№24 ბოტოქსებში ჩაცინებული
ანუ „ელ დე პე ერა“ და „გირჩა“
არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, რუსთა „ელ დე პე ერის“ ლიდერმა დაჯილდოების ცერემონიალზე პრ. პუტინს უმღერა „ბოჟე, ცარია ხრანი“ („ღმერთო, დაიფარე მეფე“) და იქვე სურვილიც გამოთქვა, რომ ის რფ-ის სახელმწიფო ჰიმნად ექციათ.
და თუმცა „ბეზ პიაწი მინუტ ცარმა“, ანუ პრ. პუტინმა ბოტოქსებში ჩაიცინა, როგორც ჩანს, ეს ვლ. ჟირინოვსკიმ თანხმობად მიიღო.
ხოლო, რაკი მიიღო, ფრაქცია „ელ დე პე ერმა“ რფ-ის „დუმაში“ კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც, „ბოჟე, ცარია ხრანი“ რფ-ის ჰიმნად უნდა გამოცხადდეს.
პროექტის ავტორთა თქმით: რფ-ის მოქმედი ჰიმნი საბჭოთას გადამუშავებული ვარიანტია და ამიტომაც ვერ გახდა მოქალაქეების გაერთიანების სიმბოლო, ახალი ჰიმნი კი მათ გაახსენებს რუსეთის ათასწლიან ისტორიას თავისი საბჭოთა პერიოდითო.
რადგან გადაწყვეტილებას „დუმა“ იღებს, უცნობია, რეალიზდება თუ არა ვლ. ჟირინოვსკის ოცნება, თუმცა ჩნდება ეჭვი, რომ ეს „ელ დე პე ერა“ ვლადიმირ ჟირინოვსკი ამ ჩვენი „გირჩა“ ზურაბ ჯაფარიძის „გასაბერშია“ „მონათლული“.