№25 არის თუ არა ანდრო სარიშვილი „მესაფლავესავით“ ცივსისხლიანი და როგორ იქორწინა მან 20 წლით უმცროს გოგოზე
სერგო, იგივე „მესაფლავე“ დუდუს იდუმალებით მოცული წრის ერთ-ერთი რგოლია სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“. ცივსისხლიანი, სიტყვაძუნწი კაცი, რომელიც ზედმეტი საუბრის გარეშე აგვარებს საქმეებს. მის როლს მსახიობი ანდრო სარიშვილი ასრულებს. რატომ გადაწყვიტა მსახიობობა გვიან, რა არ მოსწონს, რა სირთულეების გადალახვა მოუწია ცხოვრების გზაზე და როგორ იქორწინა ოცი წლით უმცროს გოგოზე, ამას მისგან შეიტყობთ.
ანდრო სარიშვილი: სერიალში ქასთინიგით მივედი „მესაფლავის“ როლზე. არტისტისთვის საინტერესო როლია და დიდ სიამოვნებას ვიღებ მისი შესრულებით. მაშინ დუდუ უკვე „დუდუ“ იყო და ჩემი ხაზი რომ მას უკავშირდებოდა, გამიხარდა. თან, ალეკო ბეგალიშვილი ძალიან კომფორტული არტისტია და მასთან მუშაობა მომეწონა. ჩემი გმირი უემოციო, სიტყვაძუნწი კაცია და გულის სიღრმეში რა აქვს, ღმერთმა იცის (იცინის). ყოვლისშემძლე და ყველაფრის მომგვარებელი ტიპია. სიტყვები რა საჭიროა, როცა საქმის გამკეთებელი ხარ?! ასეთია ისიც. „საქმე ლაპარაკის ნაცვლად” – ეს დევიზი აქვს.
– რეალურ ცხოვრებაში გამოგდით „საქმეების მოგვარება“?
– სინამდვილეში, მასავით უემოციო და ცივსისხლიანი არ ვარ. ამიტომ, გადაღებისას ცოტა მიჭირს ხოლმე ემოციების შეკავება. ის ძალიან სიტყვაძუნწია, მე პირიქით – კონტაქტური ვარ. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და ბავშვობიდან „სოლნცეს“ მეძახიან. მეგობარმა თქვა, ასეთმა დადებითმა ტიპმა მკვლელის სახე როგორ შეკერე ასე უცებო (იცინის). არტისტის საქმეც ხომ ეგ არის. მიუხედავად იმისა, რომ სერგოსნაირ გმირს ვთამაშობ, ხალხისგან ძალიან თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობ. ცოტა მეუხერხულება კიდეც, როცა ქუჩაში ჩემ მიმართ ყურადღებას იჩენენ. პირველი, რასაც მეკითხებიან არის: ის ბიჭი მართლა კაკაჩიას შვილია? და როცა ვეუბნები, რომ არ ვიცი, უკვირთ: აბა, რას აკეთებ იქ, თუ ყველაფერს აგვარებ, ეს როგორ ვერ გაგიგიაო (იცინის).
– ეს პროფესია როგორ აირჩიეთ?
– ვხატავდი და სკოლის პარალელურად, სამხატრო სტუდიაში დავდიოდი. აკადემიაში ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ უფასოზე ქულები დამაკლდა. არადა, მაშინ ძალიან დიდი გაჭირვება იყო. მერე ჩავაბარე „თოიძეში,” ორი თვე ვიარე, მაგრამ რომ ვნახე, რას ხატავდნენ, გამოვშტერდი, აქ რა მინდა-მეთქი?! გული ამიცრუვდა. თვეები ერთსა და იმავეს ხატავდნენ და საერთოდ დავანებე თავი. მამა ბათუმელი იყო და ბათუმის ცირკის ორკესტრში უკრავდა. სულ დავყავდი და შესაბამისად, ბავშვობიდანვე მოწამლული ვიყავი სცენის მტვრით. თუმცა, პროფესიად რომ მსახიობობა მინდოდა, ამაში ცოტა გვიან ჩამოვყალიბდი. დედა გრიბოედოვის თეატრში მუშაობს რეკვიზიტორად და წლების წინ, მეც იქ დამაწყებინა მუშაობა „ყარაულად”. მაგ დროს გავაცნობიერე, რა მინდოდა. მაშინ 24 წლის ვიყავი. საკმაოდ გვიან, 26 წლის ასაკში ჩავაბარე თეატრალურში. უსახსრობის გამო ვერ ვემზადებოდი, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც მივაღწიე და ჩავაბარე. კინოში მოღვაწეობა 2008 წლიდან დავიწყე. მაგრამ გარეგნობიდან გამომდინარე, ძირითადად, რუსი ოკუპანტის როლზე მეძახდნენ. არადა, რუსს საერთოდ არ ვგავარ, უფრო ევროპული გარეგნობა მაქვს. სხვათა შორის, შარშან ვიყავი გერმანიაში გადაღებაზე და ძალიან ცნობილ რეჟისორთან ვიმუშავე მეორე მსოფლიო ომის თემაზე. ვიფიქრე, ისევ ოკუპანტს მათამაშებდნენ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, გერმანიაში ვითამაშე ქართველის როლი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო.
– არ მოგწონთ რუსულ როლებს რომ გთავაზობენ?
– არა, იმიტომ რომ, არტისტი მარტო გარეგნობით არ უნდა შეაფასო. ერთ-ერთ ქასთინგზე, როგორც შემომხედეს, მაშინვე თქვეს, რუსი ოკუპანტიც გვყავსო. ასეთი დამოკიდებულება ცოტა აგრესიას იწვევს ჩემში. მირჩევნია, მრავალფეროვანი როლები მქონდეს – სერგო ამ თვალსაზრისით საინტერესოა. რვა წელი ახმეტელის თეატრში ვიყავი შტატგარეშე მსახიობად, მაგრამ ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა და ჩვენი სპექტაკლი მოხსნა. შემდეგ ვიყავი „მოზარდ მაყურებლებში“, „თავისუფალში“, თუმცა ახლა არცერთ თეატრში არ ვარ. შტატში არც არასდროს ვყოფილვარ სადმე.
– რთული წლები ახსენეთ. 90-იანებში თქვენც, როგორც ყველას, გაჭირვებაში მოგიწევდათ ცხოვრება.
– დედაჩემი თეატრში თავიდან დამლაგებლად მუშაობდა. წარმოიდგინეთ, თვეში 30 ლარზე მუშაობა როგორია, მეც ვეხმარებოდი ხოლმე. მამა რომ დამეღუპა, 13 წლის ვიყავი. მაშინ ვაზისუბანში მხატვრების დასახლებაში ვცხოვრობდით და ერთ-ერთ მხატვარს ვეხმარებოდი. ხუთი ათას კუპონს მაძლედა და ორი პური და სიგარეტი მომდიოდა. 14 წლის ასაკში სიგარეტის მოწევა კაცობა მეგონა (იცინის). მერე მშრალ ხიდზე წიგნებს ვყიდდი. ნავთის „კალონკაზეც“ ვმუშაობდი, ბუხრებსაც ვაშენებდი – არანაირი მუშაობა არ მეთაკილებოდა.
– პირად ამბებზეც მომიყევით.
– მეუღლე მყავს, შვილი – ჯერ არა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ვქორწინდებოდი. პროფესია, რომელიც მე ავირჩიე შეწირულების პროფესიაა და თუ გინდა, ამ გზაზე წარმატებას მიაღწიო, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო. ისეთი პერიოდები მქოდა, რომ ურთიერთობების სურვილი არ გამჩენია, ხელი რომ არ შემშლოდა. მაგრამ, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. 38 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი, სამი წლის წინ.
– მეუღლე ვინაა?
– მეუღლე 18 წლის იყო, როცა დავქორწინდით. ჩვენს შორის ოცი წელია ასაკობრივი სხვაობა. ჩემი მეუღლეც არის, მეგობარიც, პირადი მდივანიც და აბსოლუტურად, ყველაფერი. გერმანიაში რომ მივდიოდი შარშან, ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა და ყველაფერი მან მომიგვარა. სამი წელია, ოჯახი გვაქვს. ახლა 21 წლის ხდება.
– როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?
– ასაკით პატარაა, მაგრამ ძალიან ჭკვიანი გოგოა. ჩემი პირველი კრიტიკოსია. როლის შესახებ აზრს ყოველთვის მას ვეკითხები და ვხვდები, რომ ძალიან სწორ შეფასებებს აკეთებს. ვეუბნები, თეატრმცოდნეობაზე ჩაგებარებინა-მეთქი. ფილოლოგიურზე სწავლობს „ილიაუნში“. ერთმანეთი შემთხვევით, ქუჩაში გავიცანით. ასაკობრივი სხვაობის გამო, მე ძალიან დიდი პრობლემა მქონდა. თვითონ უფრო აქტიურობდა. მისთვის არ იყო პრობლემა, რომ მე გაცილებით დიდი ვიყავი. ჩემი მეუღლე ჯიმი მაისურაძის, ქართველი გმირი მფრინავის შვილიშვილია, რომელიც, როგორც იცით, 1993 წელს აფხაზეთში ჩამოაგდეს. ამ ურთიერთობაში მე ვპასიურობდი. თვითონ რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი და ოთხი ჩემოდნით არ დამდგომოდა, არ ვიცი, რა იქნებოდა (იცინის). მარიამ მაისურაძე ძალიან მაგარი გოგოა. პირველად შემთხვევით ქუჩაში შევხვდით, ერთ-ერთი ქუჩის მდებარეობა მკითხა. მივაცილე იმ ადგილამდე და იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მე, მგონია, რომ ასეთ ურთიერთობაში მთავარი სიყვარულია.
– თუმცა, არსებობს საზოგადოების, ოჯახის დამოკიდებულება, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. როგორ შეხვდნენ თქვენს ნაბიჯს?
– სხვათა შორის, მეც მეგონა, რომ დიდი ამბავი ატყდებოდა ჩვენი დაქორწინების გამო. მაგრამ, ასე არ მოხდა. სიმამრთან ვმეგობრობ, ადრე გავიცანი და თავიდანვე კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. სიდედრი წლებია, საბერძნეთშია და სკაიპით ვიცნობთ ერთმანეთს. არცერთს არ გაუპროტესტებია ჩვენი დაქორწინება. აბსოლუტურად ადეკვატურად მიიღეს ყველაფერი, რაც გამიკვირდა კიდეც.
– არ ეჭვიანობთ ასეთ პატარა მეუღლეზე ან ის – მსახიობ ქმარზე?
– ის ძალიან ეჭვიანობს, არადა, მე უნდა ვეჭვიანობდე (იცინის). ადამიანს ამისთვის საბაბი არ უნდა მისცე. ნორმა არაა ეჭვიანობა. ყველაფერი ნდობაზეა დაყრდნობილი. ის ეჭვიანობს, რაზეც მეცინება. არადა, არ ვარ ტიპი, რომელიც პარალელურად აბამს რამდენიმე რომანს. თუ მიყვარს, მიყვარს ერთი და მის იქით, აღარავინ არსებობს.
– ასაკობრივი განსხვავების გამო შეხედუბების სხვაობას თუ გრძნობთ?
– სხვათა შორის, არა. მგონი, მე დავპატარავდი (იცინის). მეც მასთან ერთად ვტინგიცობ ხოლმე (იცინის).
– სერიალში როგორ აფასებს თქვენს გმირს?
– „ჩემი სტარიო“ მეძახის (იცინის). მის ასაკს თუ გავითვალისწინებთ, „სტარი“ ვარ, აბა, რა – ბებერი ვარ (იცინის). ჩემს ასაკზე ვხუმრობთ ხოლმე. დედაჩემი მაბიჯებს „მაზოლზე” ფეხს, სულ ჩემს ასაკს უსვამს ხაზს, „ბებერი ხარო“, მეხუმრება. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, ზოგჯერ გულზე მხვდება მისი ნათქვამი (იცინის). სანამ მომავალ მეუღლეს გავიცნობდი, პროფესიულად რეალიზებული კი ვიყავი, მაგრამ ჩემს ცხოვრებას რაღაც აკლდა. ახლა კი დიდი აზრი მიეცა. მარიამი ჩემი მზეა, ჩემი სტიმულატორი.