№25 რამდენი საცხოვრებელი ბინა, არასაცხოვრებელი ფართი, მიწის ნაკვეთი და საწარმო აქვს დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მეუღლეს
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე 1965 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო (1983-1988 წლებში) და მისი სპეციალობაა: სამდინარო ნაგებობების ჰიდროტექნიკური მშენებლობა. მისი შრომითი ბიოგრაფია 1982 წელს იწყება „სამტრესტის“ მექანიკურ სარემონტო-სამონტაჟო გაერთიანებაში, სადაც 1983 წლამდე იმუშავა მეორე თანრიგის მუშად. 1990-1998 წლებში ქ.ტ.კ. აღმასრულებელი მდივნის მოადგილე იყო, 1999-2004 წლებში – საქართველოს პარლამენტის წევრიც გახლდათ, პარალელურად, 1998-2004 წლებში – ქ.ტ.კ. აღმასრულებელი მდივანი, იმას გარდა, რომ 2004-2016 წლებში ბიზნესსაქმიანობის დამფუძნებელიც ყოფილა (მეტი კონკრეტიკა მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ მოიპოვება).
დავით ჭიჭინაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1999 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1990 წელს ჩიმკენტში დაბადებული ქალიშვილი სალომე და მშობლები: ქ-ნი თალიკო და ბ-ნი ლეონიდე. იმხანად დავით ჭიჭინაძის საკუთრება იყო (სალომე ჭიჭინაძესთან და ირინა ხმელნევსკაიასთან ერთად) საცხოვრებელი ბინა სანკტ-პეტერბურგში მილიონ 200 ათასად ღირებული, ასევე 80 000 ლარად ღირებული მუსიკალური აპარატურა; თალიკო ჭიჭინაძეს ეკუთვნოდა ბინა თბილისში (50 000 ლარი), მშენებარე სახლი ეზოთი გარდაბანში (600 000 ლარი) და როიალი (6 000 ლარი); ლეონიდე ჭიჭინაძეს – ავტომანქანა (50 000 ლარი), სალომე ჭიჭინაძეს კი ჰქონდა: 24 000 ლარად ღირებული საათი, 18 000 ლარად ღირებული სამაჯური, 12 000 და 16 000 ლარად ღირებული ბეჭდები და 10 000 ლარად ღირებული როიალი. დეკლარაციის შევსების მომენტში, ანუ 1999 წელს დავით ჭიჭინაძეს ნაღდ ფულად ჰქონდა 100 000 აშშ დოლარი, მის 9 წლის ქალიშვილს კი – 100 000 ლარი. დავით ჭიჭინაძე სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა, ის იყო დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება „ლინია სვიაზის“ პარტნიორი. მის გარადა ოჯახში დასაქმებული იყო მამამისიც – პროფსასწავლებელში მასწავლებლად. რაც შეეხება შემოსავლებს: 1999 წლის განმავლობაში დავით ჭიჭინაძემ, როგორც პარლამენტის წევრმა 62 020 ლარი აიღო.
დავით ჭიჭინაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის 31 დეკემბრით თარიღდება. მან ისიც პარლამენტის წევრის რანგში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე ნინო კუჭავა და სამი შვილი: სალომე, 1996 წელს დაბადებული ანასტასია და 2013 წელს დაბადებული ბარბარე. ამჯერად ჭიჭინაძეების უძრავი ქონება შემდეგნაირია: დავით ჭიჭინაძის საკუთრებაა ბინა თბილისში, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე (180 კვ. მ.), სამაგიეროდ, მისი მეუღლის საკუთრებაა: მიწის ორი ნაკვეთი თბილისში, მეტეხის ქუჩაზე (330 და 1 243 კვ. მ.), არასაცხოვრებელი გორგასლის ქუჩაზე (70 კვ. მ.) და არასაცხოვრებელი ფართი კეკელიძის ქუჩაზე (112 კვ. მ.), ბინა ბოჭორმის ქუჩაზე (96 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი თელავში (3 138 კვ. მ.).
დავით ჭიჭინაძე არის 7 ორგანიზაციის პარტნიორი, მისი მეუღლე – ხუთისა, მაგრამ, თუ დეკლარაციას ვერწმუნებით, 2015 წელს მათთვის არცერთს თეთრის შემოსავალიც კი არ მოუტანია. თუმცა 2015 წლის განმავლობაში დავით ჭიჭინაძემ ხელფასად 5 088 ლარი აიღო (ოღონდ რისად, მითითებული არ არის), პენსიად კი (როგორც პარლამენტის წევრმა 1999-2004 წლებში) – 5 600 ლარი.