№24 რა განსაცდელის გადატანა უწევთ უკვე 11 წელია „ნიჭიერის“ ფინალისტს, გიორგი ცისკაძესა და მისი ოჯახის წევრებს და რას დაადეს მათ წლების წინ ტაბუ
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნიჭიერის“ ფინალისტი, 13 წლის ნიჭიერი მომღერალი, გიორგი ცისკაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. გიორგი 11 წელია, საკმაოდ რთულ დაავადებას ებრძვის, რომელიც გარკვეულ ეტაპზე უფრო რთულდება ხოლმე. გიორგი ცოტა ხნის წინ კლინიკიდან გამოწერეს, ის ახლა უკეთ გრძნობს თავს. თუმცა, მუდმივი მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ არის. გიორგის დედა, სალომე ბერიშვილი, ყველაფერს აკეთებს შვილის გამოსაჯანმრთელებლად, თუმცა მისი მწირი შემოსავალი ხშირად კომუნალურ გადასახადებსაც არ ჰყოფნის. რაც მთავარია, გიორგის სჭირდება უცხოეთში წაყვანა, სადაც მას დიაგნოზს დაუსვამენ და შემდეგ მკურნალობის კურსს ჩაუტარებენ. ამისთვის კი ოჯახს არანაირი საშუალება არ გააჩნია.
სალომე ბერიშვილი: გიორგი წლისა და 10 თვის ასაკში გამიცივდა, დიაგნოზი იყო: ცისტიტი. იმ დროს რუსთავში ვცხოვრობდით, უბნის ექიმთან მივიყვანეთ, დაუწყო მკურნალობა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა, დაეწყო მასიური შეშუპება. დედაჩემი სენაკში ცხოვრობს, სულ მეკითხებოდა გიორგის მდგომარეობას ტელეფონით და როგორც კი ვუთხარი, ქუთუთოები შეშუპებული აქვს-მეთქი, სასწრაფოდ ჩამოვიდა რუსთავში. მაშინვე მიხვდა, რომ თირკმელების ბრალი იყო და დღეს მისი დამსახურებაა, გიორგი რომ ცოცხალია. იაშვილის კლინიკაში დავაწვინეთ, ჩაუტარდა მკურნალობა და მოგვცეს დანიშნულება. მას შემდეგ სულ მკურნალობაშია. იმ დიაგნოზს, რომელიც გიორგის დაუსვეს, ასეთი ხანგრძლივი მკურნალობა არ სჭირდება. იმედი გვქონდა, რომ გარდატეხის ასაკში გიორგი დაძლევდა, მოერეოდა ავადმყოფობას, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მოხდა ასე. გიორგი, ძირითადად, სულ იზოლაციაში გვყავდა, რომ არ შეხვედროდა ვირუსი. ბავშვებთანაც არ ჰქონდა ხშირი კონტაქტი. თუმცა, ხშირად უმეორდებოდა შეშუპება. მაგრამ, სახლის პირობებში, პროფესორ გურამ ჩიტაიასთან კონსულტაციის პარალელურად, ვახერხებდით დარეგულირებას. გიორგის დიაგნოზია: „ნეფროზული სინდრომი, დაუზუსტებელი ცვლილებით. იცენკო-კუშინგის სინდრომი, მედიკამენტოზური ჰიპერგლიკემია, დაუზუსტებელი“. ძალიან მინდა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება, გიორგის კვლევის პასუხები უცხოეთში გადავაგზავნოთ ან გიორგი წავიყვანოთ, რომ მითხრან, რა გზას დავადგეთ. გიორგი ერთადერთია, რომელსაც ეს დაავადება გაუგრძელდა. ამ დაავადების მქონე პაციენტების უმრავლესობა განკურნებულია... მას შემდეგ, რაც გიორგის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვეხმიანა: ნაცნობები, უცნობები. ხალხი გვეუბნებოდა: ეტლს ვართ მიჯაჭვულები, სახლიდან გარეთ ვერ გავდივართ და ჩვენ, გიორგი ეკრანიდან გვიხანგრძლივებდა სიცოცხლესო – ეს უფლის რამხელა საჩუქარია. „ნიჭიერის“ დახმარებით, გიორგი ბევრმა ადამიანმა გაიცნო, ყველას შეუყვარდა ჩემი შვილი და ყველას ვეუბნები მადლობას. ალბათ, ღვთისგან გვაქვს ეს უდიდესი გამოცდა. ღმერთი გვიგზავნის ამ განსაცდელს და მასვე ვთხოვ, არ დავეცე.
– რას ამბობენ ექიმები?
– ვერ გეტყვით, რომ გიორგი განიკურნება, ან არ განიკურნებაო. 6-თვიანი მკურნალობა დაუნიშნეს და ამ ხნის განმავლობაში მუდმივად უნდა კონტროლი, ექიმებთან კონსულტაცია. სამწუხაროდ, გიორგის პრედიაბეტიც უთხრეს: ესეც დაემატა ჩვენს მდგომარეობას. მე ვარ დედა, რომელიც შეშინებულია და ითხოვს შველას. ყველას ვთხოვ შეველას, ვისაც შეუძლია, მოკიდოს ჩემს შვილს ხელი, უმკურნალოს.
– როგორია თქვენი შემოსავალი?
– მარტოხელა დედა ვარ და რა თქმა უნდა, ამით არ ვტრაბახობ, თუმცა ჩვენს ცხოვრებას შევეგუეთ, მშვიდად, წყნარად ვცხოვრობთ. ზოგჯერ ყველაფერი კარგად არის, ზოგჯერ ისეთი რთული სიტუაცია გვაქვს, მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ კომუნალურების გადახდასაც ვერ ვახერხებთ. იმედია, ჩემს ნათქვამს ხალხი სწორად გაიგებს. სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში ვმუშაობ, რაიონული ანსამბლის, „სენაკის“ ხელმძღვანელად. ჩემი შემოსავალი 235 ლარია – ამით ვცხოვრობთ და ვარსებობთ. დედა და მამა მყავს. მამამ ინსულტი გადაიტანა, უმძიმესი ფორმით, სიკვდილს გამოვტაცეთ. არ მუშაობს და არც საპენსიო ასაკი აქვს, ისევე როგორც დედას. ასე უკიდურესად რომ არ ვიყო, ამას არ გავახმაურებდი. ყველანაირ დახმარებას ვითხოვ, თუნდაც სამსახურის მხრივ.
– მამა არ ზრუნავს შვილზე, ალიმენტს არ უხდის?
– არა. როცა წამოვედით, გიორგი პატარა იყო. ჩვენ ახლა მშვიდად ვცხოვრობთ, არავისი გვეშინია, რადგან ძალიან მძიმე დღეები გვაქვს გამოვლილი. ეს შევფუთეთ და გადავდეთ, ტაბუ გვაქვს დადებული და ჩვენს ცხოვრებას ახალი გზით მივყვებით. რაც შეეხება ალიმენტს, ის, რომ ადვოკატი მომეძებნა, სასამართლოში შემეტანა სარჩელი, ამასაც სჭირდებოდა ფინანსები და ამის საშუალება არ მაქვს.
– დაზღვევა არ გაქვთ?
– არანაირი დაზღვევა არ გვაქვს. ერთადერთი, ჩემი შემოსავალია. გარდა ამისა, სენაკის გამგებელმა თავისი სურვილით გიორგის ყოველთვიურად დაუნიშნა 100 ლარი მთელი წლის განმავლობაში, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ მაისში, ამდენი თვის შემდეგ, ფინალში ნიკა გვარამიას გამოცხადებული საჩუქარი: ყოველთვე 500 ლარი ჩაერიცხოს გიორგისო, ჩაურიცხეს. იმედია, ეს გაგრძელდება და ძალიან დაგვეხმარება. გიორგის წამალი ძალიან ძვირი არ ღირს, მაგრამ 11 წლის განმავლობაში ყოველდღე მისი მიღება, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა თანხებთან არის კავშირში. გარდა ამისა, მუდმივად სჭირდება კვლევები, თბილისში ჩამოყვანა.
– ახლა რა მდგომარეობაშია გიორგი?
– ერთი კვირის განმავლობაში ვცდილობდი, ოჯახის პირობებში დავხმარებოდით, რადგან ფინანსების უქონლობის გამო ვერ ვახერხებდი გიორგის თბილისში წამოყვანას. მერე ჩემმა თანამშრომელმა მომცა ფული: წაიყვანე გიორგი, რას ელოდებიო. მეორემ ცისანა შარტავას დაურეკა, ბავშვის მდგომარეობა აუხსნა. რომ არა ეს ადამიანები, ფინანსებს დაველოდებოდი და ღმერთმა იცის, რა მოუვიდოდა გიორგის. ციციშვილის კლინიკაში წავიყვანეთ და ექიმმა მაშინვე გვითხრა: რატომ აქვს გიორგის მასიური შეშუპება, ვირუსი ხომ არ ჰქონდაო. დიდი ხანია, გიორგის ვირუსი არ დამართნია, არ გაციებულა. ამან კიდევ უფრო მეტ საგონებელში ჩაგვაგდო ყველა: აბა, რა მოხდა, რამ გამოიწვიაო. სამწუხაროდ, არ არის პასუხი. კვლევებიც ჩაუტარდა და ამ დროს აღმოჩნდა შაქარი, რაც ყველასთვის შოკი იყო. თუმცა, ეს წამლის გვერდითი ეფექტიც არის. გიორგის ფიზიკური განვითარება 10 წლის ბავშვის სტანდარტებს აკმაყოფილებს, შიგადაშიგ ძვლების ტკივილიც დაეწყო. ზოგჯერ სიარულისას ფეხიც უჩერდება, მუცლის ღრუ სტკივა ხოლმე – ეს ყველაფერი პრეპარატის გვერდითი ეფექტებია. იმდენად კეთილი, სიცოცხლის მოყვარულია, რომ ავადმყოფობის დროსაც სულ მღერის. გიორგის ოცნებაა, შევიძინოთ ველოსიპედი. ექიმებმა მირჩიეს, კალათბურთზე ატარეთ, ძვლებისთვის აუცილებელიაო და მივიყვან. გიორგის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში რომ დაწერეს მძიმე სტატუსები – გიორგი სიკვდილს ებრძვისო, ამ ყველაფერს ვუმალავდი. მაგრამ, ტელეფონით შესულა, უნახავს და ბოლოს მკითხა: დედა, შენ მიმალავ, რომ რაღაც მჭირსო. რას ამბობ, გიორგი, მე რომ დავმალო, ექიმები არ დამალავენ-მეთქი. მინდა, საზოგადოებამ სწორი ინფორმაცია მიიღოს: გიორგის ნამდვილად სჭირდება დახმარება, ჩვენ ვითხოვთ დახმარებას, მაგრამ სავალალოსა და უსაშველოსგან, ღმერთმა დაგვიფაროს.
P.S. გიორგის დასახმარებლად გახსნილია ბანკში ანგარიშის ნომრები:
ლიბერთი ბანკი: GE95LBO711107358700640.
საქართველოს ბანკი: GE97BG0000000769295200
შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ საქართველოს ბანკის EXPRESS აპარატიდან გიორგის დედის, სალომე ბერიშვილის პირადი ნომრის მითითებით: 39001003534. სალომე ბერიშვილის ტელეფონის ნომერი: 598 42 17 99.