კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№24 როგორ შეახსენა აზერბაიჯანმა საქართველოს 300 000-იანი აზერბაიჯანელი მოქალაქე, რატომ დაამადლა გაზის ფასი და დასდო ბრალი, რომ არ აფასებს მეგობრობას

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


 აქართველოს შეფარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩენის გამო საქართველოს არასამთავრობო სექტორმა, ჟურნალისტების ნაწილმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საქართველოს სპეცსამსახურებს პროტესტი გამოუცხადეს და ადამიანის გატაცებაშიც დასდეს ბრალი. ამბავს სრულიად დასავლეთიც გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას საქმის გამოძიება მოსთხოვა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა გამოძიების პირობაც დადო და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებასთან კავშირსაც კატეგორიულად უარყოფს. მეორე მხრივ, თუ გეოპოლიტიკურ ვითარებას გავითვალისწინებთ (ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების აზერბაიჯან-თურქეთისა და, ასევე, ჩვენი ოკუპანტის ქვეყნისა და მეზობელი სომხეთის ტანდემებს ვგულისხმობ), საქართველო, ფაქტობრივად, რეგიონული ერთგული მოკავშირის გარეშეა დარჩენილი და, შესაბამისად, კავკასიაში ყველაზე სუსტ რგოლად მოიაზრება. გეოპოლიტიკური ვითარება ვახსენე, რადგან ზემოხსენებული სამოქალაქო სექტორი საქართველოს მთავრობას სწორედ აზერბაიჯანის ხელისუფლების ნების აყოლას სდებს ბრალად. თუმცა არავინ საუბრობს საკითხის მეორე მხარეზე: აქვს კი რესურსი ჩვენს სახელმწიფოს, გაუწიოს წინააღმდეგობა რეგიონში არსებულ გამოწვევებს, როდესაც მეზობელი სახელმწიფოები (მტერ-მოყვრებიანად), გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ცდილობენ (და მოახერხეს კიდეც) თავიანთი გავლენის განმტკიცებას; ან მიიღო თუ არა საქართველომ სათანადო დივიდენდი, თუ მისი სპეცსამსახური, მართლაც, იღებდა მონაწილეობას ზემოხსენებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვედრაში. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტთან, ბესო ალადაშვილთან, ერთად ვისაუბრებთ სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკასა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების საფრთხეებზე, რაც მთავარია, სპეცსამსახურების ხანაში ადამიანის უფლებების ბედზე.
– სპეცსამსახური არის ის სტრუქტურა, რომლის მუშაობის ამოსავალი პრინციპი შეიძლება, იყოს ადამიანის უფლებების დაცვა? რა პრინციპებით მოქმედებს ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახური?
–  ძალზე მგრძნობიარე თემაა და არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, მაღალი დემოკრატიის ქვეყნებისთვისაც. სპეცსამსახურები ყოველთვის მოქმედებენ ადამიანის უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ზღვარზე. სპეცსამსახურების შექმნა უკავშირდება ფარულ საქმიანობას, რაც დამყარებულია ტყუილზე. ანუ ადამიანი არ არის ის, რადაც ასაღებს თავს, იქმნება საფარის ლეგენდა, რამდენიმე ცხოვრებით ცხოვრობენ და ცხოვრობდნენ სპეცსამსახურის თანმშრომლები. აღარაფერს ვამბობ ტექნიკურ შესაძლებლობებზე: პირად ცხოვრებაში ხელის ფათურსა და ჩარევას ვგულისხმობ. გვინდა თუ არა, სპეცსამსახურების გარდაუვალი ბოროტებაა ეს. ამდენად, მთავარია ის წითელი ხაზი, თუ სად მთავრდება სახელმწიფო ინტერესები, რომლითაც უნდა მოქმედებდეს სპეცსამსახური და სად იწყება ადამიანის უფლებები. ხაზს ვუსვამ: მე ვლაპარაკობ მხოლოდ კანონის ფარგლებში სპეცსამსახურის მუშაობაზე.
– ცხადია, საფარის ლეგენდაც კანონიერად იქმნება, ორმაგი ცხოვრებაც და თვალთვალიც.
– დიახ, მე ვლაპარაკობ მხოლოდ კანონის ფარგლებში მოქმედებაზე. როდესაც კანონიერად ფარულად უსმენ „ა“ ობიექტს, ცხადია, უსმენ ყველას, ვინც ამ ობიექტს უკაშვირდება. გარდა ამისა, თუ ის ვიდეოგადაღებაზეა, გროვდება უამრავი ინფორმაცია და, კანონის მოთხოვნით, უნდა გაიფილტროს ის, რაც პირად ცხოვრებას ეხება და განადგურდეს. მაგრამ, როგორც წინა წლებმა გვიჩვენა, ხშირად არაკეთილსინდისიერი თანამშრომლები არ ანადგურებდნენ ამ ინფორმაციას და შანტაჟისთვის იყენებდნენ. თუმცა წინა ხელისუფლება უფრო შორსაც წავიდა და განზრახ აგროვებდა პირად ინფორმაციას, რომ შანტაჟი მოეწყო ადამიანებისთვის. საერთოდ, დემოკრატიულ ქვეყნებში სპეცსამსახურის საქმიანობა ყოველთვის კრიტიკის ქვეშაა. მე მხოლოდ მუნდირის ღირსება არ მალაპარაკებს, მართლაც, რთულია სპეცსამსახურის მუშაობა. ტერორიზმისა და უცხო ქვეყნის აგენტურის წინააღმდეგ მუშაობისას, ძალიან რთულია ბალანსის დაცვა ეროვნულ უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის და აუცილებელია საზოგადოებრივი კონტროლი.
– საზოგადოება როგორ გააკონტროლებს სპეცსამსახურებს სრულყოფილად?
– გეტყვით, როგორ არის აშშ-ში. ამ ქვეყანაში ძალიან მაღალი საზოგადოებრივი კონტროლია სპეცსამსახურების საქმიანობაზე და ეს გამოიხატება ანგარიშვალდებულებით. მაგალითად, ჟურნალისტებს აქვთ უფლება, მოითხოვონ და სასამართლოს გზით მიიღონ ინფორმაცია, უთვალთვალებდნენ თუ არა მათ და იყო თუ არა აღძრული მათ წინააღმდეგ საქმე. ზოგადად, სპეცსამსახურის საქმიანობაზე ოთხი ტიპის კონტროლია: საპარლამენტო, იმავე აშშ-ში, დაწყებული დაფინანსებით და დამთავრებული ფარული ოპერაციებით, ეს საკითხები განიხილება შესაბამის კომიტეტებში; ასევე, მკაცრია შიდა კონტრლი თვითონ სპეცსამსახურში, მათ ჰყავთ შიდა აუდიტი, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებელია, ემორჩილება მხოლოდ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს და მისი საქმიანობის შემოწმების უფლებაც კი აქვს; მესამეა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი: პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კურირებს სპეცსამსახურს და მეოთხე მაკონტროლებელია სასამართლო ხელისუფლება, საპროკურორო ზედამხედველობა და  კანონის დარღვევის გამო არავის ინდობენ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არის, მაგრამ მე ვამბობ ზოგად მოდელზე. ეს კონტროლი ხანდახან ცუდიცაა, მაგალითად, 1974 სწორედ სპეცსამსახურის საქმიანობას გადაჰყვა პრეზიდენტი ნიქსონი. ამის შემდეგ შეიქმნა სენატორ ჩერჩის კომისია, რომელმაც შეისწავლა აშშ-ის სპეცსამსახურის საქმიანობა და რამდენიმე ტომიც დადო, რომლებშიც სრულიად საიდუმლო საქმეები იყო აღწერილი. მათგან ბევრი ვნებდა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს. მაგალითად, აშშ-ს სპეცსამსახურის ოპერაციები ფიდელ კასტროს წინააღმდეგ, სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილი გადატრიალებები. რა თქმა უნდა, ეს იყო სისხლის გამოშვება და რაღაც ეტაპზე სპეცსამსახურები უნდა გაიწმინდოს, იმიჯი შეიცვალოს.
– ბრალს სდებენ საქართველოს სპეცსამსახურებს, რომ თითქოს მათ გაიტაცეს აზერბაიჯანის მოქალაქე და გადასცეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სპეცსამსახურის მუშაობისა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, უცხო თუ საკუთარი ქვეყნის მოქალაქის დაცვაა უფრო მნიშვნელოვანი თუ ის ზიანი, რომელიც შეიძლება, მიიღოს სახელმწიფომ, რასაც მას უფლებების დაცვა მოუტანს? ცნობილი მაგალითია მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორ გაწირა ბრიტანეთის დაზვერვამ თავისი მოქალაქეები უფრო მაღალი ინტერესისთვის.
– ეს ეხება „ენიგმას“, როდესაც ბრიტანელებმა გაიგეს გერმანული წყალქვეშა ნავების ადგილმდებარეობა და გაშიფრეს მათი საუბარი, როდის აპირებდნენ იერიშის მიტანას ბრიტანეთის ხომალდებზე. მაგრამ თავიანთი გემები არ გააფრთხილეს და ამას შეეწირნენ ბრიტანეთის მოქალაქეები. მაგრამ ასეთი რამეები ხდება ომიანობის პერიოდში, როდესაც მთავარია მთლიანად სახელმწიფოს ბედი. დიდგორზე ორასმა მეომარმა თავი შესწირა, რომ მთლიან ჯარს გაემარჯვა. როდესაც სახელმწიფო ინტერესია, პიროვნებები თვითონაც წირავენ თავს. ეს ძალიან რთული და სხვა თემაა, მაგრამ, მოდი, შევხედოთ დღევანდელ ვითარებას: როდესაც მშვიდობიანი პერიოდი და მძიმე გეოპოლიტიკური სიტუაციაა.
– ამიტომაც, პირადად მე, ვერ ვარქმევ მშვიდობიან პერიოდს იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას, როგორშიც საქართველოა.
– ღმერთმა დაიფაროს, ომი სულ სხვაა. ომის დროს იმარჯვებს შეიარაღებული ადამიანი. სპეცსამსახური კი უნდა ასოცირდებოდეს ტვინთან, ანალიტიკასთან და არა –  უხეშ ძალასთან. გეოპოლიტიკა ვახსენე იმიტომ, რომ ყველა ჩვენს უშუალო მეზობელთან: თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ირანთანაც კი, ვართ კუთხეში დაყენებული მოწაფის როლში. რუსეთს აღარც ვახსენებ, ის ოკუპანტია.
– შეიძლება, იმიტომ რომ, არ გვყავს ისეთი, მოკავშირეები, როგორიც ბაქოს, ანკარას და ერევანს მოსკოვის სახით? ანუ არ გვაქვს ზურგი?
– ანუ ეს მოცემულობაა და ის უნდა გაითვალისწინო. როცა სუსტი ხარ, დავითი უნდა იყო და გოლიათს ეშმაკობით მოერიო.
– ნუ წავალთ შორს: ნაცარქექია და ხუთკუნჭულა უნდა იყო.
– დიახ, როდესაც ასეთი მგრძნობიარე თემაა, არ შეიძლება, ილაპარაკოს ყველამ. აბსურდია, როდესაც პიარს სანდრო ჯეჯელავას ჩააბარებ, რომელსაც ხშირად არაადეკვატური შეფასებები აქვს და საზოგადოება სახტად დაუტოვებია იმ სფეროში, რომლის სპეციალისტადაც თავი მიაჩნია. სპეცსამსახურის თემაზე რაც ნაკლებს ილაპარაკებ, უკეთესია. ჩვენ აშკარა დათმობებზე წავედით თურქეთთან. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ერთ-ერთ აზერბაიჯანულ საიტზე, ამ ამბებამდე ერთი-ორი კვირით ადრე, გამოქვეყნდა ძალიან მძაფრი ანტიქართული პასკვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ, ერთ-ერთმა ჩვენმა სააგენტომ გადმობეჭდა და ქართველი ავტორი მიაწერა. ერთია პლაგიატი და მეორე, ამ ინფორმაციის, როგორც ქართულის გავრცელება, იმიტომ რომ, ამ სტატიაში იგრძნობოდა აზერბაიჯანული სპეცსამსახურების კვალი. ამ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საქართველო ინახავს აზერბაიჯანის ხელისუფლების ოპოზიციას, რომ საქართველომ არ იცის მეგობრობის დაფასება, რომ საქართველო აზერბაიჯანის კმაყოფაზეა და ნახევარ ფასში იღებს გაზს.
– არადა ეს ტყუილია!
– მეც ვიცი, რომ ტყუილია. მაგრამ ვამბობ, რაც იმ სტატიაში წერია, რომ საქართველო არ ითვალისწინებს, 300 000 აზერბაიჯანელი რომ ცხოვრობს მის ტერიტორიაზე და მინიშნებაა, რომ არავინ იცის, ისინი რას მოიმოქმედებენო. ფაქტია, რომ ეს სტატია აზერბაიჯანის სპეცსამსახურების შემოქმედებაა. ასევე, მძაფრად იყო გაკრიტიკებული აშშ და უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები. ამას გარდა, უარყოფით კონტექსტში იყო მოხსენიებული მიხეილ სააკაშვილი, როგორც რევოლუციის ექსპორტიორი სამხრეთ კავკასიაში, რაც აზერბაიჯანში არ გაუვიდაო.
– ეს რაღაც ახალია. სააკაშვილს ძალიან წყალობდნენ.
– დიახ, გვახსოვს სააკაშვილის დროს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, მათ შორის, სპეცსამსახურებსაც. ცხადია, იბადება კითხვა: უნდა ითანამშრომლონ თუ არა საქართველოსა და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა? რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანის დაკავება უნდა მოხდეს იმ ქვეყანაში, სადაც დასაკავებელი ადამიანია და შესაძლებელია, ამაში მონაწილეობას იღებდეს აზერბაიჯანის სპეცსამსახურიც. მაგრამ უნდა იყოს საქართველოს სასამართლოს მიერ გაცემული სანქცია, რომელიც დაეფუძნება პროკურატურის კანონიერ მოთხოვნას. მხოლოდ ამ საფეხურების გავლის შემდეგ უნდა დააკავონ ნებისმიერი ადამიანი.
– აზერბაიჯანი არის სახელმწიფო, რომელსაც არ აინტერესებს არც დასავლეთთან ინტეგრაცია და არც დასავლეთის აზრი, არაერთხელ უთქვამს ეს ილჰამ ალიევს; ამასთან, ის არის ჩვენთვის გაზის ერთადერთი მომწოდებელი, ალტერნატივაა რუსეთი ან ირანი. თუმცა, რაკი ირანულმა გაზმა სომხეთზე უნდა გაიაროს, ფაქტობრივად, ეს რუსული გავლენის გაზია ისევ. თუკი ასეთი ტიპის სახელმწიფო მოითხოვს რაღაცას, თქვენც მოიტანეთ ციტატები სტატიიდან, ფაქტობრივად, სეპარატიზმით დაგვემუქრებიან, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო, გადაეფაროს სხვა ქვეყნის მოქალაქეს? თუ ივაჭროს და ხეირი ნახოს? მე ის უფრო მაინტერესებს, თუ მიიღეს მონაწილეობა ჩვენმა სპეცსამსახურებმა, სამაგიეროდ რა მოითხოვეს?  
– მე ცოტა კრიტიკულად შევხედავდი თქვენს აზრს. რა იყო შანტაჟის მექანიზმი? რითაც საქართველოს ხელისუფლება აიძულეს, თავისთვის წამგებიანი მოქმედება ჩაედინა?! რა განსხვავებაა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუ ორივე გაზით გვაშანტაჟებს?!
– იქნებ არც აქვს პრეტენზია?
–  იდეალური არავინაა, ყველა ქვეყანას აქვს თავისი ეროვნული ინტერესები. აზერბაიჯანს შიგნით აღარ ჰყავს ოპოზიცია, ყველა გაიქცა და უახლოესი პუნქტი, სადაც ისინი არიან, საქართველოა და უნდა, მათი აქედან ამოძირკვაც. ეს აზერბაიჯანის შიდა საქმეა, მაგრამ საინტერესოა, დააყენა თუ არა საქართველომ ალტერნატივად თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად რამე? ანუ უთხრა თუ არა იმავე აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ მე ამით ვნახავ მნიშვნელოვან ზიანს, შესაძლოა, აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარებები ამ საკითხს დაუკავშირდეს, იმდენად მწვავე იყო მათი რეაქცია და რას მივიღებ სამაგიეროდ?!
– მეც ის მაინტერესებს, როგორ ივაჭრეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის სასიკეთოდ?
– დააყენეს თუ არა გაზის ფასის საკითხი, საინგილოში ქართველების უფლებების დაცვის საკითხი?! ანუ რამდენად ადეკვატურად მოხდა ინტერესების ურთიერთგათვალისწინება? იყო თუ არა დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები?! ეს მაინტერესებს, როგორც საქართველოს მოქალაქეს და გამოვლინდა თუ არა, რომ საქართველოს ჰყავს პატრიოტი და გონიერი ხელისუფლება, რომელიც ითვლის რისკებს. ჯერჯერობით ჩანს, რომ ჩვენ ვიზარალეთ.
скачать dle 11.3