№25 პროფესიონალიზმის დეფიციტი
პროფესიონალიზმის დეფიციტი
თუმცა ვერა და ვერ ვეღირსეთ ევროპარლამენტში შიდა ქართლიდან წიწილებივით გატაცებული საქართველოს მოქალაქეების საქმის გამო განგაშის ზარების დარისხებას და ვერც იმის გაპროტესტებას, რომ, სახელდობრ, აზერბაიჯანში ეთნიკურ ქართველებს არათუ თავიანთი ქართული გვარების ტარების უფლებას არ აძლევენ, თვით ქართული სახელების დარქმევისასაც.
ევროპარლამენტარებმა აფგან მუხთარლის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. შესაბამისად, მიესალმნენ საქართველოს მიერ ამ საქმის გამოძიების დაწყებას, ხოლო, თუ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართული კვალი გამოვლინდება, ეს ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთების, მისი ღირებულებების და პრინციპებისთვის სულში ჩაფურთხება იქნებაო (უტრირება ჩემია, რეზოლუციაში მხოლოდ ის წერია, „დარღვევა იქნებაო“).
იქვე ჩვენც და აზერბაიჯანსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები შეგვახსენა და მუხთარლის ოჯახის წევრების დაცვაც მოითხოვა.
იმას გარდა, რომ ბაქოს მისი გათავისუფლება, თბილისს კი ოჯახთან დაბრუნება დაავალდებულა. ამის პარალელურად კი, ევროპარლამენტარებს აფგან მუხთარლის ცოლიც შეხვდა და გვაუწყა, რომ ევროპარლამენტარებს პირადად მოახსენა, როგორ გაიტაცეს ქართველმა ძალოვნებმა მისი მეუღლე.
მეორე მხრივ, ცხადზე უცხადესია, რომ ცოლმა უნდა დაიცვას ქმარი, ისევე, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს სულ არ ედარდება, მიადგება თუ არა ზიანი მისი განცხადებით ამ ქვეყანას (თუმცა რატომ გვედიდგულება, პირადად ჩემთვის უცნობია). ისევე, როგორც ცხადზე უცხადესია, რომ ჩვენ საერთოდ არ ვინტერესდებით არავის ქმრის ამბებით, თუ საპირწონედ ჩვენი ქვეყნის არათუ უსაფრთხოება დგება ეჭვქვეშ.
აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული შეგონება: ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურმა ნებისმიერ ვითარებაში უნდა იმუშაოს გამართულად, პროფესიულად, შემოქმედებითად და პრევენციულად, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე!