№26 როგორ გაათავისუფლეს მეცნიერ მიხაკო წერეთლის ძალისხმევით, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან ასობით ქართველი სამხედრო ტყვე
ის იმერეთის მეფის, სოლომონ პირველის კარის მოძღვრის, სვიმონ წერეთლისა და იმერეთის მეფის, დავით მეორის ასულის, ატატო ბაგრატიონის პირდაპირი შთამომავალი გახლდათ. იმ ფაქტების რიგში, რომლითაც რეალურად შეგვიძლია, ვიამაყოთ, რომ ძველ, მითოლოგიურ დროში, ჩვენთან, ოქროს საწმისის აჩრდილს გამოდევნებულ ბერძნებს შესანიშნავი კულტურა და ცივილიზაცია დახვდათ; რომ 14 ანბანს შორის ერთ-ერთი ქართულია; რომ „ვეფხისტყაოსნით” რენესანსი ჩვენთან გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ევროპაში; რომ ღვინის აკვანი სწორედ ჩვენთან დაირწა – შეიძლება ის მოვლენაც შევიყვანოთ, რომ ქართული ენა მეოთხეა ინგლისურის, გერმანულისა და ფრანგულის მერე, რომელზეც გენიალური ბაბილონური ეპოსი „გილგამეშიანი” ითარგმნა. მიხეილ წერეთლის ნათარგმნი ეპოსი გამოიცა 1924 წელს, კონსტანტინეპოლში, „ქართველთა კათოლიკე სავანის” სტამბაში.
მიხეილ (მიხაკო) წერეთელი – პუბლიცისტი, მწერალი, პოლიტიკოსი და მეცნიერი – ქართული ასირიოლოგიის სკოლის ფუძემდებელი, ძალიან აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო ცხოვრებას ეწეოდა. ჯერ კიდევ საფრანგეთში სწავლისას, ანარქისტული იდეებისთვის, პარიზიდან ლონდონში გადაასახლეს. 1918 წელს ის უნივერსიტეტის დამფუძნებელთა რიგებშია – ივანე ჯავახიშვილს გვერდით უდგას უმნიშვნელოვანეს ქართულ საქმეში – ქართული უნივერსიტეტის დაარსება-განვითარებაში. ხელმძღვანელობს ასირიოლოგიისა და ძველი აღმოსავლეთის კათედრას. სამეცნიერო მუშაობა მთელი დატვირთვითა და ენერგიით მიმდინარეობს ტრაგიკულ 1921 წლამდე… (წყარო: Bookcity blog) საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გასაგები მიზეზების გამო, მიხაკო წერეთელს სამშობლოს დატოვება უწევს. სამწუხაროდ, დიდი მეცნიერი საქართველოში აღარასდროს დაბრუნებულა. ამის შემდეგ ის წარმატებით მოღვაწეობდა ბრიუსელისა და ბერლინის უნივერსიტეტებში. ჰაიდელბერგის მეცნიერებათა აკადემიამ 1928 წელს, გერმანულ ენაზევე გამოაქვეყნა მისი „ურარტული ეტიუდები”. 30-იან წლებში ბერლინში გამოიცა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისას” მიხაკო წერეთლისეული გერმანული თარგმანი. 1963 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ქართული ლიტერატურისა და მეცნიერების, კერძოდ, რუსთველოლოგიის ისტორიაში – პარიზში გამოქვეყნდა „ვეფხისტყაოსნის” მიხაკო წერეთლის მიერ დადგენილი ტექსტი, ხოლო 1975 წელს – პოემის წერეთლისეული გერმანული პროზაული თარგმანი. გარდა ამისა, მიხაკო წერეთელი იყო ქართული პატრიოტული ორგანიზაცია „თეთრი გიორგის” ერთ-ერთი ლიდერი და იდეოლოგი, ხოლო მეორე მსოფლიო ომის წლებში, გერმანიაში მოქმედი „ქართული სამოკავშირეო შტაბის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სწორედ ამ შტაბის ძალისხმევით, გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გათავისუფლდა ასობით ქართველი სამხედრო ტყვე.
აკაკი ბაქრაძე: „მარტო ის, რომ 1878 წელს, იმერეთში, ცხრუკვეთში, დაბადებული კაცი 1965 წელს გერმანიაში, მიუნხენში, გარდაიცვალა, ნათლად მეტყველებს, რა ბედი ერგო მიხეილ წერეთელს. ნახევარი ცხოვრება სამშობლოში გაატარა, მეორე ნახევარი – უცხოეთში. აქაც და იქაც მეცნიერებას ემსახურებოდა. დიდი მემკვიდრეობა დაგვიტოვა (წყარო – ბურუსი).
„ერი და კაცობრიობა“ პირველად 1910 წელს გამოიცა თბილისში, ფსევდონიმით „Baton“. Baton ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს ჯოხს, კვერთხს. ალბათ, ავტორი გულისხმობდა, რომ მოპაექრეებს ჯოხით უმასპინძლდებოდა.
ახალგაზრდობაში მიხაკო წერეთელი, მეცნიერებასთან ერთად, პოლიტიკითაც იყო გატაცებული. განსაკუთრებით ანარქიზმით. ამიტომაც მიუძღვნა „ერი და კაცობრიობა“ ვარლამ ჩერქეზიშვილს (1846-1925), საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს. მაგრამ, როცა ამ წიგნს წერდა, ის არსებითად უკვე აღარ იზიარებდა ორთოდოქსული ანარქიზმის ძირითად პრინციპებს. თუმცა, ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნით, ვალს უხდიდა ყმაწვილკაცობის დროინდელ გატაცებას.
სამწუხაროდ, ქართულ მეცნიერებაში, როგორც პოლიტიკური მოძღვრება, არც ანარქიზმია შესწავლილი. ჩვენს ცნობიერებაში ანარქიზმი იმ კარიკატურული სურათებით არსებობს, საბჭოური კინემატოგრაფია ნესტორ მახნოსა (1889-1934) და მის ჯარისკაცებს რომ ხატავდა... ანარქიზმს, კერძოდ, ადამიანის და საერთოდ, მთელი ხალხის სულიერი, სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური გათავისუფლება უნდოდა.
სულიერი თავისუფლებისთვის, ანარქიზმის აზრით, რელიგიის უარყოფა იყო აუცილებელი, ხოლო სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისთვის – სახელმწიფოს დანგრევა... სახელმწიოს დანგრევა აუცილებელი გახლდათ იმდენად, რამდენადაც სახელმწიფო ადამიანისა და ხალხის დამორჩილების აპარატია. თუ სახელმწიფო იარსებებდა, მათ თავისუფლების მოპოვება ზღაპრად მიაჩნდათ... ისეთი საზოგადოების შექმნა უნდოდათ, სადაც ადამიანი ადამიანს კი არ შეებრძოლებოდა, არამედ ბუნებას. ანდა ერთმანეთს რატომ უნდა დაპირისპირებოდნენ, როცა ყოველგვარი ქონება – მიწა, ფაბრიკა-ქარხნები, შრომის იარაღები – ყველას თანაბრად გაუნაწილდებოდა. ყოფილი მემამულე მიწას ისევე დაამუშავებდა, როგორც გლეხი. ყოფილი ფაბრიკანტი და მექარხნე ჩვეულებრივ მუშასავით იშრომებდა. ყოველი ადამიანი პირადი შრომის შედეგად მოპოვებულით იცხოვრებდა. სამტრო და გასაყოფიც არაფერი იქნებოდა... ახლა ეს სქემა მხოლოდ იმიტომ წარმოვადგინე, რომ მკითხველს მიახლოებით მაინც დაენახა – რა უკიდურესი აზრის მოტრფიალე იყო ახალგაზრდა მიხაკო წერეთელი (თავადაც და სხვებიც მას უფრო ხშირად მიხაკოდ იხსენიებენ, ვიდრე მიხეილად).
როცა ანარქიზმით გატაცების წლებმა გაიარა, მიხაკო წერეთელი მთლიანად სამეცნიერო საქმიანობას მიეცა. გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ასირიოლოგიის სპეციალისტი გახდა... ხშირად გაიგონებთ ბუზღუნს – ქართველებს შრომა არ უყვართ, საქმეს ფუქსავატურად ექცევიანო. მიხეილ წერეთლის პიროვნება (ბევრ სხვა ქართველ მოღვაწესთან ერთად) ამ ცრუ აზრის სრული უარყოფაა.
ქართველი კაცი კი არ არის ზარმაცი, არამედ მისი მონური მდგომარეობა იწვევს მცონარობას. ზარმაცობა მონის თვისებაა. როცა საქართველო თავისუფალი იქნება, მაშინ მთელი მსოფლიო დაინახავს, როგორია ქართველის შრომისმოყვარეობა... ადამიანისა და შრომის თავისუფლების იდეა მიხაკო წერეთლის პუბლიცისტურ მოღვაწეობას წითელ ზოლად გასდევს. 1900-იან წლებში ეს პრობლემები ცხარე სჯა-ბაასის საგანი გახლდათ. ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, იცოდა თუ არ იცოდა, შეეძლო თუ არ შეეძლო, მართლა აინტერესებდა თუ არა, ან ტრიბუნაზე იდგა და ცივი ხმით გაჰკიოდა, ან ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში აცოდვილებდა კალამს. გონიერ, ჭკუადამჯდარ კაცს ყურს ნაკლებად უგდებდნენ...
საბჭოთა კავშირში ერთი წესი არსებობდა (დღესაც არსებობს, ოღონდ თანდათანობით ქრება): წიგნები ორ ნაწილად იყოფოდა – სასურველად და არასასურველად. სასურველად ის წიგნები იყო მიჩნეული, რომელიც სოციალიზმს უკმევდა გუნდრუკს, ხოლო არასასურველთა სიაში ისინი იყვნენ მოხვედრილი, რომელნიც სოციალიზმს აკრიტიკებდნენ ან ავის მოსურნედ ეჩვენებოდათ. ზოგჯერ აუცილებელი ხდებოდა არასასურველი წიგნების გამო საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ. რა თქმა უნდა, არასასურველი წიგნის წაკითხვა საბჭოელ მკითხველს ეკრძალებოდა. აი, ამ დროს ასპარეზზე გამოდიოდა სანდო საბჭოელი სწავლული. ის მკითხველ საზოგადოებას მოუყვებოდა, რა წერია არასასურველ წიგნში. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მისდამი. ცხადია, სანდო სწავლული არასასურველ წიგნს კი არ აცნობდა მკითხველს, არამედ აძაგებდა მას და ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. მკითხველმა წიგნის არსებობა იცოდა, მაგრამ შიგ რა ეწერა, ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა. სანდო სწავლულის ინსინუაცებით ჰქონდა თავი გამოტენილი. ასე ჩამოყალიბდა ფორმულა: არასასურველი წიგნი, სანდო სწავლული, მკითხველთა საზოგადოება... მიხაკო წერეთლის „ერი და კაცობრიობაც“ არასასურველი წიგნების რიგს ეკუთვნოდა.“