№25 როგორ გააყალბა 80 ათასი მანეთი ახალგაზრდა, უნიჭიერესმა ქართველმა ქიმიკოსმა
სასიკვდილო განაჩენი
1958 წლის 20 მარტს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ კურატოვმა 28 წლის ანდრო გაგნიძეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
– მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა! – გამოაცხადა კურატოვმა და სიკვდილმისჯილს უკანასკნელი სიტყვა მისცა, თუმცა თვალი მოარიდა.
გაგნიძეს ფულის გაყალბება და ამ გზით, 80 ათასი მანეთის მითვისება ედებოდა ბრალად. თავის საბოლოო სიტყვაში სიკვდილმისჯილმა დანაშაული აღიარა, ისევე, როგორც წინასწარი გამოძიების დროს და შეწყალება ითხოვა. როგორც კი ლაპარაკი დაასრულა, მოსამართლე კურატოვმა და მსაჯულებმა სხდომის დარბაზი დატოვეს. ანდრო გაგნიძე კი ბადრაგმა წაიყვანა და ბუტირკის ციხეში, უკვე სიკვდილმისჯილთა კორპუსის ერთადგილიან საკანში მოათავსეს. გაგნიძის ადვოკატმა სტეპან მალინინმა განაჩენი საკასაციო პალატაში გაასაჩივრა, თუმცა დახვრეტა ძალაში დატოვეს. ზოლიან უნიფორმაში გამოწყობილ გაგნიძეს ერთადერთი იმედი ჰქონდა დარჩენილი – შეწყალება. შეწყალების თხოვნა გაგნიძემ საბჭოთა კომუნისტური პარტიის ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის სახელზე დაწერა. ადვოკატმა მალინინმა კი შეწყალების თხოვნა კრემლში გაგზავნა და დაიწყო ლოდინის გაუთავებელი პერიოდი. ხრუშჩოვის უარის თქმის შემთხვევაში, ანდრო გაგნიძეს გადარჩენის უკანასკნელი შანსიც ამოეწურებოდა და მას ერთი თვის განმავლობაში დახვრეტდნენ.
გენიალური ქიმიკოსი
1930 წლის 1 მარტს დაბადებული ანდრო გაგნიძე წარმოშობით შიდა ქართლიდან გახლდათ, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ანდროს მშობლები უცხო ენის სპეციალისტები იყვნენ და „ჩეკას“ უცხოურ განყოფილებაში მუშაობდნენ მოსკოვში, ბიჭს ქიმია იტაცებდა. ანდრო მოსკოვში ცხოვრობდა დედ-მამასთან ერთად და იქვე დაამთავრა ჯერ სკოლა, შემდეგ კი, 1952 წელს, უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი. სამუშაოდ მოსკოვის ქიმიური ბოჭკოების ლაბორატორიაში გაამწესეს. 1954 წელს 24 წლის ანდროს მშობლები ტრაგიკულად დაიღუპნენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამსახურებრივი მივლინების დროს. ეთერი და პავლე გაგნიძეები საგარეო დაზვერის სპეცდავალებას ასრულებდნენ და ჰამბურგში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ. ცოლ-ქმარი თუთიის კუბოებით ჩამოასვენეს და იმავე დღეს დაკრძალეს. ანდროს კი მათი საბრძოლო ორდენები გადასცეს შესანახად, პენსია დაუნიშნეს და უთხრეს, ენას კბილი დააჭირე და მშობლების ამბავი არასდროს არავის გაუმხილოო. 24 წლის დაობლებული ახალგაზრდა ქიმიაში საკანდიდატო დისერტაციის დასაცავად ემზადებოდა. კოლეგები მას გენიალურ ქიმიკოსად მიიჩნევდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, როგორც საბჭოთა კავშირში ხრუშჩოვის დროს ხშირად ხდებოდა ხოლმე, უნიჭიერესი ქართველი ქიმიკოსი დაბლოკეს და მისი დისერტაციის დაცვა გააუქმეს. შემდეგ მას პლაგიატში დასდეს ბრალი, რაც აბსურდი იყო და სამსახურიდან დაითხოვეს. ბოლოს კი, ვინმე ეგორ რუპელმანმა ანდროს დისერტაცია მოიპარა და თავად დაიცვა, რის მერეც მას ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება მიანიჭეს. უმუშევარი ანდრო გაგნიძე კი მშობლების პენსიის ამარა დარჩა. საბჭოთა წყობაზე გული აუცრუვდა და კრიმინალურ საქმიანობას მიჰყო ხელი.
გაორმაგებული კუპიურები
ანდრო გაგნიძისთვის მოპარული დისერტაცია, ეგრეთ წოდებულ, სინთეტიკურ ხსნარებს შეეხებოდა. ანუ, 24 წლის უნიჭიერესმა ქართველმა ქიმიკოსმა შექმნა ისეთი ხსნარი, რომელიც მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის ნაწარმს ისე ყოფდა შუაზე, რომ ორი, აბსოლუტურად იდენტური ნაწარმი გამოდიოდა, თან, საკუთარ თვისებებს სრულად ინარჩუნებდა. მსგავსი აღმოჩენის პრაქტიკაში დანერგვა აზრადაც კი არავის მოსვლია – არც ქურდ, 39 წლის პლაგიატ ქიმიკოს ეგორ რუპელმანსა და არც მის ოპონენტ ქიმიკოსებს. არადა, იმ პერიოდში, ეს აღმოჩენა დიდად წაადგებოდა საბჭოეთის გიგანტურ სამრეწველო-სამხედრო და სხვა ინდუსტრიას. სამაგიეროდ, კრიმინალური დანიშნულება მოუძებნა თავისსავე აღმოჩენას ანდრო გაგნიძემ და ფულის გაყალბას მიჰყო ხელი. უფრო სწორად, 25 წლის გულაცრუებულმა ქართველმა ქიმიკოსმა სახელმწიფო ბანკის მიერ გამოშვებული კუპიურების გაორმაგება დაიწყო. ანდრო 25, 50, 100-მანეთიან „ტკიცინა“ კუპიურებს მის მიერ შემუშავებულ ხსნარში ათავსებდა 24 საათის განმავლობაში. შემდეგ მათ აცალკევებდა და იღებდა ორ, აბსოლუტურად იდენტურ, სრულფასოვან კუპიურას. მართალია, მათი სისქე განსხვავებული იყო, მაგრამ სპეციალური შემოწმების გარეშე, ვერავინ ამჩნევდა, მათ შორის, ბანკშიც კი. სამი წლის განმავლობაში, 1954-1957 წლებში, ანდრო გაგნიძემ 80 ათასი მანეთის ღირებულების გაორმაგებული კუპიურების მიღება შეძლო. გენიალური ქიმიკოსი ყველაზე ხშირად 25-მანეთიანებს აორმაგებდა. გაგნიძე ასეთი მარტივი სქემით მუშაობდა – ახურდავებდა ას და ორმოცდაათმანეთიანებს ოცდახუთმანეთიანებად და შემდეგ მათ აორმაგებდა. გაყალბებისთვის მთავარი იყო, რომ კუპიურა ახალი, ანუ „ტკიცინა“ ყოფილიყო. 100 და 50-მანეთიანები კი, შემთხვევათა 80 პროცენტში, ყოველთვის ტკიცინა იყო. ამიტომ, გაგნიძეს არ უჭირდა გასაყალბებელი „მასალის“ შოვნა. ხშირ შემთხვევაში, ანდრო ფულს ნაცნობებისგან სესხულობდა და დათქმულ დროს უბრუნებდა ნასესხებ თანხას. რომ არ გაშიფრულიყო, ანდრო გაგნიძე ბევრ ფულს არ აყალბებდა და თავისი კრიმინალური მოღვაწეობის განმავლობაში, სულ რაღაც 80 ათასი მანეთი იშოვა. მართალია, ეს თანხა კოლოსალური არ იყო, მაგრამ იმ პერიოდში ადამიანს ფუფუნებით აცხოვრებდა. ახალგაზრდა, საბჭოთა წყობაზე დაბოღმილი ბიჭი „გულაობასა“ და ფუფუნებას არ იკლებდა.
ბედის ირონია
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ნიჭიერ, დიდ და ცნობილ ადამიანებს ბედისწერა დასცინის. ასე დაემართა ანდრო გაგნიძესაც და ისე მოულოდნელად და კურიოზულად გაიშიფრა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა.
მორიგი თანხის გასაყალბებლად ანდრო გაგნიძემ ხუთასი მანეთი ისესხა მეზობლისგან, კარტის მოთამაშე იური ხრომოვისგან, რომელიც „ჩერვას“ (ყვავი) სახელით იყო ცნობილი თავის წრეში. ხუთი ცალი ასმანეთიანი ანდრომ ორი დღის შემდეგ დაუბრუნა ხრომოვს. მან კი ეს თანხა პროკურატორის თანამშრომელთან, ანატოლი პერსოვთან წააგო, რომელიც ფარულად მონაწილეობდა აზარტულ თამაშებში, ხელგაშლილი ცხოვრება უყვარდა და არც ლამაზ ქალებთან დროსტარებაზე ამბობდა უარს. პერსოვს ქალების მოსახიბლი ერთი ტრიუკი ჰქონდა „დამუღამებული“ – შუა ქეიფის დროს ამოიღებდა ასმანეთიანს და კუთხეში ცეცხლს წაუკიდებდა. ასმანეთიანს ისეთი ქიმიური შემადგენლობა ჰქონდა, რომ ძალიან ნელა იწვოდა. ამასობაში, ობიექტი (მოსახიბლი ქალი) ცეცხლწაკიდებულ კუპიურას ხელიდან გამოგლეჯდა პერსოვს და აქრობდა. პერსოვი კი ასიან კუპიურას ძუძუებში უკუჭავდა ქალს და ასე ეუფლებოდა მას. ერთ-ერთი ასეთი ტრიუკის დროს პერსოვმა ორი ასმანეთიანი ჩაფერფლა, რომლებიც ისე სწრაფად დაიწვა, რომ ჩაქრობა ვერავინ მოასწრო. დამწვარი ასმანეთიანები, გაგნიძის მიერ გაორმაგებული კუპიურები იყო. მთელი ოინიც ის გახლდათ, რომ გაორმაგების დროს კუპიურა სწორად იმ ქიმიურ ნივთიერებას კარგავდა, რომელიც წვას აფერხებდა. შემდეგ უკვე ყველაფერი ტექნიკის საქმე იყო და ახალგაზრდა, გენიალური ქართველი ქიმიკოსი სამ კვირაში ფაქტზე დაიჭირეს.
სიკვდილმისჯილ ანდრო გაგნიძეს ხრუშჩოვმა შეწყალებაზე ხელი მოუწერა და ის გადარჩა. თუმცა, ეს ყველაფერი „კაგებეს“ მოწყობილი იყო და შეწყალება საბჭოთა უშიშროებამ „გაჩარხა“. სამაგიეროდ, გენიალური ქართველი ქიმიკოსი „კაგებემ“ წაიყვანა, გაასაიდუმლოა და თავისთვის ამუშავებდა. გაგნიძემ „კაგებეში“ დოქტორობასა და პოლკოვნიკის ჩინს მიაღწია. 2009 წელს კი მოსკოვში, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.