№25 როგორ მოატყუა ლუვრის ეზოში პოლიციელები ნიკოლოზ ხომასურიძემ და რატომ აჩუქეს „ექვთიმეს“ გადამღებ ჯგუფს ბინა ფილმის ბოლომდე დასასრულებლად
როგორც ცნობილია, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურძე ექვთიმე თაყაიშვილზე მხატვრულ ფილმს იღებს და ამ ეტაპზე ფილმის გადაღებები დასასრულისკენ მიდის. კომპანია „დაკარგულმა ლეგენდებმა“, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა და ფინანსური პრობლემებისა, სხვადასხვა აქციებით, პატრიოტთა და კერძო კომპანიების დახმარებით, შეძლო ფილმის გადაღების თითქმის ბოლომდე მიყვანა. ახლა მხოლოდ ფილმის ბოლო, სამი დღის სამუშაოა დარჩენილი, რისთვისაც ერთ-ერთმა პიროვნებამ გადამღებ ჯგუფს მშენებარე კორპუსში ბინა აჩუქა. ბინის გაყიდვით მიღებული თანხა კი მთლიანად ფილმის გადაღებას მოხმარდება.
ნიკოლოზ ხომასურიძე: ჩვენც არანაკლებ რთული გზა გავიარეთ, როგორც ექვთიმემ. ექვთიმე განძს იცავდა და ჩვენ კი, ჩვენი გადმოსახედიდან, განძს ვქმნით, რისთვისაც ბევრი ბრძოლა გვიწევს. ამისთვის არაერთი აქცია ჩავატარეთ. 6 ივნისს ძალიან კარგი დღე გვქონდა, ექვთიმეს გუნდს შემოუერთდა პოლიციის აკადემია. რექტორი ჩემი სტუდენტობის მეგობარია, გივი მიქანაძე და მისი ინიციატივით, აკადემიაში გავრცელდა ინფორმაცია და მხარი დაგვიჭირეს – გარკვეული თანხა შეგროვდა, რომელიც ფილმის გადაღებას მოხმარდება. ასეთი უამრავი აქცია გვაქვს ჩატარებული. ეს არის ფილმი ქართველის გამარჯვებაზე, რომელმაც ეს ურთულესი ეტაპი გაიარა, უდიდესი მისია ჰქონდა და შეასრულა, გაიმარჯვა.
– თქვენც საკმაოდ ბევრი სირთულე გაიარეთ.
– ფილმის ისტორია კიდევ უდიდესი გამარჯვება და მოტივაციაა როგორც მსოფლიოს ნებისმიერი კინოშემოქმედისთვის, ასევე სხვა პროფესიის ადამიანებისთვის. ის ორგანიზაციები, პიროვნებები, ვისაც ევალება ასეთი საქმის მხარდაჭერა და, უარს გეუბნებიან, არაპრიორიტეტულად მიიჩნევენ – ეს არ არის რეალურიო. შენ კი ეუბნები: მე ამას გავაკეთებო და ქმნი იმ რეალობას, რომელიც შენ გინდა – ეს არის დიდი გამარჯვება. შეუძლებელი შესაძლებელი გავხადეთ. კინოცენტრის კონკურსში ორჯერ მივიღეთ მონაწილეობა და ორივეჯერ შეფასების ერთ-ერთ პუნქტში – „იდეის ორიგინალურობა“, 5-ქულიანი შეფასების სისტემით, ყველგან ერთიანი გვიწერია. ექვთიმეზე ფილმს თუ იდეის ორიგინალობაში ერთიანი ეკუთვნის, მე ვერც იმ ჟიურის შევაფასებ და ვერც იმ ორგანიზაციას. სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ვინც შეიძლება მხარი დაუჭიროს კინოს, კულტურას, ყველასგან ოფიციალური უარი გვაქვს. ამაზე მაგარი ისტორია რა უნდა გააცოცხლო, შენს თაობასაც აჩვენო და მომავალსაც. თან, ჩვენ მინიმალურ მხარდაჭერას ვითხოვდით და ესეც არ მიგვიღია. ჩვენი მიზანი არ არის ბრძოლა, ჩვენ გვინდა, დავანახოთ, რომ საჭიროა ასეთი საქმის მხარდაჭერა, რადგან ეს ისევ ქვეყნის სასიკეთოდ შემობრუნდება.
– რა ჯდება ფილმი?
– 600-700 ათას ლარამდე. აქედან 70-80 პროცენტი პირადად ჩემი ინვესტიციაა, ჩემგან მოსული, დანარჩენი კომპანიებისა და ხალხისგან.
– როგორც ვიცი, პარიზში უკვე გქონდათ გადაღებები.
– გარე გადაღებები პარიზში გვქონდა, ეიფელის ფონზე, ლუვრის ეზოში, სადაც გადაღება ძალიან რთულია. როგორც იურისტმა, კარგად შევისწავლე საფრანგეთის კანონმდებლობა: რისი უფლება მქონდა, რისი არა. იქ ასეთი კანონია: 9 ადამიანი უნდა იყოს გადასაღებ მოედანზე ერთდროულად, რომ უფასოდ გადაიღო და სპეციალური ნებართვა. ამის გარეშე ძალიან ძვირი ღირს. ჩვენ 25 კაცი ვიყავით, მაგრამ გავიფანტეთ: ვითომ სხვა რამეს ვაკეთებდით. ვერავინ დაგვიმტკიცებდა, რომ ისიც ჩვენთან ერთად იყო: ვითომ ტურისტები იყვნენ, ზოგი წამოწვა, ზოგი სეირნობდა. როცა საჭირო იყო ყველანი ერთად ვიყავით, მაგრამ გადაღებისას ვიფანტებოდით. საბოლოოდ, ყველაფერი გადავიღეთ. ახლა მიდის მონტაჟი. პოლიცია რამდენჯერმე მოვიდა, ნებართვა თუ გაქვთ, რომ იღებთო. გავუშალე ყველა პუნქტი, რაც ამ საკითხს ეხებოდა. ავუხსენით, რომ ვიღებთ ფილმს, ეხება ადამიანს, რომელიც აქ ცხოვრობდა. ცხრანი ვართ-მეთქი, გადათვალა და მართლაც 9 ვიყავით. გაეცინა. სავარაუდოდ, მიხვდა, მაგრამ ისე ვისაუბრეთ, რომ აღარაფერი უთქვამთ… ცოტა ხნის წინ გადავიღეთ საფინალო სცენა – ექვთიმეს განძი რომ ჩამოაქვს. ნატახტრის აეროპორტში გადავიღეთ, დიდი მადლობა მათ, ძალიან შეგვიწყვეს ხელი.
– სხვადასხვა აქცია მოაწყვეთ, რომ ფილმი ბოლომდე მიგეყვანათ. ერთი პერიოდი, ყავის აქციაც გქონდათ, სადაც სტუმრებს ყავას შენ უდუღებდი.
– სამჯერ გავაკეთეთ ყავის აქცია. ყავის მოდუღების ისეთი „სპეცი” ვარ, 2 000 ჭიქა მაქვს მოდუღებული ცხელ ქვიშაზე. უბედნიერსი ვარ, რომ ამდენი ადამიანი შემოგივერთდა და ჩაერთო ფილმის გადაღებაში. 6 100 კაცი უჭერს მხარს ფილმს და ყველა ცდილობს დახმარებას ისე, როგორც შეუძლიათ. აჭარამ გააკეთა ძალიან კარგი აქცია, ასევე ქუთაისმა. ორივეგან შემოსული თანხა ჩვენ გადმოგვეცა. დავით აღმაშენებლის საქველმოქმედო ფონდიც შემოგვიერთდა, ისრაელის სახლიც. ფილმში გვაქვს სცენა, როგორ გადაარჩინეს ექვთიმემ და სხვა ქართველებმა ებრაელები. 1 200-მდე ებრაელი ჰყავთ ომის დროს გადარჩენილი. ლევილში იფარებდნენ, ქართველებად წერდნენ – უდიდესი ფაქტია, გაუხმაურებელი. ცოტა ხნის წინ „ქართული ხმების“ ბიჭებთან ერთად გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი „ექვთიმეს“ მხარდასაჭერად. ასევე, ჩვენი ფილმის მხატვრის, რამაზ ჩანტლაძის სამი ნამუშევარი გაიყიდა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ, ვინც იყიდა. ქეთი ლაზარაშვილი აკეთებს მინიატურულ წიგნებს და ერთ-ერთი იყო „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც დაახლოებით, 3 სანტიმეტრია, თავისი ლუპაც აქვს. ანდორაში მინიატურული წიგნების მუზეუმს გაუგზავნა, იქ გამოიფინება.
– ცოტა ხნის წინ ფილმს ბინა აჩუქეს გადაღების დასასრულებლად.
– ექვთიმეს ფილმს გადმოეცა 68 კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელი ბინა მშენებარე კორპუსში, რომ გავყიდოთ და ამ თანხით დავასრულოთ ფილმის გადაღება. ეს გააკეთა ჩემმა ახლად შეძენილმა მეგობარმა, რომელსაც არ სურს თავისი ვინაობის დასახელება. ბინა ჩვენს სახელზეა და გვინდა, აუქციონი მოვაწყოთ, სადაც სხვადასხვა ნივთები გაიყიდება და პლუს ეს ბინაც. მყიდველს ჩვენი მხატვრები გაუკეთებენ ბინის დიზაინს და პლუს, აჩუქებენ რამდენიმე ნახატს. ასევე, გადავცემთ ექვთიმეს დროშას თავისი ჩარჩოთი. ძალიან მაგარ საქმეს გააკეთებს: იყიდის ბინას და ამხელა საქმის დასრულებას შეუწყობს ხელს. ბინა შავი ზღვის ქუჩაზეა, ძალიან კარგ ადგილას, მეექვსე სართულზე. 2018 წლის დეკემბერში ჩაბარდებათ თეთრი კარკასი, კვადრატულის ფასი 600 დოლარია. ბინა როგორც კი გაიყიდება, დავასრულებთ გადაღებას. გვინდა, სექტემბრის ბოლოს გამოვიდეს ფილმი. სწავლაც იწყება და ყველამ რომ ნახოს. ასევე, სექტემბერში კარგი ფესტივალებია და გვინდა მონაწილეობა. თუ ოფიციალურად ვერ მოვასწრებთ მონაწილეობას, ისე მაინც რომ ვაჩვენოთ. ოქტომბრის ბოლოს ლოს-ანჯელესშია ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი – AFI, სადაც ორი წელი ვმუშაობდი და მასში აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილება. ეს არის ჩემთვის ყველაზე მაგარი ფესტივალი. ლოს-ანჯელესის კინოსკოლაში რომ ვსწავლობდი, პარალელურად, ფესტივალზე ვმუშაობდი. პირველ წელს მთავარი კონოთეატრის მენეჯერი ვიყავი და მეორე წელს, პიარის ჯგუფში, ჩვენი მოვალეობა იყო, მსახიობები წითელ ხალიჩაზე გაგვეტარებინა, პრესასთან ინტერვიუები უნდა ჩაეწერათ. წინასწარ იყო ყველაფერი დაგეგმილი: ამ დროს ამ ტელევიზიასთან უნდა იყოს ეს მსახიობი, მერე იმასთან უნდა გადავიდეს, ყველასთან არ აქვს ინტერვიუ. შეიძლება, ვინმე ჟურნალისტი სპონტანურად გადმოვიდეს და შენ უნდა დაარეგულირო. ბოლომდე გაგყავს წითელ ხალიჩაზე მსახიობები და შენც გადიხარ. ძალიან საინტერესო იყო. მივიღე დიდი ცოდნა, თუ შიგნიდან როგორ კეთდება ასეთი მაღალი დონის ფესტივალი. გეგმა მაქვს, რომ მომავალში საქართველოშიც გავაკეთო კინოფესტივალი.