№26 აღიარება – მკვლელობა
როცა სმიტმა რევოლვერი იყიდა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი მკვლელობა. მაგრამ რევოლვერი მაინც იყიდა. რატომ? ამ კითხვაზე სმიტს პასუხი არ ჰქონდა. თუმცა, ის ზუსტად იცოდა, რომ ეს იარაღი გაისროდა. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ უზრუნველი და ბედნიერი იყო. თავისი სამუშაო ძალიან მოსწონდა. მამაკაცის პერანგების მაღაზიაში მუშაობდა მენეჯერად. კლიენტებთან ჰქონდა ურთიერთობა და თუ გავითვალისწინებთ, რომ მაღაზიის კლიენტები ცნობილი პიროვნებები იყვნენ, სმიტს მიაჩნდა – ძალიან გაუმართლა. მაღაზიის მფლობელი კარგი თვალით უყურებდა. როცა სმიტი მაღაზიაში იყო, ყველაზე ძვირფასი პერანგები სწორედ მაშინ იყიდებოდა. რა გასაკვირია, თუ სამსახურის შეცვლას არ გეგმავდა და დაწინაურების იმედიც კი ჰქონდა, მაგრამ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი რამ – მაღაზიის მთავარი მენეჯერი მოულოდნელად წავიდა. მაღაზიის მფლობელი საცხოვრებლად სხვა შტატში გადავიდა და სმიტს ახალი უფროსი დაუნიშნა – ვინმე მილერი. ერთი შეხედვით, წესიერი ახალგაზრდა ჩანდა, მაგრამ სმიტი მალე მიხვდა, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობაც და მუშაობაც ძალიან გაუჭირდებოდა. მილერი უღიმოდა, აქებდა, ეუბნებოდა, ჩვენ ერთად შესანიშნავად ვიმუშავებთო, მაგრამ რონალდ სმიტი ისეთი სულელიც არ იყო, მასში ფარული აგრესორი და ამბიციური მმართველი არ ამოეცნო. სმიტს მშვიდ, უპრეტენზიო, საკუთარ თავში ჩაკეტილ, შინაგანად წესიერ ადამიანს, ნელ-ნელა გაღიზიანება დაეტყო. ცდილობდა ეს ემოცია ჩაეხშო და სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება. საუკეთესო გამოსავალი იყო ლელია – გოგონა მეზობელი მაღაზიიდან. ლელია უფრო ხშირად მაღაზიის შესასვლელთან იდგა და კლიენტებს შიგნით ეპატიჟებოდა. მომაჯადოვებელი, სიკეთითა და სითბოთი სავსე ღიმილი ჰქონდა. როცა შემოგხედავდა, გეგონა, მისი გულიც და გონებაც მარტო შენ გეკუთვნოდა. სმიტი ტკბებოდა ლელიათი. ის იქცა მისი ცხოვრების მთავარ მიზნად. სამსახურში მისვლა უხაროდა და ცდილობდა, მუდმივად მაღაზიის შესასვლელთან ან ვიტრინის წინ ეტრიალა. მაგრამ, გამოჩნდა მილერი – თავისი უაზრო დავალებებით, აბეზარი მოთხოვნებით, რომლებსაც დასასრული არ უჩანდა. იმ დღესაც მილერი განსაკუთრებულად აუტანელი იყო. სმიტს თავზე დაადგა და ყალბი ღიმილით გამოუცხადა:
– რონალდ, როგორ ფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს კარგად შევეწყობით? ისეთი ყოჩაღი ხარ, დილისთვის ჩვენი მაღაზიის მთელი ასორტიმენტის სრული ჩამონათვალი მომიმზადე. არაფერი გამოგრჩეს – კონკრეტული ფასი, ზომა, ყველაფერი უნდა მიუთითო.
სმიტმა უხალისოდ დაუქნია თავი. ეს დავალება იმას ნიშნავდა, რომ ლელიას იმ დღეს ვერ ნახავდა. დილიდან გვიან ღამემდე საწყობში უნდა ყოფილიყო თავჩარგული. ბრაზმა და აგრესიამ გული აუვსო. ხელებიც კი აუკანკალდა. პირი გაუშრა და კბილები გააღრჭიალა. თავი მაქსიმალურად შეიკავა. დიდი ძალისხმევის ფასად მოახერხა, რომ საძულველი მენეჯერისთვის რაღაც უხეშად არ ეთქვა. იმ ღამეს ნუგეში იმაში იპოვა, რომ მისმა გაღიზიანებულმა ფსიქიკამ სიზმარი „გამოაცხო“. ლელია დაესიზმრა – ქალიშვილი უღიმოდა და ხელს უქნევდა. სმიტს ბედნიერს გამოეღვიძა. ისეთ სიმსუბუქეს გრძნობდა, თითქოს ფრთები შეესხა, მილერთან შეგუებაც კი შეეძლო... მაგრამ მივიდა სამსახურში და ჯოჯოხეთი თავიდან დაიწყო. მენეჯერმა ისევ „დატვირთა“ დავალებებით და ისევ ვერ მოახერხა ლელიას ცქერით დამტკბარიყო. გრძნობდა, როგორ იმატებდა მასში გაღიზიანება. სიმშვიდე ისევ სიზმარში იპოვა. ასეთი დღეები და ღამეები გაუხშირდა. ლელიას ნახვის სურვილს მხოლოდ სიზმარში იკლავდა. ყოველ დილით შედარებით მხნედ იღვიძებდა, დარწმუნებული იმაში, რომ დღეს მაინც აუცილებლად შეძლებდა ქალიშვილთან მისვლას და დაახლოებას. მაგრამ, დრო გადიოდა. მილერი სულ უფრო აუტანელი ხდებოდა და ოცნება ოცნებად რჩებოდა.
რევოლვერი იმ დღეს იყიდა, როცა საკუთარი თვალით დაინახა, როგორი მამაკაცური აღტკინებით შესცქეროდა მისი უსინდისო მენეჯერი ლელიას. თავადაც კაცი იყო და მიხვდა – ეს არ იყო ჩვეულებრივი მზერა. იმავე საღამოს სიზმარიც შეიცვალა – ისეთივე კოშმარული გახდა, როგორიც რეალობა და დილით გატანჯულმა გამოიღვიძა. თუმცა, მის არსებაშიც შეიცვალა რაღაც. მიხვდა, სად გაიარა მისმა მოთმინების საზღვარმა. წავიდა და რევოლვერი იყიდა. შეიძლება, არ იყო დარწმუნებული, რომ მილერის მოკვლა შეეძლო, მაგრამ სიზმარში ეს იმავე დღეს გაბედა, როგორც კი იარაღი შეიძინა. საერთოდ არ გასჭირვებია. მივიდა, მილერის წინ გაჩერდა, რევოლვერი შუბლზე მიადო და სასხლეტს თითი გამოჰკრა. ერთი კვირის განმავლობაში სიზმარი ყოველ ღამეს მეორდებოდა. ყოველ ღამეს კლავდა მილერს და საკუთარი თავით კმაყოფილი იღვიძებდა. მერე მიდიოდა სამსახურში, სადაც ხედავდა, როგორ უჩოჩდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ მილერი საოცნებო ქალიშვილს. სმიტი უკვე ვეღარ მიჯნავდა რეალობას სიზმრისგან. ამიტომ გაუკვირდა, როცა პოლიციამ სახლში მიაკითხა და ხელბორკილები დაადო. ვერავინ დაარწმუნა, რომ მკვლელობა, რომელშიც ადანაშაულებდნენ, სიზმარში არ ჩაიდინა.