№25 რატომ გადაგვარდა თანამედროვე ქრისტიანობა და რატომ დარჩა დღეს ბევრი მოძღვარი მრევლის გარეშე
12 ივნისს პეტრეპავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ მარხვის შენახვით ადამიანებს ეძლევათ შანსი, დიდმარხვაში დაშვებული შეცდომები გამოასწორონ და სწორად იმარხულონ. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი ქრისტიანული ცხოვრება, რის შესახებაც უფრო დაწვრილებით ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი) გვესაუბრება:
– ერთი თვის განმავლობაში შეგიძლიათ, ამოავსოთ ის ლაფსუსები, რაც დიდმარხვაში გქონდათ. პირდაპირ ამისთვის არის პეტრე-პავლობის მარხვა, რომელიც ოფიციალურად, 337 წელს დადგინდა, კონსტანტინეპოლში პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის აშენებისას. ეკლესია არ იცავდა მარხვას აღდგომიდან 50 დღის განმავლობაში. 50 დღე იყო მსგეფსი. ჩვენზე მოკრძალებული ხალხი იყო და ჩვენსავით ნაყროვანებაში არ იყვნენ. როგორც საბავშვო ბაღებშია ჟრიამული, სიყვარული, ჩახუტება, უმანკო მოფერება, კარგი იქნება, ასე იყოს სკოლებშიც, სამსახურებშიც, ოჯახებშიც. ეს შეგვიძლია, მარხვის პერიოდში დავიწყოთ. თუმცა, ხშირად ეკლესიაში მარხვის დროს სწორედ ის ადამიანები მოდიან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ მარხვის დროს უნდა იყვნენ ქრისტიანები.
– დღეს ძალიან ბევრი მოძღვარი დარჩა მრევლის გარეშე. ეკლესიები განახევრდა და ხშირად მარხვის დროსაც გრძელდება ასე.
– მართლაც ბევრი მოძღვარი დარჩა მრევლის გარეშე. თითქმის განახევრდა მრევლი, კანტიკუნტად დადიან ტაძარში. ადამიანების ეკლესიაში სიარული იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ბევრი სანთელი გაიყიდოს, ან შესაწირში ჩაყარონ ბევრი თანხა. არა, ეს იმისთვისაა, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი განათლდეს, მეტი ადამიანი განსულიერდეს, მეტი გახდეს ვითარცა პეტრე და ვითარცა პავლე; იყოს სიყვარული, იმედი, რწმენა ჩვენში, თორემ, ხომ ხედავთ, დღეს რა მძიმე სიტუაციაშია ქვეყანა. ერთადერთი ბასტიონი, სადაც სიმშვიდე იყო და არა ინტრიგები, გახლდათ საპატრიარქო, ეკლესია. მაგრამ, ერის სულმა იქაც შეაღწია სხვადასხვა ადამიანის სახით, რომლებიც საპატრიარქოში მუშაობენ, უხეშად ელაპარაკებიან სასულიერო პირებს, ერის ადამიანებს. ინტერნეტშიც გავრცელდა ვიდეო, სადაც არქიმანდრიტი ვინმე ფოტიოსი მონაწილეობს მუსიკალურ კონკურსში მაღალი იერარქების ლოცვა-კურთხევით. თუ სიმღერა გინდოდა, რაღას იმოსებოდი მონაზვნად? იმდენად შევიდა ერის სული ეკლესიაში, ვერ ხვდება მღვდელმონაზონი, არქიმანდრიტი, რომ უნდა იყოს მონაზონი განმარტოებით, განშორებულად მცხოვრები ბერი. მაგრამ, იმდენად გადაგვარდა თანამედროვე ქრისტიანობა, რომ ვამბობ: ეს არ შეიძლება, მეუბნებიან: კარგი რა, მამაო, რა მოხდა, კარგი ხმა აქვსო. თუ კარგი ხმა გაქვს, მაშინ იგალობე, შენი ხმით ადიდე ღმერთი, რაღა ვიღაცას ეჯიბრები. დღეს ადამიანები ძალიან არიან დამძიმებულები. როდესაც სოციალურ ქსელში შევდივართ, იქ ვხედავთ, ვიღაც მიტროპოლიტი წმიდანის რანგში ჰყავთ აყვანილი – ნეტარია დევნილი სიმართლისთვის და 24 საათი პატრიარქის განკითხვაშია. ვინც განკითხვაშია, ის დევნილი სიმართლისთვის ვერასდროს იქნება. ვინც ბევრს ლაპარაკობს, იმათ ვერ დავუჯერებთ და ვერც გავყვებით. ის ვისაც შეიძლება, გავყვეთ, დავუჯეროთ, კათოლიკოს-პატრიარქია, რომელიც დუმს. მამა რომ ხედავს შვილები გაქსუვდნენ, ტირის და თავის თავს აბრალებს: ვერ გავზარდე ისინი, უღირსად ვაკურთხე ზოგიერთიო. ცუდია, როცა პატრიარქი დუმს, ამ დროს ღმერთი მოქმედებს და ხომ ხედავთ, რაც ხდება. თუმცა, ისე კი არ უნდა იფიქროთ, რომ თუ ვინმეს რამე შეემთხვა, ის ცოდვილია და რადგან მე გადავრჩი – მე არ ვარ ცოდვილი. დღეს, სამწუხაროდ, ზოგიერთები ძალიან დაბალ დონეზე ქადაგებენ – მიწისძვრა რომ მოხდა, ეს ცოდვების ბრალიაო. სადაც მიწისძვრა არ მოხდა, იქ წმიდანები ცხოვრობენ?
– მამაო, ეკლესიური სწავლებით ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი. როგორ უნდა უსმენდეს მას?
– ეკლესიური სწავლებით ყველა ადამიანს ჰყავს მფარველი ანგელოზი. არ აქვს მნიშვნელობა, ის მუსლიმანია, თუ ქრისტიანი, რადგან როგორც კი ადამიანი იბადება, მას მაშინვე ეძლევა მფარველი ანგელოზი. მაგრამ, როდესაც მართლმადიდებლად ინათლება, მას ეძლევა ნათლისღების მფარველი ანგელოზი. გარდა ამისა, ადამიანს ასევე, ჰყავს მფარველი წმიდანი. ანუ, შენ თუ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ, სამი მფარველი გყავს: ერთი ანგელოზი, როგორც ადამიანს, მეორე – მფარველი ანგელოზი, როგორც მართლმადიდებელს და შენი მფარველი წმიდანი, რომელიც გიფარავს. ერთი მოაზროვნე წერს მფარველ ანგელოზთან გასაუბრებას, რომლის შინაარსი ასეთია: საღამოს დაიღალე სოციალურ ქსელში ფლირტით, „ლაიქების“ დაწერით, ყვავილების გაგზავნით და უცებ გაიხედავ, გვერდით გიზის მფარველი ანგელოზი და ეკითხები: მოგწონს ჩემი ცხოვრება, როგორი იყო ჩემი დღეო. ანგელოზი კი ეუბნება: „მოდი, ვნახოთ, როგორი იყო შენი დღე, გადავხედოთ მას დილიდან. დავიწყოთ „დილის ლოცვებით“ – ჩქარობდი, გინდოდა, მალე დაგემთავრებინა. ამ დროს სამზარეულოდან საამო სურნელი იგრძენი, უგულოდ დაასრულე ლოცვა და გავარდი სამზარეულოში. გახვედი ქუჩაში, მეზობელი შეგხვდა, ლამაზი მანქანა ჰყავს, ინატრე და შეგშურდა. ქუჩაში რომ გადადიოდი, ლამაზი ქალი დაინახე, სურვილი აღგეძრა, ვნებამ შეგიპყრო, სურვილმა გძლია, ფიქრით იმრუშე. მაცხოვარი ხომ ამბობს: ვინც გულისთქმით შეხედა, მან იმრუშა. მემთვრალე კაცი დაინახე, დილიდან რომ შემთვრალიყო, დაეცა, ვერ ადგა. შენ არ ააყენე, გაიცინე და გზა გააგრძელე”. ასე რამდენჯერ მოვქცეულვართ. ნურსად გეჩქარებათ, კარგად მიიხედ-მოიხედეთ ირგვლივ, იქნებ, თქვენი დახმარება როგორ სჭირდება სხვას, განსაკუთრებით მარხვაში. „შემდეგ მეგობართან პოლიტიკაზე დაიწყე საუბარი, უამრავ ადამიანს დასცინე, მაგრამ ყველაზე მეტად იმაზე მტკივა გული, რომ უცოდველი გგონია თავი. ეს კი ამპარტავნებაა და ყველაზე დიდი ცოდვა“, – ამას გვეუბნება ჩვენი ანგელოზი. „უფალი ეძებე ყოველ წამს, ყოველ წუთს, არასდროს დაივიწყო და გამუდმებით იფიქრე მასზე“. რომ ვერ ვიპოვო? „იპოვი, გაუღე გული და თვითონ მოვა, სთხოვე და მოგცემს, მოინანიე და მოგიტევებს, ილოცე და მოგისმენს. ყოველთვის გახსოვდეს, რომ უფალს ძალიან უყვარხარ, ათასჯერ და ათიათასჯერ უფრო მეტად, ვიდრე შენ ამის წარმოდგენა შეგიძლია“ – გვპასუხობს ანგელოზი. ხომ გვიყვარს ერთმანეთი, ადამიანები, სულიერი მოძღვარი, სულიერი შვილი, მაგრამ მთელი დედამიწის მოსახლეობის სიყვარული ერთად რომ ავიღოთ, უფლისა და ღვთისმშობლის ერთი წვეთი სიყვარული გადაწონის ჩვენი სიყვარულის ოკეანეებსა და ზღვებს. „ნებისმიერი ფიქრის, სურვილის დროს წამის მეასედით ადრე დაფიქრდი: როგორ მოიქცეოდა უფალი შენს ადგილზე და შენც ისე მოიქეცი. თუ ამას ცხოვრებაში დანერგავ, მიეჩვევი, ნაკლებად შეცდები და უფრო მალე მიხვალ ღმერთთან”, – ასე ამბობს ჩვენი მფარველი ანგელოზი. პავლე მოციქულის სიტყვები გახსოვდეთ: „მუდამ ხარობდეთ, ილოცეთ ერთთავად, მადლიერი იყავით ყველაფრისთვის, ვინაიდან ეს არის თქვენ მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში“.