№26 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორი საქციელი შეეფერება ქრისტიანს მარხვაში?
პასუხი: მარხვის დროს განიშორეთ ამქვეყნიურ ამაოებას და იფიქრეთ თქვენს ცოდვებზე. მოემზადეთ გულწრფელი აღსარებისთვის, რაც ცოდვებისგან გაგწმენდთ. დაიცავით მარხვა სიმშვიდით, იარეთ ეკლესიაში, იკითხეთ ლოცვები, წმიდა სახარება და აკეთეთ ბევრი კეთილი საქმე.
კითხვა: მინდა, ჩემს წინაპრებს პანაშვიდი გადავუხადო. როგორ მოვახერხო ეს?
პასუხი: შეგიძლიათ, თქვენს წინაპრებს გადაუხადოთ პანაშვიდი, თუ იცით, რომ ისინი მართლმადიდებლები იყვნენ. გარდაცვლილ წინაპრებს საქართველოს ეკლესია ისედაც მოიხსენიებს წირვა-ლოცვის დროს ასეთი სიტყვებით: „წინაპართა სანატრელთა პირველგარდაცვალებულთა მამათა და ძმათა ჩვენთა“. ბუნებრივია, აქ თქვენი წინაპრებიც იგულისხმებიან. მათთვის, ასევე, შეგიძლიათ, ყოველთვის ევედროთ უფალს დილის ლოცვებში: „მოიხსნე, უფალო, სულნი გარდაცვალებულთა მონათა და მხევალთა შენთა, მშობელთა ჩემთა და ყოველთა მონათესავეთა ჩემთა (სახელები) და სასოებით მკვდრეთით აღდგომისა და საუკუნოსა ცხოვრებისა ზედა გარდაცვალებულთა მამათა, ძმათა და დათა“.
კითხვა: შერჩებათ თუ არა თავ-თავიანთი სქესი ქალისა და მამაკაცის სულებს გარდაცვალების შემდეგ?
პასუხი: სულს სქესი არ აქვს. ადამიანის სულები გარდაცვალების შემდეგ არიან, როგორც ანგელოზები – უსქესო არსებები.
კითხვა: როდესაც ახლობლის გარდაცვალების დროს დიდი გლოვა და ტირილია, ამბობენ, ზედმეტი გლოვა ეშმაკეულიაო. შეეფერება ეს ჭეშმარიტებას?
პასუხი: ტირილი ეშმაკეული არ არის – ეს ემოციის გამოხატვის საშუალებაა. თუმცა, ჭირისუფალს მართლაც მოეთხოვება ზომიერების დაცვა გლოვაშიც კი. როგორც წმიდა იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: „იმწუხარე, იტირე, მაგრამ ნუ უჩივი ბედსა შენსა, ნუ სულმოკლეობ, ნურცა ნაღვლიანობ. შეწირე მადლი უფალსა, პატიოსან ჰყავ განსვენებული და შემოსე ის შესამოსელთა გლოვისაითა. შფოთვითა შენითა შეურაცხყოფ მიცვალებულსა, განარისხებ უფალსა და ავნებ თავსა შენსა“.
კითხვა: ჩემსა და ჩემი მეუღლის მეჯვარეებს ერთმანეთ შეუყვარდათ. შეიძლება თუ არა მათი დაქორწინება, ისინი ხომ ერთმანეთის ნათესავები არიან?
პასუხი: ისინი ერთმანეთის ნათესავები კი არა, თქვენი ქორწინების მოწმეები არიან. მათი ქორწინება დასაშვებია, თუ ბავშვს ერთად არ მონათლავენ.
კითხვა: ვმუშაობ ღამის ცვლაში. უნდა წავიკითხო თუ არა ღამის ლოცვები და დასაშვებია თუ არა ღამით საკვების მიღება?
პასუხი: ვითარებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, საკვების მიღება. ასევე, წაიკითხეთ ლოცვები, თუნდაც მოკლე. ის დაგიცავთ ყოველგვარი ბოროტებისგან.
კითხვა: შეიძლება თუ არა გამოუვალ მდგომარეობაში (მაგალითად, უცხოეთში ყოფნისას) მართლმადიდებელმა ილოცოს კათოლიკურ ტაძარში?
პასუხი: კათოლიკურ მესაში მონაწილეობა (აღსარება, ზიარება) დაუშვებელია მართლმადიდებლისთვის. ასევე, არ შეიძლება, პროტესტანტულ, ლუთერანულ და სხვა, თუნდაც, ქრისტიანულ ტაძრებში ლოცვა, რადგან ამ ეკლესიებს შორის არ არის ევქარისტული (ლოცვითი) კავშირი.
კითხვა: უნდა ვაპკუროთ თუ არა ნაყიდ პროდუქტებს ნაკურთხი წყალი?
პასუხი: სახლში მიტანილ პროდუქტებს გადასახეთ ჯვარი და აპკურეთ ნაკურთხი წყალი.