კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№25 რატომ არის საქართველოში მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელი ნორმაზე ორჯერ მეტი და რომელ ასაკობრივ ჯგუფში იხოცება ქალებზე სამჯერ მეტი მამაკაცი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

  ცნობილია, რომ საქართველოში დაბერებული მოსახლეობაა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებას უკვე ერის გადაბერებაც შეიძლება, ვუწოდოთ, ვინაიდან დაბერებული ეწოდება მოსახლეობას, რომლის სტრუქტურაშიც 60 წელს გადაცილებულთა წილი 7 პროცენტია. ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია. განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობა გაცილებით დიდხანსაც ცოცხლობს და მეტად ჯანმრთელადაც გრძნობს თავს. თუმცა სიკვდილის მიზეზები ყველა ქვეყანაში –  განვითარებულსა და განვითარებადშიც –  ერთნაირია. ზოგადად, დაავადებათა ჩამონათვალი, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს, 19 კლასად იყოფა. რა დაავადებები იწვევს საქართველოს მოქალაქეების სიკვდილს, როგორია ქალებისა და მამაკაცების მოკვდაობის მაჩვენებელი, რამ დააბერა ასე უღმერთოდ საქართველოს მოსახლეობა და რატომ ცოცხლობენ ქალები, ჩვეულებისამებრ, მამაკაცებზე დიდხანს, –  ამ პრობლემებზე დემოგრაფ ავთანდილ სულაბერიძესთან ერთად ვისაუბრებთ.
– საქართველოს რომელი რეგიონია ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული?
– ყველაზე ახალგაზრდული მოსახლეობით გამოირჩევა ქვემო ქართლი, ხოლო შემდეგ –  აჭარა. 15 წლამდე მოსახლეობის რაოდენობა დაბალია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. სამაგიეროდ, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ყველაზე დაბერებული მოსახლეობაა. იმავდროულად, ყველაზე ცოტა დაბერებული მოსახლეობაა აჭარასა და ქვემო ქართლში. 1970 წლიდან და განსაკუთრებით, 1993 წლიდან საქართველოში დემოგრაფიული დაბერების ზრდა შეინიშნება. ამ თვალსაზრისით, ძალზე რთული ვითარებაა სოფელ ადგილებში. ზოგ სოფელში წლების განმავლობაში აღარ დაბადებულა ბავშვი და დემოგრაფიული შემთხვევებიდან მხოლოდ  მოკვდაობა აღინიშნება. ეს პროცესი კი, თავის მხრივ, ნასოფლარების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.
გაეროს დღევანდელი სტანდარტით, ქვეყანა დაბერებულად მიიჩნევა, თუ მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 65 წელს გადაცილებულთა წილი 7 პროცენტია, მაშინდელი სტანდარტით, მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 60 წელს გადაცილებულთა წილი 12 პროცენტს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ დემოგრაფიული დაბერება საქართველოში ჯერ კიდევ 1960 წელს დაიწყო, როდესაც მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 65 წელს გადაცილებულთა წილმა 7,7 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 1960 წელს, დაბადებისას მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ოფიციალური მაჩვენებელი 72,7 წელი, ფაქტობრივად, დღევანდელ დონეს –  73 წელს უტოლდებოდა.
ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის გარეთ ემიგრაციის მაღალმა ტემპმა, 2002 წლისთვის განაპირობა დემოგრაფიული დაბერების სწრაფი ზრდა 12,8 პროცენტამდე, ხოლო 2015 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 13,9 პროცენტი შეადგინა, თუმცა, ექსპერტული შეფასებითი ის უფრო მაღალია და 15,9 პროცენტია.
– და ეს მატერიალური ტვირთიცაა ქვეყნისთვის, რადგან უმუშევრობის პირობებში შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი მცირდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობას უმწეო მდგომარეობაში ყრის.
–  დემოგრაფიული დაბერება, ქვეყანაში არსებული მაღალი უმუშევრობისა და სიღარიბის დონის პირობებში, კიდევ უფრო „ამძიმებს“  ხანდაზმულთა დემოგრაფიული დატვირთვის მაღალ მაჩვენებელს, რაც გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დინამიზმზე. მოსახლეობის ერთი წლით დაბერება იწვევს მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების პოტენციალის თითქმის 2,5-პროცენტიან შემცირებას. საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა ამჟამად, 1990-იანი წლების დასაწყისის დონეზე რომ იყოს, ჩვენ საშუალება გვექნებოდა დამატებით გვეწარმოებინა ამჟამინდელზე არანაკლებ 3,2 მილიარდი ლარით, ანუ 15 პროცენტით მეტი მთლიანი შიგა პროდუქტი და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მოგვეხდინა ამჟამინდელზე, დაახლოებით 800 მილიონზე მეტი ლარის აკუმულირება. ამის ხარჯზე კი, ფაქტობრივად, გაგვეორმაგებინა საშუალო პენსია.
საქსტატის 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის 45 პროცენტი ეკონომიკურად აქტიურია, რაც  მეორე  დემოგრაფიული დივიდენდის სახით, წარმატებით გამოყენების საშუალებას იძლევა. თუმცა გასათვალისწინებელია მისი ფორმირების არსებული რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული თავისებურებანი.
– როგორია მოკვდაობის მაჩვენებელი საქართველოს რეგიონების მიხედვით?
– ამ თვალსაზრისით, განსხვავებები რეგიონების მიხედვით თვალსაჩინოა. ტრადიციულად მოკვდაობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლისთვის იყო დამახასიათებელი და დღესაც ასეა, ხოლო ყველაზე მაღალი მოკვდაობით გამოირჩეოდა და ბოლო დრომდე გამოირჩევა, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. ამასთან, 2014 წელს 1970 წელთან შედარებით, მოკვდაობის ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ქვემო ქართლში, 1,8-ჯერ, ისე განსაკუთრებით რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 2,1-ჯერ. ყველაზე ნაკლებად მოკვდაობის ინტენსივობა გაიზარდა თბილისსა, 1,4-ჯერ და  აჭარაში, 1,5-ჯერ, ხოლო ყველაზე მეტად –  იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში –  2,1-ჯერ.
მაღალი დემოგრაფიული დაბერების პირობებში, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის დონეს, რაც, საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია. საქართველოს ამ კატეგორიის მოსახლეობის სტრუქტურაში აშკარაა, რომ სიცოცხლის დაბალი ხანგრძლივობის გამო 75 წლის ზემო ასაკის მოსახლეობა მცირეა, ხოლო 80 წელს გადაცილებული მოსახლეობა 4 პროცენტზე ნაკლები.
აღნიშნულის ერთ-ერთი მიზეზია ზემოკვდაობის მაღალი დონე, განსაკუთრებით მამაკაცთა შორის. საერთოდ, ქალებთან შედარებით მამაკაცთა ზემოკვდაობა სხვა ქვეყნებისთვისაც დამახასიათებელია, თუმცა იქ ქალთა და მამაკაცთა მოკვდაობის დონეთა შორის განსხვავება შედარებით დაბალია. ჩვენთან კი, ოფიციალური მაჩვენებლით, მამაკაცთა მოკვდაობის დონე 17,4 პროცენტით მეტია ქალთა მოკვდაობაზე, ხოლო შეფასებითი მაჩვენებლით უფრო მეტითაც – 25 პროცენტით, რაც აისახება კიდეც ქალთა და მამაკაცთა მოსალოდნელ სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის არსებულ სხვაობაშიც.
– ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით როგორია ქალებისა და მამაკაცების მოკვდაობის მაჩვენებლები?
– განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ 50-60 წლის ასაკობრივ ჯგუფში, მამაკაცთა ზემოკვდაობა ქალებთან შედარებით თითქმის 3-ჯერ, ხოლო 60-65 წლის ასაკობრივ ჯგუფებში, ორჯერ მაღალია.
– რა არის საქართველოში მოსახლეობის სიკვდილის მიზეზი? რომელი დაავადებები?
– გარდაცვალების მიზეზთა შორის პირველ ადგილზეა სისხლის მიმოქცევის სისტემით დაღუპვა, შემდეგ ადგილზეა ახალწარმონაქმნები, ანუ სიმსივნური დაავადებები, მესამე ადგილზეა სუნთქვითი ორგანოების დაავადებები და მეოთხე ადგილზეა საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები, რომელთა წილიც, შეფასებითი მაჩვენებლებით, გარდაცვალებულთა საერთო რაოდენობის 84,2 პროცენტს შეადგენს და ოფიციალურ მონაცემებზე 2-ჯერ მაღალია. სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები იგივეა, ყოველთვის იყო ორი ძირითადი: სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და ონკოდაავადებები. ბუნებრივია, შიგნით მიდის სტრუქტურული ცვლილებები, მაგრამ, როგორც წესი, სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები პირველ ადგილზეა. უხეშად ვიტყვი, 70 პროცენტამდე მოდის სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებზე და 12-15 პროცენტი –  ონკოდაავადებებზე.
–  ეს გენეტიკურია, გარემოს ბრალია თუ რა არის მიზეზი?
– მთელ მსოფლიოში ასეა. აი, ეს ორი მიზეზია მსოფლიო ტენდენცია. მართალია, ქვეყნების მიხედვით, არის პროცენტული განსხვავებები, მაგრამ ზოგადი სურათი ყველა ქვეყანაში, ევროპასა თუ ამერიკაში, ასეთია.
– ქვეყნებს შორის არის განსხვავება მათი მოქალაქეების სიკვდილის მიზეზების მიხედვით?
– შეერთებულ შტატებს ძალიან კარგი და სრულყოფილი სტატისტიკა აქვს და ისინი ყოველწლიურად სხვადასხვა ნიშნით აფასებენ გარდაცვალების მიზეზებს და ამ ნიშნებს შორის არის რასობრივი ნიშანიც. სხვათა შორის, ამ მონაცემებით ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მაღალია თეთრკანიანებში, ვიდრე ფერადკანიანებში. მეტიც, ფერადკანიანებს შორისაცაა განსხვავება კანის ფერის მიხედვით. წარმოიდგინეთ, ერთი ქვეყნის შიგნითაც კი არის განსხვავებები და მით უმეტეს, იქნება განსხვავებები ქვეყნებს შორის. ასეთი განსხვავებები ჩვენთანაც არის, საქართველოში.
– სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულადაა დაცული მოქალაქეების ჯანმრთელობა, განსხვავებული სოციალური დაცვის მექანიზმებია. არადა, ადამიანები, თურმე, მაინც ერთი და იმავე მიზეზებით იღუპებიან?
– მაგრამ ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია გარდაცვლილთა ასაკობრივი სტრუქტურა. გასაგებია, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა მეტია, ვიდრე საქართველოში, თან –  საგრძნობლად მეტი. მეორე მომენტია პროცედურული რეგლამენტი: ვინ როდის კვდება. რას ნიშნავს სიცოცხლის ხანგრძლივობა? რომ უფრო დიდხანს ცოცხლობ და გვიან მოკვდები. ადამიანი უკვდავი არ არის, მაგრამ მთავარია, როდის კვდება ის. ჩვენთან, სამწუხაროდ, ვიღუპებით უფრო ადრე, იქ –  უფრო გვიან,  მაგრამ ეს არ ცვლის სიკვდილის მიზეზების სტრუქტურას. ეს ბუნებრივი პროცესია და ამაში არაფერი საოცარი არ არის. უბრალოდ, ჩვენთან რაღაც არ არის ბოლომდე მოწესრიგებული.
– თუ გაქვთ დათვლილი ეთნიკური ჯგუფების მიხედვით სიკვდილიანობის მაჩვენებელი?
– ჩვეულებრივ, დიდი განსხვავებები არ არის. ერთადერთი, იმის თქმა შეიძლება, რომ მოკვდაობის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო ქართველ და სომეხ მოსახლეობაში და უმნიშვნელოდ იყო აწეული აზერბაიჯანელ მოსახლეობაში. ასევე, ყველაზე მაღალი იყო სიკვდილიანობის მაჩვენებელი რუს და უკრაინელ მოსახლეობაში, მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზი: ჩვენთან ეთნიკურად რუსი და უკრაინელი მოსახლეობა დაბერებულია, რადგან ახალგაზრდები წავიდნენ ქვეყნიდან.
– რატომ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის სიკვდილის მიზეზების ცოდნა?
– როგორ უნდა გაატარო ეფექტიანი ჯანდაცვის პოლიტიკა, თუ სიკვდილის მიზეზები არ იცი?! არადა, არ იცი, რით იღუპება შენი მოსახლეობის მესამედი. ამ ფონზე რა ჯანდაცვის პოლიტიკაზეა საუბარი?! ჯერ აღრიცხვა უნდა მოაწესრიგო, რაშიც დემოგრაფი დაეხმარება სახელმწიფოს.
– როგორია საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა?
– მამაკაცებისათვის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას რეგიონების მიხედვით მერყეობს 67-71 წელს შორის. ის ყველაზე დაბალია სამეგრელო-ზემო სვანეთში –  67 წელი, ხოლო ყველაზე მაღალია სამცხე-ჯავახეთში –  70, წელი. ამდენად, სხვაობა მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის რეგიონებისათვის 3,7 წელს შეადგენს.
ქალების შემთხვევაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვხვდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –  76,4 წელი, ხოლო ყველაზე მაღალი –  მცხეთა-მთიანეთში, 77,7 წელი. ასე რომ, განსხვავება რეგიონებს შორის 1,3 წელს წარმოადგენს, რაც გაცილებით ნაკლებია მამაკაცებთან შედარებით.
ამ ფონზე მამაკაცთა საპენსიო ასაკის 65 წლამდე, ხოლო ქალთა 60 წლამდე გაზრდა ხელისუფლების შეცდომად მიგვაჩნია. ნიშანდობლივია, რომ საქართველოსგან განსხვავებით, მამაკაცთა საპენსიო ასაკი 65 წელი, ხოლო ქალთა 60 წელი, არის დასავლეთ ევროპის იმ  განვითარებულ ქვეყნებში, სადაც 80 წელს გადაცილებული მოსახლეობა 4 პროცენტზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის უმრავლეს პოსტკომუნისტურ ქვეყანაში (გარდა პოლონეთისა), 80 წელს გადაცილებულთა წილი 4 პროცენტზე მეტია, მამაკაცთა მინიმალური საპენსიო ასაკი 65 წელზე ნაკლებია. საინტერესოა, რომ მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მინიმალურ საპენსიო ასაკს შორის სხვაობა როგორც დასავლეთ ევროპის, ასევე პოსტკომუნისტურ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ყველაზე დაბალია. იმას გარდა, რომ რამდენიმეჯერ დაბალია ამ ქვეყნებთან  შედარებით პენსიაც.
скачать dle 11.3