№26 არაადეკვატურობა კლავს
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და საკონსტიტუციო ცვლილებები?!
ამ ჩვენმა პარლამენტმა უკვე დაიწყო საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა (არადა ლამის ცაზე ვარსკვლავები ვერ დაითვალო და მიწაზე – საქართველოს კონსტიტუციაში დღიდან მისი მიღებისა დღემდე შეტანილი ცვლილებები) და საქმესაც ისეთი პირი უჩანს, რომ კიდეც დამტკიცდება.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ საკონსტიტუციო მონარქიის იდეის განხილვაც გვაქვს გუმანში, ადრე თუ გვიან, არც ისაა გამორიცხული, ის დროც დადგეს, ცაზე დაითვალონ ვარსკვლავები, ზღვაშიც – ქვიშა, მაგრამ აი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები კი – ისევ ვერა და ვერა.
ასეა თუ ისე, უფრო ზუსტად, ასე იქნება თუ ისე, უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ კონსტიტუციაში სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის ასახვა მოითხოვა.
კერძოდ, განაცხადა, რომ, რაკი დემოგრაფიული მდგომარეობა ტერიტორიული მთლიანობის შემდეგ ყველაზე დიდი ეროვნული პრობლემაა, კონსტიტუციაში აისახოს სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკა, თუნდაც მე-5 თავში შემდეგი ფორმულირებით: „სახელმწიფო ზრუნავს ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებაზე და ამისთვის ქმნის ყველა შესაძლო პირობას.“
ჩვენ ჯერჯერობთი არ ვიცით, დათანხმდებიან თუ არა დეპუტატები კოლეგის ინიციატივას, თუმცა ქართულ სოციალურ ქსელში უკვე დიდი ჟრიამული გამოიწვია (პათოსით: მთავრობა სქესობრივ ცხოვრებას გვაიძულებსო) და მერე რა, რომ იგულისხმება ქალის, დედისა და ბავშვის უფლებების დაცვა, რაც გარანტირებულადაა უზრუნველყოფილი დასავლური კანონმდებლობებით.
ეს ჟრიამული კი ადასტურებს, რომ არა მხოლოდ აბორტი, არაადეკვატურობაც კლავს. – …