კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ გადაატანინა სტალინმა რუზველტსა და ჩერჩილს მოლაპარაკებები ბერნიდან ყირიმში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური


მიუხედავად იმისა, რომ სტალინს არც ზრდილობა აკლდა, არც ტაქტი და საკუთარი თავის მოთოკვაც მშვენივრად შეეძლო, თუ საქმე საბჭოთა კავშირის ინტერესებს ეხებოდა, საბჭოთა ბელადს მკვეთრი, უხეში მოქცევაც შეეძლო თავის კოლეგებთან, სახელმწიფო მეთაურებთან. ამ დროს საბჭოთა მეთაური შეურიგებელი იყო. პროფესორი ვიქტორ მასალიტინი წერს: „მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერმა, რომლებსაც სტალინთან მცირე შეხებაც კი ჰქონია, ერთხმად აღნიშნეს, რომ საბჭოთა ბელადი უკანდაუხეველი რადიკალი გახლდათ თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვისას და უყოყმანოდ თავსაც გასწირავდა. სტალინის „მიმწოლ“ ბუნებაზე ერთნაირი პათოსით ლაპარაკობენ, როგორც მისი მეგობრები, ასევე მისი დაუძინებელი მტრებიც. თვით ლევ ტროცკი, სტალინის ეს დაუძინებელი მტერიც კი, ვერ მალავდა „გაუთლელი ქართველის“ (ტროცკის ეპითეტი) გონების მოქნილობას და წერდა: „საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში, ჩვენს ახალგაზრდა მთავრობას ხშირად უწევდა შეხვედრა სხვადასხვა პოლიტიკურ, სამხედრო, ეთნიკურ თუ სხვა ჯგუფებთან. ყოველი ასეთი ჯგუფი ცდილობდა ჩვენს მოტყუებას, შეცდომაში შეყვანას და რაც შეიძლება, „მეტი მსუყე ნაწილის ხელიდან გამოგლეჯას“. ყოველ ასეთ ჯგუფთან მოსალაპარაკებლად, ლენინი ყოველთვის სტალინს გზავნიდა. ილიჩმა (ლენინმა) იცოდა, რომ სტალინის გაცურება შეუძლებელი გახლდათ და მატყუარა, „მსუყე ნაჭრის“ ნაცვლად, სამი თითის კომბინაციას მიიღებდა სტალინისგან“. ტროცკი თავის წიგნ-პასკვილში სტალინის შესახებ, უბრალოდ, გვერდს ვერ უქცევს მის მრავალ თვისებასა და დამსახურებას და წერს: „რკინისებური ნებისყოფით, სტალინი ბევრად აღემატებოდა თავის მეგობრებს. იმ ადამიანებს, ვისაც „პროფესიონალ რევოლუციონერთა ორდენის“ წევრები ერქვათ. იოსებ ჯუღაშვილი, იგივე კობა, ყველაზე დიდი ნებისყოფით გამოირჩეოდა მათ შორის. სტალინს გააჩნდა რევოლუციონრისთვის აუცილებელი თვისება – „მიმწოლობა“ და სწორედ ამის წყალობით აღწევდა ის ხშირად წარმატებას. ერთხელ, ჩემი სამხედრო უწყების მეთაურობის ჟამს, პოლიტბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ (სხდომაზე ლენინმა სტალინი სამხრეთის ფრონტის მეთაურად დანიშნა, რასაც მე ვეწინააღმდეგებოდი) მე და ლევ კამენევი ერთად გამოვედით ოთახიდან და კამენევს ვუთხარი:
– ტყუილად არ დამიჭირეთ მხარი და სტალინი გააყვანინეთ ილიჩს (ლენინს). ვფიქრობ, სამხრეთ ფრონტის კომისრად თქვენ უფრო გამოდგებოდით.
კამენევმა გაკვირვებით შემომხედა და მითხრა:
– რას ბრძანებთ, ლევ დავიდოვიჩ, სად მე და სად სტალინი. ილიჩს სამხრეთ ფრონტის კომისრად „მიმწოლი“ სჭირდება. სტალინივით „მიმწოლი“ კი არა მარტო ჩვენში, მთელ მსოფლიოშიც არ მეგულებაო.
კამენევი, პრინციპში, მართალი იყო. ლენინს სტალინი „მიმწოლად“ სჭირდებოდა და „გაუთლელი ქართველი“ მშვენივრად ართმევდა თავს ამ როლს...“
ტროცკი რის ტროცკი იქნებოდა, სტალინისთვის ერთხელ მაინც არ წაეკბინა. თუმცა, შემდგომში, უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა, თუ რა ოსტატურად დაამარცხა „გაუთლელმა ქართველმა“ „გენიალური“ ტროცკი.
სტალინის „მიმწოლობა“ საუცხოოდ გამოჩნდა იალტის კონფერენციის დროს, რომელიც 1945 წლის 4-11 თებერვალს გაიმართა ყირიმში, ქალაქ იალტაში, ლევადიის სასახლეში. ამის შესახებ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი, ვიაჩესლავ მიხეილის ძე მოლოტოვი, ყვებოდა: „იალტის კონფერენცია 1945 წლის 4-11 თებერვალს გაიმართა. მართალია, ფაშისტური გერმანიის ბედი იმ პერიოდისთვის უკვე გადაწყვეტილი იყო და ჩვენს გამარჯვებას ვერავინ შეაჩერებდა, მაგრამ მრავალი რამ იყო მოსათათბირებელი. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ ყირიმში და სტალინი აპირებდა პარიტეტულად, პატიოსნად განეხილა და გადაეწყვიტა ყველა, მათ შორის, ჩვენთვის აუცილებელი საკითხი. ამიტომ, კონფერენციის დაწყებამდე სტალინი ჩინებულ გუნება-განწყობაზე იმყოფებოდა. თუმცა, იალტაში გამგზავრების წინ მას მკვეთრად გაუფუჭდებოდა ხასიათი. პირველ თებერვალს, საბჭოთა დაზვერვამ სტალინს უტყუარი საბუთები დაუდო წინ იმის შესახებ, რომ მოკავშირე ამერიკელები ფაშისტური გერმანიის ჯერ კიდევ მოქმედ მმართველობასთან სეპარატულ მოლაპარაკებებს მართავდნენ შვეიცარიაში. როგორც კი ბერიამ საქმის კურსში ჩააყენა სტალინი და წავიდა, მან მე მიხმო და რომ მივედი, მითხრა:
– არა რა, ამ უპატიოსნო ხალხთან პატიოსანი თამაში არ გამოდის. რუზველტს მე პატივს ვცემ, უფრო მეტად, ვიდრე ჩერჩილს, მაგრამ სწორედ ამერიკელები მართავენ შვეიცარიის ქალაქ ბერნში სეპარატულ მოლაპარაკებებს ფაშისტებთან იმის თაობაზე, რომ  ჩვენ მიერ გერმანიის ოკუპაცია არ განხორციელდეს. გესმის შენ? ყველაფერი იმის დარღვევა უნდათ, რაზეც ჯერ კიდევ თეირანში მოვილაპარაკეთ.
– ჰიტლერი ამერიკელებს ეთათბირება? – ვკითხე სტალინს.
– ჰიტლერი არა. ჰიმლერის სახელით გენერალი კარლ ვოლფი აწარმოებს  მოლაპარაკებებს ალენ დალესთან, რომელიც ბერნში სტრატეგიული სამსახურების სამმართველოს (მომავალში „ცეერუ“) შეფს წარმოადგენს.
მომავალში სწორედ დალესი ჩაუდგა სათავეში „ცეერუს“. მაშინ კი ის ყველასთვის უცნობი, დაზვერვის თანამშრომელი იყო და სტალინს ვუთხარი:
– რბილად რომ ვთქვა, სასაცილოა ეს ყოველივე. მათი მოლაპარაკება შემიძლია, შევადარო კოღოს კბენას სპილოსთვის და ვერაფერს დაგვაკლებს.
სტალინს თვალები აენთო და მითხრა:
– ვერაფერს დაგვაკლებს ფიზიკურ ასპექტში. მორალურად, ადამიანურად კი, უბრალოდ, საწყენია, როცა პარტნიორები შენს გაბითურებას ცდილობენ და ზურგსუკან მტერთან თათბირობენო.
სტალინისთვის სიტყვა არ შემიბრუნებია.
იალტაში 5 თებერვალს სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი მრგვალ მაგიდასთან შეიკრიბნენ. დიპლომატიური ფორმალობის შემდეგ, სანამ მოლაპარაკებები დაიწყებოდა, სტალინმა სიტყვა ითხოვა, ჯიბიდან თავისი ფოტოსურათი ამოიღო, პრეზიდენტ რუზველტს დაანახვა და უთხრა:
– ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მთხოვეთ, რომ ჩვენი მეგობრობის ნიშნად, თქვენთვის ჩემი ფოტო მეჩუქებია ავტოგრაფით. აი, ეს ფოტო. მე მას ავტოგრაფი გავუკეთე, მაგრამ ვხევ ახლა.
სტალინმა ფოტოსურათი ოთხად გახია. იქვე, მაგიდაზე დაყარა და პროტესტის ნიშნად, დარბაზიდან გავიდა. ამ დემარშის აზრი წინასწარ მხოლოდ მე ვიცოდი. ჩვენი დელეგაციის დანარჩენმა წევრებმა კი – არა. ამიტომ ყველა გაოგნებული გამოგვყვა უკან. ყველაზე გაოგნებულები კი, რუზველტი და ჩერჩილი იყვნენ. ბრიტანელი პრემიერი გასასვლელთან დაეწია სტალინს და ჰკითხა:
– იქნებ აგვიხსნათ, თქვენი დემარშის მიზეზი?
– მიზეზი ერთადერთია – ამერიკის სეპარატული მოლაპარაკება ფაშისტურ გერმანიასთან ბერნში, – მიუგო სტალინმა.
ჩერჩილი თავად არ იყო აზრზე, რა ხდებოდა და სტალინს უთხრა:
– შეცდომაში ხომ არ შეუყვანიხართ ვინმეს?
– სტალინს გაეცინა და მიუგო:
– ათ წუთში ბატონ რუზველტთან ერთად კინოდარბაზში გელოდებით, რათა თავადვე დარწმუნდეთ ყველაფერში.
ჩვენ კინოდარბაზში ჩავედით, სადაც საბჭოთა დაზვერვის მიერ, ფარულად გადაღებული სეპარატული მოლაპარაკების ექვსსაათიანი კადრები იყო გამზადებული. ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი სრული ინფორმაციის მიღებას მოისურვებდნენ ბრიტანო-ამერიკელები. ისე კი, ნახევარსაათიანი, დამონტაჟებული ფილმი გააკეთეს მზვერავებმა და სწორედ ის ნახეს რუზველტმა და ჩერჩილმა. ეფექტი კი უზარმაზარი იყო. ორივე ქვეყნის ლიდერმა უხმოდ დატოვა კინოდარბაზი. მეორე დღიდან ბერნში სეპარატული მოლაპარაკებები შეწყდა, ყირიმში კი – დაიწყო...“
მოლოტოვის საინტერესო მოგონებას ის შეიძლება დავამატოთ, რომ სტალინი ზეწოლის ყველა საშუალებას ფლობდა და მათ საჭირო დროს და საჭირო მომენტში იყენებდა მიზნის მისაღწევად. 11 თებერვალს იალტის კონფერენციის დახურვის დღეს, სტალინმა რუზველტს თავისი ფოტოსურათი აჩუქა. წარწერით: „ჩემს გულითად მეგობარს, პრეზიდენტ რუზველტს, პატიოსან კაცს, სტალინისგან.“
скачать dle 11.3