კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ გახდა პატარა თბილისელი ბიჭი ოდესის კრიმინალური იმპერიის ერთ-ერთი მმართველი

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

2008 წელს მოსკოვში, 90 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კრიმინალი, ბონდო გაბისონია, მეტსახელად „ბუშმალა,“ გარდაიცვალა. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ ცნობილი კრიმინალის ცხოვრებიდან.

მოხეტიალე არტისტი
ბონდო გაბისონია 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, სწორედ იმ დროს დაიბადა, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ბონდოს მშობლები ფრანგული ენის მასწავლებლები იყვნენ და ერთ-ერთ კერძო პანსიონში ასწავლიდნენ. გაბისონიების ოჯახი სოლოლაკში ცხოვრობდა და პატარა ბონდო სიყვარულსა და მზრუნველობაში იზრდებოდა. თუმცა, 1921 წლის 25 თებერვალს ბონდოს დედ-მამა თბილისში შემოჭრილმა წითელარმიელებმა ხიშტებზე წამოაგეს და დახოცეს. თავად 2 წლის და 9 თვის ბონდო მეზობელმა, რუსმა პოლინა ეგოროვამ გადაარჩინა. ბავშვი შეიკედლა და 5 წლამდე ზრდიდა. 1923 წელს კი პატარა ბონდო თბილისში გავლით მყოფ ბოშების ცირკს გაჰყვა და ბოშათა ბანაკში ამოჰყო თავი. ბოშებმა მოქნილ, მამაც და საზრიან ბიჭს საცირკო ილეთები შეასწავლეს და ბავშვი მოხეტიალე ბოშების ცირკის მსახიობი გახდა. პატარა ბონდო ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც აკრობატულ ნომრებს, ასევე ილუზიონისტურსაც. მას იმდენად მოქნილი თითები ჰქონდა, რომ კარტით ნებისმიერ მანიპულაციას ასრულებდა და ამით აღტაცებაში მოჰყავდა პუბლიკა. მოხეტიალე ცირკში ბონდომ შვიდი წელი გაატარა. 1930 წლის მაისში კი, ბოშათა მოხეტიალე ცირკი ქალაქ ოდესაში, ადგილობრივმა მილიციამ დააპატიმრა. ბონდო, სხვა თანატოლებთან ერთად, მცირეწლოვანთა კომუნა-კოლონიაში გაამწესეს და მისი მოხეტიალე მსახიობის კარიერა ამით დასრულდა.

შავ სამყაროში
#8 კომუნა-კოლონია, სადაც 12 წლის ბონდო გაამწესეს, ოდესის მახლობლად, ქალაქ ნიკოლაევში მდებარეობდა და კარლ მარქსის სახელს ატარებდა. ბავშვებს იქ სხვადასხვა პროფესიას ასწავლიდნენ და ხელმარჯვე ბიჭმა კარგად აითვისა დურგლისა და მკერავის პროფესიები. ბონდოს მშვენიერი ხმა და სმენა ჰქონდა და კოლონიის თვითშემოქმედების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლშიც მონაწილეობდა. იყო ანსამბლის სოლისტი და პედაგოგები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მეტსახელი „ბუშმალა“ ბონდოს ანსამბლის მეგობრებმა შეარქვეს. ეს მას მერე მოხდა, რაც14 წლის ბონდომ 19 წლის ლიალია პავლოვას დაბადების დღეზე ბუშმალის კურკებისგან გაკეთებული მძივი აჩუქა. ხელმარჯვე ბონდომ ისე დაამუშავა და შეღება კურკები, სინათლეზე ალმასებივით ბრწყინავდა. ლიალია პავლოვა სიმღერის პედაგოგი იყო, ბონდოზე 5 წლით უფროსი. მომავალში მისი ცოლი გახდა და ბონდოს 5 შვილი გაუჩინა. მაგრამ, ეს მოხდა 1946 წელს. „ბუშმალა“ კი ბონდო გაბისონია 1932 წელს გახდა. იმავე წლის დეკემბერში, 14 წლის ბონდომ ფიზკულტურის მასწავლებელი, 21 წლის ვიქტორ კარპოვი სწორედ ლიალია პავლოვას გამო, დანით ფეხში დაჭრა. შემდეგ პავლოვას სასიყვარულო ბარათი დაუტოვა და კოლონიიდან გაიცა. ბონდოზე ძებნა გამოცხადდა. ბონდო კი ქალაქ ოდესაში ჩავიდა და თავი რომ ერჩინა, წვრილმან ქურდობას მიჰყო ხელი. ღამეს სარდაფებში ათევდა. სწორედ ერთ-ერთ სარდაფში შეხვდა ბონდო გაბისონია მომავალში ცნობილ საბჭოთა ქურდს, ვასილი ანტონოვს, მეტსახელად, „ხუჭუჭას“. ანტონოვმა ბონდო ლეგენდარულ ოდესელ კრიმინალ ავტორიტეტთან – ბენიამინ კრიმსკისთან, მეტსახელად, „ბენიასთან“ მიიყვანა და 14 წლის ქართველი ჭაბუკი შავ სამყაროში მოხვდა.

წითელი ვარსკვლავის ორდენი
„ბენია“ წარმოშობით ებრაელი იყო. მას ოდესასა და ოდესის ოლქში კრიმინალური იმპერია ჰქონდა შექმნილი. თავად კი მისი ერთპიროვნული მმართველი გახლდათ. იმ რეგიონში მიმდინარე კრიმინალური საქმიანობის 95 პროცენტს კრიმსკის ხალხი ახორციელებდა. დანარჩენი 5 პროცენტი კი შემთხვევითი, ეგრეთ წოდებული, გასტროლიორების ხარჯზე მოდიოდა. რეგიონში ყვაოდა ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა და თაღლითობა, პროსტიტუცია და არალეგალური თამაშები. ოდესელი შულერები მდიდარ კლიენტს ისე ოსტატურად „ფცქვნიდნენ“, რომ ტრუსებისამარა ტოვებდნენ. სწორედ „შულერების მეფე“ გახდა ბონდო გაბისონია, რომელიც ბოშებთან მიღებულ ცოდნასა და თავის ბუნებრივ ნიჭს მშვენივრად იყენებდა კრიმინალური საქმიანობისთვის. კრიმსკის ყველგან მიუწვდებოდა ხელი. მილიცია და პროკურატურა მოქრთამული ჰყავდა და ისინი თვალს ხუჭავდნენ კრიმინალზე. თუმცა, „ბენიას“ ძალოვნებთან შეთანხმება ჰქონდა დადებული, რომ მკვლელობები არ მოხდებოდა და პირნათლად ასრულებდა პირობას. კრიმსკის „არწივები“ სუფთად, სისხლის გარეშე მუშაობდნენ და საქმე „ხუთიანზე“ იყო აწყობილი. დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით კი, ოდესის ოკუპაციისას, „ბენია“ და მისი ხალხი ღრმა იატაკქვეშეთში წავიდნენ და გერმანელი და რუმინელი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდნენ. სისხლს უშრობდნენ მათ და არაერთმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა დაიმსახურა სამთავრობო ჯილდო. მათ შორის იყო ბონდო გაბისონიაც. მან და მისმა საბრძოლო ჯგუფმა, 1943 წლის თებერვალში, ოდესაში, დერებასოვის ქუჩაზე განლაგებული, რუმინეთის საოკუპაციო არმიის შტაბიდან პოლკოვნიკი ანდრეუ ემპურიანუ გაიტაცეს, საიდუმლო დოკუმენტებთან ერთად და კოვპაკის პარტიზანულ რაზმში მოიყვანეს, რომელიც უკრაინაში იბრძოდა. ამ საქმისთვის ბონდო გაბისონია წითელი ვარსკვლავის ორდენით დააჯილდოვეს. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ 25 წლის „ბუშმალა”, საყოველთაოდ ცნობილი ავტორიტეტი, მილიციის მიერ იყო ძებნილი, ციხეში არ იყო ნაჯდომი და სახელმწიფო-საბრძოლო ჯილდოს ფლობდა.

უკანასკნელი საქმე
ომის დასრულების შემდეგ ბონდო გაბისონია და მისი მეგობრები კიევის „ენკავედეში“ დაიბარეს დაკითხვაზე და ჯერ გამოუშვეს, შემდეგ დააპატიმრეს და ძველი კრიმინალური საქმიანობა გაუხსენეს ოდესასა და ოდესის ოლქში. „ბენია“ იმ პერიოდისთვის გარდაცვლილი იყო, მისი კრიმინალური იმპერია კი – დაშლილი. ამიტომ, მის დაპატიმრებულ „არწივებზე“ თავად დაპატიმრებულებმა იზრუნეს და უმეტესობამ თავი დააღწია ციხეს. ბონდო საბრძოლო ორდენმა იხსნა და ის 2 კვირაში გაათავისუფლეს ციხიდან. „ბუშმალა” ოდესაში დაბრუნდა. „დიდი სხოდკა“ მოიწვია და „ბენიას“ კრიმინალური იმპერიის აღდგენას მიჰყო ხელი. 1946 წელს, ბონდო ოდესაში დაბრუნებულ ლიალია პავლოვას შეხვდა და მასზე იქორწინა. წყვილს 5 შვილი შეეძინა და 60 წელი ერთად გაატარეს. ამ პერიოდში „ბუშმალა” 3-ჯერ იჯდა ციხეში და სამჯერვე თაღლითობისთვის. პარალელურად კი, კრიმსკის აღდგენილი იმპერიის ერთ-ერთი მმართველიც იყო. ბონდო გაბისონია ბუნებით შემოქმედი ადამიანი იყო და მიუხედავად  იმისა, რომ არც ფული აკლდა და არც ავტორიტეტი, მაინც მონაწილეობდა კრიმინალში. სწორედ ამის გამო ხვდებოდა ხოლმე ის ციხეში და მართალია, მალევე ათავისუფლებდნენ, მაგრამ მაინც არ იშლიდა თავისას...
1990 წელს, 72 წლის ბონდო გაბისონიამ თავისი მორიგი აფერა ჩაიფიქრა და განახორციელა. მან ვიქტორ მატვეევის გვარზე ყალბი საბუთები  მოიმარაგა. შემდეგ სათანადოდ გამოეწყო, ახლობლებს გაეპარა და თავის ორ ახალგაზრდა შეგირდთან ერთად, უკრაინულ სოფლებს ჩამოუარა. აქ ის ხალხს კიევის სამხედრო დიდების მუზეუმის თანამშრომლად ეცნობოდა და დიდი ექსპოზიციისთვის სხვადასხვა ექსპონატს ართმევდა მათ, თან ხელწერილს უტოვებდა ბეჭდით, რომ დაუზიანებელს დაუბრუნებდა უკან. ასე შეაგროვეს თაღლითებმა ათასზე მეტი ძვირფასი ნივთი, რომელთა ღირებულება მილიონ მანეთს აღწევდა... „ბუშმალა” და მისი „პაძელნიკები“ კიევში დააპატიმრა მილიციამ. თუმცა, მას მერე, რაც მათი ვინაობა შეიტყვეს, გაათავისუფლეს.
საბჭოეთის დაშლის შემდეგ ბონდო გაბისონია მოსკოვში გადასახლდა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა.
скачать dle 11.3