კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 რა მნიშვნელოვან მასალებს შეიცავს ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტი და როგორ დაიწერა „დათა თუთაშხიას“ გაგრძელება ციხის სამარტოო საკანში

თათია ფარესაშვილი ნათია გოგიშვილი


  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი – „კარცერი-ლუქსი” გაიხსნა, სადაც განთავსებულია მწერლის ხელნაწერები, გამოცემული ნაწარმოებები, პირადი ნივთები, ფოტო-არქივი და სიკვდილმისჯილთა სიმბოლური საკანი, რომელიც მეოცე საუკუნის დამსახურებული ქართველი კლასიკოსის ციხეში გატარებული წლების სიმბოლურ ექსპოზიციას წარმოადგენს. კაბინეტში მოხვედრილი ადამიანი დროში იმოგზაურებს. მის თვალწინ ერთდროულად გაცოცხლდება ამოუწურავი საგანძურის მფლობელი მწერლის ქარიშხლიანი ცხოვრება – დაკავება და სასამართლო, თავისუფლება, ოჯახი, შემოქმედება, ბერად აღკვეცა. კაბინეტის შექმნის იდეას საფუძვლად საინტერესო ისტორია დაედო, რომელსაც იდეის ავტორი, მწერალი მერაბ რატიშვილი თავად გვიამბობს.

მერაბ რატიშვილი: საჯარო  ბიბლიოთეკაში გაიხსნა  ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, განახლდა ფრანგული ცენტრი, გაიხსნა იტალიური და აფხაზური ბიბლიოთეკები, ასევე,  ელექტრონული  დარბაზი,  ეკოდარბაზი, დედა ენის, სარაჯიშვილის,  ვახტანგ მეექვსის, კონსტანტინე გამსახურდიას, ქართული ემიგრაციის, „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დარბაზები და გამიკვირდა, რატომ არ იყო ჭაბუას კაბინეტი. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ვუთხარი, ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტი გავაკეთოთ-მეთქი და მათაც, სიხარულით მიიღეს ეს იდეა. სულ რაღაც სამ თვეში, ერთობლივი თანამშრომლობით შევქმენით სამუზეუმო კაბინეტი, რომელიც მაღალი ემოციური აღქმის შემცველია. აქ ნახავთ სიკვდილმისჯილთა იმ სიმბოლურ საკანსაც, სადაც ჭაბუა იჯდა: პირველად სამი თვე, მეორედ – 45 დღე. უნივერსიტეტში სწავლისას, მწერალი გახდა „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის ფიგურანტი, რის გამოც 25 წლით პატიმრობა მიესაჯა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ, ახალმა მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და განაჩენი შეუცვალეს უმაღლესი ზომით – დახვრეტით. მაშინ ბეწვის ხიდზე გაიარა, მაგრამ გადარჩა. ოთხჯერ მოახერხა  გაქცევა სხვადასხვა ციხე-კოლონიიდან, რისთვის სასჯელს უმძიმებდენენ. საერთო ჯამში, შეკრებით, 84 წელი ჰქონდა მისჯილი. მარბენალის სახელი ჰქონდა. მის პირად საქმეშიც ეწერა, რომ მიდრეკილი იყო გაქცევისკენ. სულ 16 წელი აქვს მოხდილი მკაცრი რეჟიმის ციხეებსა და ბანაკებში. არც თავისუფლების პერიოდში იყო დალხენილი მისი ცხოვრება. მამა დაუხვრიტეს, დედამ ათი წელი პატიმრობაში გაატარა სხვადასხვა ბანაკში. ამიტომაც, კაბინეტის მოწყობის დროს, სიკვდილმისჯილთა სიმბოლური საკანი შეგნებულად გავხადეთ კომპოზიციის მთავარი ელემენტი, რათა ახალგაზრდა თაობას ენახა და არც ძველ თაობას დავიწყებოდა, თუ  რა გადაიტანა ჩვენმა ერმა და რა გზა გამოიარა ჭაბუა ამირეჯიბმა, სანამ მეოცე საუკუნის საუკეთესო ქართველი მწერალი გახდებოდა. ამიტომაც ვუწოდე ბატონ ჭაბუას ქართველი ერის „ბედის მწერალი“.
– როგორც ვიცი, ბევრი ისეთი წერილი ინახება აქ, რაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. როგორ მოხდა იმ უნიკალური მასალებისა და ექსპონატების შეგროვება, რასაც ეროვნული ბიბლიოთეკა არ ფლობდა?
– კაბინეტი მწერლის თვალუწვდენელი არქივის ექსპოზიციაა. ხელოვანის ოჯახს ყოველთვის უჭირს იმ შემოქმედების გაცემა, რაც ასე ძვირფასი და მნიშვნელოვანია ერის ისტორიის შენარჩუნებისთვის. მაგრამ, ბატონი ჭაბუას მეუღლე, ქალბატონი თამარი, დაგვეხმარა იმ ძვირფასი განძის თავმოყრაში, რაც მწერლის მდიდარი არქივის მხოლოდ ნაწილს  შეადგენს. აქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ინახება. არის ბატონი ჭაბუას პირადი წერილები, მათ შორის, დედის წერილებიც. ჭაბუა ჭაბუკობისას წერდა ლექსებს და მოთხრობებს, მაგრამ,  დაახლოებით ოციდან ორმოც წლამდე, არაფერი დაუწერია. პატიმრობის შემდეგ სერიოზულად დაიწყო წერა. ის უკვე სხვა გამოცდილების კაცი იყო. ერთი სიტყვით, კაბინეტში ბევრი საინტერესო რამაა თავმოყრილი.
– მესმის, რომ ბატონი ჭაბუას სახელობის კაბინეტის შექმნას თქვენ მიერ მისი შემოქმედების სიყვარული დაედო საფუძვლად, თუმცა საინტერესოა, პირადად რა შეხება გქონდათ მასთან?


– ბატონი ჭაბუას მსგავსად, ცხოვრების გარკვეული ნაწილი მეც ციხეში გავატარე. „ნაციონალური მოძრაობის” მთავრობამ დამაპატიმრა, როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აქტიური მხარდამჭერი და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯეს. მათ უნდოდათ, ჩემი დიდი ხნით იზოლირება. თავიდან განზრახული ჰქონდათ, უვადო პატიმრობა მოესაჯათ. იმ პერიოდში უმრავლესობა, 18-იდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იხდიდნენ სასჯელს. პრაქტიკულად, მთელი ქართული გენოფონდი იჯდა ციხეში. ეს იყო ქართველი ერის ნამდვილი გენოციდი. რამდენ მათგანს დაუნგრიეს ოჯახი, ცხოვრება და მომავალი. წარმოიდგინეთ, იმ ახალგაზრდებიდან, ვინც ცოცხალმა დააღწია თავი ჯალათების საპყრობილეს, რამდენი გამოვიდა დასნეულებული. საშინელ პირობებში ჰყავდათ პატიმრები. მახსოვს, მეხუთე იზოლატორში, ეგრეთ წოდებულ, „გუბერნსკის ციხეში“, რომელიც მე-19 საუკუნიდან არსებობდა, იმისთვის, რომ პატიმრები დაეთრგუნათ, ადვოკატურაში გადასაყვანად ჩავყავდით გვირაბში, სადაც ძველი დროიდან, დასახვრეტთა საკნები იყო შემორჩენილი. ბნელოდა, ერთი სარკმელი იყო და იქიდან შემოდიოდა სინათლე. იქ იყო საკნები, ეგრეთ წოდებული, „ფუქსები“, სადაც ერთი ადამიანი უნდა ჰყოლოდათ თვეობით ჩაკეტილი. სწორედ ისეთი, როგორიც ჭაბუას საკანია. შეგნებულად აჩერებდნენ იქ, ჯერარმისჯილ პატიმრებს, რათა დაეთრგუნათ და ამით, სასურველი ჩვენება მიეღოთ მათგან. ადამიანების უფლებათა დაცვის საქართველოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა პოლიტპატიმრად მაღიარეს და ამავე სტატუსით, 2013 წელს, 13 იანვარს გამათავისუფლეს. ციხემდე, მე არანაირი შეხება არ მქონია ბატონ ჭაბუასთან, თუმცა კარგად ვიცნობდი დაუსწრებლადაც, რადგან მისი ნაწარმოებების გმირებმა ყველაფერი მითხრეს მასზე. საკანში მუდმივად ვკითხულობდი წიგნებს. ერთი სიტყვით, პატიმრობის დროს მომიხდა მისი შემოქმედების უფრო ახლოს გაცნობა. ბატონ ჭაბუას ჩემი რომანებიც გავუგზავნე, რომლის წაკითხვის შემდეგაც, მან  რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა ჩემზე, სადაც ითხოვდა, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმარი, მერაბ რატიშვილიო. ასევე, წერილი გამოუგზავნა ჩემს მეუღლეს, სადაც აღნიშნავდა, რაც მერაბს წილად ახვედრა ჩვენი ერის მტერთაგან დაკანონებულმა ქართული სულის დევნამ, მნიშვნელოვანი დანაშაულია, რომლის გამოც ამის ჩამდენი ყაჩაღების გროვა პასუხისგებას ვერსად წაუვაო (სამწუხაროდ, ასე არ მოხდა). შემდეგ ჭაბუამ „გრევი“ შემომიგზავნა ციხეში. ჩემი მეუღლე, ეკა, დაიბარა და ჩემთან შემოსაგზავნი ფული გამოატანა. ეკას ვეუბნებოდი, ეს ფული მინის ქვეშ უნდა ამოგედო, რადგან ისტორიული პიროვნების ნაჩუქარია, მაგის დახარჯვა როგორ შეიძლება-მეთქი. პატიმრებს რაც სჭირდებათ, ყველაფერი ვიყიდეთ, ვისთანაც ხელი მივაწვდინე, ყველას გავუგზავნე. მთელი ციხე ბატონი ჭაბუას სახელის შეძახილებით გუგუნებდა. ციხიდან რომ გამოვედი, პირველად ბატონ ჭაბუას შევხვდი და კიდევ უფრო ახლოს გავიცანი.

– როგორც ვიცი, პატიმრობის პერიოდში დაწერეთ „დათა თუთაშხიას“ გაგრძელება – რომანი „დაკარგული ფურცლები“. რამ გიბიძგათ ამისკენ და როგორ შეგაფასათ, როგორც მწერალი და საკუთარი ნაწარმოების გამგრძელებელი, ბატონმა ჭაბუამ?
– ბოლო ორი წელი სამარტოო საკანში ვიყავი. წიგნებით ვცხოვრობდი, იქ ჩემი ბიბლიოთეკა შევქმენი. გაგიკვირდებათ და ბატონი ჭაბუა დამესიზმრა, რაღაცას მეუბნებოდა, ვერ ვიგებდი, რას მეუბნებოდა, ხელითაც მანიშნებდა. მეორე დღეს ჩემს მეუღლეს ვთხოვე, წიგნები – „დათა თუთაშხია“ და „გორა მბორგალი“ შემოეგზავნა ჩემთვის. როცა ეს რომანი მეორედ წავიკითხე, უკვე როგორც ზრდასრულმა ადამიანმა, მივხვდი, ჩემი სიზმრის შინაარსს. ვერ ავიტანე ბოროტების გამარჯვება სიკეთეზე, თანაც შვილის ხელით. მაშინ დავიწყე „დაკარგული ფურცლების“ წერა. ამ რომანში, მკითხველი კვლავ შეხვდება მისთვის უკვე კარგად ნაცნობ „დათა თუთაშხიას“ გმირებს და სხვა ჭრილში შეხედავს ისტორიულ მოვლენებს. ეს რომანი მივუძღვენი მე-20 საუკუნის ჭეშმარიტ რაინდს, სასტიკი ეპოქის ზნეობრივ მაგალითს, ჩემს საყვარელ მწერალსა და ძვირფას ადამიანს – ჭაბუა ამირეჯიბს, ბედნიერ ტანჯულს – ბერ დავითს. უეცრად მეღვიძებოდა და ვწერდი. რომ გავიღვიძებდი, მიკვირდა, ეს მე დავწერე თუ ჭაბუამ-მეთქი. ვირტუალურ კომუნიკაციაში ვიყავი ბატონ ჭაბუასთან. ეს ისეთი საოცარი პროცესი იყო, ვერ აღგიწერთ. ბატონ ჭაბუას ხელნაწერი გავუგზავნე და წერილიც მივწერე: „ბატონო ჭაბუა, ცხოვრების და ურთიერთობის წესები კარგად ვიცი. თქვენ თუ მოგეწონებათ და ჩათვლით საჭიროდ, ეს წიგნი დაიბეჭდება. თუ არა, გაძლევთ პირობას, რომ ვერასოდეს ნახავს მზის სინათლეს“. ერთი თვე პასუხი არ მქონდა. ბოლოს, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა თამარმა, ტელეფონით შემატყობინა: ჭაბუას თხოვნაა, ეს წიგნი აუცილებლად უნდა დაიბეჭდოსო. მწერლის 91 წლის იუბილეზე შედგა წიგნის პრეზენტაცია. ძალიან ბევრი სტუმარი ყოფილა მისული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მე და ბატონმა ჭაბუამ ვისაუბრეთ რომანზე, რომელიც მას მივუძღვენი. საოცარია, მაგრამ ზუსტად ჩამოაყალიბა ჩემი მოტივაცია, თუ რამ დამაწერინა „დაკარგული ფურცლები“. „დათა თუთაშხიას“ ფილმის ახალ ეკრანიაზაციაზეც ვისაუბრეთ და დამეთანხმა, რომ თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ამ ნაწარმოების უფრო მაღალი კლასის ფილმი შეიძლებოდა, გადაგვეღო. შეიძლება, ბევრმა არ იცის, მაგრამ მწერალი უკმაყოფილო იყო ფილმის ძველი ვერსიით. სცენარი მზად მაქვს და კარგი იქნება, თუ საშუალება მომეცემა, ჭაბუას სურვილიც ავასრულო და „დათა თუთაშხიას“ ახალი ვერსია გადავიღოთ, თავისი გაგრძელებით.
– რომანს „დაკარგული ფურცლები“ რატომ დაარქვით?
– დათა თუთაშხია როგორ იწყება?! ჭაბუამ „იპოვა გრაფი სეგედის ჩანაწერები“, რომლებიც საფუძვლად დაედო მის რომანს. რაც ვერ „იპოვა“ ჭაბუამ, „ვიპოვე“ მე და წიგნად ვაქციე. ზოგიერთი მოშურნე-პროვოკატორი ამბობდა, რომანი „დათა თუთაშხია“ ჭაბუასი კი არა, გრაფი სეგედის დაწერილიაო, რაც წარმოუდგენელი სისულელეა. დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში, ჭაბუას კაბინეტი კიდევ უფრო გამდიდრდება ისეთი მასალებით, რომლებზეც შეიძლება, დღეს არც კი გვსმენია.  ამ კაბინეტშიც ტრიალებს ბერი დავითის სული და ბევრ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, თავისი ოჯახური არქივიდან გაუზიაროს ჯერ კიდევ უცნობი დოკუმენტური თუ ფოტომასალები ჭაბუას კაბინეტს. ბატონი ჭაბუას გარდაცვალების შემდეგაც ვმეგობრობ მის ოჯახთან და კარგად ვიცი, რომ მისი ოჯახიც და მომავალი თაობაც, დიდი სათნოებით შეინახავენ დიდი ქართველი მწერლის დანატოვარს, სახელსა და შემოქმედებას.
скачать dle 11.3