№25 ყირამალა საყვარლები
ანუ პატარა სექსის დიდი ამბები
ისტორია ოცდამეერთე
როცა ქალი მზადაა, შეცდეს
(მოქმედი პირები: ლაშა და ეკა)
– იცი და იცოდე, - ცივად ვუპასუხე ზურას და ყველას ჯავრი ამოვაყოლე ინტონაციას, ჩემთვის ჯადოს გამკეთებლის თამადობით, თუმცა წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ იყო.
– ოღონდ, თუ ფიქრობ, რომ შემოგიპატიჟებ, არც იოცნებო. ცოლიან მამაკაცებს ღამით სახლში არ ვუშვებ, იცოდე! – კარის დაკეტვა ვცადე, მაგრამ ზურამ არ მომცა ამის საშუალება.
– ეკა, რატომ მეჩხუბები? იქნებ რას გთხოვ?! – თითქმის შემომვედრა.
– აბა, რატომ მატყუებ?! იცი არა – კვახი. არაფერიც არ იცი.
– არ ვიცი და არც ლანას გამო მოვსულვარ. ლაშა რაზე გელაპარაკა? – ზურას კითხვა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მეც კი დავიბენი.
– ცოტა უხერხული კითხვა ხომ არ არის, ბატონო ზურაბ?! თუ ის ქალი მნახე, სიტყვა სიტყვით მოგიყვე ამბავი, რომელიც შენ არ გეხება?! ყოველ შემთხვევაში, შენზე არ ულაპარაკია. ისე, მე შენს ადგილას ლანას უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობდი, ვიდრე ლაშას. ზურა, დაღლილი ვარ. გვიანია, ნახვამდის, – ეს ვუთხარი და კარი მივუჯახუნე. ამჯერად აღარ გაუწევია წინააღმდეგობა.
არ შემარგო სიამოვნება ამ ოხერმა კაზანოვამ! არადა შხაპის მიღება ერთგვარი რიტუალია ჩემთვის: შემდეგ საცხების შეზელა, ხელებისა და ფეხების მოვლა. კანის დარბილება და აბზინვარება. ისე საფუძვლიანად ვემზადები ხოლმე დასაწოლად ყოველ ღამე, თითქოს ველი, როდის ისურვებს ჩემთან ღამის გატარებას შაჰინშაჰი.
უი, არაა – ერთ დღეს გადაშენდეს ყველა შაჰინშაჰი, რაც ჩვენ ღამეები გვატარებინეს ჰარემებში?! აი, ეს რომ ხმამაღლა ვთქვა, ჩვენი „ენჯეოები“ სასამართლოში მიჩივლებენ, ჰომოფობიაო. ამ აზრმა ისე გამამხიარულა, ხმამაღლა გადავიხარხარე!
ჩემი ღამის რიტუალი ის-ის იყო ფინალისკენ უნდა წასულიყო: მხოლოდ აბრეშუმის ხალათის მოცმაღა აკლდა ჩემს წვრილბრეტელებიან აბრეშუმისვე პერანგს, რომ კარზე ისევ ზარი დაირეკა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ ზურა იქნებოდა, თუმცა მაინც გავიხედე ჭუჭრუტანაში და თვალებს არ დავუჯერე: ჩემს კართან ამჯერად მთლად ზურა არა, მაგრამ თითქმის ზურა, ანუ მისი ცოლისძმა იდგა. აი, შაჰინშაჰიც მოვიდა, – ეს აზრი უნებლიეთ გამიკრთა და კარი გავაღე, აი, ასე უტიფრად – აბრეშუმის ჩახსნილ ხალათში გამოწყობილმა.
ლაშა აშკარად არ მელოდა ასე, ნახევრად შიშველს და ცოტა შეცბა. თითქოს მეც შევცბი, ხალათი ხელებით მოვიხვიე, სინამდვილეში კი, ტანზე უფრო მჭიდროდ შემოვიტმასნე და გაკვირვებული კრავის თვალებით შევაცქერდი. თამაშის ხასიათზე მოვედი: თუ შაჰინშაჰი არა, შაჰინშაჰის იმიტაცია მაინც იყოს?!
– მგონი, ცუდ დროს მოვედი, – რატომღაც დაიბნა ლაშა.
მე კი, რაკი მივხვდი, რომ ინიციატივა ჩემს ხელში იყო, მაგრამ აი, რის ინიციატივა, ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა, უტიფრად განვაგრძე: დრო შესანიშნავია, ხალხი ახლა იწყებს ცხოვრებას.
ლაშამ კიდევ უფრო გაკვირვებულმა შემომხედა და უცებ მივხვდი, მისი გაკვირვების მიზეზს: მან იფიქრა, რომ მარტო არ ვიყავი. გულში მწარედ გამეცინა: მე სულ სხვაგვარად ვკეკლუცობდი, ჩემი შაჰინშაჰი კი ამ დროს, თურმე, სულ სხვა რამეს ფიქრობდა, ვაითუ ვინმე ჯეელი გამოვარდნილიყო საძინებლიდან და დაუპატიჟებელი სტუმრისთვის ანგელოზები დაეფრთხო, ამ შუაღამისას რას მოთრეულხარ ჩემი ქალის კართანო!
– მარტო ვარ, შემოდი, – უხალისოდ ვუთხარი. თამაშის განწყობამ ისევე მოულოდნელად გადამიარა, როგორც მომიარა.
– აზრებს კითხულობ?
– არა, ზედმეტად პრიმიტიულ გარემოში ვცხოვრობ და ჩვევა გამომიმუშავდა. კარი დახურე, მე გამოვიცვლი.
სწრაფი ნაბიჯით შევედი საძინებელში. აბრეშუმის ხალათი გავიხადე და სააბაზანოს ფუმფულა ხალათი ჩავიცვი: ყელზე კარგად შემოვიხვიე, რომ შიშველი სანტიმეტრიც არ გამომჩენოდა და სიგრძეც კმაყოფილმა შევათვალიერე: კოჭიც კი არ ჩანდა! ესეც ზედმეტია მისთვის, გავიფიქრე და გავედი.
ლაშა ისევ შემოსასვლელში იდგა: რა ღარიბი ნათესავივით დამდგარხარ. შემოდი. მორჩილად გამომყვა უკან. ლოჯიაში გავიყვანე და სავარძლისკენ მივუთითე. მეც დავჯექი. უხერხული დუმილი ჩამოწვა.
– მგონი, მაინც ცუდ დროს მოვედი.
– გააჩნია, რის შემოსათავაზებლად, – იხტიბარს არ ვიტეხდი, თორემ სულ არ მეოხუნჯებოდა.
ჩემდა უნებურად ლაშა შევათვალიერე. რატომ? იმიტომ რომ, არასდროს მიმიქცევია ყურადღება, როგორი იყო. მგონი – პირველად რომ დავინახე, რაღაცნაირად არ მომეწონა. მე ასე მახსოვს – ყოველ შემთხვევაში. ჩვეულებისამებრ, ვერ ვამჩნევ მამაკაცებს, რომლებიც აკრძალულ ჯგუფებს განეკუთვნებიან. აკრძალული ჯგუფებია ცოლიანები, მეგობრები, მეგობრების ქმრები, მეზობლები, თანამშრომლები. თუმცა, ფაქტობრივად, ბევრი არც აღარავინ რჩება – იმიტომ რომ, ერთ ციცქნა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც, როგორც ერთი ჩემი ნადაქალარი ამბობდა, ვერც კი გაბოზდები, შეიძლება, ბიძაშვილს გადაეყარო კლიენტადო. ისე – ნადაქალარი, ნაძმაკაცარინამეგობრალი ნაქალაქევზე უარესია: ნა-ღაა დარჩენილი.
ლაშა ლანას ჰგავდა და, თუმცა ლანაზე ვერ იტყოდი, ლამაზიაო, უფრო კდემამოსილია, ლაშა აშკარად სიმპათიური იყო, გამოყვანილ-ჩამოთლილი ნაკვთები არ ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში შთაბეჭდილებას ახდენდა. ალბათ, იმიტომ რომ მამრის იმპულსები მოდიოდა მისგან. ჰოდა – აი, სწორედ მაგას ვერ ვხსნი – თუ მამრის იმპულსები მოდიოდა, ისეთი ცოლი რატომ ჰყავდა, როგორიც ჰყავდა?! რატომღაც მგონია, რომ ეგ და ლანა პურიტანულ ოჯახში გაიზარდნენ და ლაშამაც იმიტომ აირჩია თავისი ცოლისნაირი ქალი.
ცხვირი არც გრძელი აქვს, არც მოკლე, ოდნავ გაღუნული. არც მსხვილი და არც წვრილი, აი, ნესტოები კი – ლამაზად გამოყვანილი. მასიურია, ოღონდ ღიპი არ აქვს – ეტყობა, ვარჯიშობს. საიდან მომდის ეს უაზრო ფიქრები?! რა ჩემი საქმეა, ლაშა როგორ გამოიყურება ან მისი ცერცეტა ცოლი?! თავშიც ქვა უხლიათ. ახლაღა შევამჩნიე, რომ ლაშაც მათვალიერებდა. იმასვე თუ ფიქრობს ჩემზე, რასაც მე – მასზე?! ეკა, ეკა – სულ დაშტერდი, აი, გოგონა?! – შევუძახე საკუთარ თავს და ლაშას გავუღიმე თანამზრახველივით, ოღონდ აი, ის კი არ ვიცოდი, რა უნდა განგვეზრახა ერთად.
– შენთან საქმიანი წინადადება მაქვს, – ისე ვიყავი გართული საკუთარი ფიქრებით, რომ ლამის შევხტი ლაშას ხმის გაგონებაზე. დავიძაბე: ხვალ შუადღისას სტამბოლში შეხვედრა მაქვს, მნიშვნელოვანი და მინდა, კამპანია გამიწიო.
დავიბენი. ასეთ შემოთავაზებას მეც კი არ ველოდი: რეისი სამ საათშია, მოასწრებ მომზადებას. ყველა ხარჯს მე ვიღებ საკუთარ თავზე, ჩაცმულობიანად. თუ, რა თქმა უნდა, გცალია და დამთანხმდები. ძალიან დამეხმარები, – ლაშამ დაზეპირებულივით ჩამოარაკრაკა.
წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეპასუხა. ერთი ხეირიანი აზრიც კი არ მიტრიალებდა თავში.
– რაც მალე გადაწყვეტ, მით უკეთესი, შენს მონაცემებს ახლავე გადავცემდი ბილეთისთვის.
– ტანსაცმელი მაქვს, – ვთქვი ჩემდა უნებურად და მერეღა მივხვდი, რომ შემოთავაზებას დავთანხმდი. მექანიკურად ავდექი. პასპორტი მოვძებნე და გავუწოდე. ფოტო გადაუღო და ტელეფონითვე გადააგზავნა.
– მოემზადე და ერთ საათში გამოგივლი, – ეს თქვა, ადგა და კარისკენ გაემართა. უკან გავყევი. უცებ გაჩერდა და ისე მოულოდნელად შემოტრიალდა, რომ თითქმის გულში ჩავეკარი. ცხვირში მისი სურნელი მომხვდა, ძალიან ახლოს და ძალიან ნაცნობი. გველნაკბენივით უკან გავიწიე:
– უკაცრავად.
– შენი ტელეფონის ნომერი მომეცი – ისე მშვიდად მითხრა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ვუკარნახე და კარი გავუღე.
ბაბუა და შვილიშვილების სამკუთხედი – ქართულად
(მოქმედი პირები: თეო და ბარგატიჩი, თეოს ბაბუა)
დიტო ისეთი აღგზნებულ-აცახცახებული დამშორდა, ტრადიციული საჰაერო ამბორიც დაიკიდა და მეც აშკარად დამიკიდა. უკანმოუხედავად გაქანდა, ლადოს სახლის სადარბაზოდან როგორც კი გამოვედით და უკვე შორიდან, ზურგიდანვე, დამიქნია ხელი. დიტოს აშკარად უნდა ეშინოდეს ამ დეგენერატი ძამიკოსი. მართლაც რაღაც არის ამ გაურკვეველი არსების ჰაბიტუსში. ვაჰ, არადა, ჰგავს სანდრო ბაბუს. მისი ახალგაზრდობის ასლია. ეტყობა, ესეც განაპირობებს ბაგრატიჩის თავწაკლულ მცდელობა-თხოვნებს. ვაჰ, რა კურიოზია! ამ ქალაქში ბაბუაჩემის გაახალგაზრდავებული ვერსია დადის და წაღმა-უკუღმა კაცებს ემარიაჟება. გადაირეოდა ბაბუ, აბა, რას იზამდა?! მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად მე უნდა გადავრიო – არ გამოვა ჩვენი და-ძმობანა, ეს ფაქტია. სად მაქვს მე ამ ხეპრე ფერადი მასტის ნერვი და დრო?! რაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე არკვიონ ბაბუა-შვილიშვილმა. მე ხელები დამიბანია. დღე დღეზე ისეთი საკვანძო ამბავი მელის და მე ჯერ აზრზეც არ ვარ მოსული, რა და როგორ უნდა მოხდეს. რა დროს სხვისი საყვარლები და მათი ბადიშების სექსუალური გადახრებია... ამასობაში ბაბუაჩემმაც უპასუხა ტელეფონს:
– ბაგრატიჩ, დილა მშვიდობაში, ვიცი, არ გძინავს ამ დროს და ამოისეირნე ამ საღამოს ჩემკენ.... რომ მოხვალ, ყველაფერს გიამბობ. ბებას ხაბიზგინები წამოაყოლე, რა. აკოცე, ჰო, მეც მენატრება და ახლა გავიქეცი, სამსახურში მაგვიანდება...
მთელი დღე ბურანში გავატარე. ზურამ ერთხელ შემოიხედა ჩემს კაბინეტში, საბუთები უხმოდ დამილაგა მაგიდაზე და ასევე უხმოდ გავიდა. არც მე გამიღია ხმა. დილის ნაცნობობა მიტრიალებდა თავში და ერთი გაფიქრება, კი, ვიფიქრე, ზურას დავეკითხები, იქნებ და, რამე მირჩიოს-მეთქი, მაგრამ, ეგრევე უკუვაგდე ეს ვერსია, ვიცი მისი დამოკიდებულება პიდერებისადმი, როგორ აგდებითა და ზიზღით მოიხსენიებს ყველა განსხვავებული სურვილ-ქმედებების მიმდევარს. ერთხელ ისეთი უხერხული სიტუაცია შექმნა, დიტო რომ შემთხვევით გადაგვეყარა რესტორანში, გახსენებაც არ მინდა. ვიცი, მე მისი აუტანელი თავის ამბავი, როცა რამე არ მოეწონება და ისე არ დალაგდება, როგორც თვითონ აწყობს.
მაგარი ეგოისტი ვინმეა ისე და მე კი მხმარობს ამდენი წელია, როგორც გაუხარდება... დღე ასეთ უღიმღამო ფიქრებსა და ციფრებში გავლიე. თან, ტვინის კუნჭულიკოში ბაგრატიჩთან გარდუვალი საუბარი მიტრიალებდა, თან – მომავალი პერფომანსის სცენარი, კოდური სახელწოდებით - „მე და ჩემი საყვარელი მისი ცოლის თანდასწრებით“. არა, მაინც, როგორ წარმომიდგენია ეს ამბავი? რანაირად უნდა გამოვეცხადო ლანას და თან, ასეთ დღეს და სახლში, სადაც მათი შვილები და საახლობლო იქნება... არ ვიცი, გადამრია უკვე ამდენმა ფიქრმა და თან – ამდენ რამეზე ერთი მეორეზე არანორმალურსა და აბურდულზე. ხომ არ დამეწყო, ნეტა სერიალების სცენარის წერა?! ვითომ ამ თურქულს არ აჯობებდა ჩვენი ქართული და რეალური? ჰო, გადის რაღაც რომელიღაცა არხზე. აქ გოგოები ცვლიან ხოლმე რეპლიკებს. ამ ბოლო დროს მოუხშირეს მეგრულს, მაგრამ ჩემი დაწერილი და გააზრებული სულ სხვა იქნება. არა, რა, მთლად გავუტიე, რაის სერიალი, რაის დაწერილი! ღმერთო, დაალაგე ეს ჩემი, მართლა სასერიალოდ აშლილი ცხოვრება! განა ბევრს ვითხოვ?! მხოლოდ ერთი კაცი და მხოლოდ ერთი და დიდი სიყვარული... დანარჩენს დავალაგებ თვითონ. ჰო, არ დამავიწყდეს – არანაირი ცოლი! ჩემს მამაკაცს მხოლოდ მე უნდა ვყავდე სახლშიც, კარშიც და გულშიც! შეისმინე, გთხოვ, დალოცვილო, ნუ ჩამადენინებ ახალ ცოდვას, ნუ გამაკეთებინებ ისეთს, რასაც მერე ვეღარ დავალაგებ...
გამჩენთან არაერთხელ მაქვს საქმის გარჩევებამდე მისული საუბრები. როგორც წესი, სულ ვკამათობთ. მე ვსაყვედურობ, ის მისმენს. მერე ერთ წინადადებაში მტირობს გამჩენსვე და მაჩუმებს. ახლაც მისმინა, მისმინა და მერე გავიგონე (ეს სადღაც ტვინსა და გულს შორის ჩამესმის ხოლმე): გოგონი, განა არ გყავდა ასეთი სიყვარული და სხვის ქმრად აქციე?! ახლა სხვისი ქმარი გინდა, საკუთარ სიყვარულად აქციო... მესამე ვერსია გჭირდება და იცი, შენ ეს.. გეცოდინება, როცა მზად იქნები.
მართალია გავიგონე, მაგრამ, როგორც ყოველთვის, პასუხს ვერ დავყაბულდი, ურჩად ავიწეწე თმა, დავავლე ჩანთას ხელი და ნახევარი საათით ადრე გავიქეცი სახლისკენ, რომ ზურას ავცდენოდი და დათქმულ დროსა და დათქმულ სადარბაზოსთან მანქანაში არ ჩავხტომოდი, როგორც ქურდი და დევნილი. ანუ, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად ეს მანქანა მძულდა. მარტო მე და ზურამ რომ ვიცოდით, რომ ეს ზურას მანქანა იყო და მანქანამ იცოდა, მე და ზურა რას ვაკეთებდით ამ მანქანაში მარტო დარჩენილები...
ბაგრატიჩი ფერმკრთალი მეჩვენა. მაგრამ ცხელი ხაბიზგინების შემყურეს ამაზე აღარ გამიჩერებია მზერა და ეგრევე გადავახვიე ერთი და ბლინივით შევექეცი:
– დაილოცოს ბება! ნამდვილი მახევის ქალია! ასეთი ხაბიზგინები, თუ სადმე გამესინჯოს...
– ნელა, ბაბუ, რა მგელივით ილუკმები, დაჯექი და თეფშზე დაიდე, ერბოც დევს მანდ, ქილაში და...
– კაი, რა, ბაბუ, შემარგე ახლა ისე, როგორც მინდა! თქვენთან ვიზამ ერბოსაც და ხელსახოცსაც...
– კაი, როგორც გაგიხარდება. მოითქვი სული და მითხარი, აბა, რა უნდა მითხრა, – ბაგრატიჩს აშკარად ბზარი შეეპარა ხმაში, მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა და მოთმინებით მელოდა, სანამ მეორე ხაბიზგინის დაყუმბარებას მოვრჩებოდი.
– კაი, ბატონო სანდრო, გიამბობთ თქვენი დავალების შედეგად მოპოვებული სიამოვნებების შესახებ!
– ისეთი ხმა გაქვს, კარგს არ უნდა ველოდო, ხომ?
– ხომ! ასეა ეს და გითხარი მე შენ თავიდანვე: არ ვარ მე პარლამენტიორი. და არც ის არის მზად, ვინმეს დაელაპარაკოს. გიჟია, რა, ბაბუ! რაღა დაგიმალო, დაკუნთული გიჟი. აი, ტვინი რომ მასაში აქვს ჩადებული. ისე, როგორ დაგმგვანებია, ჰა?
– კი, მგავს, ახალგაზრდობაში მეც ხომ ვვარჯიშობდი. ჭიდაობასა და კრივში უნივერსიტეტის ჩემპიონიც ვიყავი... მაგრამ ეგ რაღაცა სხვას ვარჯიშობს და უფრო მაღალია ჩემზე...
– სანდრო ბატონო, ეგ უფრო გარეკილია შენზე და თან, სხვა მიმართულებითაც. მოკლედ, მე ჩემი ვცადე და აწი შენ იცი. მე ხელები დამიბანია. აი ასე, ვთქვი და ონკანს მივუშვირე გაცხიმიანებული ხელები.
– რას ამბობ, თეო! როგორ თუ – დაგიბანია?! შენს გარდა სხვა ვინ დამეხმარება, არ მითხრა ეგ, ბაბუ, ჩემი სიკვდილი თუ არ გინდა?!
– ვაჰ, ბაგრატიჩ, მაშანტაჟებ, ატყობ?! არ მაინტერესებს მე ეგ დაკუნთული და ტვინგადარეცხილი ნაბიჭვარი...
– თეო!
– ჰო, ასეთია ზუსტად! დამემუქრა, კსტატი. გაეთრიე აქედან, თორემ კარგი დღე არ დაგადგებაო. შენც შემოგითვალა მოკითხვა...
– თეო, აბა, რას იზამდა, ბაბუ, უნდა გაუგო შენ და მოუთმინო...
– დამცინი თუ? რატომ, ადამიანო? ვის დაჰკარგვია? მე, რა, საქმე არ მაქვს მეტი? კაი, რა ბაგრატიჩ, მორჩი ახლა ამაზე ლაპარაკს და აგერ გიზიარებ ხაბიზგინებს.
– თეო, არ მაქვს მე საქმე სახუმაროდ, ბაბუ! სულ რამდენიმე თვე დამრჩა სიცოცხლის და ნუ მომისწრაფებ ამასაც, – ბაბუაჩემი უცბად დაბერდა და დაპატარავდა. თავი ჩაქინდრა და აცახცახდა.
– რას ამბობ, ბაგრ... ბაბუ, რა თქვი ახლა?
– ავად ვარ, ბაბუ. ბებიაშენმა ჯერ არ იცის და არც უთხრა, სანამ არ წავალ... ამ დარდს ნუ გამატან თან, დამეხმარე, ბაბუ, დამეხმარე... – ჩემი უტეხი და ამაყი სანდრო ბაგრატიჩი იჯდა სამზარეულოს სკამზე და ქვითინებდა. პირველად ვნახე კაცის ტირილი და ისიც ბაბუაჩემის! ისეთი მწარე და აუტანელი ტკივილი დამეტაკა სადღაც ზურგში, მარცხენა ნეკნის დაბლა, ვეღარ ამოვისუნთქე. კაი ხანს გახევებული შევყურებდი ამ ერთბაშად დაბერებულ და გაბეჩავებულ სათაყვანებელ ადამიანს. მერე ხელები შემოვხვიე და მეც ავტირდი
– კაი, ბაბუ, გეხვეწები, ბაბუ, შევიყვარებ ამ გიჟს, ყველაფერს გავაკეთებ, ოპერაციას ვუზამ, დავაბამ, გავლახავ, შენ დაწყნარდი, ბაბუ და არ დამტოვო. იცოდე, მივხედავ მე მაგას, გპირდები, ბაბუ, ყველაფერი კარგად იქნება, ბაგრატიჩ, დაწყნარდი, გთხოვ...
მე და სანდრო ბაბუ ერთად ვტიროდით და ვზლუქუნებდით ჩემს სამზარეულოში. ვინ რას დავტიროდით, უკვე რთული გასარჩევი იყო. მაგრამ მე ზუსტად გავარკვიე, არჩევანი არც აქ მაქვს! ბაბუაჩემს ვერ ვატკენ გულს და ეტყობა, გულის ახალ სატკივარს უნდა ველოდო მალევე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში