ისტორიის მთავარი მონაწილე.
– ცოლი რომ ქმარს იცავს, ბუნებრივია და ისიც, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს არ აინტერესებს ჩემი ქვეყნის იმიჯი და შეუძლია, ცილიც დასწამოს, ოღონდ თავისი ქმარი გაამართლოს, მაგრამ მენიშნა, თუ როგორ ოპერატიულად ჩავიდა მუხთარლის ცოლი ევროპარლამენტში და უფრო ოპერატიულად შეხვდა ევროპარლამენტარებს. არადა, ჩვენ ვიცით, რომ ევროსტრუქტურები არ არის სწრაფი რეაგირების ადგილი.
– ლეილა ხანუმი ამ ორგანიზაციებისთვის შინაურია. ჩათვალეთ, რომ წინა დღით ისედაც იქ იყო და არაფერს ნიშნავს, თუ მეორე დღეს კამერებით მივიდა. ევროპარლამენტარებმა, ფაქტობრივად, თავისი თანამშრომელი მიიღეს კამერებთან ერთად. ცხადია, შტატიანი თანამშრომელი არ არის, ვგულისხმობ, გრანტულ ურთიერთობას. ცოტა ზედმეტი მოუვიდა მას საქართველოსთან მიმართებაში. მესმის, რომ შესაძლოა, აღელვებული იყო, მაგრამ ჯობია, ცოტა დელიკატურად ილაპარაკოს, რადგან, ასეა თუ ისე, გარკვეული დროის განმავლობაში, ის ამ ქვეყანამ შეიფარა.
– რატომ მისცა მან საკუთარ თავს ამდენის უფლება: მხოლოდ ცოლის ფაქტორის გამო?
– ერთია, ცოლის ფაქტორი და მეორე ის, რომ ძალიანაა ინტეგრირებული დასავლურ ორგანიზაციებთან და როდესაც ის ლაპარაკობს, ჩათვალეთ, რომ ზოგიერთი დასავლური ორგანიზაცია დგას მის უკან.
– მე არ ვიცი, მიიღო თუ არა მონაწილეობა ამაში საქართველოს სპეცსამსახურებმა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს სახელმწიფოს უნდა ენახა ხეირი. არადა დაზარალდა საქართველოს იმიჯი. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აზერბაიჯანისგან კომპენსაციის სახით მოვითხოვოთ ისეთი რამ, რაზეც ადრე არ გვთანხმდებოდა?
– არ არის შესაძლებელი, რადგან ეს ის თემა არ არის, რაც დააინტერესებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. მათ ზედმეტი ამბიცია აქვთ რიგ საკითხებში და ისინი მიიჩნევენ, რომ არიან საქართველოს პატრონი ეკონომიკურად. თუმცა, ეს ასე არ არის, რადგან არავის სჭირდება მათი გაზი და ნავთობი, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ გაიარა. ჩვენ ვართ მათი სრულფასოვანი პარტნიორები, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდმა ფულმა ბაქოს დაავიწყა ეს ამბავი. ძალიან დიდია შემოსავალი ენერგომატარებლებიდან.
– მერედა, საქართველოს ხელისუფლებას ვინ უშლის, გაახსენოს ბაქოს ეს ამბავი?
– საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, ეს ცნობიერება დაამკვიდროს ოფიციალური ბაქოს ტვინებში. მაგრამ იმდენია გაფუჭებული 9 წლის განმავლობაში, როდესაც „სოკარი“, ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი წარმმართველი ძალა გახდა და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის ნება, რომ 9 წლის ნამუშევრის 5 წელიწადში ამოგდება ძალიან რთულია. იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, მადა ჭამაში მოდის. ძალიან კარგად მახსოვს, როგორი მორიდებულები იყვნენ ედუარდ შევარდნაძის დროს აზერბაიჯანელი დიპლომატები, ეკონომისტები თუ ჩინოვნიკები, იგივე ვითარება იყო 9-წლიანი მმართველობის პერიოდის დასაწყისში, მაგრამ მერე, ნელ-ნელა თავს გავიდნენ და საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სერიოზული ძალისხმევის გაღება მოუწია, რომ მსხვილი ბიზნესების მონოპოლია დაეთმობინებინა აზერბაიჯანელებისთვის, მაგალითად, შაქრის, ამ დროს წინა მთავრობამ ჩააბარა ეს მიმართულება აზერბაიჯანელებს. ამის გაკეთება ერთ დღეში გამოიწვევს ექსცესებს, ასე ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება და ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ამის გაკეთებას. სხვა ხელის ერთი მოსმით გააკეთებდა, ოფიციალური თბილისი კი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის.
– შეიძლება, მუხთარლის საქმეს მოჰყვეს ევროკავშირის მიერ ჩვენთვის დაფინანსების შეწყვეტა?
– არ მგონია, ეს არ არის ასეთი დიდი ეპიზოდი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, თუ არაფერი იქნა გამოძიებული და კითხვებს პასუხი არ გაეცა, ვიღაც ხელზე დაიხვევს ამას და საქართველოსთვის წყლის შეყენებას მოინდომებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რა და როგორ მოხდა.
– და თუ ისე მოხდა, როგორც ჩვენთვის არ არის ხელსაყრელი?
– ჯერ ერთი, იციან, როგორ მოხდა, მაგრამ ამას დადასტურება სჭირდება. დაზუსტებით ვიცი, რომ ამაში ჩართულები არ ყოფილან ხელისუფლების უმაღლესი პირები, მაგრამ მით უფრო სამარცხვინოა ქვეყნისთვის, თუ მეორე და მესამე კატეგორიის ადამიანები იყვნენ ჩართულები: მაგალითად, შსს-ს მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლები. ხელისუფლებას ყოველთვის შეუძლია, ისე გააშუქოს ეს მოვლენა, რომ ქვეყნის პრესტიჟს ჩრდილი არ მიადგეს.
– ანუ მოუწევთ ვიღაცეების შეწირვა?
– უნდა მოხდეს პოლიტიკური ნების დემონსტრირება, მათ შორის, სიმართლის აღდგენის თვალსაზრისითაც.