№26 „სად წაიყვან სადაურსა“
ანუ საქართველო-უკრაინა-ტანზანია
განა იმიტომ, რომ დიდი კომბინატორია, მხოლოდ და მხოლოდ, იმ სავარაუდო მიზეზით, რომ დიდი დემოკრატია, ჯერ მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობა დათმო (რაკი სხვა ქვეყნისა მიიღო, აქაური ჩამოერთვა) უკრაინაში დემოკრატიის დასამკვიდრებლად (და საქართველოს პრეზიდენტობიდან ოდესის გუბერნატორობამდე ჩამოლაბორანტდა), აწ კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისაა გამორიცხული, მიხეილ სააკაშვილი ტანზანიის საპატიო მოქალაქედ მოგვევლინოს (პიოტრ პოროშენკო უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევასაც უპირებსო).
კერძოდ, თავადვე გვაუწყა, რომ 22 ივნისს ორი მოწვევა მიუღია: ერთი ტანზანიიდან (კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად), მეორეც – ბრიუსელიდან, ევროპის სახალხო პარტიის მიწვევით (სამიტში მონაწილეობის მისაღებად). ხოლო, რაკი გვარწმუნებს, რომ ბრიუსელიდან დაბრუნებულს უკრაინაში აღარ შეუშვებდნენ (პოროშენკო აპირებს, ჩამომართვას უკრაინის მოქალაქეობაო), ამიტომაც გეზი ტანზანიისკენ აუღია.
ზედაც, უკრაინის პრეზიდენტს შეუთვალა, რომ მშობლიურ კიევში მაინც დაბრუნდება (თუმცა ცოტა არალოგიკურია, თუ ბრიუსელიდან ჩასულს აღარ შეუშვებდა, ვითომ ტანზანიამოვლილს გაშლილი ხელებით შეეგებება?!).
ასეა თუ ისე, ტანზანიაში უკვე შეხვედრია ვიცე-პრეზიდენტ სამია ჰასანსა და მინისტრებს და, როგორც თავად ამბობს, მათთვის კორუფციასთან ბრძოლის რეცეპტებიც გაუზიარებია.
ჩვენ არ ვიცით, რატომ ჩაირბინა ტანმსხვილმა შავმა კატამ სააკაშვილ-პოროშენკოს შორის, თუმცა, თუ ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალის მოქალაქეობრივ-პოლიტიკური მოძრაობის ტრაექტორიას გავიხსენებთ, არც ისაა გამორიცხული, აფრიკის პოლიტიკოს-მისიონერის ამპლუაც მოსინჯოს. –