№26 რატომ დატოვა საქართველო ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა, თამაზ ჭინჭარაულმა და გახდება თუ არა ის საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი
ქართველი მოფარიკავე თამაზ ჭინჭარაული უკვე წლებია, რაც ოჯახთან ერთად ბელგიაში ცხოვრობს. ის საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი იყო, მაგრამ ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ, გაჭირვებამ იძულებული გახადა, სამშობლოსგან შორს ეცხოვრა. როგორც თავად ამბობს, თავიდან რთული იყო ემიგრანტობა, თან უსაბუთოდ. თუმცა, ამ წლებმა განვლო და დღეს ბატონი თამაზი ბელგიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელია.
– ბატონო თამაზ, სულ თავიდან როგორ აღმოჩნდით ამ სპორტში?
– 1984 წელს შემთხვევით, სკოლაში მოვიდა ჩემი მწვრთნელი და გვითხრა, ამ სპორტის არსებობის შესახებ. მანამდე ფეხბურთზე დავდიოდი და ფარიკაობაზე არც არაფერი ვიცოდი. მეც დამაინტერესა და მივედი. უცებ ავითვისე ის, რასაც მასწავლიდნენ და გადავწყვიტე, ფეხბურთისთვის თავი დამენებებინა. ასე დავრჩი ამ სპორტში. მაშინ 10-11 წლის ვიქნებოდი. მერე, ნელ-ნელა მოვიდა წარმატება. პირველი შეჯიბრება გაგრაში მქონდა, სადაც ფინალი წავაგე. ეს იყო საკავშირო ტურნირი და მეორე ადგილი დავიკავე. ჩემმა მწვრთნელებმა, ჯულიეტა და რამაზ გიორგაძეებმა, რომ დაინახეს, მონაცემები მქონდა, მომკიდეს ხელი და მავარჯიშეს. ამ ადამიანებმა გამზარდეს და შემასწავლეს ყველაფერი ფარიკაობის შესახებ. თან, მეც ბავშვობიდანვე მიყვარდა სპორტი, ვარჯიში. საბჭოთა კავშირის დროს ყველა კატეგორია მქონდა მოგებული. საქართველოს ჩემპიონი რამდენჯერ გავხდი, აღარ მახსოვს (იცინის). პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე, 1993 წელს წავედი გერმანიაში. კარგი შედეგი ვერ ვაჩვენე, მაგრამ დიდი გამოცდილება შევიძინე. მაშინ 18 წლის ვიყავი.
– ფარიკაობა არც თუ ისე პოპულარული სპორტი იყო. რაიმე მიზეზი გქონდათ, რის გამოც დათმეთ ფეხბურთი და გადაინაცვლეთ ამ სპორტში?
– მომეწონა, პირადი სპორტია და არა გუნდური. შენზეა დამოკიდებული წაგებაც და მოგებაც. თან, საბრძოლოა. მქონდა ხმლის ინტერესიც. ხმალს რომ იჭერ, სულ სხვა ადრენალინი გეძლევა. ბილიკზე მხოლოდ შენ თავზე ხარ დამოკიდებული. კი მწვრთნელი გკარნახობს რაღაცას, მაგრამ შენ ხარ მთავარი. საოცარი ემოცია მქონდა, როცა ვიბრძოდი. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც გამოვედი ფეხბურთიდან და შევედი ფარიკაობაზე.
– საქართველოში წარმატებული სპორტსმენი იყავით. უცხოეთში რატომ წახვედით, შემოთავაზება გქონდათ?
– საქართველოში უკვე ცუდი მდგომარეობა იყო და აქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა. მეც გადავწყვიტე, წავსულიყავი. თავიდან გამიჭირდა უცხო ქვეყანაში, ენის ბარიერი მქონდა. უცხოეთში მარტივი არაა თავის დამკვიდრება, თან, როცა არავის იცნობ. სრულიად მარტო ავდექი და წავედი ბედის ანაბარა. საქართველოში არაფერი გამოვიდოდა, ვიცოდი. ფედერაცია ცუდ დღეში იყო და რომ დავრჩენილიყავი, ვერ გავაგრძელებდი იმ საქმეს, რაც მიყვარდა. რთული პერიოდი ედგა ქვეყანას და მეც იძულებული გავხდი, დამეტოვებინა. 2000 წლიდან უკვე იქ ვცხოვრობ.
– ბელგიის სახელით ფარიკაობდით? ნაკრების მწვრთნელი როგორ გახდით?
– თავიდან იქ არ ვიყავი როგორც სპორტსმენი. კი გამოვდიოდი რაღაც ტურებზე, მაგრამ არ მქონდა საბუთი. რომ დაინახეს, მონაცემები მქონდა, უფლებას მაძლევდნენ, ბელგიის სახელით მებრძოლა. მერე, რაღაც პერიოდი, გავჩერდი, ენის ბარიერის გამო, აღარ ვფარიკაობდი. ალბათ, სადღაც 5-6 წელი გამომივიდა პაუზა. ფარიკაობაში დამაბრუნა ჩემმა ქალიშვილმა. მითხრა, რომ ვარჯიში უნდოდა, 9 წლის იყო, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო. მეც მივიყვანე დარბაზში და იქ მწვრთნელებს ვუთხარი, რომ ჩემი შვილია და ვარჯიში უნდა-მეთქი. მაგრამ, მე უნდა ვყოფილიყავი მისი მწვრთნელი. დარბაზში ნება დამრთეს და ვარჯიში დავიწყეთ. ერთ თვეში შეჯიბრებაზე გავიყვანე და მოვიგეთ ტურნირი. ამის შემდეგ, მაშინვე მომიწერეს კონტრაქტზე ხელი და უფლება მომცეს, სხვებიც მევარჯიშებინა. ზოგადად, ბელგიაში ნაცისტები არიან და არ უყვართ, როცა სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ცდილობს კონკურენციის გაწევას. შესაბამისად, ბევრად რთული იყო ჩემი მდგომარეობა. ასევე, მყავდა ერთი სპორტსმენი, რომელიც დღეს იქ ნომერ პირველია. რომ შეხედეს ამ ყოველივეს შემომთავაზეს, ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვყოფილიყავი და მეც დავთანხმდი. ბოლო სამი წელია, მათ ვავარჯიშებ. დიდების ნაკრები ჯერ არ ჰყავთ.
– თქვენი გოგონა ისევ ვარჯიშობს? 6-წლიანი პაუზის განმავლობაში რას საქმიანობდით?
– არა, დაანება თავი, სწავლობს და დრო არ რჩება. სამაგიეროდ, ბიჭმა ჩაანაცვლა და ახლა ის ვარჯიშობს. საქართველოდან მარტო წამოვედი, მეუღლე და შვილი დავტოვე. ერთ წელში, როცა საბუთების პრობლემა მოვაგვარე, ჩემთან ჩამოვიყვანე ორივე. მაშინ ჩემი შვილი 3 წლის იყო. ბიჭი უკვე აქ დაიბადა. იმ პერიოდის განმავლობაში ველოდებოდი საბუთს, სამუშაოს უფლებას ხან მაძლევდნენ, ხან – არა.
– რთული პერიოდი თუ გქონიათ?
– მქონდა, თან ძალიან ბევრი. თავიდან მაგრად მიჭირდა, მაგრამ სწორედ ეს არის ფარიკაობა – მებრძოლი სული. ცხოვრებაც ხომ ბრძოლაა. ნოსტალგიაც მქონია საქართველოსი, ბევრჯერ დაბრუნებაზეც მიფიქრია. თუმცა, საქართველოში მომავალს ვერ ვხედავდი, რადგან რაც დავტოვე, ისევ ის იყო. როცა ეს სენტიმენტები მომაწვებოდა ხოლმე, მივდიოდი მთებში და იქ ვფიქრობდი. ამით ვიკლავდი მონატრებას და ნოსტალგიას.
– ამბობენ, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას ან ფედერაციის პრეზიდენტობას გთავაზობენ. ეს სიმართლეა?
– არის ლაპარაკი მაგ თემაზე. ზოგს აქვს სურვილი, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რა იქნება სამომავლოდ. წინასწარ არ მინდა არაფრის თქმა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია.
– შეძლებთ, საქართველოში დაბრუნებას, როცა ბელგიაში უკვე წარმატებული კარიერა გაქვთ?
– მირჩევნია, ქართველი სპორტსმენები გავზარდო და მათ გამოვადგე, ვიდრე სხვებს. ძალიან დიდი ხელფასიც რომ შემომთავაზონ, გამიჭირდება აქ აწყობა. იქ ყველაფერი მაქვს და ამ ყოველივეს დანგრევა მარტივი არ არის. დიდი დაფიქრება მჭირდება. ვნახოთ, თუმცა იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ბრიუსელში ვიცხოვრებდი.
– თუ არიან მსურველები, კერძოდ რომ ავარჯიშოთ?
– კი, როგორ არა, ბევრი შემოთავაზება მაქვს და მეუბნებიან, რომ პირადად ჩემთან უნდათ ვარჯიში. ერთი წელია, რაც საკუთარი კლუბი გავხსენი და იქ ვავარჯიშებ მსურველებს.
– როცა კერძოდ ავარჯიშებენ სპორტსმენს, ისინი საკმაოდ გულუხვები არიან მწვრთნელების მიმართ. ხშირად იღებთ საჩუქრებს?
– (იცინის). არის მსგავსი შემთხვევებიც. მათ დაინახეს, რომ თავიანთ ქვეყანაში ვავარჯიშებ ბავშვებს და ნაკრებს გვერდში ვუდგავარ. ამიტომ, ყველანაირად ცდილობენ, დამიტოვონ და არ გამომიშვან. ხელს მიწყობენ მაქსიმალურად. ყოფილა საჩუქრებიც. უჩუქებიათ საათი, მანქანა და ასე შემდეგ.