№25 რა ოინი მოუწყო გია ფერაძემ ვლადიმირ ვისოცკის
ცნობილ საბჭოთა ხუთსერიან დეტექტივში: „შეხვედრის ადგილის შეცვლა არ შეიძლეა“, რომლის მთავარი გმირი საყოველთაოდ ცნობილი მსახიობი ვლადიმირ ვისოცკია, ქართველ მსახიობს, გია ფერაძესაც უნდა მიეღო მონაწილეობა. გიას ბოროტმოქმედ „პრომაკაშკას“ სახასიათო სახე უნდა შეექმნა. გადაღებები მოსკოვსა და ოდესაში მიმდინარეობდა. გია ფერაძე 1978 წლის ივნისში, ქალაქ ოდესაში მიიწვიეს „კინოპრობებზე“ (საცდელ გადაღებებზე). ვისოცკის თავიდანვე არ „ევასა“ სიმპათიური, ნიჭიერი და მახვილგონიერი ქართველი მსახიობი. ვისოცკი ქალების მუსუსი იყო და გიაში სერიოზული კონკურენტი დაინახა. საბოლოო ჯამში კი, სწორედ ვისოცკის მოთხოვნით მოხსნეს უკვე როლზე დამტკიცებული გია ფილმიდან. ეს კი ასე მოხდა: გია ფერაძემ ერთი ძალიან ცნობილი კინოვარსკვლავი „შეაბა“, რომელიც ფილმში მონაწილეობდა და რომელსაც ვისოცკიც ეტრფოდა. ერთ საღამოს გიამ და იმ ქალმა სანაპიროზე გაისეირნეს და „ლუნა პარკში“ შეუხვიეს, რომელიც უკვე დაკეტილი იყო, მაგრამ გიამ დარაჯს ორი ბოთლი არაყი „დაუდგა“. უცებ წყვილს ვლადიმირ ვისოცკიც შეუერთდა, რომელიც თურმე მათ ფარულად უკან გამოჰყვა. გია და მისი კინოვარსკვლავი „ნაშა“ შამპანურს და კონიაკს სვამდნენ. „შემოსწრებულ“ ვისოცკის გიამ ჯერ „სგორლიშკა“ (მოყუდებული ბოთლიდან) ნახევარი ბოთლი კონიაკი დაალევინა, შემდეგ ამერიკულ ატრაქციონ ცენტრიფუგაზე დაჯდომა შესთავაზა და ვისოცკი ავიდა და ქამრით მიება, გიამ ატრაქციონი ჩაურთო, თავად კი ქალთან ერთად „ლუნა პარკი“ დატოვა. ერთი საათი იბზრიალა ვისოცკიმ ცენტრიფუგაზე. გამოფხიზლებულმა დარაჯმა ატრაქციონი გამორთო. გულწასული ვისოცკისთვის კი სასწრაფო დახმარება გამოიძახა...
„ან მე, ან ფერაძე!“ – კატეგორიულად მოუთხოვია ვისოცკის რეჟისორ სტანისლავ გოვორუხინისთვის.
გოვორუხინმაც ვისოცკი აირჩია, გია კი ფილმიდან გამოუშვეს. მაგრამ, ის კინოვარსკვლავი ქალი ქართველ მსახიობს გამოჰყვა ვისოცკის ჯინაზე.