კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 ვინ არის ქართველი გოგონა, რომელსაც 27 წლის მამაკაცის გული გადაუნერგეს და რა ტრაგედია გადახდა მის ოჯახს

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე


 13 წლის ქეთი ქარუმიძემ 8 ივნისს ახალი სიცოცხლე დაიწყო. მას ბელორუსიაში გულის ტრანსპლანტაციის, იგივე გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. პატარა ქეთის ცხოვრებამ მეორედ დაბადების შანსი მისცა. საბედნიეროდ, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და გოგონა ახლა თავს კარგად გრძნობს. მისი დონორი 27 წლის ბელარუსი ბიჭი აღმოჩნდა... ვიდრე ამ ისტორიას კეთილი დასასრული ექნებოდა, როგორც ქეთიმ, ასევე მისმა ოჯახმაც ძალიან რთული პერიოდი გაიარა. რამდენიმე წლის წინ დებს - მარიამსა და ქეთის, ექიმებმა ზუსტად ერთნაირი დიაგნოზი დაუსვეს: რესტრიქციული კარდიომოპათია. დაავადების წარმოშობის შესახებ მედიცინაში არანაირი ცნობა არ მოიპოვება, მხოლოდ ვარაუდები არსებობს. მისი განკურნების გზა და ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება მარტო გულის გადანერგვითაა შესაძლებელი. სამწუხაროდ, მარიამის ორგანიზმმა ამ ყოველივეს ვერ გაუძლო და 15 წლის ასაკში გარდაიცვალა... მიუხედავად იმისა, რომ გოგონების მშობლებს თავს დიდი ტრაგედია დაატყდა, ისინი განსაცდელს არ დანებდნენ და ყველაფერი გააკეთეს ქეთის გამოსაჯანმრთელებლად. დები ქარუმიძეების  ისტორია, გოგონების დედამ, ქალბატონმა
თამარ მჭედლიშვილმა გვიამბო.

– ქალბატონო თამარ, როდის მიხვდით, რომ გოგონებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ?
– ბავშვებს დაბადებისას არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, იზრდებოდნენ და ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. როცა წამოიზარდნენ, მარიამი 11 წლის იყო, ხოლო ქეთი 8-ის, ცეკვაზე შევიყვანეთ. ვარჯიშის დროს მარიამი მალე იღლებოდა და ტუჩები ულურჯდებოდა. მასწავლებელმა მთხოვა, იქნებ ექიმს გაესაუბროთ, ცეკვის დროს ცუდად არ გამიხდეს ბავშვიო. მაშინ, გავიარეთ კონსულტაცია კარდიოლოგთან და აღმოჩნდა, რომ ეს დაავადება ჰქონდა ჩამოყალიბებული. ექიმმა გვითხრა, მეორე თუ გყავთ, მასაც გავსინჯავო. ასე მივიყვანეთ ქეთო ექიმთან, რომელსაც საერთოდ არაფერი ეტყობოდა გარეგნულად. თუმცა, აღმოაჩნდა იგივე დაავადება. ეს დაავადება მსოფლიოში შეუსწავლელია. არ იციან, საიდან ჩნდება და მხოლოდ გულის გადანერგვაა გამოსავალი, სხვა მკურნალობას არ ექვემდებარება. თავიდან მარიამს არ ჰქონდა ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორიც ქეთის. მარიამთან შედარებით მას უფრო მეტი სითხე ჩაუდგა ფილტვებსა და მუცელში. ამის გამო, ქეთის მუცელი ეზრდებოდა და დეკემბრიდან აპრილამდე „იაშვილში” ოთხჯერ მოგვიწია ბავშვის დაწვენა.  შემდეგ, მარიამის ეს ამბავი რომ მოხდა, უცებ გაიხსნა გზა. ჩვენ მანამდედაც გვქონდა კავშირი ბელორუსიასთან, მაგრამ ბავშვები რომ პატარები იყვნენ, ასე მარტივი არ იყო დონორის შერჩევა. ამიტომ 2 წლის წინ ამ ოპერაციაზე უარი გვითხრეს. ახლა უკვე სხვა გზა  აღარ გვქონდა, ისევ დავუკავშირდით და დაგვთანხმდნენ. ქეთოს ხუთი დღე უტარებდნენ გამოკვლევებს და შემდეგ ჩაწერეს სიაში, სადაც ხალხი დონორს ელოდებოდა.  ჩვენდა საბედნიეროდ, 3 კვირაში გამოჩნდა დონორი და გავუკეთეთ გულის გადანერგვის ოპერაცია.  
– როგორ ჩაიარა ოპერაციამ?
– ძალიან კარგად, ზედმეტი გართულებების გარეშე. ოპერაცია 6 საათი გაგრძელდა. გვეგონა, უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, მაგრამ, ყველაფერი კარგად წარიმართა. თავად პროფესორიც კმაყოფილი დარჩა. საკმაოდ რთული ოპერაცია იყო. პროფესორი წინასწარ დამელაპარაკა და მითხრა, ყველაფერია მოსალოდნელიო. ქეთის სისხლის ჯგუფი და ზომაც პრობლემა იყო. მართალია, 13 წლისაა, მაგრამ  დაავადება ხელს უშლის მის ფიზიკურ განვითარებას. ამიტომ, 7 წლის ბავშვს ჰგავს. ასევე, დაზიანებული ჰქონდა ფილტვები, თირკმელები, ღვიძლი.
– ახლა როგორ გრძნობს თავს?
– კარგად არის. მე-9 დღეს უკვე ფეხზეც დადიოდა. ექიმები აღფრთოვანებულები იყვნენ და მეუბნებოდნენ, ნამდვილად არ ველოდებოდით  ასეთ წინსვლასო. დღეს ისევ მკურნალობას გადის და ჯერ ისევ რეანიმაციაშია. პატარაა და იმ წამლებს, რაც ესაჭიროება, ნელ-ნელა იღებს ორგანიზმი. რამდენიმე დღეში, უკვე პალატაშიც გადაიყვანენ.
– როგორც გავიგეთ, დონორი ბელარუსი ბიჭი იყო.

დიახ, დონორი 27 წლის ახალგაზრდა გახლდათ, რომელსაც ინსულტი დაემართა. ზოგადად, დონორობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია სისხლის ჯგუფი და ზომა, სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ქეთის მეოთხე ჯგუფის სისხლი აქვს, რომელიც ძალიან იშვიათია. პროფესორმა გვითხრა, მაგას რომ დაველოდოთ, წლები შეიძლება, გავიდეს და ქეთიმ ვერც კი მიაღწიოს იქამდეო. ყველაზე თავსებადი მისთვის პირველი ჯგუფის სისხლი აღმოჩნდა, რაც ამ ბიჭს ჰქონდა. ოპერაცია ერთია, მაგრამ მისი შემდგომი პერიოდიც გარკვეულ სირთულეებს მოიცავს. უპირველესია, როგორ აიტანს და შეითავსებს ორგანიზმი ახალ ორგანოს. გულს, როგორც ნებისმიერ სხვა ახალ ორგანოს, ორგანიზმი აღიქვამს უცხო სხეულად და  მის მოშორებას ცდილობს. ამაზე მიდის ახლა მკურნალობა, რომ არ მოხდეს მოშორება და შეხორცდეს ორგანიზმთან. საბედნიეროდ, ცუდი არაფერი გამოვლენილა. როგორც ექიმმა გვითხრა, ძალიან კარგია, როცა ასეთ პატარა ასაკში ხდება გადანერგვა. ბავშვი მოზარდია და გულის შეთავსების შემდეგ, ორივე ერთად განაგრძობს ზრდას, როგორც საკუთარი სხეული.
– გენეტიკური ფაქტორი ხომ არ იყო, ორივეს ერთი დაავადება რომ აღმოაჩნდა?
რომ გავიკითხეთ, როგორც ჩემს წინაპრებში, ასევე მათი მამისაში, მსგავსი რამ არ ყოფილა. ვერსიები აქვთ ექიმებს, თუმცა დასაბუთებული არაფერია. მსოფლიოში, მხოლოდ საფრანგეთში მუშაობენ ამ დაავადებაზე, რომ იქნებ, რაიმე შეისწავლონ.  ვერსიის დონეზე იყო მოსაზრება, რომ ორი გენის გაერთიანების შედეგად, რაღაც მოხდა, თუმცა დადასტურებული არაფერია.  გერმანიაშიც რომ გავაგზავნეთ ანალიზები და ექოსკოპიის ვიდეოჩანაწერი,  დიაგნოზი 100 პროცენტით სწორად იყო დასმული. მსოფლიოში, ამ ასაკში მსგავსი დაავადება ჯერ არ ყოფილა გამოვლენილი. უფრო ასაკოვან ხალხში იჩენს თავს და ისიც იშვიათად.
– მარიამის შემთხვევაში, რა მოხდა?
დაახლოებით 2 წლის წინ, მარიამმა ახალი დაავადება შეიძინა – თრომბოციტოპენია, იგივე სისხლის გათხელება. „იაშვილში” ამის მიზეზიც ვერ დაადგინეს. მერე ივარაუდეს, რომ ესეც გულის გამო იქნებოდა გამოწვეული. გულს რომ უჭირს მუშაობა, ამან გამოიწვია სისხლის გათხელებაო. ჩვენ გაკვეთა არ გაგვიკეთებია და ვერ გეტყვით ზუსტ მიზეზს. ყოველ შემთხვევაში, ბოლოს ამ თრომბოციტოპენიაზე ვმკურნალობდით. მედიკამენტების მიღების შემდეგ, უცებ უსქელდებოდა სისხლი და ვეღარ შეძლო ორგანიზმმა ტვინისთვის მიწოდება. დაეკარგა გონება და ექიმებმა ბავშვი გონზე ვეღარ მოიყვანეს. ამ დროს კლინიკაში ვიწექით. მარიამი ყოველთვის ქეთის პატრონი იყო – სულ სხვანაირი, მოღიმარი და ხალისიანი. კოლეჯში სწავლობდა სამედიცინოზე. ოქროს მედლის კანდიდატი იყო და ბევრი გეგმა ჰქონდა სამომავლოდ...
– ქეთიმ იცოდა, რისი ოპერაციაც სჭირდებოდა?
– კი, რა თქმა უნდა, თავიდანვე იცოდა ორივემ. აქაც რომ ჩამოვედით, პროფესორმა, რომელმაც ოპერაცია გააკეთა, მაშინვე ეგ მკითხა, ბავშვმა თუ იცის, რისთვის არის აქო. ჩვენ არასოდეს გვითქვამს ბავშვებისთვის, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ხანმოკლე იყო და ყველანაირად ვცდილობდით, დავხმარებოდით. ვეუბნებოდით, რომ საჭირო იყო გულის გადანერგვა, რადგან ახალი, თავისუფალი სიცოცხლე დაეწყოთ. მარიამის ამბის  შემდეგ ქეთიმ ძალიან განიცადა.  ცოტა ჩაკეტილი ბავშვია, თავიდანვე ასეთი ხასიათი აქვს. თუმცა, არასოდეს უთქვამს, მარიამს ასეთი რაღაც რომ მოუვიდა, მეც შეიძლება, იგივე დამემართოსო. ალბათ, გულში ფიქრობდა, მაგრამ არ უთქვამს. ოპერაციას მომზადებული შეხვდა. პატარაობიდან ყოველთვის ძლიერი იყო.
– თქვენც ძალიან ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით. როგორ გაუმკლავდით ამ ყოველივეს?
– რას ვიზამთ, ეს ცხოვრება ასეა. როცა განსაცდელი ბავშვებს უკავშირდება, სხვა გზა არ გაქვს, უნდა ეცადო, ყველანაირად შეუწყო ხელი მათ მდგომარეობას, თუნდაც ფსიქოლოგიურად. როცა ამათი დაავადება, გამოვლინდა, ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. ყველას უკვირდა, ამხელა ტრავმის შემდეგ, კიდევ ხალისიანი როგორ ხარო. ბავშვებს არასოდეს არ უნდა დაანახვო, რომ რაღაც სერიოზული პრობლემაა. მარიამის ამბავი რომ მოხდა, ჩვენ იმის დროც არ დაგვრჩა, ბავშვი წესიერად გამოგვეტირებინა. 40 ისე გავიდა,  ჩვენ აქ ვიყავით... სწრაფად მოხდა ქეთის ბელორუსიაში გამომგზავრება და მთელი ოჯახი გადმოვერთეთ ქეთიზე – ეს მაინც რომ გადაგვერჩინა და ამისთვის მაინც გაგვკეთებინა ყველაფერი. უფლის დახმარებითა და მარიამის გვერდში დგომით, გავაკეთეთ და შევძელით ეს ყოველივე.
          скачать dle 11.3