№25 ყურაწეულები
ანუ „დავაქორწინეთ, მაშ?!“
სანამ ჩვენ გულები გვაქვს განგმირული ევროპარლამენტარების მკაცრი შეგონებით, დააბრუნეთ აფგან მუხთარლი, თორემ ყურებს აგიწევთო და არც ის ვიცით, რას და ვის ვეცეთ, რომ გულიც დავიამოთ და ყურებიც გადავირჩინოთ (ცხადია, აწევისგან), სერბეთის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრად სახელმწიფო მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ანე ბრნაბიჩი წარადგინა.
წარდგენაში არაფერი იქნებოდა ყურადსაღები, რომ არა სერბეთის პრეზიდენტის მოტივაცია: ანე ბრნაბიჩი პირველი ქალი იქნება სერბეთის მთავრობაში, რომელიც დაუფარავად აცხადებს თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ.
მეორე მხრივ, სერბეთში, იქაური კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი სიმბოლური ფიგურაა, რადგან „პირველი ვიოლინო“ პრეზიდენტია.
სავარაუდოდ, ამ ჟესტის მიზანი ევროკავშირის გულის მოგებაა, გაწევიანება სურთ და ამგვარად გამოხატავენ ტოლერანტობისადმი ერთგულებასო.
ჩვენ არ ვიცით, რა წვლილს შეიტანს გაღებული ხარკი სერბეთის ევროკავშირის წევრად ქცევაში, სამაგიეროდ, ვიცით, რომ, ჩვენი კონსტიტუციით, სიმბოლური ფიგურა პრეზიდენტია და, თუ სერბეთს გაუმართლა ამ სვლამ, განა ჩვენ კი ვერ დავაქორწინებთ?!