№25 რაში ჩაითრია ვერა ქობალიამ ეკონომიკის ოთხი მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი და რა ცდუნების უფლებას არ აძლევს ის საკუთარ თავს
ქეთევან ბოჭორიშვილმა, რომელიც 7 წელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო და ოთხ მინისტრთან მოუწია მუშაობა, სახელმწიფო სამსახური დატოვა და კერძო სექტორში გადაინაცვლა. ის კომპანია „ანაკლია სითის” უხელმძღვანელებს. ქეთი ბოჭორიშვილის „ანგარიშზე” ეკონომიკის სამინისტროში არაერთი წარმატებული პროექტია. როგორი იქნება ანაკლია წლების შემდეგ ამას დრო გვიჩვენებს, იქამდე, ქეთი ბოჭორიშვილს ეკონომიკის სამინისტროში გატარებული წლებისა და კადრს მიღმა დარჩენილი ცხოვრების შესახებ გავესაუბრეთ.
ქეთი ბოჭორიშვილი: ეკონომიკის სამინისტროში 7 წელი ვიმუშავე. თავიდან იქ მივედი, როგორც საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი, შემდგომ გავხდი მინისტრის მოადგილე. წლები, რომელიც სახელმწიფო სამსახურში გავატარე, იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უზარმაზარი გამოცდილება მივიღე. ყოველ წელს იზრდებოდა ჩემი „პორტფელი” – დავიწყეთ ინვესტიციების მოზიდვით, შემდგომ იყო ექსპორტი და მეწარმეობის ხელშეწყობა, ტურიზმი და სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის მიმართულება. შესაბამისად, ძალიან მრვალფეროვანი იყო ის სპექტრი, რაც ჩემს კომპეტენციაში შედიოდა. იმ პერიოდში ეკონომიკის სამინისტროში განხორციელდა ძალიან საინტერესო პროექტები, რომლებშიც თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული. მაგალითად: მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნა, ასევე პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში”, რომლის მიზანიც იყო, რაც შეიძლებოდა მეტი საწარმოს გახსნა, დღეს ამ პროექტის ფარგლებში 300-მდე კომპანიაში არის ინვესტიცია ჩადებული, ათი ათასზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი. ძალიან მიყვარს პროექტი „უმასპინძლე საქართველოში”, რაც ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას, სასტუმროების გახსნას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩემი ორგანიზებით დაიწყო პროექტი „გადაიღე საქართველოში”. ამ იდეის პროექტად ქცევისთვის ცოტა დიდი დრო დამჭირდა. მისი მთავარი იდეაა, საქართველო გადაიქცეს კინოგადასაღებ მოედნად. ეს ხელს უწყობს როგორც კერძო სექტორის და ამ დარგის განვითარებას, ასევე, ქვეყნის პოპულარიზაციას. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ჰოლივუდიდან, ბოლივუდიდან, ასევე ევროპული კინოს წარმომადგენლები. უკვე გადაიღეს ერთი ამერიკული და რამდენიმე ინდური ფილმი.
– რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, მიგეტოვებინათ წარმატებული საჯარო კარიერა და გადასულიყავით კერძო სექტორში? ანაკლიის პროექტი, რაზედაც წლებია, მიდის საუბარი, არაა იოლი განსახორციელებელი. ასეთ რთულ საქმეში ჩაბმით აწყობილ კარიერას ხომ არ რისკავთ?
– ანაკლიის პროექტი ძალიან მასშტაბურია. სწორი კონცეფციის შემუშავება არის მთავარი, რაზედაც დგას ამ პროექტის წარმატებით განხორციელება და ბევრ მიმართულებას მოიცავს. ამ წლებში მოხდა სტრატეგიული პარტნიორების განსაზღვრა, კონცეფციის მთავარ საკითხებზე ჩამოყალიბება. ჩვენ უკვე ვართ იმ ეტაპზე, როცა უკვე შესაძლებელია პორტის მშენებლობა, რაც არის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის. აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ხორციელდება იმ დოკუმენტის შემუშავება, რომელიც საჭიროა მდგრადი პროექტის განხორციელებისთვის. მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდება 2020 წელს. პორტის აშენების პარალელურად მოხდება მიმდებარე ტერიტორიების განვითარება. მნიშვნელოვანია სასაწყობე მეურნეობების, ლოგისტიკური ცენტრების, სავაჭრო ქსელების, საცხოვრებელი გარემოს შექმნა და განვითარება. ანაკლია და ზოგადად, მთელი ზღვისპირეთი გამოირჩევა ტურისტული პოტენციალით და ჩვენს კონცეფციას დავამატებთ ტურისტულ მიმართულებასაც. აუცილებლად მოხდება მომავლის ტენდენციების გათვალისწინება და განსაზღვრა, რისთვისაც გვიწევს სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტების მოწვევა. ქალაქი უცებ, ერთი ხელის მოსმით არ შენდება. ჩვენ გვაქვს დიდი გამოწვევა, რაც დარწმუნებული ვარ, სწორი დაგეგმარებისა და პოლიტიკის შემთხვევაში, წარმატებით დასრულდება.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, კერძო სექტორში ჩემს გადასვლასთან დაკავშირებით, ეს ჩემი პერსონალური გადაწყვეტილებაა. მიმაჩნია, რომ ცხოვრების ამ ეტაპზე აუცილებლად მჭირდებოდა ახალი გამოწვევა. ერთ პოზიციაზე დიდხანს ყოფნა მოდუნების ცდუნების წინაშე გაყენებს, რის უფლებასაც თავს არასდროს ვაძლევ. კერძო სექტორში გადასვლის შემდეგ, მექნება ცხოვრების სხვა რეჟიმი და შესაძლებლობა – წავიკითხო ლექციები. ახალგაზრდებთან ურთიერთობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს თემა ჩემს კარიერაში გარკვეული დოზით აუცილებლად იქნება.
– სახელმწიფო სამსახურში, როგორც ვიცი, მინისტრმა ვერა ქობალიამ ჩაგითრიათ. მერე იყავით ოთხი მინისტრის მოადგილე. რა გაკავშირებდათ პირველ მინისტრთან და როგორ მოახერხეთ, ოთხი მინისტრის მოადგილეობა, რაც ჩვენს რეალობაში იშვიათად ხდება?
– ოთხი მინისტრის - ვერა ქობალიას, გიორგი კვირიკაშვილის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და გიორგი გვახარიას მოადგილე ვიყავი. ეს არის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების დასტური, რომ სამინისტროში კადრები პოლიტიკური კონიუნქტურით არ შეცვლილიყო და მომხდარიყო იმ პროექტების გაგრძელება, რაც დაწყებულია. მასთან ყველაზე დიდხანს ვიმუშავე. თითოეულ მინისტრთან თანამშრომლობა იყო ნაყოფიერი და გარკვეული გამოცდილება მივიღე. გეთანხმებით, რომ სახელმწიფო სამსახურში ვერა ქობალიას რეკომენდაციით მოვხვდი. ვერამ გამიცნო ერთ-ერთ შეხევედრაზე, როდესაც ათასწლეულის გამოწვევის პროექტში ვმუშაობდი. მისგან მივიღე მესიჯი, რომ ჩემი „სივის” ნახვა უნდოდა, რის შემდეგაც შეხვედრაზე დამიბარა და მითხრა, რომ ჩემი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით, კარგად გავუმკლავდებოდი საინვესტიციო სააგენტოს. იმის მიუხედავად, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდში, როგორც პროფესიული ზრდისთვის, ასევე საქმიდან გამომდინარე, კარგი გარემო იყო, ვერა ქობალიას შემოთავაზებას დავთანხმდი.
– ახლა მოგიწევთ „დაბანაკება” ანაკლიაში?
– დიდი სიამოვნებით, რა პრობლემაა. მე ძალიან მომწონს ზღვისპირეთში ცხოვრება. ამას აქვს თავისი ხიბლი. ანაკლია იქნება ერთ-ერთი მიმზიდველი საცხოვრებელი ადგილი. ეკონომიკის სამინისტროში მუშაობისას ძალიან ხშირად მიწევდა რეგიონებში ჩასვლა. ასე რომ, რეგიონში გადასვლა ჩემთვის პრობლემა არაა. ანაკლიაში მომიწია მუშაობა ტურიზმის განვითარების პროექტზე. ჩართული ვიყავი იქ პირველი სასტუმროების მშენებლობაში, როგორც საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი. ასე რომ, ეს გარემო ჩემთვის უცხო არაა. ამას გარდა, ძალიან ადრეული ასაკიდან შევეჩვიე დამოუკიდებელ ცხოვრებას. პროფესიული მოგზაურობა დავიწყე სკოლის ასაკიდან, როცა სასწავლებლად წავედი ამერიკაში, კენტუკის შტატში, ქალაქ ლუივილში, სადაც იყო ქალთა აკადემია. ამ აკადემიამ რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ძალიან ბევრი რამ მომცა. ეს წლებია, მუდმივად ვატარებ ხელზე ბეჭედს, რომელზეც ამოტვიფრულია ჩვენი სკოლის გერბი და სახელი. ეს ბეჭედი გადმომცეს აკადემიის დამთავრებისას, რაც მათი ტრადიციაა.
– ეს ბეჭედი თქვენი წარმატებების თილისმაა?
– ალბათ, უფრო რელიკვია, სიმბოლო, რაც ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია. მე სწორედ ამერიკაში ვნახე და გავაცნობიერე, რას ნიშნავდა კარგი ცხოვრება, კარგი განათლება და გარემო. იქ გამიჩნდა სურვილი, ჩემი ქვეყანაც ყოფილიყო ასეთი. აქ ჩამომეყვანა ჩემი ახალშეძენილი მეგობრები, რაც ნაწილობრივ მოვახერხე ამ წლებში. იმის მიუხედავად, შემეძლო დარჩენა ამერიკაში, ჩავთვალე, რომ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. თუმცა, მოგვიანებით, რამდენჯერმე დავბრუნდი ამერიკაში სასწავლო კურსებით. მაგისტრატურა საჯარო მენეჯმენტში გავიარე მილანში. ორი წელი ვისწავლე ბოკონის ბიზნესუნივერსიტეტში. იტალიაში სამსახურის ძებნის რთული პერიოდიც მქონდა და უამრავი სტაჟირებაც გავიარე, რასაც მერე მოჰყვა, ის, რომ ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში ამიყვანეს. უცხოეთში სწავლა და ცხოვრება მაძლევდა საშუალებას, გავზრდილიყავი არა მხოლოდ პროფესიულად, ასევე შემეძინა მეგობრების ფართო წრე. ამიტომაცაა, თბილისიდან დაწყებული ავსტრალიით დამთავრებული, ყველგან მეგობრები მყავს (იცინის). როცა ადრეულ ასაკში ცხოვრობ სხვა ქვეყანაში, საკუთარ თავზე იღებ ბევრ პასუხისმგებლობას და ასე სწავლობ ცხოვრებას.
– როგორი იყო ასეთი აქტიური კარიერის მიღმა, თქვენი პირადი ცხოვრება?
– იმას ვერ ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ მარტო, ჩემი კარიერის გამო ვარ-მეთქი. ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს (იცინის). როდესაც საქმეში ვარ ჩართული, კადრს მიღმა, ბევრი არაფერი რჩება. ყოველთვის ისეთი დატვირთული ვიყავი, თითქმის არ მრჩებოდა თავისუფალი დრო. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ჯერ კიდევ მშობლებთან ერთად ვცხოვრობ. უახლოეს მომავალში ვგეგმავ საცხოვრებლად დამოუკიდებლად გადავიდე. მაქვს ჩემი გატაცებები – მიყვარს თხილამურებით სრიალი. ეს ჩემი დიდი ჰობია, რაც მერე, მაღალმთიანი კურორტების განვითარების პროექტის განხორციელებისას, ჩემი საქმის ნაწილი გახდა. საქართველოს მთიანეთის დიდ ნაწილში ნამყოფი ვარ, უფრო მეტიც, მეგობრებთან ერთად ჩავერთე სათავგადასავლო ტურიზმში – მინისტრის მოადგილის რანგში ყაზბეგის მწვერვალზე ასვლა ვცადე. ბოლომდე ვერ ავედი, მაგრამ 4 500 მეტრამდე მივაღწიე. ალპინისტებთან ერთად ზურგჩანთამოკიდებული ავდიოდი მთაზე. საველე პირობებს მშვენივრად გავუძელი. თუმცა, ამინდის ცვლილების გამო, მწევრვალამდე ასვლა ვერ მოვახერხე. ჩაფიქრებული მაქვს, ეს მარშრუტი გავიმეორო, ოღონდ ამჯერად მწვერვალზე ასვლით (იცინის).