№26 „ძირს მეფე“?!
ანუ ბოლშევიზმის დაღი
ამ ჩვენს ქვეყანაში ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა პატრიარქის მიერ საკონსტიტუციო მონარქიის საჭიროებაზე გამოთქმულ აზრს, რომ ცხადი შეიქნა: საბჭოთა მემკვიდრეობა კვლავ ცოცხალია (და, როგორც ჩანს, არათუ არ მომკვდარა, არც კი ჩაუთვლიმავს. არა, ვინაიდან ისეთი პათოსით აიტაცეს ბოლშევიკური ლოზუნგი: „ძირს მეფე“, გაჩნდა ეჭვი, რომ კედელთანაც სიამოვნებით დააყენებდნენ ბაგრატიონთა დინასტიის ყველა ჩამომავალს).
და თუმცა რთული სათქმელია, რამ გამოიწვია ასეთი აგრესია მშობლიური სამეფო დინასტიის მიმართ ან რა დაუშავეს მათ ეგზომ უპატიებელი, კიდევ ერთხელ გახდა ნათელი, რომ ჩვენში რაციონალურ აზროვნებას (ანუ იმის განხილვას არგუმენტებით, საკონსტიტუციო მონარქია ჯობია თუ მაინც საპარლამენტო რესპუბლიკა) კვლავ „ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა“ ვამჯობინეთ.
ამასობაში კი თემა სომხურმა მედიამაც აიტაცა (ან კი როგორ არ აიტაცებდა, როდესაც სრულიად კავკასიაში მხოლოდ საქართველოს სამეფო დინასტია არსებობს?!), მომყავს ციტატა: „მეზობელ ქვეყანაში (იგულისხმება საქართველო) დაწყებულ საინტერესო პროცესებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რაღაც-რაღაცეების შეცვლა შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: თუ საკონსტიტუციო მონარქია საქართველოში რეალურად განხორციელდება, მაშინ როგორ აისახება ეს ყველაფერი იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე? ვინმე ხომ არ ისარგებლებს ამით თბილისში და სომხეთს პრეტენზიებს ხომ არ წამოუყენებს ჩრდილოეთ პროვინციების შესახებ, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა? ეს ის საკითხებია, რომელთა პასუხზე უკვე დღეს უნდა ვიფიქროთ.“
ანუ ჩვენი მეზობლებიც კი სახვალიო კითხვებზე გასაცემ პასუხებზე ფიქრობენ, მაშინ, როდესაც საკუთრივ ჩვენ, მხოლოდ ენის ქავილითა და გულის ფხანით ვკლავთ მზის ქვეშ გამოყოფილ დროს?! –