№26 როგორ დააკლებინა სიყვარულმა საგრძნობლად წონაში ნატუკა გულისაშვილს
მსახიობი ნატუკა გულისაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უმუშევარია, პრობლემებზეც კი ხალისიანად და ღიმილით ყვება და იმედს არ კარგავს. იმაზე კი, როგორ მოქმედებს მასზე სიყვარულის გრძნობა, რატომ ვერ გახდა „ბურდას“ ქალი და როგორ ებრძვის ზედმეტ წონას, თავად გვესაუბრება.
ნატუკა გულისაშვილი: მჭამელი ბავშვი არ ვყოფილვარ, თუმცა ძალიან ფუშფუშა ვიყავი. რვა თვის ასაკში 16 კილოს ვიწონიდი. ჩემს ბავშვობაში, მიიჩნევდნენ – ბავშვი თუ არის ფუმფულა და ნაკეცებიანი, ესე იგი, ჯანმრთელია. თუ მე არ ვჭამდი, დედაჩემიც შიმშილობდა და იძულებული ვიყავი, მინდოდა თუ არა, პირი ღია მქონოდა. ბაღში რომ შევდიოდი, ბორშჩის და ცხიმის სუნი იდგა კორიდორში და იქ ვერაფერს ვიტანდი, გარდა კარაქიანი პურის და კაკაოსი. ამიტომ, დილით კარგად მაჭმევდნენ სახლში და ისე მიშვებდნენ. ასე რომ, ჩემი ბავშვობა სუნით მახსოვს (იცინის). სკოლის „კორჟიკზე” და კატლეტზე, რომელშიც ხორცზე მეტი პური იყო, ვგიჟდებოდი. სახლში გაკეთებული კატლეტის დანახვა არ მინდოდა. ტალონით ხელში გავრბოდი სკოლის ბუფეტში, რომ პურის ხრაშუნა კატლეტები მეჭამა. იმაზე ტვინი მეკეტებოდა. ასე რომ, გემრიელი, ფუშფუშა, ჩასაკვნეტი ბავშვი ვიყავი.
– როდის მიხვდი, რომ აუცილებელია ფორმაში ჩადგომა და ზედმეტი კილოგრამების დაკლება?
– სკოლას რომ ვამთავრებდი, გადავწყვიტე, „ბურდას“ ქალი გავმხდარიყავი. იმ პერიოდში გამოდიოდა ჟურნალი „ბურდა“ და რომ ვათვალიერებდი, იმდენად მომწონდა იქ დაბეჭდილი ლამაზად ჩაცმული, ტან-ფეხიანი ქალები, ვიფიქრე, მეც ასეთი უნდა გავხდე-მეთქი. მოკლედ, ორ მეგობართან ერთად, დავდეთ ხელწერილი, რომ სამ თვეში გავხდებოდით „ბურდას“ ქალები. ამოვჭერით ჟურნალიდან ის ქალები, რომელიც გვინდოდა გავმხდარიყავით და ჩავაკარით ხელწერილში. მართალია, „ბურდას“ ქალები ვერ გავხდით, მაგრამ ხომ ვცადეთ (იცინის). იმ დროს დიეტები არ იყო მოდაში და გადავწყვიტეთ, საწუწნი კანფეტებითა და ქუჩაში მდგარი გაზიანი წყლებით დაგვეკლო. ჩემი სახლის წინ იდგა გაზიანი წყლის აპარატი. ერთი ჭიქა სამი კაპიკი ღირდა და იმით ვიჭყიპებოდით, გვერდით კი, საფუნთუშე იყო და საწუწნ კანფეტებსა და „ბუბლიკებს” ვყიდულობდით. ამ დიეტაზე ვიჯექით სამი დღე და მივხვდით, „ბუბლიკებისა” და საწუწნი კანფეტების დიეტამ არ იმოქმედა, არ დაგვაკლებინა და მივხვდით, „ბურდას“ ქალები ვერ გამოვიდოდით. სამაგიეროდ, მაშინ შემიყვარდა ერთი ბიჭი და იმ განცდების გამო, საგრძნობლად დავიკელი. სიყვარულმა მადა დამაკარგვინა, საგრძლობლად დამაკლებინა და ფორმაშიც ჩავდექი. ასე რომ, სიყვარული ჩემთვის ყველაზე კარგი დასაკლები საშუალებაა (იცინის). ყველაზე დიდი წონა ვიყავი ფეხმძიმობის პერიოდში, 110 კილო. სამშობიაროში დავტოვე 15 კილო და მერე ისევ მოვიმატე – შედედებული რძიანი ჩაის და ქერის გამო. გაფუების პირველი წამალია, მაგრამ მეუბნებოდნენ, თუ გინდა, შვილი ბუნებრივად გამოკვებო, ეს უნდა მიირთვაო. არ მიყვარს, როცა ქალი აჩენს შვილს და ფუვდება, ფორმას კარგავს, მაგრამ ზუსტად ასე დამემართა. მივხდი, სისულელეს ვაკეთებდი და სწორი კვებით და ჩემი შვილის გადამკიდე, უძილო ღამეებით, შევძელი წონის დაკლება. სამ თვეში ოცი კილო დავიკელი.
– დავიჯერო, ყურმოკრული დიეტები არ დაგიცვია და ამის გამო, ჯანმრთელობის პრობლემები არ შეგქმნია?
– ყურმოკრულ დიეტებზე არ ვმჯდარვარ. შიმშილის რეჟიმში ვერ ვიქნები, არ შემიძლია. მხოლოდ გამოხდილ წყალსა და ვაშლზე ვერ „შევჯდები“. რასაკვირველია, ვიყავი ისეთ დიეტებზე, როცა ვშიმშილობდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემა არ შემქმნია. სხვათა შორის, ჯანმრთელობის გამო, ვშიმშილობდი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და კურიოზი დამემართა. მოკლედ, ოთხი დღე, მხოლოდ გამოხდილ წყალს ვსვამდი. მეოთხე დღეს, წამოწოლილი ვარ და ვიგრძენი, როგორ მეხვევა თავბრუ, შემაქანა, ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს და მაქანავებს. ვიფიქრე, შიმშილის გამო, მგონი, ამქვეყნიდან მივდივარ-მეთქი და თურმე, მიწისძვრა ყოფილა (იცინის). გულისწასვლამდე არასდროს მიდიეტია. თუ დიეტას ვიცავ, ცუდ განწყობაზე ვარ. ამიტომ, ორგანიზმს არასდროს ვაყენებ სტრესში. თუ მინდა ნამცხვარი, აუცილებლად შევჭამ, ოღონდ ცოტას. მაგრამ, თუ ჭამა ამიკრძალეთ, აუცილებლად ცუდ ხასიათზე დავდგები.
– ესე იგი, კუჭის მოტყუება შეგიძლია?
– კუჭის არა, მაგრამ ტვინის მოტყუება შემიძლია (იცინის). თუ მშია, წვნიანით მოვატყუებ კუჭს თუ ხინკლით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, ტვინის „ჩაკეტვა“ ვისწავლე. ჩემი ორგანიზმი თვითონ მკარნახობს, რა და როდის მივირთვა. ხარბი ვარ, მიყვარს სუფრაზე მრავალფეროვნება. ამიტომ, ასეთი რამ შევიმუშავე, პატარა ზომის თეფშს ვიდებ წინ და ცოტ-ცოტა ულუფებს ვიღებ. ახლა კი, სამსახური არ მაქვს, უმუშევარი ვარ და ამ სტრესებმა, თავისთავად დამაკლებინა. „იმედის დილა“ დაიხურა, სადაც მთელი ოთხი წელი ჩემთვის ის გემრიელობების კეთებით იწყებოდა. „ბულანჟერეაც“ დავკეტეთ, სადაც საოცარ ფუნთუშებს და გემრიელობებს ვაკეთებდით. ახლა სამსახურის ძიებაში ვარ. ეს, თავისთავად, დიდი სტრესია და მოქმედებს ჩემს წონაზე. ზოგადად, სტრესის ფონზე მადა მემატება, ახლა კი პირველადაა, რომ გადამეკეტა და ვხუმრობ, „იმედის“ უმუშევრობის დიეტამ შედეგი გამოიღო, შვიდი კილო დავიკელი-მეთქი. ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი მქონდა. მართალია, პროფესიით მსახიობი ვარ, მაგრამ გაჭირვებამ მრავალპროფილიანი გამხადა – ტელევიზიაში მისვლამდე, გამახსნევინა პირველი „მეორადები“, მერე საჩუქრების მაღაზია, „ბულანჟერეა“ და მიმაჩნია, რომ ბიზნესის კარგი ალღო მაქვს, უბრალოდ, არ მიმართლებს.
– ყოფილა ისეთი მომენტი, მოგწონებია კაბა ან შარვალი და იმის ხათრით დაგიკლია, რომ ჩატეულიყავი და ტანზე მოგერგო?
– შარვლის და კაბის გამო არ დამიკლია, რადგან ქვედა ტანი გამხდარი მაქვს, მკერდი კი დიდი და ისე ვერ დავიკლებ, მკერდის ზომა მოვიკლო და ჩავეტიო. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, ტანსაცმელი შემომრღვევია, შარვალი დაწოლილი ჩამიცვია და ისე ამწყდარა ღილი, კიდევ კარგი, წინ ვინმე არ იდგა, თორემ თვალს გამოვთხრიდი. ზოგადად, ისეთი აღნაგობა მაქვს, ძალიან სიგამხდრე არც მომიხდება. არ ეწყინოს ზოგ-ზოგიერთებს, მაგრამ ზედმეტად გამხდარი ქალები არ მომწონს, ცოტა ხორცი უნდა ჰქონდეს. მე გემრიელი ქალები მომწონს, თორემ, ხომ იცით, ცარიელ ძვლებს, ძაღლებიც არ ეტანებიან. არასდროს ვყოფილვარ ძალიან გამხდარი. ყველაზე ცოტა, 67 კილო ვიყავი. ჩემი მკერდის ზომის, სიმაღლისა და აღნაგობის გამო, ძალიან გამხდარი და უხორცო, სასაცილო ვიქნები. ახლა კი, ათი კილოც რომ დავიკლო, არ ვიქნები ურიგო (იცინის). ყოველ დილას, სარკესთან ვდგები და სახის მოყვანილობით ვხვდები, გავსუქდი თუ – არა. ჩემი სასწორი სარკეა, რომელიც არასდროს ტყუის.