კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ დააბრუნა ლავრენტი ბერიამ საქართველოს კუთვნილი 6 ტონა ოქრო ერევნიდან თბილისში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია რომ ძალიან ეშმაკი ადამიანი იყო, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა. მაგრამ, ბევრმა არც კი იცის, რომ ბერია არც თუ იშვიათად, თავის სამსახურებრივ მდგომარეობას საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა და ხშირად ამას სტალინთან შეუთანხმებლადაც კი აკეთებდა. ისტორიკოსი პავლე ვასილენკო წერს: „2015 წელს მუშაობა მომიწია ძველ, ნახევრად განსაიდუმლოებულ პარტიული არქივის დოკუმენტებზე და იქ არაერთ ძალზე საინტერესო ფაქტს მივაგენი. კონკრეტულად, ხელში ჩამივარდა, ეგრეთ წოდებულ, „6 ტონა ოქროს საქმეზე“ მიცემული ჩვენებები, ბერიას წინააღმდეგ შეთითხნილ სასამართლო პროცესზე, რომელზეც ბერიას ორეული იმყოფებოდა. ნამდვილი ბერია კი უკვე დიდი ხნის მოკლული იყო. სწორად რომ ჩასწვდეს ჩვენი მკითხველი საქმის არსს, პრეისტორიას მოვყვები.
1890 წელს, თბილისში დაარსდა „დაშნაკცუცუნის“ პარტია, ანუ სომხეთის რევოლუციური ფედერაცია. ეს პოლიტიკური გაერთიანება, 1918-1920 წლებში, სომხეთში წამყვანი პოლიტიკური ძალა იყო. 1920 წელს, დამოუკიდებლობის დაკარგვის მიუხედავად, სოციალისტური სომხეთის მმართველობაში დაშნაკებიც შევიდნენ. მას მერე კი, როდესაც დამოუკიდებლობა საქართველომაც დაკარგა, 1921 წლის თებერვალში, სოციალისტური საქართველო და სოციალისტური სომხეთი „დაძმობილდნენ“. საქართველოდან გაქცევამდე კი, საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობის მიერ გადამალული, საქართველოს ოქროს მარაგის ნაწილი – 6 ტონა ოქრო, მეზობელ სომხეთში გაიტანეს შესანახად, პასუხისმგებლობა ვინმე ბაგრატ გარეგიანმა აიღო საკუთარ თავზე, რომელიც „დაშნაკცუცუნის“ წევრი გახლდათ და ქართველ ძმებს ერთგულების ფიცი დაუდო... სულ მალე კი გარეგინიც გაუჩინარდა და მასთან ერთად, 6 ტონა ოქროს ადგილსამყოფელიც დაიკარგა. ქართულ ოქროს უკვე კომუნისტი ქართველებიც აქტიურად ეძებდნენ მის უკან დასაბრუნებლად. თუმცა, „მოძმე“ სომხები მხოლოდ ხელებს შლიდნენ, მხრებს იჩეჩდნენ, ყველაფერს საზიზღარ დაშნაკებს აბრალებდნენ და „ვერაფრით გვეხმარებოდნენ“. ინფორმაცია „შეწერილი“ ოქროს შესახებ ლავრენტი ბერიასაც ჰქონდა. 1922 წელს ბაქოდან თბილისში გადმოყვანილი, 23 წლის ბერია „ჩეკას“ საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსად დანიშნეს. „ნორჩი“ ქართველი ჩეკისტი აქტიურად ჩაება ქართული ოქროს ძებნის საქმეში. მაგრამ, როგორც კი რაიმე კვალზე გავიდოდა და ხელჩასაჭიდი ძაფი გამოჩნდებოდა, ძაფი უმალვე წყდებოდა, რადგან იმ პიროვნებას ანადგურებდნენ.
დევნა თითქმის ათ წელიწადს გაგრძელდა. 1929 წლის დეკემბერში კი საქართველოს 30 წლის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა, ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ თავის ერთგულ და ჭკვიან ხელქვეითებთან ერთად, საიდუმლო სპეცოპერაცია დაგეგმა, თავადაც მიიღო მასში მონაწილეობა და 6 ტონა ქართული ოქრო სამშობლოს დაუბრუნა.
გენერალი სერგო გოგლიძე ყვებოდა: „ლავრენტი პავლოვიჩს მოსვენებას არ აძლევდა სომხების მიერ გატაცებული ექვსი ტონა ოქრო და ყოველთვის მის უკან დაბრუნებას ცდილოდა. მართალია, ის (ბერია) ყოველთვის მაღალ პოსტებზე მუშაობდა და ინფორმაციის ნაკლებობას არ განიცდიდა, მაგრამ ეს საკმარისი არ გახლდათ. როგორც კი რაიმე კვალზე გავიდოდით, ეს კვალი მალევე იშლებოდა და გვხვდებოდა გვამი, რომელსაც ვერც დაკითხავდი და ვერც პასუხს მოსთხოვდი. ოქროს დაბრუნების რეალური შანსი მას მერე გაჩნდა, რაც 1927 წელს, საქართველოს „ჩეკას“ უფროსად ლავრენტი ბერია დანიშნეს. ერთი წელიც არ დაგვჭირვებია, არა მარტო ოქროს კვალზე გასასვლელად, არამედ ისეთი ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩასატარებლად, რამაც საქართველოს „ჩეკას“ პრესტიჟი საბჭოეთში ძალიან აამაღლა...“
გენერალი სერგო გოგლიძე ბერიასთან ძალიან დაახლოებული იყო და თითქმის ყველა საიდუმლოს ფლობდა. ბერია მას ენდობოდა და ამიტომაც დახვრიტეს თავისი შეფის გამო. თავის მონათხრობში სერგო გოგლიძე ძალიან ეშმაკურად უვლის გვერდს იმ მთავარ მომენტს, რასაც ქართველი ჩეკისტების მიერ განხორციელებული ოპერაცია ისახავდა მიზნად. ოპერაციას „ტარანტულის ქსელი“ ერქვა და ბერიამ არა მარტო ამ ქსელში გააბა ანტისაბჭოთა ორგანიზაცია, არამედ მათ მიერ გადამალული, გატაცებული ოქრო ჩამოიტანა თბილისში და სწორედ ეს იყო ამ სპეცოპერაციის მეორე (პირველი თუ არა), მთავარი მიზანი. ეს ყველაფერი კი ისე გააკეთა, რომ ცენტრს არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს კონფისკირებული ოქროს მოსკოვში დაბინავებაზე.
სერგო გოგლიძე ყვება: „ლავრენტი პავლოვიჩმა 1928 წელს ამხანაგ სტალინის საიდუმლო განკარგულება გაგვაცნო, ანტისაბჭოურ ორგანიზაციებთან დაუნდობელი ბრძოლის გაჩაღების თაობაზე. ყურადღება იყო გამახვილებული რამდენიმე ორგანიზაციაზე, მათ შორის, „დაშნაკცუცუნზეც“, რომელიც თავის არსენალში ტერორიზმსაც ფართოდ იყენებდა. სპეცოპერაცია „ტარანტულის ქსელი“ „დაშნაკცუცუნის“ გასაშიფრად და დასაპატიმრებლად შეიქმნა და აქტიური საქმიანობა გავშალეთ. საქმემ კი მას მერე წაიწია წინ, რაც არამ ხითარიანი დავაპატიმრეთ. სწორედ ხითარიანის მეშვეობით გავშიფრეთ ტერორისტები და მათი ნეიტრალიზება მოვახდინეთ...“ გენერალი სერგო გოგლიძე კვლავ ოსტატურად უვლის გვერდს წვრილმანებსა და აქედან გამომდინარე, 6 ტონა ოქროს საქმეს. უფრო ზუსტად კი, ეს ყველაფერი ასე მოხდა – ლავრენტი ბერიამ თავისი ერთ-ერთი, 20 წლის აგენტი, რაფიელ სარქისოვი „დაშნაკცუცუნში“ შეაგზავნა და მათი სტრუქტურის გაშიფვრა დაავალა. სწორედ სარქისოვმა გაიყვანა „ჩეკა“ არამ ხითარიანზე. ხოლო მან კი „დაშნაკთა“ მთელი სტრუქტურა ჩააბარა „ჩეკას“ და ბაგრატ გარეგიანზე გაიყვანა ქართული სპეცსამსახური. ეს ის ბაგრატ გარეგიანი გახლდათ, ვინც ქართულ ოქროზე აგებდა პასუხს, თითქმის ათი წელი იყო გაუჩინარებული და არც ქართულ ემიგრაციას ეკონტაქტებოდა, ვის წინაშეც ჰქონდა ვალდებულება ოქროს შენახვაზე. 1929 წლის 2 დეკემბერს, ბაგრატ გარეგიანს უკვე კუდზე ქართული „ჩეკა“ აჯდა და ის ავლაბარში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში იმალებოდა. ბერიამ იმ პერიოდში უპრეცედენტო გადაწყვეტილებები მიიღო. იყო რა საქართველოს „ჩეკას“ უფროსი, პირადად ეწვია მიმალვაში მყოფ გარეგიანს და ქართული ოქროს ადგილსამყოფლის გამხელის სანაცვლოდ, უცხოეთში გაყვანას შეჰპირდა. ბაგრატ გარეგიანმა არა მარტო 6 ტონა ოქროს ადგილსამყოფელი დაუსახელა ბერიას (6 ტონა ოქრო 2-2 კილოგრამიანი ზოდების სახით ერევანში, ძველი ხელნაწერების „მცენდრანის“ სარდაფში იყო გადამალული), არამედ ერევანში არსებული „დაშნაკცუცუნის“ ცენტრალური შტაბ-ბინისა და შეიარაღების ორი საწყობის მისამართიც დაასახელა. თანაც, სამოცი აქტიური წევრის სიაც გადასცა „ჩეკას“. ეშმაკი ბერია ოპერაციის დაწყებამდე თავისი ცენტრალური შეფის, საკავშირო „ჩეკას“ უფროსის, ვიაჩესლავ მენჟინსკის გვერდის ავლით, პირადად სტალინთან მოხვდა  კრემლში. მას (სტალინს) ოპერაციის დეტალები გააცნო და მისგან მოქმედების ნებართვაც მიიღო.
– გეყოფათ კი ძალები ასეთი ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩასატარებლად, ხალხი ხომ არ დაგახმაროთ ცენტრიდან? – უკითხავს სტალინს ბერიასთვის, მას კი უპასუხია:
– დიახ. გვეყოფა, ამხანაგო სტალინ. ასეთ საიდუმლო ოპერაციაში სხვების ჩართვამ რაიმე გაუთვალისწინებელი არ წარმოშვას. უმჯობესია, თვითონვე მივხედავთო.
ბერიას 6 ტონა ოქროს თბილისში ჩამოტანა ჰქონდა განზრახული და ცენტრალური „ჩეკა“ მხოლოდ ხელს შეუშლიდა. ოპერაცია „ტარანტულის ქსელი“ 1929 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღეს, ჩატარდა და ერევანში პირადად ბერიაც იმყოფებოდა. ქართველმა ჩეკისტებმა მთელი „დაშნაკცუცუნი“ დააპატიმრეს და ადგილობრივ ციხეში გამოამწყვდიეს. 6 ტონა ოქრო კი, თბილისში ფარულად ჩამოიტანეს და ბანკის საცავში მოათავსეს. ბაგრატ გარეგიანი გაქცევის მცდელობისას მოკლეს, ანუ ბერიამ არასასურველი მოწმე თავიდან მოიშორა,  რაფაელ სარქისოვი კი „ჩეკას“ შტატში აიყვანეს. ის ჯერ ბერიას პირადი მძღოლი გახდა, შემდეგ კი მისი დაცვის უფროსი. ამ ოპერაციის გამო, სტალინმა ბერია მოსკოვში გამოიძახა და პირადად გადაუხადა მადლობა „დაშნაკცუცუნის“ განეიტრალებისთვის. ოქროს შესახებ კი, სტალინს სიტყვაც არ დაუძრავს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამ ქმედებით, ბერიამ უკვე მერამდენედ დაიჭირა ორი კურდღელი.“
скачать dle 11.3