№25 შემოსე შენი ცხოვრება გალობით
გთხოვ, შემოსო ცხოვრება გალობით: მაშინ შეძლებ, იგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.
შენ შეგიძლია, ანალიზი გაუკეთო შენს ლექსს, მაგრამ არ დაგავიწყდეს – იგალობებენ და კვდებიან, სიმღერები კი სიცოცხლეს განაგრძობენ. კრიტიკა აკვდინებს, სიმღერა აცოცხლებს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია, აღადგინოს პროზა. პოეზია აღმოცენდა ცხოვრების ხიდან, პროზა – ცოდნის (ცნობადობის) ხიდან.
ჩვენ ყველამ ვიცით: სიცრუეს მოკლე დღე უწერია, ჭეშმარიტება – მარადიულია. რატომ ცხოვრობს კიდევ პოეზია პროზაზე დიდხანს: იმიტომ ხომ არა, რომ ის ახლოა ჭეშმარიტებასთან, ახლოა ცხოვრებასთან? თუ შენ საკუთარ ცხოვრებას ლექსით შემოსავ, შენც ახლოს იქნები ჭეშმარიტებასთან, ახლოს იქნები ცხოვრებასთან.
გმირობა და ეგოიზმი
ნუ დაუჯერებ თეორიებს და ეგოიზმის კანონის შესახებ ლაპარაკს, რადგან ეგოიზმი არსობრივად არ არსებობს. უფალი მართავს სამყაროს, ადამიანები კი – მისი მოდგმაა.
კაცი, რომელიც სხვის გადასარჩენად მდინარის ნაკადში გადაეშვება, წამისყოფაში აცამტვერებს ყველა თეორიას ეგოიზმის შესახებ და საერთოდ უსაგნოს ხდის მის შესახებ ლაპარაკს.
ბუნება ადამიანის ანარეკლია
თავისმოყვარეობის შესახებ თეორია ვერ იქნება ბუნებით გამართლებული. ადამიანები ძალიან ადვილად ადანაშაულებენ სხვებს საკუთარ ბოროტებაში.
ბუნება ადამიანების მიმართ ნეიტრალურია. ადამიანის ხასიათთან შესაბამისობაში ის აწყობს თავის ხასიათს. სანამ ადამი ღვთის მორჩილი იყო, მანამ ბუნებაც ემორჩილებოდა მას. როდესაც ის ღმერთს აღუდგა, ბუნებაც აჯანყდა ადამის წინააღმდეგ.
როგორც რაიმე სურვილი, აზრი ან ვნება მოქმედებს ადამიანის მთელ სხეულზე, ასევე მისი ხასიათი, განწყობა, რწმენა და ზნეობა მოქმედებს ბუნებაზე. ადამიანურ ღვარძლს შეუძლია, ბუნებაც ღვარძლით აავსოს, წყალობა კი – წყალობით. ბალკანეთში ადამიანებს დღემდე შემორჩათ იმის რწმენა, რომ წვიმა, გვალვა, სეტყვა, მოსავლიანობა თუ შიმშილიანობა, ჯანმრთელობა თუ ავადმყოფობა – ერის ზნეობრივ სიწმინდეზეა დამოკიდებული.
წმიდა ადამიანების მიმართ ბუნება ყოველთვის მოწყალეა, უწმიდურებისა და ბოროტმზრახველების მიმართ – დაუნდობელი.
ბუნება ადამიანების ანარეკლია. როგორიც არის ადამიანი, ისეთ სახეს აჩვენებს მას ბუნება. ბუნებას ეგოიზმი არ ახასიათებს; მაგრამ ადამიანები არიან ეგოისტები და ამიტომ ხედავენ თავიანთ დამახინჯებულ გამოსახულებას ბუნების სარკეში და საკუთარ სიმახინჯეს სარკეს აბრალებენ.
მაგრამ, განა სარკეა დამნაშავე სახის სიმახინჯეში, რომელიც მას მხოლოდ სინამდვილეში როგორიცაა, ისე გამოსახავს?
***
სამყაროს აღსასრულის „დაფარული ნიშნების” ძიებით კი არ უნდა ვიყოთ დაკავებულნი, არამედ – ქრისტეს მცნებების აღსრულებით. გულის სიწმიდე ხომ უკვე ღმერთის ხილვაა და ამაზე მეტი ბედნიერების მოტანა რას შეუძლია?! სამყაროს მხილება და შეგონება კი არ უნდა იყოს მთავარი საქმიანობა, არამედ საკუთარი თავის ძიება და მონანული ცხოვრება. ჩვენი გარდაცვალებით ისედაც უნდა შევხვდეთ ღმერთს და უმჯობესია, ამ შეხვედრაზე ვიფიქროთ.
აპოკალიფსის საშინელება მაშინ დაატყდება თავს კაცობრიობას, როცა ის თავისი ნებით უარყოფს ღმერთს. ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებას წინ კაცთა ურწმუნოება, ცდუნება და ღმერთის უარყოფა „წაუძღვება“. ამას უნდა ვუფრთხოდეთ ქრისტიანები და არა ბიომეტრიულ პასპორტებს ან საბუთებში რიცხვს 666. ეს საგნები ხომ არ მოითხოვენ ქრისტეს უარყოფას? შიში ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა.
ვინც მეორედ მოსვლისას მხოლოდ საშინელებათა ზარს და ბუნებრივ კატაკლიზმებს ელოდება, გამოდის, ჯერ სრულად ვერ შეუმეცნებია სახარების ჭეშმარიტება. წმიდა ბასილი დიდი დილის ლოცვაში შეგვახსენებს, თუ როგორი განწყობით უნდა ველოდოთ განკითხვის ჟამს: „მომლოდინეი წარდგომად სიხარულსა და შესვლად საღმრთოსა სასძლოსა დიდებისა მისისასა“... ვისთვისაც მეორედ მოსვლა, მხოლოდ ტირილი და გოდებაა. ღმერთიც მხოლოდ მკაცრი მსაჯული ჰგონია. მათ აპოკალიფსის დღეები „ბრწყინვალესა მას განათლებულსა დღესა მას მეორედ მოსვლისა“ ნათლის გარეშე წარმოუდგენიათ, სადაც სადღესასწაულო ხმას ადგილი აღარ აქვს და ღვთის სახის სახილველად განმზადებულ (წმიდა ბასილი დიდის აზრით) მორწმუნეებს შთააგონებენ (წიგნებით, კომპაქტ-დისკებით), ამ დღეს არ იქნება შეწყალება, რადგან თითოეული პასუხს აგებს თავის ცოდვებზე. ნუთუ განქარდება უფლის წყალობა და სიყვარული? ნუთუ უფალი მხოლოდ ჩვენს დასჯაზე იფიქრებს იმ დღეს და ადგილი არ ექნება შეწყალებას?