№26 ტარისა და ყარის კომბინაცია
ანუ ასოთა თამაშს აყოლილები
თუკი ჩვენ საკუთარ დედებს ვაგინებთ („ჩემი დედა…“ ლამის გამარჯობის საპირწონე გახდა), ოკუპანტ რუსეთში, ძირითადად, სხვების დედებს აგინებენ (არადა, ერთ დროს გაკვირვებულებიც კი ვიყავით, რამდენს იგინებიანო, თუმცა უკვე ყველას გავასწარით და თვით საჯაროდაც გვსიამოვნებს ასოთა თამაში, ტარისა და ყარის კომბინაცია მაქვს მხედველობაში).
ხოლო, რაკი ყველას თავისი თამაში და ასონი გასჭირვებია, რფ-ის „დუმის“ კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია კანონპროექტს, რომელიც ამკაცრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას წვრილმანი ხულიგნობის გამო, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, უცენზურო გამონათქვამებისთვის – არა მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, არამედ ოჯახებშიც.
ჯარიმები ორმაგდება, ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე იგულისხმება, ხოლო სავალდებულო სამუშაო – 40 საათამდე.
ცხადია, რომ ეს რფ-ის შიდა საქმეა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პრობლემა ჩვენთვისაც აქტუალურია, ან კი როგორ არ იქნება, როდესაც უცენზუროდ არა მხოლოდ ლაპარაკი, წერა-კითხვაც მოდური ხდება (და მერე რა, რომ კოკასა შიგან რაცა დგას… ანუ რაც შიგთავსია, ის მზეურდება).
თუ გავიხსენებთ, რომ ენობრივი სივრცე აყალიბებს აზროვნებას (თუ ენა დაბინძურებულია, აზროვნებაც შესაბამისია), ხოლო, მეორე მხრივ, უწმაწური სიტყვების ხმამაღლა თქმა ერთგვარი ინფანტილიზმია, გასაგები ხდება, რა შეიძლება, იყოს ჩვენივე არაადეკვატურობის საფუძველი. – …