№24 ოკუპანტის ოკუპანტი ცხონდაო
ანუ „დამიპყარი, ძუკუ?!
რფ-ის პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, ვინმე ალექსანდრ ალადინის, განცხადებით, ჩინეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის ალბათობა, მინიმუმ, 95 პროცენტია.
ამ დასკვნის საფუძველი კი ხსენებულ ექსპერტისთვის იმას მიუცია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთის საზღვრებთან ფორსირებული ტემპებით აშენებს გზებსო.
ხოლო ეს ინფრასტრუქტურა, მისი განმარტებით, ჩინეთს რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, შეაირაღებული ძალების სწრაფი გადასროლისთვის დასჭირდება (არ იქნება ურიგო?!).
მომყავს ციტატა: „საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ჩინეთის არმია ხაბაროვსკში ორ-სამ საათში იქნება, რადგან დიდი უსურიისკის კუნძულების ნაწილი ჩინეთს ეკუთვნის, ნაწილი კი რუსეთს, რომელიც ხაბაროვსკის ცენტრში გადის“.
მეტიც, თურმე, ჩინეთს 200 მილიონი ჯარისკაცის გამოყვანა შეუძლია.
ცხადია, ჩვენ ეს საკითხი დიდად არ გვაღელვებს, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ რფ, ასევე, ფორსირებულად აშენებს გზებს საქართველოს საზღვრებთან, ხოლო ჩვენი 37 000-ანი ჯარის საპირწონედ მილიონიანის გამოყვანა შეუძლია, დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია.
მეორე მხრივ, სულ ახლახან რუს ინსტრუქტორებს ჩინეთის სახალხო-გამათავისუფლებელი არმიისთვის მომზადების კურსი ჩაუტარებიათ. როგორც ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდალი, ვინმე იაროსლავ როშჩუკინი განმარტავს, ამ მეთოდით რუს სპეცრაზმელებსა და მთის მსროლელებს ამზადებენ.
რუს სამხედროებს ჩინელი კოლეგებისთვის რუსული ეკიპირებაც ჩაუტანიათ და ციმბირის მკაცრი კლიმატის პირობებში გადარჩენა-ბრძოლის ილეთებიც უსწავლებიათ.
თუ ამ ორ ამბავს გავაერთიანებთ, გამოდის, რომ ამ ჩვენს ოკუპანტს პოტენციალური ოკუპანტისთვის თავისი დაპყრობა უსწავლებია…